ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ლარის გაუფასურების მორიგი ანტირეკორდი - #6(234), 2019
რა გავლენას ახდენს რუსული სანქციები საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე 

ივლისის დასაწყისიდან ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა აგორდა და ეროვნული ვალუტის ვარდნა ლამის ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა. ბოლო მონაცემებით, კურსის ვარდნამ პიკს 9 ივლისს მიაღწია. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 9 ივლისს ერთი აშშ დოლარის ფასმა 2.9096 ლარი შეადგინა, ერთი ევროს ღირებულებამ კი 3.2599 ლარი. შესაბამისად, 8 ივლისთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით 7.76 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 8.21 თეთრით. ორივე შემთხვევაში, ლარის კურსი ასეთი დაბალი მანამდე არასოდეს ყოფილა. 

რა გახდა ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურების მიზეზი – ხელისუფლებისგან დამაჯერებელი არგუმენტები არ ისმის. ყოველ შემთხვევაში ეროვნული ბანკისგან და ფინანსთა თუ ეკონომიკის სამინისტროსგან მიზეზებზე დეტალურად არ საუბრობენ. მედიის წარმომადგენლები კი სებ ს კითხვებზე პასუხის გაუცემლობაში ადანაშაულებენ. 

ტრაფარეტულ კომენტარებში, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმის, ლარის კურსის დაცემაში ოპოზიცია და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო და შს მინისტრის მოთხოვნით გამართული აქციებია დადანაშაულებული. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას ქვეყანაში არსებული მოლოდინით ხსნის. მისი თქმით, პირობებში, როდესაც ქვეყანას მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, ლარის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. გვენეტაძის განმარტებით, დაანონსებული იყო ინფორმაცია, რომ ფრენების შეზღუდვა მოხდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდეს რუსეთიდან. 
აქციები რუსთაველის გამზირზე 

ცნობილია, რომ 19-22 ივნისს თბილისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისთვის უნდა ემასპინძლა. 20 ივნისს ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი.
 
გავრცელებული ინფორმაციით, კომუნისტური პარტიის წევრი, რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომშიც ღებულობდა მონაწილეობას, ჩართული იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარებაში, შემდეგ კი ამ ტერიტორიებზე შესვლით საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონიც აქვს დარღვეული. ამ ყველაფერმა გამოიწვია პროტესტი ჯერ ოპოზიციონერ დეპუტატებში, შემდეგ კი უკვე საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოხატეს პროტესტი პარლამენტთან აქციაზე მისვლით – მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. რუს დეპუტატებს ვადაზე ადრე მოუწიათ საქართველოს დატოვება სპეციალური დაცვის თანხლებით. სანამ რუსი მაღალჩინოსნები გაემგზავრებოდნენ, მოუწიათ ანტისაოკუპაციო მოწოდებების ხმამაღლა მოსმენა, რასაც მათი განაწყენებაც მოჰყვა. რუსების წასვლის მიუხედავად ანტისაოკუპაციო აქცია სულ უფრო გაძლიერდა რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლებამ კი ამ აქციის დაშლის და დემონსტრანტების სასტიკად დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პროტესტის ტალღის განსაკუთრებით გამძაფრება მოჰყვა. ხელისუფლებამ ერთგვარად აღიარა ხალხის პროტესტის ლეგიტიმურობა, რისი დასტურიც პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო. თუმცა, პროტესტის მთავარი მოთხოვნა მიტინგის დარბევის შემდეგ უკვე შს მინისტრის გადადგომაა, რადგან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.
 
საქართველოში გამოხატული პროტესტი არ მოეწონათ არც თბილისში ჩამოსულ რუს დეპუტატებს და არც რუსეთის ხელისუფლებას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა. ვლადიმირ პუტინის განმარტებით ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. 

ამასთან, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. 
საქართველოს ხელისუფლებამაც, ლარის კურსის გაუფასურება რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტს მიაბა და შექმნილი მდგომარეობა ოპოზიციას და მომიტინგეებს გადააბრალა. 

ხელისუფლების პოზიცია 

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე. მოლოდინებზე მნიშვნელოვნად აისახა იმ გადაწყვეტილებამ, რაც უკავშირდება პირდაპირი ფრენების აკრძალვას.
 
ეს ყველაფერი დამშვიდდება. ქვეყანა არის თავის განვითარების კალაპოტში და თითოეული ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ეკონომიკურ მდგრადობას, არის თავის ნიშნულზე. მთავრობა ვალდებული ვართ დავიცვათ ფისკალური დისციპლინა და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური ჩარჩო – შესაბამისად ჩვენ გაქვს გეგმა, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურების ტალღა საპროტესტო აქციების დაწყებამდე აგორდა, რაზეც ხელისუფლება არაფერს ამბობს. 

ბახტაძის მსგავსი პათოსი ჰქონდა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელმაც უკვე 3 ივლისს განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარება ნორმალიზებისკენ წავიდა, რასაც ლარის გამყარება მოჰყვა. 

„ყოველთვის ვამბობ, ლარის კურსზე მოქმედებს როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თვალნათლივ ვხედავთ“, – განაცხადა მინისტრმა. 

3 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა კურსმა 2.8155 ლარი შეადგინა, ევროსამ – 3.1804. მაგრამ, რადგან შს მინისტრი თანამდებობას არ ტოვებს და აქციები 21 ივნისიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ლარის გაუფასურებას ხელისუფლება და მისი მომხრეები კვლავ აქციებს აბრალებენ. ექსპერტების თქმით კი, ეროვნული ბანკი პროცესებში არ ერევა და ლარის კურსის დასტაბილურებისთვის არაფერს აკეთებს. 

რუსეთის ბაზარი და დაპირებული სანქციები 

ბოლო წლებში, რუსულ ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დამოკიდებულების ზრდა ცხადია მეტ გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე. შედეგად, რაც რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ დამატებითი ეკონომიკური სანქციების ამოქმედება დააანონსა, უარყოფითი მოლოდინი კიდევ მეტად გაიზარდა. 

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას. შემდეგი ნაბიჯი ვლადიმირ პუტინზე იყო, რომელმაც „ქართველი ხალხის პატივისცემის“ ნიშნად სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სამაგიეროდ, უყურადღებოდ არ დატოვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია და საქართველოში ხმამაღლა ნათქვამი ანტისაოკუპაციო მოწოდებები. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს აქეთ უწოდა ოკუპანტი და აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ გენოციდის მომწყობი.
 
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ისტორიის გაყალბებას და საქართველოს დადანაშაულებას მოგვიანებით, ძალიან მორიდებით გამოეხმაურა და „ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია“ უწოდა. თუმცა, სანქციების დაუწესებლობაზე მადლობების ხმამაღლა თქმა არ დავიწყებიათ. 
     

მართალია, პუტინმა დამატებითი სანქციები აღარ აამოქმედა, მაგრამ ლარი კვლავ ფსკერისკენ დაეშვა და მორიგი ანტირეკორდიც დაფიქსირდა _ 10 ივლისს 1 დოლარის ღირებულებამ 2.9096 ლარი შეადგინა. 

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, რუსეთის გავლენა ერთ ერთია ლარის გაუფასურების მიზეზებში. 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ასევე გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ, ლარის გაცვლით კურსზეც აისახა, რის გამოც ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რამდენჯერმე მკაფიო ცვლილება განიცადა. 

პირველადი გათვლებით, სხვა თანაბარ პირობებში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში უცხოური ვალუტით შემოდინებები ჯამში პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენებს შეარბილებს“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა. 

ლარის გაუფასურებაში რუსეთის ბაზრის გავლენას ხედავენ ექსპერტებიც.
 
„დუმის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ყველა ფაქტორზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ელოდება ლარის გაუფასურებას, ალბათ, სებ ი შეეცდება მოემზადოს ინტერვენციისთვის. ამ მომენტში კურსი დევალვაციას რუსეთის ფაქტორის გავლენით განიცდის. რეზერვებს თუ დახარჯავს ეროვნული ბანკი, ლარს გაამყარებენ, მაგრამ რუსეთის დუმის გადაწყვეტილება ძალაში შევა თუ არა, ლარს უკვე ვერაფერი უშველის“, – განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ. 

„სხვა შემთხვევაში, სანქციები თუ არ ამოქმედდა, ლარი არ უნდა გაუფასურდეს. ახლა მაინც აჟიოტაჟის ფაქტორია და ლარი რაღაც დროის მერე ისევ გამყარების გზას უნდა დაადგეს. სხვანაირად ეს პროცესი ვერ აიხსნება. ვფიქრობ, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, რეზერვების ხარჯვას აზრი არ ექნება, რადგან კურსი თანდათანობით გააგრძელებს გაუფასურებას და ახალი წონასწორობის ნიშნულს დაიჭერს“, – ამბობდა „რეზონანსთან“ ცომაია. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ სები ადეკვატურ პოლიტიკას არ ატარებს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის. 

„ბოლო 2 თვეა, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, ამ პროცესების ფონზე სრულიად ლეგიტიმურად ისმის კითხვა, უნდა ჩარეულიყო თუ არა სებ ი პროცესებში და ზოგადად შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების თავიდან აცილება. ცენტრალურ ბანკს აქვს თავისი სავალუტო რეზერვები, დიახ სწორედ ის სავალუტო რეზერვები, რომლის შევსებასაც, მნიშვნელოვან წილად ჩვენი ვალუტის სტაბილურობა ეწირება. მაგალითად, თუ 2018 წლის იანვარში რეზერვები 3 მლრდ მცირედით აღემატებოდა 2019 წლის იმავე პერიოდში, მათი მოცულობა 3.7 მლრდ მდე გაიზარდა. ეს ცხადია ცუდი არ არის, მაგრამ მთავარია როგორ ხდება რეზერვების შევსება, რათა ამ პროცესით წნეხი არ გავზარდოთ ვალუტაზე. ჩვენთან, პირიქით მოხდა, ანუ სავალუტო რეზერვებმა კი არ დაიცვა ლარი, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გაუფასურებაში“, – ამბობს ბაირახტარი. 

„ბოლო ორი წელია, სებ ს არცერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია ბაზარზე ლარის დასაცავად, დღეს არსებული მდგომარეობა სწორედ ნეგატიურ მოლოდინს და მათი როგორც მინიმუმ შერბილება შესაძლებელია. რაც შეეხება მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს და მისი შოკების შთანთქმის ეფექტს, დღეში 7 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, არანაირ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში არ ჯდება, ხოლო რაც შეეხება შოკების შთანთქმას, სანამ ბაზარზე შოკური ეფექტი არ მოხდება, კურსი არაფერს შთანთქავს და ის უბრალოდ, აჟიოტაჟურად უფასურდება“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი. 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძის აზრით, ლარის გაუფასურების მიზეზი რუსეთისგან მოსალოდნელი სანქციებით გამოწვეული პანიკაა. ამ მოცემულობაში აუცილებელია მთავრობამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინოს. 

„ლარის კურსი გარბის მხოლოდ ერთი მიზეზით: რუსეთისგან მოსალოდნელმა სანქციებმა გამოიწვია პანიკა. თუმცა, ვინც ახლა 2.95 ად ყიდულობს, ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ახლო მომავალში უფრო იაფად ვერ იყიდდა. 

ლარის კურსი არ არის დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოსულ დოლარზე. შესაბამისად, რუსეთიდან მოსალოდნელ დანაკლისს თუ გადაფარავს სხვა ქვეყნიდან დოლარის შემოსვლის ზრდა (თუნდაც სესხების), ეს დანაკლისი დაბალანსდება. ამასთან, ლარის კურსის დაცემა შეამცირებს იმპორტს, ანუ ქვეყნიდან დოლარის გასვლას. ამიტომ, ახლა მთავრობის დუმილი კი არა, საჭიროა აქტიური ქმედება და საუბარიც, რას აპირებენ“, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

ლარის კურსის და რუსეთიდან სანქციების დაწესების თემას გამოეხმაურა სებ ის ყოფილი ხელმძღვანელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. „ფეისბუკზე“ გოცირიძემ დაწერა: 

„მას შემდეგ, რაც 2006 წლის მარტში რუსეთმა საქართველოს დაუწესა ემბარგო, ლარი გამყარდა. ლარის კურსი ემბარგოზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ როგორ რეაგირებ მასზე. 

ლარის კურსი ქვეყნის საფინანსო და ფულად საკრედიტო პოლიტიკაზეა დამოკიდებული და არა მეზობელი ქვეყნის ვალუტების რყევაზე. 

2006 წლის ემბარგოს უარყოფითი ზემოქმედება თუ როგორ იქნა თავიდან აცილებული, ეს ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს ჰკითხეთ, თუ მიგიწვდებათ ვინმეს ხელი“, – წერს გოცირიძე. 

შექმნილი რთული სიტუაციის შესამსუბუქებლად, მთავრობას ეკონომიკური რეგულაციების გაუქმებას ურჩევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი. 

„ლარის კურსი რომ ასე სწრაფად გარბის, ამის მთავარი მიზეზი ახლა შეიძლება იყოს პანიკა. ასეთ ვითარებაში, პანიკა გაქვს მაშინ, როცა მთავრობა არის უნიათო და მისი იმედი არავის აქვს. თორემ ამაზე უარესები გვინახავს, როცა შედარებით სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვქონდა და ლარს ასეთი რამ არ მოსვლია. 

ლარის კურსის გაუფასურება გრძელვადიანი პროცესია და გრძელვადიანი მიზეზები აქვს. ამას მოკლე პერიოდში ვერ მოევლება, მაგრამ რაც მალე გაიღვიძებს მთავრობა მით უკეთესი. სასწრაფო ნაბიჯები უნდა იყოს: 

– ყველა საბანკო რეგულაციაზე, რაც ბოლო წლებში მთავრობამ მიიღო, მორატორიუმის გამოცხადება და გაუქმების დაანონსება; 

– 2020 წლიდან გადასახადების მკვეთრად შემცირების დაანონსება და დაუყოვნებლივ გამოცხადება, რომ ექსპორტი დღგ ით და აქციზით არ დაიბეგროს (უკანასკნელი სტიმულს მისცემს დოლარის შემოდინებას. ეს საკამათოა, მაგრამ შეიძლება ეფექტიანი იყოს); 

– არავითარ შემთხვევაში არ განახორციელოს მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და არავითარ შემთხვევაში არ გაფლანგოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები; 

– ნებაყოფლობითი გახდეს მავნებელი საპენსიო რეფორმა და დარჩნენ ისინი, ვისაც ამის სურვილი ექნება; 

გრძელვადიანად ლარის კურსი მხოლოდ მაშინ დასტაბილურდება ან გამყარდება, როცა საინვესტიციო გარემო საქართველოში იქნება არა უკეთესი, არამედ საუკეთესო. ეს ერთი და მეორე – გაუქმდეს ლარზე მონოპოლია და მოგვეცეს მოქალაქეებს გამოვიყენოთ ის ვალუტა, რომელიც არ გვაღარიბებს“. 

ივლისის შუა რიცხვებისთვის დოლარის ფასი საშუალოდ 2.85 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რუსეთის მხრიდან დაანონსებული სანქციები რომ ამოქმედებულიყო, საქართველოს ეკონომიკა 4 მილიარდ ლარამდე ზარალს მიიღებდა. თუმცა, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებამ და ტურ ოპერატორებისთვის მიცემულმა რეკომენდაციამ საქართველოში რუსი ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად გამოიწვია, რამაც ლარის კურსზეც იმოქმედა. საქართველოს ისღა დარჩენია, სხვა ქვეყნებიდან მოიზიდოს ტურისტები, მაგრამ, მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს აქ თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისი არ დახვდათ, ნაკლებადსავარაუდოა, დიდი ფული დახარჯონ. ამ მიმართულებით, ბევრი სამუშაოა გასაწევი. 

ცალკე საკითხია ხელისუფლება რამდენად იტყვის უარს იმ რეგულაციებზე თუ რეფორმებზე, რაც ასევე ლარის გაუფასურების დამატებითი მიზეზია. 

თემურ იობაშვილი