ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია კომერციული ბანკებისა და აუდიტური კომპანიების მიმართ - #3(231), 2019
"თიბისი ბანკის" გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ (რაც საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი), კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვა რა მოთხოვნები აქვს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების აუდიტთან დაკავშირებით და რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესი. სპეციალისტების განცხადებით, კომერციული ბანკების აუდიტთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 დეკემბერს ეროვნული ბანკის ახალი ბრძანება #284/04 გამოიცა, სადაც ბანკებისა და აუდიტური კომპანიების მიმართ მოთხოვნები გამკაცრებულია. 

კონკრეტულად აღნიშნულმა ახალმა ბრძანებამ _ `კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე~ 2019 წლის 1 იანვრიდან ჩაანაცვლა „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება #134/01 კომერციული ბანკების გარე აუდიტორული შემოწმების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“. ბრძანების მოთხოვნების დაცვა ევალება საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს. 

ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან მოამზადონ და გარკვეულ ვადებში წარადგინონ წლიური აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები. ბრძანება ბანკებისთვის აწესებს გარკვეულ მოთხოვნებს აუდიტური ფირმის შერჩევის, აუდიტის პროცესის წარმართვის და ბანკების მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში გასამჟღავნებელ ინფორმაციასთან მიმართებით. 

საქართველოს ეროვნული ბანკიდან `ააფისთვის~ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მოთხოვნები ევრო-დირექტივებს, ევრო-რეგულაციებსა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული ბრძანება ემსახურება ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის და სანდოობის ამაღლებას, საბანკო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. 

`ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბანკი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა რეფორმების გატარებას და ერთ-ერთი მათგანია ეს ბრძანებაც. ბანკი თანამშრომლობდა კომერციული ბანკების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და აუდიტური ფირმების წარმომადგენლებთან. ბრძანების საბოლოო ვერსიაში მოხდა მათი კომენტარების გათვალისწინება~, _ განმარტეს ეროვნულ ბანკში. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციით განსაკუთრებული არაფერი იცვლება, ვინაიდან ეს სექტორი ისედაც მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ არის. 

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ესენია: 

_ საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით, მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის `ბ~ პუნქტის მიხედვით, კომერციულ ბანკებს აუდიტორის შერჩევისას მოეთხოვებათ, რომ `სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ კრიტერიუმებს: 

ბ.ა) აუდიტორულ ფირმას ან აუდიტორული ფირმის ქსელში შემავალ რომელიმე უცხოურ ან ქართულ ფირმას, ფილიალს ან წარმომადგენლობას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის სფეროში; 

ბ.ბ) აუდიტორულ ფირმას და გარიგების პარტნიორს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ფინანსური ინსტიტუტების აუდიტში საქმიანობისა~. 

_ თუ კომერციული ბანკი არ მიიღებს სარეკომენდაციო წერილს (აუდიტორული ფირმისგან მიღებული კომუნიკაცია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 265-ის და 260-ის შესაბამისად) აუდიტური ფირმისგან წერილობითი ფორმით, ეროვნულ ბანკს, გარკვეული ვადების დაცვით, უნდა წარუდგინოს აუდიტური ფირმის სახელით უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი განცხადება, რომ სავალდებულო აუდიტის ფარგლებში არ აღმოუჩენიათ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები. 

_ მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის `ჟ~ პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშგებო პერიოდის აუდიტის და არა აუდიტორული მომსახურების გადასახდელების ჯამი წარმოადგენს სავალდებულო აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტური ფირმის წინა წლის შემოსავლის 20% ან მეტს, ბანკის აუდიტის კომიტეტი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორის დამოუკიდებლობის შეფასების ანალიზი აუდიტური ფირმისგან ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხოლო ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკი ვალდებულია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები აუდიტურ ფირმასთან დადებულ აუდიტორული გარიგების წერილში ასახოს. 

ამასთანავე, აუდიტორული გარიგების წერილში უნდა მიეთითოს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ინფორმირებით გარე აუდიტური ფირმის მიერ ეროვნული ბანკისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების შესახებ მათ ხელთ არსებული, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ ჩაითვლება კონფიდენციალურობის დარღვევად. 

_ ბანკის სავალდებულო აუდიტის და არა აუდიტორული მომსახურებების გადასახდელების ჯამი დასაშვებია წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტური ფირმის წინა წლის შემოსავლის 20%-ს ან მეტს 5 თანმიმდევრული წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის აუდიტის კომიტეტი ყოველ წელს ეროვნულ ბანკში წარადგენს გარე აუდიტორის დამოუკიდებლობის შეფასების ანგარიშს. 

_ მე-4 მუხლში ახალი სავალდებულო მოთხოვნები ჩნდება ბანკის აუდიტის მიმართ. თუ ბანკის მიერ მიწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე აუდიტური ფირმა დარწმუნდება, რომ ეროვნული ბანკისათვის ცნობილია (1-`ბ~ პუნქტი) სავალდებულო აუდიტის განხორციელებისას აღმოჩენილი გარკვეული გარემოებების შესახებ, იგი თავისუფლდება ამავე ქვეპუნქტით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან. 

აუდიტური ფირმა ვალდებულია აუდიტის პროცესში განსაზღვრული არსებითობის ზღვარი გაუზიაროს ბანკის აუდიტის კომიტეტს. 

აუდიტურმა ფირმამ, ბანკის ინფორმირებით, ეროვნულ ბანკს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაუმჟღავნოს, იმ არსებითი უზუსტობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რამაც განაპირობა მოდიფიცირებული მოსაზრების გამოცემა. 

ასევე, აუდიტური ფირმა ვალდებულია მარწმუნებელი გარიგების გაფორმებამდე წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის აუდიტის კომიტეტს იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა საანგარიშგებო პერიოდის სავალდებულო აუდიტის და არა აუდიტორული მომსახურებების გადასახდელების ჯამი საქართველოში რეგისტრირებული აუდიტური ფირმის წინა წლის შემოსავლის 20%-ს ან მეტს. 

რაც შეეხება აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების განმარტებით შენიშვნებში გასამჟღავნებელი ინფორმაციას, ბანკი ვალდებულია გაამჟღავნოს: 

_ ინფორმაცია იმ აქტივებზე, რომლებიც გამოყენებულია საკუთარი ან მესამე მხარის ვალდებულების უზრუნველსაყოფად (პირობითი ვალდებულებების ჩათვლით). ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა ჩანდეს იმ აქტივების საერთო თანხა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად თითოეული ვალდებულებების კლასების, მესამე მხარის ვალდებულებების კლასების და პირობითი ვალდებულებების კლასების მიხედვით. 

იმ სუბორდინირებულ ვალდებულებასთან მიმართებით, რომელიც მთლიანი სუბორდინირებული ვალდებულებების 10%-ს აღემატება, უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია _ აღებული ვალდებულების თანხა, ვალუტა, რომელშიც დენომინირებულია, საპროცენტო განაკვეთი, ვადიანობა ან ფაქტი, რომ ვალდებულება უვადოა; ასევე უნდა გამჟღავნდეს ის გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში ვალდებულება ვადაზე ადრე უნდა შესრულდეს; სუბორდინირების პირობები და შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მიხედვითაც სუბორდინირებული ვალდებულება კაპიტალში ან სხვა სახის ვალდებულებაში კონვერტირდება და ასეთი შეთანხმების პირობები; ამ პუნქტის მიზნებისთვის გამჟღავნებას ექვემდებარება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში კაპიტალში კონვერტირებული ვალდებულებების თანხაც. 

_ დაქირავებულ მომუშავეთა საშუალო წლიური რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით „საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის #ნ-7 ბრძანების შესაბამისად. კატეგორიები უნდა დაიყოს უმაღლესი მენეჯმენტის, შუა რგოლის მენეჯმენტის და სხვა თანამშრომლების, ასევე დროებითი და მუდმივი დასაქმების კონტრაქტების მიხედვით. 

_ იმ საწარმოების სახელწოდება და იურიდიული მისამართი, რომლებშიც ბანკი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფლობს 10%-ს ან მეტ წილს. მნიშვნელოვანია, რომ გამჟღავნებული უნდა იყოს მფლობელობაში არსებული კაპიტალის წილი, მფლობელობაში არსებული კაპიტალის თანხობრივი რაოდენობა; ასევე: თითოეული იმ საწარმოს სახელწოდება, იურიდიული მისამართი და სამართლებრივი ფორმა, რომლის მიმართ ბანკი წარმოადგენს შეუზღუდავი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორს. 

26 დეკემბრის ბრძანება კომერციულ ბანკს აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსაც უწესებს. კერძოდ, ბანკი ვალდებულია აუდიტორული მოსაზრების გამოცემიდან მინიმუმ 1 წლის განმავლობაში არ დაასაქმოს ბანკის სავალდებულო აუდიტში ჩართული აუდიტური ფირმის მთავარი აუდიტორი ბანკში ან შვილობილ საწარმოში. 

ასევე, ბანკი ვალდებულია მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არ დაასაქმოს ბანკის სავალდებულო აუდიტში ჩართული აუდიტური ფირმის აუდიტის მენეჯერი და გარიგების პარტნიორი ბანკში ან ბანკის შვილობილ საწარმოში. შეზღუდვა ვრცელდება შემდეგ თანამდებობებზე _ მმართველობითი ორგანოს წევრი, აუდიტის კომიტეტის წევრი ან მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს წევრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული თანამდებობები. 

ბანკს ეკრძალება აუდიტორული მომსახურების ანაზღაურება დაუქვემდებაროს რაიმე ცვლადს, როგორიცაა ბანკის მოგება, შემოსავალი ან ბანკის სხვა ფინანსური ინდიკატორი. 

კომერციულ ბანკს ეკრძალება შემდეგი არა აუდიტორული მომსახურებების მიღება საკუთარი გარე აუდიტური ფირმისგან ან იმ ქსელში შემავალი ფირმისგან, რომლის წევრსაც წარმოადგენს აუდიტური ფირმა, საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისიდან აუდიტორული მოსაზრების გამოცემამდე: საგადასახადო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია დეკლარაციების მომზადებასთან, საშემოსავლო გადასახადთან, საბაჟო გადასახადებთან, სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საქმიანობები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი; ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო ინსპექციის მხარდაჭერასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი; პირდაპირი, არაპირდაპირი და გადავადებული გადასახადების გამოთვლასთან; საგადასახადო რჩევების მიწოდებასთან და სხვა. 

მსხვილი აუდიტური კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, ვიდრე ეროვნული ბანკი ამ ბრძანებას გამოსცემდა, მათ სამუშაო დოკუმენტი მიიღეს, რომელზედაც კომენტარების სახით ეროვნულ ბანკს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. აუდიტორების განცხადებით, ცენტრალურმა ბანკმა მათ მიერ გაკეთებული კომენტარებიდან დიდი ნაწილი გაითვალისწინა. 

`ეროვნულმა ბანკმა დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი რამდენიმე აუდიტორულ ფირმასთან განიხილა, მათ შორის ჩვენთანაც. საბოლოოდ, ჩვენი შენიშვნების დიდი ნაწილი გაითვალისწინა. ეს არის თვისობრივად განსხვავებული რეგულაცია. 

დოკუმენტი ერთი მხრივ განსაზღვრავს რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აუდიტური კომპანია, რომელმაც ბანკის აუდიტი უნდა ჩაატაროს, მეორე მხრივ ადგენს იმ მინიმალურ ახსნა-განმარტებით შენიშვნებს, რაც კომერციულმა ბანკმა თავის ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნოს~, – ამბობს აუდიტური კომპანია `ბიდიოს~ პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი. თუმცა, აუდიტური კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ, სურდათ, რომ ეს წესები ამოქმედებულიყო იმ დროიდან, როცა არსებულ კონტრაქტებს კომერციულ ბანკებთან ვადა გაუვიდოდა. აუდიტორულ მომსახურებაზე კონტრაქტები ცოტა გრძელვადიანია _ 3-5 წლიანი. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა ეს არ გათვალისწინა და კანონი ძალაში შევა 2019 წლის 1 იანვრიდან და შეეხება უკვე ამ თარიღიდან დაწყებულ ფინანსური წლის აუდიტსაც. 

ივანე ჟუჟუნაშვილი აღნიშნავს, რომ ბრძანებაში გაწერილი გარკვეული საკითხები ისედაც დარეგულირებულია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით, რომელთა გამოყენებაც ბანკებისთვის სავალდებულოა. მისი განმარტებით, შედარებით გამკაცრდა აუდიტორის შერჩევის კრიტერიუმები. გაკეთდა ბმა `სარასის~ (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური) რეგულაციებთან, რომლის მიხედვითაც აუდიტორი საზოგადოებრივ დაინტერესებულ პირთა აუდიტის უფლებამოსილების მქონე პირთა რეესტრში უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ უფლებამოსილების პირთა რეესტრს `სარასი~ აწარმოებს. 

რაც შეეხება აუდიტურ კომპანიასთან დაკავშირებით გაწერილ კრიტერიუმებს, ივანე ჟუჟუნაშვილის აზრით, ის, რომ ბანკს გამოუცდელი აუდიტორის აყვანა აეკრძალა, სწორია. 

`პირობითად, 3-კაციანმა აუდიტორულმა ფირმამ ბანკის აუდიტის პრეტენზია არ უნდა გამოთქვას. ასევე, აუდიტორს აეკრძალა მთელი რიგი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ბანკისთვის იმ მოტივით, რომ ამ მომსახურებების გაწევამ შეიძლება გააუარესოს აუდიტორის დამოუკიდებლობის და ობიექტურობის ხარისხი. 

ასევე განისაზღვრა, რომ ბანკის მიერ აუდიტორისთვის გადახდილი ჯამური საზღაური არ უნდა აღემატებოდეს აუდიტორის მთლიანი შემოსავლის 20%-ს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციაა, ვინაიდან თუ აუდიტორი ძალიან იქნება დამოკიდებული კონკრეტული ბანკიდან მიღებულ/მისაღებ შემოსავლებზე, მისი ობიექტურობის ხარისხი დაეცემა. ობიექტურობა და დამოუკიდებლობა კი აუდიტორის უმთავრესი მოვალეობაა~, – ამბობს ივანე ჟუჟუნაშვილი. 

იგი ასევე დადებითად აფასებს ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ბანკმა, როგორც სდპ-მ (საზოგადოებრივი დაინტერესებული პირი) თავის ფინანსურ ანგარიშგებაში აუდიტორისთვის გადახდილი თანხა უნდა ასახოს. 

`ბანკს დაევალა ანგარიშგებაში სხვადასხვა ტი პის ახსნა-განმარტებების შენიშვნების გახსნა. ზოგიერთი ახსნა-განმარტების გაკეთებას `ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ~ კანონი ითვალისწინებს. მაგალითად, თავის ფინანსურ ანგარიშგებაში აუდიტორისთვის გადახდილი თანხის ასახვა. სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კითხვა დაისვა რატომ უნდა იყოს ღია ეს ინფორმაცია. ასეთი პრაქტიკა არსებობს დასავლეთშიც. თანხა, რომელსაც აუდიტორს უხდიან კომერციული სუბიექტები, ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად ხარისხიანად ჩატარდა აუდიტი. პირობითად, 20 ლარად აუდიტს ვინც ატარებს, დიდი ალბათობით მან აუდიტი არ იცის. ამიტომ, ეს ერთ-ერთი აპრობირებული პრაქტიკაა და ამის ვალდებულება ჩვენთანაც გაჩნდა. ეს, ალბათ აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ასევე კომერციული ბანკის ანგარიშგებაში კორპორაციული მმართველობის შესახებ ინფორმაცია უნდა გაიხსნას. ეროვნულ ბანკი ცდილობს კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს ფინანსური ანგარიშგება, მმართველობითი ანგარიშგება. უფრო სანდო იყოს ნებისმიერი პოტენციური ინვესტორისთვის~, _ ამბობს ივანე ჟუჟუნაშვილი. 

კომერციული ბანკების მიერ წაყენებულ მოთხოვნებს სავალდებულო აუდიტის ჩამტარებელი პირის შერჩევაზე (მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის `ბ~ პუნქტის მიხედვით) არ იწონებს შპს აუდიტური კონცერნი `ცოდნისა~-ს გენერალური დირექტორი გიორგი ცერცვაძე და თვლის, რომ ის თავისუფალი კონკურენციის შემზღუდველია. `ერთი მხრივ, გამოუცდელი აუდიტური ფირმისთვის კომერციული ბანკის სავალდებულო აუდიტის ჩატარება მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა 5-წლიანი გამოცდილება მოითხოვა, მაშინ იმ აუდიტურმა ფირმებმა, რომელსაც ეს გამოცდილება არ აქვთ, 5-წლიანი გამოცდილების პერიოდი როგორღა უნდა შეასრულონ?~ _ აღნიშნა მან. 

ანგარიშგებაში აუდიტორისთვის გადახდილი თანხის ასახვასთან დაკავშირებით, განსხვავებული ხედვა აქვს აუდიტური კომპანია EY Georgia-ს მმართველ პარტნიორს, რუსლან ხუროშვილს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოთხოვნა საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, ამ ინფორმაციის გამჟღავნება დიდ შეღავათს არ წარმოადგენს, პირიქით, შესაძლოა კონკურენციასაც შეუშალოს ხელი. რაც შეეხება ბანკის აუდიტორის გამოცდილებასთან გამკაცრებულ მოთხოვნებს, ხუროშვილის შეფასებით, ბანკი არ არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია და ეროვნულმა ბანკმა დეპოზიტარების დაცულობაზე უნდა იზრუნოს. 

`ყველას არ უნდა ჰქონდეს ბანკის აუდიტის უფლება. ბუნებრივია, ზღუდავ კონკურენციას, თუ არ გიკეთებია ბანკების აუდიტი, იმ ბაზარზე როგორ უნდა შეხვიდე. მეორე მხრივ, შეგიძლია გამოცდილი კადრები აიყვანო, რომელსაც ეს უკეთებია. ეროვნული ბანკის პოზიციაც გასაგებია, ბანკის აუდიტი გამოცდილმა აუდიტორმა უნდა გააკეთოს. დამატებითი შეზღუდვები გაჩნდა. ძირითადად, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში მიზანი გაუგებარი იყო. ზოგჯერ კანონმდებლობაში ცვლილებები იმიტომ შედის, რომ ევროპაშიც მსგავსი მოთხოვნებია. Mმარტო ამ დოკუმენტზე ვერ ვიტყვი, ბევრ სხვა კანონშიც ასეა. მაგალითად, ამ შემთხვევაში გარკვეული ინფორმაციის გაშლასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა. ინვესტირებულ საწარმოებზე ძალიან გაშლილი ინფორმაციის ასახვაა მოთხოვნილი. ვთვლი, რომ ეს ზედმეტია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მიზანი გასაგებია, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია კომერციული ბანკის დეტალური აუდიტით~, _ ამბობს რუსლან ხუროშვილი. 

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი: თუ ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკის ანგარიშგებაში აღმოაჩინა, რომ გარკვეული სახის ოპერაციები ან სხვა გარემოებები სათანადოდ ასახული არ არის, მას შეუძლია კომერციულ ბანკს აუდიტორის შეცვლა მოსთხოვოს და ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის `სარასს~ მიაწოდოს. 

ეროვნული ბანკი აუდიტორულ კომპანიას სანქციას ვერ დააკისრებს. კანონმდებლობით, თუ სახელმწიფო ან კერძო კომპანიები ფინანსურ ანგარიშგებებში რაიმე კონკრეტულ დარღვევებზე მიუთითებენ, ამ აუდიტური კომპანიის ხარისხთან მოკვლევა `სარასმა~ უნდა დაიწყოს. 

`ჩვენი თხოვნა იყო, რომ ეს პროცესი, ჩვენს რეგულატორთან _ `სარასთან~ შეთანხმებით ყოფილიყო, რათა ეროვნულ ბანკს აუდიტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით ცალსახა დისკრეცია არ ჰქონოდა. ამას პირველ რედაქციასთან შედარებით შერბილება მოჰყვა. აუდიტის ხარისხის შემოწმება ყველა ქვეყანაში ჩვეულებრივი პროცესია და ამაში არაფერია განსაკუთრებული~, – აღნიშნავს რუსლან ხუროშვილი. 

გამოცემული წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის #242/01 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესით“ გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა. გარდა ამისა, თუკი აუდიტის ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნები დადასტურდა, დარღვევების სიმძიმის მიხედვით, `სარასს~ სხვადასხვა სანქციის გამოყენება შეუძლია. შეიძლება კომპანიას მიეცეს მითითება, რომ ხარვეზი გამოასწოროს გასაჯაროებით, რაც აუდიტორის რეპუტაციაზე იმოქმედებს, უკიდურეს შემთხვევაში `სარასს~ ლიცენზიის ჩამორთმევის უფლებაც აქვს. 

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აუდიტის ხარისხთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ფრთხილი გახდა და მოთხოვნების გამკაცრებაც ამან გამოიწვია. 

მაკა ხარაზიშვილი