ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
გაზრდილი ინფლაცია და ეროვნული ბანკის არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები - #10(238), 2019
წლიური ინფლაცია - 6,9 პროცენტი! ასეთია სტატისტიკის სამსახურის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული ინფლაციის დონე. ეს ნიშნავს, რომ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს ოფიციალურმა მონაცემებმა თითქმის 4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა. გაძვირდა ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქტი. მთავარ მიზეზად ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება სახელდება. ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად ბოლო 2 თვეში ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული თითქმის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა - სავალუტო ინტერვენციები, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ასევე, საკმაოდ მოულოდნელად, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე რამდენიმე თვის წინ გაზრდილი სარეზერვო მოთხოვნა ერთბაშად 5 პროცენტით შეამცირა.
 
განახლებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 

17 ოქტომბრიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5 პროცენტით, 25 პროცენტამდე შემცირდა. ამ გადაწყვეტილებთ, კომერციულ ბანკებს დაახლოებით 700 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლდათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის სესხების გაცემას და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელოდება. გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კი ლარის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა გახდა. 

„ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ ზეწოლა მოახდინა ინფლაციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მიღება. გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა და განვახორციელეთ ინტერვენციები. იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხის შემცირებას, მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5 პროცენტით შემცირების შესახებ, ამავე დროს უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რესურსის გაცემას შეძლებენ ბანკები სესხების სახით. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება“, _ განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს. სარეზერვო მოთხოვნები ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე ცალ-ცალკე დგინდება. მათი გაანგარიშება წარმოებს 14-დღიანი პერიოდის ინტერვალების საშუალო მოზიდულ სახსრებზე. 

ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებისთვის კომერციული ბანკები ვალდებულები არიან 14-დღიანი დასაცავი პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის სახით მინიმალური სარეზერვო თანხა ჰქონდეთ. 

უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სავალდებულო რეზერვები ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ინახება. ბანკები ვალდებულები არიან დაცვის 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში სარეზერვო ანგარიშზე იქონიონ სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა, რომელიც დაბლოკილია ამ პერიოდის განმავლობაში. 
სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა მოახდინოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. კერძოდ, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება შეიძლება გამოყენებულ იქნას უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედებისთვის. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის ფინანსური რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას; ხოლო შემცირება _ პირიქით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს აიაფებს. 

ბანკების მიერ სავალდებულო რეზერვების დაცვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ მათზე პროცენტის დარიცხვა ხდება. მაგალითად, აშშ დოლარით დენომინირებული რეზერვებისთვის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს _ აშშ-ის სარეზერვო სისტემის განაკვეთს მინუს 0.5 პროცენტული პუნქტი. ევროს რეზერვებისთვის კი საპროცენტო განაკვეთი _ ევროპის ცენტრალური ბანკის სადეპოზიტო განაკვეთს მინუს 0.2 პროცენტული პუნქტის ტოლია. ეროვნული ვალუტის რეზერვებზე დარიცხული პროცენტი კი უტოლდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. 

ამჟამად, ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5 პროცენტს, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე _ 25 პროცენტს. ამასთან, ნარჩენი ვადიანობების მიხედვით, ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 15 პროცენტს. 

არადა, ლარიზაციის ხელშეწყობის მოტივით, წელს ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 2-ჯერ გაზარდა. პირველად 2019 წლის აპრილში _ 25 პროცენტიდან 28 პროცენტამდე, ხოლო მაისში 30 პროცენტამდე. თან, ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც გაზაფხულის ბოლოს ლარის კურსი გაუფასურების ტენდენციას აგრძელებდა, აქედან გამომდინარე სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა და სავალუტო ბაზარზე დოლარის დეფიციტის შექმნა გაუფასურების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებდა, გაუფასურებული ვალუტა კი ბუნებრივია, სამომხმარებლო ფასებს გაზრდიდა. საბოლოო ჯამში, ლარის კურსი დოლარის მიმართ 3 ლარიან ნიშნულს, ხოლო ინფლაცია 7 პროცენტს მიუახლოვდა. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა და გაზრდილი სარეზერვო მოთხოვნა ისევ შეემცირებინა. 

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარიზაციას ყველაზე დიდი ეფექტი მაშინ ექნება, როდესაც ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა გაიზრდება, გაუფასურებული ლარი კი ნდობას კიდევ უფრო კარგავს. 

ლარიზაცია და მისი შედეგები 

სესხებსა და დეპოზიტებზე მაღალი დოლარიზაციის შემცირების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად გარკვეული ღონისძიებების გატარება 2017 წლიდან დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში დოლარში სესხების გაცემა ჯერ 100 ათას ლარამდე შეიზღუდა, შემდეგ 200 ათას ლარამდე. ასევე მთავრობამ მოსახლეობას 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების გალარება შესთავაზა. ამასთანავე,ქონების გაყიდვისას ფასდადება ლარში გახდა სავალდებულო. 

რაც შეეხება ლარიზაციის შედეგებს, 2017 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი 71 პროცენტს შეადგენდა. წინა წლებში, დოლარიზაციის შემცირების კუთხით დადებითი ტენდენცია შეინიშნებდა. თუმცა 2019 წლის აპრილის შემდეგ დეპოზიტებზე დოლარიზაციის ისევ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. მაგალითად, თუ აპრილში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 61,9 პროცენტს შეადგენდა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 63 პროცენტამდე გაიზარდა. 
რაც შეეხება სესხებს, ამ პროგრამის გამოცხადებამდე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი 65 პროცენტს შეადგენდა, 2019 წლის სექტემბერში კი 55 პროცენტამდეა შემცირებული. ის, რომ დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ იზრდება, გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას საკუთარი ვალუტის მიმართ დაბალი ნდობა აქვს. ხოლო სესხებზე დოლარიზაციის შემცირება დიდწილად იძულებითი გადაწყვეტილების შედეგია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ 200 ათას ლარამდე სესხის დოლარში გაცემა აკრძალულია. 

არ არის გამორიცხული, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდაზე უკან დახევის შემდეგ, ეროვნულ ბანკმა მთავრობასთან ერთად 200 ათას ლარიანი ზღვრის შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღოს. ეროვნულ ბანკს აქამდე ამ მაჩვენებლის შემცირებისკენ თუ მხოლოდ ბიზნესი და ეკონომისტთა ნაწილი მოუწოდებდა, ამჯერად უკვე პარლამენტის თავმჯდომარემაც, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ დროა 200 ათასიანი ზღვარი ისევ 100 ათასამდე შემცირდეს. 

`მიგვაჩნია, რომ უკვე დრო არის და ანალიტიკა, რომელიც დავამუშავეთ, გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია ეს ლიმიტი შემცირდეს 100 ათას ლარამდე და მხოლოდ 100 ათასი ლარის ფარგლებში იყოს სავალდებულო წესი სესხების გაცემაზე ეროვნულ ვალუტაში. ამის ზემოთ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, სესხი აიღონ დოლარში“, _ განაცხადა თალაკვაძემ. 

ამ ზღვრის შემცირების აუცილებლობაზე საუბრებენ `გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსებიც: 

`საგარეო ბალანსის გაუმჯობესების მიუხედავად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობდა. ლარზე ზეწოლის მოსახსნელად, ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 72.8 მლნ აშშ დოლარი, გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-დან 8.5%-მდე და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა სარეზერვო მოთხოვნები უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე, მაგრამ ამის მიუხედავად ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის მე-2 კვარტლიდან ინფლაცია სავარაუდოდ დაუახლოვდება 3.0%-იან სამიზნე ნიშნულს, შესაბამისად ჩვენ ვერ ვხედავთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდის საჭიროებას. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ლიკვიდობას კვლავ გაზრდის ლარის მხარდასაჭერად. ასევე, ეროვნულ ბანკს დედოლარიზაციასთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული მიდგომა ესაჭიროება, რადგან ლარში სესხების ზრდა, ლარის მიმართ უნდობლობა და დოლარის დეპოზიტების ზრდა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის სისუსტის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენი აზრით, ეს ზეწოლა შესაძლებელია აღმოიფხვრას ლარით დაკრედიტების 200 ათასიანი ჭერის შემცირებით~, _ აღნიშნულია კომპანიის კვლევაში. 

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ინფლაციისა და ლარის კურსის მოსათოკად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 თვეში, სექტემბერსა და ოქტომბერში, რეფინანსირების განაკვეთი 2 პროცენტით, 8,5 პროცენტამდე გაზარდა. რეფინანსირების ასეთი მაღალი განაკვეთი 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ლარში გაცემული სესხები ძვირდება, რაც ასევე ხელს უშლის ლარიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას. 

სპეციალისტების შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი დადებითი შედეგებია: ინფლაციაზე წნეხის შემცირება (3-დან 6 თვის პერიოდში,ლარის კურსზე წნეხის შემცირება), ხოლო რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებია: სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ლარიზაციის პოლიტიკის შეფერხება (ლარში სესხების გაძვირება, ამ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნას შეამცირებს) და ეკონომიკური აქტივობის შენელება. 

ჯერჯერობით, ეროვნულ ბანკის ამ გადაწყვეტილებების შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3 ლარს არ გადასცდა და 2,96 ლარის ფარგლებში გაჩერდა. გამყარების ტენდენცია არ ჩანს, შესაბამისად ინფლაციაც ზრდას განაგრძობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაცია 7.2%-ს მიაღწევს. 

ანალიტიკოსი ანდრეა გვიდიანის შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მონეტარული პოლიტიკა ივნისის ნაცვლად სექტემბერში გაამკაცრა და ინფლაციის მართვის თვალსაზრისით, პრევენციული ზომების მიღება დააგვიანა.  

`მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სექტემბერსა და ოქტომბერში გაზრდამ ეფექტი ეროვნული ვალუტის კურსსა და ინფლაციაზე შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში მოახდინოს. დღეის მდგომარეობით, არსებული ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი _ 6.9 პროცენტი _ მიზნობრივ სამ პროცენტს რომ ორჯერ აღემატება, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ხარვეზმა განაპირობა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მაღალი ინფლაციის გამო, ეკონომიკის ზრდას პრობლემები შეექმნას. როდესაც მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, ამას ხშირად საშუალოვადიანი პერსპექტივა აქვს. ვგულისხმობ, რომ ჩვენ რომ მონეტარული პოლიტიკა ივნისში გაგვემკაცრებინა, ინფლაციის მართვის თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მიგვეღო და ბერკეტები გამოგვეყენებინა, დღეს შედეგი უკვე დადგებოდა“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა. 

ასე რომ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით იკვეთება ის, რომ როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არათანმიმდევრულია, რაც ვერც ლარიზაციის ეფექტიანობას უზრუნველყოფს, ვერც მაღალ ეკონომიკურ ზრდას და საფინანსო სექტორსაც არასტაბილურ მდგომარეობაში ამყოფებს. 

მაკა ხარაზიშვილი