ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
შეიცვლება თუ არა დაკრედიტების გამკაცრებული რეგულაციები - #3(231), 2019
ხელისუფლება ახალი წესების შერბილებაზე ალაპარაკდა 

საფინანსო სექტორისთვის დაკრედიტების გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ ხელისუფლება ზუსტად სამ თვეში ამ რეგულაციების შერბილებაზე ალაპარაკდა. მიზეზი სამშენებლო სექტორის პროტესტია. მენაშენეები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკისა და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ეს სექტორი არარენტაბელური გახდა, სამშენებლო პროექტების დასრულების საფრთხე შეიქმნა. არადა, სამშენებლო სექტორი ეკონომიკის წამყვანი დარგია. 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში მშენებლობის წილი 9 პროცენტზე მეტია და მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ამ მაჩვენებლით ეს დარგი მეოთხე ადგილზეა (მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა). გარდა ამისა, მიუთითებენ ტექნიკის მაღაზიების პრობლემებზე – შემცირდა რეალიზაცია, რომელიც დიდწილად განვადებებზე იყო დამოკიდებული. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს. 

სამშენებლო სექტორში კი აცხადებენ, რომ ზიანი უკვე მიადგათ და დროის გაწელვა დაუშვებელია. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის – ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, თუ პროცესი გაგრძელდა, მშენებლობაზე დასაქმებული 8 000 ადამიანი სამუშაოს დაკარგავს. მისი მონაცემებით, 2018 წელს მხოლოდ თბილისში 20 000 ახლად აშენებული ბინა გაიყიდა, მათ შორის იპოთეკური სესხით 15 000 ბინა. 

,,აქედან „გაფუჭებული“ სესხი აღმოჩნდა 1% (უფრო სწორედ 0,98%), ანუ 150 ბინა. სტატისტიკურად, 1 გაყიდული ბინა ანაზღაურებს 5-6 დასაქმებულის წლიურ ხელფასს (არქიტექტორი, მენეჯერი, ხელოსანი, მუშა, მძღოლი და ა.შ.). საშუალოდ 15 000 ბინა უზრუნველყოფს 80 000 კაცის დასაქმებას. პირველი 3 თვის მონაცემებით, დეველოპერულ კომპანიებში გაყიდვები შემცირდა 30 35%, რაც აუცილებლად გამოიწვევს ახალი დასაწყები მშენებლობების გადავადებას გაურკვეველი ვადით (ანუ ინვესტიციების შემცირებას). საერთო დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10% შემცირდება, ანუ 8 000 დასაქმებული დაკარგავს სამუშაოს, ხოლო დაახლოებით 20%-ს (16 000 ოჯახს) გაუნახევრდება დაკვეთები, ანუ შემოსავალი. მათგან 90% სარგებლობდა სამომხმარებლო სესხებით (ჰქონდათ რა სტაბილური შემოსავალი), სამსახურის დაკარგვის მომენტიდან, ისინი შეემატებიან „გადახდისუუნაროთა“ დიდ არმიას. გამოდის, 150 სესხი რომ არ „გაფუჭებულიყო“ „გავაფუჭეთ“ 7200~, – აცხადებს როსტომაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. 

`მეგატექნიკის~ მარკეტინგის მენეჯერის თამარ ჩიტაიშვილის განცხადებით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მათ ქსელში გაყიდვების მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა. მთლიან გაყიდვებში კი განვადების წილი 40%-ით არის შემცირებული. 

`უფრო მეტად შემცირდა მობილურებისა და კომპიუტერების გაყიდვების მაჩვენებელი, ასევე რეალიზაციამ საგრძნობლად იკლო რეგიონებში~, – ამბობს თამარ ჩიტაიშვილი. 

ამასთანავე, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 1 წელში საქართველოში ბანკების 12 სერვისცენტრი დაიხურა. მას სპეციალისტები ბანკების გამსხვილებასა და ინტერნეტბანკინგის განვითარებას უკავშირებენ. ასევე აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ პროცესს დაკრედიტების გამკაცრებამაც შეუწყო ხელი. ბანკები, თავიანთ პროდუქტებს ისე აქტიურად ვეღარ ყიდიან, როგორც ადრე ყიდდნენ, ეს დიდწილად ექსპრეს სესხებსა და განვადებებს ეხება. 

,,მათ უწევთ თავიანთი ხარჯების გადახედვა და ამის ხარჯზე თანამშრომლების შემცირება. ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო უმუშევართა რიცხვი გაორმაგდება, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ყველა ეს ეფექტი არის გასათვალისწინებელი. შეიძლება, სახელმწიფოს უღირდეს ამ ადამიანების უმუშევრად დატოვება, იმის ხარჯზე, რომ არ გაიზარდოს ჭარბვალიანი მოსახლეობის წილი. თუმცა, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს რეგულაციები ჯერ სიღარიბისა და ჭარბვალიანობის დაძლევის მედიკამენტად ვერ გამოდგება~, – ამბობს `კომერსანტთან~ `საზოგადოება და ბანკების~ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. 

დეპუტატებმა რეგულაციების შედეგებზე სასაუბროდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ორჯერ დაიბარეს. თებერვალში კობა გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, თუმცა `ცარიელი ხელებით~. სების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაზარზე რეგულაციების ეფექტის შესაჯამებლად, მინიმუმ, პირველი კვარტალის მონაცემების ნახვა იყო საჭირო. 

აპრილში საკანონმდებლო ორგანოში მისულმა სების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო შედეგის გასაანალიზებლად პირველი კვარტალის სრული მონაცემები ჯერ კიდევ არ ჰქონდა. თუმცა, მისი პოზიცია მაინც ცხადი გახდა, ქვეყანაც რომ დაიქცეს, რეგულაციების მთავარი პრინცი პი უცვლელი დარჩება – შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხი არ უნდა გაიცესო. 

ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში რეგულაციების შედეგების შეჯამების ნაცვლად, საუბარი იმ მიზეზების ახსნით დაიწყო, რაც დაკრედიტების გამკაცრების საფუძველი გახდა. გვენეტაძის ინფორმაციით, ლიბერალურმა საკრედიტო პოლიტიკამ 700 ათასი მოქალაქე გადახდისუუნარო გახადა. დღესაც კი ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სესხები აქვს. ბევრმა ადამიანმა დაკარგა უკანასკნელი საცხოვრისი და კიდევ უფრო მეტი ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. გვენეტაძის შეფასებით, თუკი ეს პროცესი გაგრძელდებოდა, რამდენიმე წელში მოსახლეობის დიდ ნაწილს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას უმძიმესი შედეგი დაუდგებოდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15% დან 40% მდე გაიზარდა. საკრედიტო ზრდაში 2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა, ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ – 1/3. ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია, ხოლო მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. 

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში პოზიტიური გავლენა ვერ ექნებოდა. პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნეს-მოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის, ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავალო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები~, – განაცხადა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტმა. 

გვენეტაძის შეფასებით, რეგულაციების შედეგად მომდევნო წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10 15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს-სექტორზე მოვა. ბიზნეს-დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს-სესხები. 

გვენეტაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში რეგულაციებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციებიც ვრცელდება. კერძოდ ის, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, სიმართლე არ არის. 

მისი განმარტებით, თუკი მსესხებელს რამე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური შემოსავალი გააჩნია, იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, მან სესხის გამცემ ორგანიზაციას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ. 

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამ რეგულაციების აუცილებლობა ევროდირექტივების მოთხოვნებითაც ახსნა. იგი ამბობს, რომ ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამ მიდგომის გამკაცრების საჭიროება კი განსაკუთრებით 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც ის ფიზიკურ პირები, რომლებსაც ჭარბი სესხები ჰქონდათ (საუბარი ძირითადად იპოთეკურ სესხებზეა), განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 

„ჩვენი როლი, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, გადაიდგა ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს. მაგალითად, სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/`4Fინანცე~, რომელსაც ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა (მაგ. დიდი ბრიტანეთი) და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც ბოლო წლებში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა (მაგ. შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი). შეგახსენებთ, რომ ასეთ სწრაფ სესხებზე, 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა. საპროცენტო განაკვეთის 100%-მდე და შემდეგ კი 50%-მდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%-მდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება~, – განაცხადა კობა გვენეტაძემ 

გვენეტაძემ იპოთეკური დაკრედიტების ახალი სტანდარტების შემოღების მიზეზებიც ახსნა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხები ჭარბვალიანობის მიზეზი არ ყოფილა, ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტების მნიშვნელოვანი შერბილება შეინიშნებოდა. კერძოდ, იპოთეკური სესხები, განსაკუთრებით უცხოური ვალუტით, მოსახლეობის შემოსავლებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღემატებოდა. 

„იპოთეკური სესხებისთვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა, სესხების უპასუხისმგებლო სტანდარტებით გაცემა, რაც ჩვენთან უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, მომავალში დეფოლტის მაღალ დონეს იწვევს. ეს კი დიდი ალბათობით სისტემურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. თუ გავიხსენებთ 2014-2015 წლის სიძნელეებს, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში არსებული იპოთეკური პორტფელის ხარისხის შენარჩუნება უმეტესწილად რესტრუქტურიზაციების, დაგრძელვადიანებისა (იგულისხმება პროლონგაცია _ რედ. შენიშვნა) და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ხარჯზე მოხერხდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში კი ეს ზომები შეიძლება ვერ გატარდეს, რაც პორტფელის ხარისხის საგრძნობლად გაუარესებას და შედეგად, საფინანსო სექტორის სირთულეებს გამოიწვევს“, – აღნიშნა გვენეტაძემ. 

მისი შეფასებით, შინამეურნეობების ჭარბვალიანობის ზრდა და შერბილებული საკრედიტო პირობები 2008 წლის აშშ-ის ფინანსური კრიზისის ღრმა რეცესიად გადაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. კრიზისამდე 5 წლის განმავლობაში შინამეურნეობების ვალის მშპ-სთან თანაფარდობა სწრაფად იზრდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ირლანდია, ესპანეთი. აღნიშნულ პერიოდში, ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა და საკრედიტო დანაკარგები მცირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყო ხელი, მისი საბოლოო შედეგი ფინანსური კრიზისი იყო. კრიზისის თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროულად დაინერგებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და მოსახლეობის დაკრედიტება მათი გადახდისუნარიანობის საფუძველზე მოხდებოდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნგრეთის მაგალითიც მოიყვანა, სადაც 2000-იანი წლების შუაში საოჯახო მეურნეობების უცხოური ვალუტით დავალიანება მკვეთრად გაიზარდა. უცხოური ვალუტით დავალიანების ზრდის მთავარი მიზეზი რისკების არასათანადო შეფასება იყო. კერძოდ, მისი ინფორმაციით, 2008 წელს უნგრეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდა და პრობლემების წინაშე ბანკებიც აღმოჩნდნენ. შედეგად, 2014 წელს უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო. 

ახალი რეგულაციებით, საქართველოში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი შემოსავლის მიხედვით 30%-დან 60%-მდე მერყეობს. გვენეტაძის შეფასებით, ეს მაჩვენებლები სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ლიბერალურია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩეხეთში სესხის მომსახურების კოეფიციენტები შემოსავლის 45%- ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაკრედიტების მიმართულებით გატარებულმა ცვლილებებმა შედეგი უკვე გამოიღო – ი პოთეკური სესხების პორტფელის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში გამოჩნდა. გარდა ამისა, ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ამასთან, გვენეტაძე ირწმუნება, რომ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციაა. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე ახალი სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. 

`ყოველივე ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს. გარდა ამისა, მთლიანად მაკრო სურათს თუ შევხედავთ, გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაშიც ამ რეგულაციების წვლილიცაა. ეს იმ პოზიტიური შედეგების არასრული ჩამონათვალია, რაც უკვე ამ პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ თებერვლის მონაცემებით მთლიანი სესხების წლიური ზრდის ტემპი 15%-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია~, – განაცხადა გვენეტაძემ და იმის დასადასტურებლად, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სარეიტინგო კომპანია Fიტცჰ-ის მიერ საქართველოსთვის გაზრდილი რეიტინგიც მოიყვანა. მისი განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fიტცჰ-ის მიერ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ სწორედ ეს რეგულაცია გახდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი კი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას. 

ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით, რაც ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს. 

საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე გვენეტაძე რეგულაციების შერბილების მიზეზს ვერ ხედავს. იგი ამბობს, რომ ზუსტი შეფასებების გასაკეთებლად ძალიან ცოტა დროა გასული. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან განსხვავებით, რეგულაციების გადახედვაზე უკვე ალაპარაკდნენ პარლამენტში. უფრო მეტიც დაკრედიტების ახალი სტანდარტების ამოქმედების შემდეგ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ რეგულაციების იდეას თავიდანვე არ იზიარებდა. 

,,ვადასტურებ, რომ არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ. ვიტოვებ იმედს, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს და თავის თავში იპოვის ძალას, თუ საჭიროა, გადახედოს რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია სრულად განვსაზღვროთ ამ რეგულაციების ეფექტი. თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს აღნიშნული რეგულაციების ეფექტი, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ამ რეგულაციების შესუსტება~, – ამბობს მაჭავარიანი.
 
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია შემოღებული რეგულაციების სრულად გაუქმებას გამორიცხავს. მინისტრი ამბობს, რომ იმ მიმართულებას, რომელიც მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად განსაზღვრა, აღარ გადაუხვევენ. ამასთანავე, ქობულია განმარტავს, რომ დაკრედიტების წესების კორექტირება შესაძლებელია. 

`ჩვენ ვაკვირდებით და ამის შედეგად შეიძლება მოხდეს კორექტირება ან არ მოხდეს. როცა შეგროვდება სტატისტიკური ინფორმაცია, მერე მივხვდებით, რისი კორექტირება გვინდა. შეიძლება, სულაც ისე მოხდეს, რომ არაფერიც არ დაგვჭირდეს. ამ რეგულაციების მიზანი არის ის, რომ სესხი არ აეღოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი გასტუმრება არ შეუძლიათ. ეს რეგულაციები არის იმისთვის, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა უაზრო კრედიტების აღებისგან დავიცვათ~, – ამბობს ქობულია. 

დაკრედიტების ახალ წესებში ცვლილებებს არც პრემიერ-მინისტრი, მამუკა მამუკა ბახტაძე გამორიცხავს. თუმცა, მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის წევრებთან ერთად, ისიც დარწმუნებულია, რომ შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხები აღარ უნდა გაიცეს. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან, ძალაში შევიდა ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელი, რომლის შედეგადაც, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი – 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება. 

რეგულაციების შედეგად განისაზღვრა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი. დადგინდა ერთიანი ჭერიც – ი პოთეკური სესხის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 15 წელს. კიდევ ერთი ცვლილება უცხოურ ვალუტაში სესხების შეზღუდვაა. მოქალაქეებსა და ბიზნესებს 200,000 ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში აეკრძალათ. 

სესხის მომსახურების კოეფიციენტები კი ასეთია: თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, სესხი მომსახურებაზე მაქსიმუმ 35% განისაზღვრა; 1000-2000 ლარამდე შემოსავალზე _ 45%; 2000-4000 ლარამდე შემოსავალზე _ 55%; 4000 ლარზე მეტ შემოსავალზე _ 60%. 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა, ასევე ამ სესხების მომსახურების კოეფიციენტების არ არსებობა მსესხებელს გარკვეულ რისკებს უქმნის. უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც მსესხებელი სესხს ერთ საფინანსო ორგანიზაციაში იღებს, შემდეგ მისი შემოსავლები და ხარჯები ამ სესხის მომსახურებას ვერ წვდება, ამიტომ დამატებითი თანხის მისაღებად, მეორე, შემდეგ მესამე საფინანსო ორგანიზაციებს აკითხავს. საბოლოოდ, მისი ვალდებულებები შემოსავლებს აჭარბებს და ადამიანი გადახდისუუნარო ხდება. დგება ქონების, ზოგიერთ შემთხვევაში უკანასკნელი საცხოვრისის დაკარგვის წინაშე. თუმცა, ამასთანავე პრობლემაა ისიც, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დასაქმებულია სამშენებლო და სავაჭრო სექტორში. ამ სექტორებში რეალიზაციის შემცირება კი ავტომატურად დასაქმებულების შემცირებას იწვევს. საქართველოს განვითარებად, პატარა ეკონომიკას კი ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული სამუშაო ადგილების შეთავაზება არ შეუძლია. ამიტომ რეგულაციები, ერთი მხრივ შეიძლება დადებითად შეფასდეს, თუმცა მეორე მხრივ, ცხადი გახდა ისიც, რომ ეს სამშენებლო და სავაჭრო სექტორზე ჩამოკიდებულ ეკონომიკას პრობლემას უქმნის. ამიტომ, ეროვნულ ბანკმა ე.წ. `ოქროს შუალედი~ უნდა გამოძებნოს და გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ალბათ, მაინც მოუწევს. 

აპრილის ბოლომდე ეროვნულ ბანკში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება, სავარაუდოდ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, შერბილდება თუ არა რეგულაციები, ან რა მიმართულებით. 

მაკა ხარაზიშვილი