ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ახალი რეგულაციები ყოფილი ლომბარდებისთვის - #6(234), 2019
რა შეზღუდვები უწესდებათ სესხის გამცემ სუბიექტებს 

საქართველოში რომ ახალ ახალი რეგულაციების შემოღება ლამის წესად იქცა, აღარავის უკვირს. ამჟამად, მორიგი რეგულაცია ყოფილ ლომბარდებს შეეხება, რომლებიც უკვე ლიცენზირების ქვეშ მოექცნენ და ვალდებულები გახდნენ სესხის გამცემ სუბიექტებად დარეგისტრირებულიყვნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, მათ გირაოს სახით ჩადებული ქონების განკარგვა ეზღუდებათ, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან კი მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავებაც უნდა აკრძალვოდათ. თუმცა, უკვე დადგენილი და დადასტურებული შეზღუდვა ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გადაავადა 2019 წლის 1 ნოემბრამდე. კობა გვენეტაძის 24 ივნისის ბრძანება #107/04-ის მიხედვით ცვლილება შევიდა 30 მაისის ბრძანებაში. აწ უკვე გადავადებული რეგულაციის ამოქმედებით ცვლილება შედის „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ კანონში. კერძოდ, სესხის გამცემ სუბიექტს აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე იმოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.
 
                                         -------------------

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება #89/04 

2019 წლის 30 მაისი, ქ. თბილისი 

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის #217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1. 

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით (წწწ.მატსნე. გოვ.გე ; 28/09/2018; ს/კ: 
220010020.18.011.016344) დამტკიცებული წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: 

„16. სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება“. 

მუხლი 2. 

სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც. 

მუხლი 3. 

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 

                                         -------------------

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემდგომ ამ ბრძანების ამოქმედების თარიღმა 1 ნოემბრამდე გადაიწია. რას გამოიწვევს კანონში ცვლილება, რატომ გახდა აუცილებელი ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი რეგულაციის დაწესება? როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ეს არ ნიშნავს რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. 

„აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რამეთუ დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს“, – ეროვნულ ბანკის კომენტარს „კომერსანტი“ აქვეყნებს. 

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის მორიგი რეგულაციის დაწესებას მიესალმება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, დღეს სალომბარდო ბაზარზე ქაოსური მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი მცირე ზომის ლომბარდია, რომლებიც სრულად გაუმჭირვალედ ოპერირებენ და მომხმარებლებს პრობლემებს უქმნიან. 

„განსაკუთრებით, სერიოზული პრობლემები იყო ზუგდიდში, მსგავსი ქეისებია თბილისშიც. ასეთ პატარა ლომბარდებს არ აქვთ არც გამჭვირვალე ფინანსური აღრიცხვა, არც მონიტორინგი. როდესაც ოქრო ლომბარდში ბარდება, მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მის შედეგად გაცემული სალომბარდე სესხის მოცულობა. შემდეგ ამ პატარა ლომბარდების მიერ საფინანსო ინსტიტუტებში ხდება ნივთების გადაგირავება ისე, რომ ხშირ შემთხვევაში ეს თავად მომხმარებელმაც არ იცის. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ძალიან ხშირად, პატარა ლომბარდების მეპატრონეები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. 

კერძოდ, როდესაც კლიენტი ლომბარდს ფულს უხდის, მაგალითისთვის, თვეში 3% ს, აქედან ლომბარდებმა 1.5% ი ბანკში უნდა გადაიხადონ. დარჩენილ 1.5% ს კი ესენი თავისი პირადი მიზნებისთვის ხარჯავენ. საფინანსო ინსტიტუტებში დავალიანებას აღარ იხდიან, რის შემდეგაც ეს საფინანსო ინსტიტუტები ნივთების რეალიზაციას ახდენენ. საბოლოო ჯამში დაზარალებული გამოდის მომხმარებელი. ამ ხალხს გადახდილი აქვს ფული და ნივთებს აღარ უბრუნებენ. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. 

ჩვენთან, მაგალითად, პოლიციამ ამოიღო პატარა ლომბარდის მეპატრონის მიერ (დააგირავა როგორც კერძო პირმა) დაგირავებული 20 000 ლარის ნივთები იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გაირკვა, რომ ამ ადამიანმა თავის ლომბარდში მოსახლეობისგან ჩაიბარა ნივთები, ჩვენთან გადააგირავა და საბოლოოდ, თანხა არ გადაიხადა. აღნიშნულ ქეისში ისევ მოსახლეობაა დაზარალებული“, – აღნიშნავს ნიკოლაიშვილი. 

მისივე განმარტებით, ბანკმა უნდა გააკეთოს სალომბარდო პორტფელის და კომპანიის სწორი ანალიზი, შედეგად, ლომბარდებს ექნებათ უფლება დააგირაონ სესხები და არა ფიზიკურად ნივთები. ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს ნივთები არის მეპატრონის და არა ლომბარდის. ეს მკაცრად უნდა იყოს გააზრებული. 

ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ლომბარდების 70% ს „შავი ბუღალტერია“ აქვს, რაც ეკონომიკისთვის უზარმაზარი შავი ხვრელია. 

ნიკოლაიშვილის განმარტებით, მეწარმე, რომელიც გადასახადებს იხდის, გამჭირვალედ აჩვენებს თავის შემოსავალს და ყველაფერს, ჩვეულებრივად შეძლებს სესხის დაგირავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მეწარმეებს სესხს ვერ მისცემს. არაპატიოსნად მომუშავე მეწარმეები თუ გავლენ ბაზრიდან, უფრო კარგი იქნება. 

ლომბარდებზე გარკვეული ტიპის რეგულაციები წლის დასაწყისიდან უკვე გავრცელდა. მათ შორისაა ლიცენზიების აღება და ამაში 10 000 ლარის გადახდა, ფართთან დაკავშირებული საკითხები. მაშინდელი რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს არანაკლებ 15 20 მ2. სავალდებულო გახდა ფართის გადატიხვრა, რემონტი, ვიდეოკამერები, ცეცხლგამძლე სეიფები და ა.შ., რაც საბოლოოდ ლომბარდის მფლობელებს ათი ათასობით ლარი დაუჯდა. 

რაც შეეხება სტატისტიკას, „საქსტატს“ 2018 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, 2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია ფიქსირდებოდა. აქედან, 55,7% თბილისში, 12,1% – იმერეთის რეგიონში, 9,9% – სამეგრელო ზემო სვანეთში, 9,7% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% _ სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% – უცხოურ ვალუტაში. 

ეროვნული ბანკის პოზიცია 

ხელისუფლების პოზიცია, რომ ლომბარდების საქმიანობაში გარკვეულ შეზღუდვებს აპირებდნენ, შარშან გახდა ცნობილი. მაისში, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ავტომობილების თუ უძრავი ქონების დალომბარდება უნდა აკრძალულიყო, რაც ხელს შეუწყობდა ჭარბვალიანობასთან ბრძოლას. 

„პირადად ჩემი განწყობაა, რომ ეს უნდა მოხდეს მიმდინარე თვეს, მაისშივე. ლომბარდები საქართველოში გარკვეულწილად გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის თამაშის წესები, რომელზეც ვისაუბრეთ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზე. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

შარშან, აგვისტოში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილების დალომბარდება მართლაც აიკრძალა. საინტერესოა, რომ თუ ხელისუფლება ჭარბვალიანობას ებრძვის და მაგალითისთვის, ავტომობილების დალომბარდებით სესხის გაცემა ჭარბვალიანობის ხელშემწყობად მიაჩნია, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის გაცემა საერთოდ აკრძალულიყო. არადა, დღეს არაერთი ბანკიდან თუ სხვა ორგანიზაციიდან კვლავ შეიძლება ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის აღება. არაერთი რეკლამა ტრიალებს სატელევიზიო ეთერში თუ მედიის სხვა საშუალებებში, რომლის შინაარსი ხშირად მსგავსია და დაახლოებით ასე ჟღერს – აიღე სესხი საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით და სესხის დაფარვამდე მართე მანქანა. 

ჩვენ მივმართეთ ეროვნულ ბანკს შეკითხვით, რეალურად ვის აეკრძალა ავტომობილების უზრუნველყოფით სესხის გაცემა, რაზეც წერილობით ასე გვიპასუხეს: 

„2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა ცვლილება (მუხლი 254), რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/ გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53 ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/ და სასოფლო სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება.
 
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე“. 

ასე რომ, მთავრობა და ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობას ებრძვის თუ სესხების გამცემ ორგანიზაციებს – გაუგებარია... 

კომენტარები 

შექმნილ სიტუაციაში საინტერესოა, რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე ლომბარდების წარმომადგენლები, თუმცა, როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, ისინი თავს არიდებენ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას. პირად საუბრებში კი სებ ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ბაზარზე მხოლოდ მსხვილი ბიზნესი დარჩება, ისიც შეზღუდული აქტივებით. 
სალომბარდე ბიზნესის რეგულირება რომ აუცილებელია, ადასტურებს ფინანსისტი დავით წიქარიძე, თუმცა, ახალი ნორმები ვერ იქნება დადებითი ეფექტის მომტანი, როცა ფულზე მოთხოვნა კვლავ დიდია, მიწოდების გზები კი უფრო და უფრო მეტად იზღუდება. 

„ბოლო წლებში თბილისი ლომბარდების ქალაქად იქცა და ქუჩაში ერთი ჩავლაც კი საკმარისია იმის დასანახად, თუ რამდენად არაბუნებრივად დიდია მათი რიცხვი. მე, რა თქმა უნდა, მათი არსებობის წინაააღმდეგი არ ვარ, თუმცა ეს დერეგულირებული, თავის ნებაზე მიშვებული ბიზნესი არ შეიძლება. ამ რეგულაციებს თავისთავად ნამდვილად არ შეიძლება უარყოფითად შევხედოთ, თუმცა მეორე მხრივ, ლომბარდების მიკროსაფინანსოებთან გათანაბრება ხდება თავისი უფლება მოვალეობებით. 

შეუძლებელია ამ საკითხს ცალსახად შევხედოთ. ერთი მხრივ რეგულაციები კარგია, ამდენი ლომბარდი ნამდვილად არ უნდა იყოს, მაგრამ გაჭირვებული ხალხისათვის, რომელსაც მხოლოდ წვდომა შეეზღუდა ფულზე, ძალიან ძნელი გადასატანი იქნება. ისინი მევახშეებთან წავლენ, სადაც კიდევ უფრო მძიმე პირობები დახვდებათ“, – აცხადებს წიქარიძე „რეზონანსთან“. 

სალომბარდო ბიზნესს სხვა სიახლეც ელის წინ. შესაძლოა, შემოსავლების დადასტურების გარეშე სალომბარდე სესხი აღარ გაიცეს. ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. 

„საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ ლომბარდებისთვის ამოქმედებულ რეგულაციას, რომელიც ითვალისწინებდა ლიცენზიების აღებას და ამაში 10 000 ლარის გადახდას, დაემატება ახალი შეზღუდვა, რაც „სესხის გამცემი სუბიექტს“ დეფოლტის წინაშე დააყენებს. 

მისი განმარტებით, მაშინ რეგისტრაციისათვის მოთხოვნები იმდენად მრავლისმომცველი იყო, რომ ჯერ კიდევ რეგულაციის ძალაში შესვლამდე ყველამ იცოდა, რომ ეს ბაზარზე ძალიან ბევრი სუბიექტის გაქრობას გამოიწვევდა. მათ შორის იყო ფართთან დაკავშირებული საკითხები. სავალდებულო გახდა ფართის გადატიხვრა, რემონტი, ვიდეოკამერები, ცეცხლგამძლე სეიფები და ა.შ., რამაც ლომბარდის მფლობელებისთვის ათი ათასობით ლარის დამატებითი ხარჯი გამოიწვია. 

დღეს უკვე, ეროვნული ბანკი მცირე ლომბარდების 90-95% ს იმ პროდუქტებით სარგებლობასაც უზღუდავს, რომლითაც ამჟამად სარგებლობენ. 

„დღეს ის დრო არ არის, როდესაც ლომბარდები თვეში 3-4%-ზე მუშაობდნენ. ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. მას შემდეგ, რაც ბანკები შემოვიდნენ ამ ბაზარზე, შედარებით იაფიან საკრედიტო ხაზს სთავაზობენ ლომბარდებს, მთლიანად გადაწყობა მოხდა სისტემის, კონკურენციაც გაიზარდა. ბაზარზე დამატებითი ფული გაჩნდა, ამან გაზარდა ინდუსტრია, დალაგდა ურთიერთობები ბანკსა და ლომბარდს შორის, გაჩნდა რეპორტინგი, საბუღალტრო პროგრამები. ფაქტობრივად, თავად ბაზარმა გამოიწვია მოთხოვნა ასეთი სახის კორპორატიულ მართვაზე. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი იზღუდება და ეს ყველაფერი კარგი ნამდვილად არ იქნება“, – აღნიშნავს კორინთელი. 

საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ბრძოლა ჭარბვალიანობასთან და სხვადასხვა რეგულაციების შემოღება რომ ეკონომიკისთვის სახარბიელო შედეგებს არ იძლევა, ხშირად ამბობენ სხვადასხვა ექსპერტები. ამჟამად კი უკვე ხელისუფლების ერთ ერთი უმაღლესი წარმომადგენლის – ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე პრემიერის, ახლანდელი თბილისის მერის – კახი კალაძის პოზიციას გავეცნოთ. 

თბილისის მერი ამბობს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. კალაძე განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, მხედველობაში მაქვს სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება ალბათ აუცილებლად მოგვიწევს“, – ამბობს კალაძე. 

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მთავრობა თავისივე შემოღებულ რეგულაციებს გადახედავს: 

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საბანკო რეგულაციები შეიცვლება, იმიტომ, რომ ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა, აშკარაა. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ პრობლემა არის ამ მიმართულებით“. 

რეგულაციის გადავადების მიზეზი 

რა გახდა გადავადების მიზეზი, ამის შესახებ „კომერსანტს“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რომ სესხის გამცემმა სუბიექტებმა, მოთხოვნების შესასრულებლად ტექნიკური საკითხების მოგვარებისთვის დამატებითი დრო ითხოვეს. 

რაც შეეხება თავად სესხის გამცემი სუბიექტების პოზიციას, „სწრაფი კრედიტის“ დამფუძნებელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ 1 ნოემბრიდან მოხდება სასესხო პორტფელის გირავნობა, რომელიც მიბმული იქნება უზრუნველყოფასთან და არა პირიქით, როგორც ეს დღესაა – არის უზრუნველყოფა გირავნობის ქვეშ და მასზე გაცემული სესხი. 

„აქცენტი გაკეთებული იქნება სასესხო პორტფელზე და არა გირავნობაზე. თუმცა, ეს ორი ერთმანეთის გარეშე ვერ იქნება“, – აცხადებს გრიგალშვილი.
 
კითხვაზე, საკმარისია თუ არა რეგულატორის მიერ მიცემული დრო, გრიგალაშვილი განმარტავს, რომ სესხის გამცემი სუბიექტების მოთხოვნა იყო რეგულაციის ამოქმედება 2020 წლის 1 იანვრამდე გადადებულიყო. თუმცა, ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აღმოჩნდა, რომ სექტორი 2019 წლის 1 ნოემბრამდეც მოახერხებს ტექნიკურად გადაწყობას და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რასაც მათ მარეგულირებელი უწესებს. 

ჩვენი მხრივ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პირობებში ძალიან ძნელია მთავრობის ეკონომიკურ კურსზე მსჯელობა. გვახსოვს არაერთი რეგულაცია, რომელიც ჯერ ამოქმედდა, შემდეგ შეიცვალა. რაც შეეხება სესხის გამცემი სუბიექტებისთვის მომზადებული შეზღუდვების ამოქმედებას, ალბათ ისიც არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დროის შემდეგ იმავე ეროვნულმა ბანკმა თავისივე მოწონებული და დამტკიცებული რეგულაცია კვლავ შეცვალოს. მანამდე კი საქართველოს ეკონომიკა დამატებით დაზარალებას მოასწრებს... 

თემურ იობაშვილი