ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
მთავრობის ინიციატივა – სესხების გადავადება 3 თვით - #3(243), 2020
რა პირობებით გავრცელდება შეღავათი კრედიტის დაფარვაზე 

ჩინეთიდან გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში შეაღწია და თითქმის მთელი პლანეტის ცხოვრების რიტმი შეცვალა. 12 აპრილის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსით დაავადება დაუდასტურდა 1 მილიონ 850 ათასზე ადამიანს, რომლებიდანაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 114000-ს გადააჭარბა. მასშტაბური ეპიდემია ჩინეთის საზღვრებში უკვე კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, მაგრამ აპრილის თვის მდგომარეობით ეპიდემია უკვე სხვა ქვეყნებში და გაცილებით დიდ მასშტაბებში მძვინვარებს. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთმა უკვე მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. იტალიაში 16000-მდე გარდაცვლილია, როცა ჩინეთის გამოქვეყნებული მონაცემებით, ვირუსის წარმოშობის ქვეყანაში 3300 გარდაცვლილია. მძიმე ვითარებაა შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში...
 
ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ქვეყნების უმეტესობამ მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაკეტა საზღვრები, შეწყვეტილია თავისუფალი მიმოსვლა ტურისტულად განთქმულ ქვეყნებში, გაჩერებულია რეგულარული სპორტული ასპარეზობები და კაცმა არ იცის, დღევანდელი მდგომარეობა სადამდე გასტანს. ეკონომიკური ზარალი ათეულობით მილიარდს აჭარბებს. ამ ფონზე კი, მათ, ვისაც საბანკო სესხების ყოველთვიური მომსახურება უწევთ, კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესისთვის თუ ფიზიკური პირებისთვის სესხების გადავადების პროცესი დაიწყო. ასეთებს შორის აღმოჩნდა საქართველოც – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საბანკო სექტორთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სამი თვის განმავლობაში, მარტიდან მაისის ჩათვლით, სასესხო მომსახურებისგან გათავისუფლდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ყველა კომპანიისთვის ბანკები უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფენ. 

ბანკები, რომლებიც სესხების გადავადების პროგრამაში ჩაერთნენ 

შეღავათების შესახებ განცხადებები გააკეთეს „თიბისი ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ბაზისბანკმა“ და „ვითიბი ბანკმა“. მოგვყავს ფრაგმენტები ბანკების მიერ გავრცელებული განცხადებებიდან. 

„თიბისი ბანკი“

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.
 
საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. 
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით `თიბისი~ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. 

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. 
განცხადება გააკეთა „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბანკმა ეს გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღო. 

„საქართველოს ბანკი“  

„დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი. 

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი. 

თუკი მომხმარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444“, – წერია ბანკის განცხადებაში. 

მსგავსი განცხადებები გაავრცელეს ასევე „ლიბერთი ბანკმა“ და „ვითიბი ბანკმა“ – საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზეს სესხების 3-თვიანი გადავადების პროგრამაში მონაწილეობა და თუკი მსესხებლებს ერჩივნათ  
გადავადებით არ ესარგებლათ, მაშინ დროულად უნდა შეეტყობინებინათ ბანკისთვის უარი. 

"ბაზისბანკმა" თავის ვებგვერდზე შემდეგი სახის განმარტებები "კითხვა-პასუხის" ფორმით გამოაქვეყნა: 

"2020 წლის 16 მარტიდან ბაზისბანკის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, სესხებზე ისარგებლონ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ბანკში მიუსვლელად. საშეღავათო პერიოდი ეხება, როგორც სესხის ძირს, ასევე პროცენტს. 

ხშირად დასმული კითხვები: 

1. რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდი? 

საშეღავათო პერიოდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, 3 თვით გადაავადოს ყოველთვიური შენატანი. 

2. ვის შეუძლია ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით? 

ფიზიკურ პირს, ვისაც ბანკის მიმართ არ აქვს პრობლემური ვალდებულება და უწევს სესხზე შენატანის გაკეთება 16 ივნისამდე. 

3. რომელ პროდუქტებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი? 

იპოთეკური სესხი; სამომხმარებლო სესხი (არაუზრუნველყოფილი); სამომხმარებლო სესხი (უზრუნველყოფილი); განავადე; სწრაფი ფული; განვადება; მზა სესხი _ ონლაინ სესხი. 

4. როგორ მოხდება გადავადება ერთზე მეტი სესხის შემთხვევაში? 

თუ მომხმარებელს აქვს ორი, ან მეტი სესხი, გადავადება შეეხება ყველას, ან არცერთს, მომხმარებლის სურვილისამებრ. 

5. დაზღვევის გადახდა ხომ არ მომიწევს? 

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას არ გადაიხდით დაზღვევას, დაგროვებული სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება ერთიანად, პირველი შენატანისას. 

6. გამეზრდება თუ არა ყოველთვიური შენატანი? 

არ გაიზრდება. სესხი გახანგრძლივდება იმ ვადით, რომ არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი. 

7. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში? 

გადავადებით სარგებლობის შემთხვევაში სესხის პროცენტი არ გაიზრდება. 

8. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა? 

სესხის გადავადებით სარგებლობისას ვადა გაიზრდება. 

9. საშეღვათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა? 

დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა. 

10. როგორ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით? რა პროცესით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა? 

საშეღავათო პერიოდის ჩართვა მოხდება ავტომატურად, 16 მარტიდან. 

11. როგორ გავიგებ თარიღის გადაწევის შესახებ? 

ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. 

12. როგორ მოვიქცე თუ არ მსურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა? 

თუ არ გსურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, 31 მარტის ჩათვლით შეატყობინეთ ბანკს: 

ინტერნეტ / მობაილბანკიდან შეტყობინების გამოგზავნით; 

მოკლე ტექსტური შეტყობინებით NO ნომერზე: 9292. 

ქოლცენტრში ზარის მეშვეობით ნომერზე: 0322922922. 

13. თუ უკვე ვსარგებლობ საშეღავათო პერიოდით, შემეხება თუ არა გადავადება? 

თუ სესხის პირველი გადახდა გიწევთ 16 ივნისამდე, გადავადება შეგეხებათ მინიმუმ ერთი თვე. 

(მაგ: თუ სარგებლობთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში, თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება 2 თვე). 

თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდით ვერ ისარგებლებთ. 

(მაგ: თუ გაქვთ სესხი, რომელზეც ვრცელდებოდა 6 ან 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი და პირველი გადახდა უნდა განგეხორციელებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდით ვერ ისარგებლებთ). 

14. შესაძლებელია საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის წინსწრებით დაფარვა? 

სესხის წინსწრებით დაფარვა შესაძლებელია. 

15. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე? 

გადავადებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომელთა სესხი გაცემულია 16 მარტამდე. 

16. იმოქმედებს თუ არა საკრედიტო ისტორიაზე გადავადება? 

გადავადება საკრედიტო ისტორიაზე არ იმოქმედებს. 

** მათ ვისაც აქვს პრობლემური ვალდებულება, მოგვმართონ ინდივიდუალურად". 

ჩვენი ჟურნალის რედაქციისთვის ცნობილი გახდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთ მსესხებელს, რომელსაც პრობლემური დავალიანება ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ გასულ პერიოდებში რამდენჯერმე სასესხო შენატანის გადახდა დაუგვიანდა, "ბაზისბანკმა" თავდაპირველად უარი უთხრა სესხის გადავადებაზე. მხოლოდ მსესხებლის განმეორებითი მიმართვის შემდეგ, ბანკმა, სხვადასხვა დამატებითი გარემოებების გამო, გადაუვადა მას გადახდა სამი თვით, როგორც "გამონაკლისი შემთხვევა".
 
უძვირდება თუ არა გადავადების შემთხვევაში მსესხებელს სესხი – ექსპერტების კომენტარები 

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკები 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ მსესხებლებს, მალევე გავრცელდა მოსაზრებებიც, რომ შეღავათის პერიოდში თანხის გადაუხდელობის გამო, საბოლოო ჯამში მსესხებელს უფრო მეტის გადახდა მოუწევს. თუმცა, ეს „უფრო მეტი“ ზოგს შეიძლება ძალიანაც უღირდეს და მისთვის მნიშვნელოვანი იყოს სწორედ იმ 3 თვის მანძილზე თანხის გადაუხდელობა. 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე კორონავირუსთან დაკავშირებით, ბანკების მიერ სესხების გადავადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ფეისბუკში“ წერს, რომ რომ სინამდვილეში ეს ხალხის მოტყუებაა. პოსტში ექსპერტი მხოლოდ `თიბისი ბანკს~ ახსენებს, თუმცა კომენტარებში აკონკრეტებს, რომ იგივე ეხება სხვა ბანკებსაც, რომლებმაც მომხმარებლებს სესხის გადავადება შესთავაზეს. 

„თიბისი, თქვენ სესხი კი არ გადაავადეთ, მოატყუეთ ხალხიც, მთავრობაც და, უბრალოდ ვადის გადაწევის ნაცვლად, კლიენტებს ავტომატურ რეჟიმში, თუ უარის თქმას ვერ მოასწრებენ, სესხზე სესხს უმატებთ. 

სინამდვილეში რა გააკეთეს. 3 თვით გადაგიწევენ სესხის დაფარვის ვადას. ანუ, თუ ამთავრებდით დაფარვას 2022 წლის იანვარში, დაამთავრებთ მარტში. ამავე დროს, ამ სამი თვის გადავადების გამო არგადახდილ პროცენტს გადაგინაწილებენ და 2022-ის მარტამდე დამატებით გადაიხდით. სესხის ხანგრძლივობა იგივე გრჩებათ. გადასახდელ თანხაზე გიმატებენ ამ სამი თვის გადავადების გამო დარიცხულ პროცენტს. ფაქტიურად გვაჯარიმებენ. უფრო სწორად სესხზე სესხს გვიმატებენ. 

არადა, უნდა ყოფილიყო ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი: 

ან უბრალოდ 3 თვით უნდა გადაეწიათ გრაფიკი, ანუ 3 თვით გვიან დაამთავრებდით დაფარვას. 

ან ამ სამი თვის შესატანი თანხები უნდა გადაენაწილებინათ დარჩენილ თვეებზე ბოლო თვის გადაწევის გარეშე. 

ამათ გრაფიკიც გადაწიეს 3 თვით და 3 თვის პროცენტიც გადაანაწილეს. 

ვისაც არ გჯერათ, წაიკითხეთ ქვემოთ 7, 8, 9 პუნქტები“, – წერს სალუქვაძე. 

„თიბისი ბანკმა“ 19-პუნქტიანი ჩამონათვალი გამოაქვეყნა, თუ რა პირობებით მოხდება სესხების სამთვიანი გადავადება. ამირან სალუქვაძის ნახსენები პუნქტები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 

7. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში? 

არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთები არ შეიცვლება. 

8. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა? 

დიახ, სესხის ვადა გაიზრდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი. 

9. გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა? 

ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე. 

გადავადების პერიოდში პროცენტების დარიცხვის შესახებ უფრო დაზუსტებულია მე-10 პუნქტში: 

10. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა? 

დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე. 

ანალოგიური პრეტენზიები იყო გამოთქმული სხვა დანარჩენი ბანკების მიმართაც, ვინც სესხების გადავადების აქციაში ჩაერთო. მსესხებლების დიდი ნაწილი საკუთარი კრედიტორის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდნენ – მათი განცხადებით, რადგან სესხების გადავადება ხდებოდა, გადასახდელი თანხა არ უნდა გაზრდოდათ. 

შედარებით განსხვავებული მიდგომები აქვთ „ვითიბი ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“. 

როგორც გამოცემა „ბათუმელები“ წერს, მათ „ვითიბი ბანკში~ უთხრეს, რომ სესხის გადავადების შემთხვევაში კლიენტს ყოველთვიურ გადასახადს არ გაუზრდიან, თუმცა გახანგრძლივდება გადახდის დრო არა სამი, არამედ, ვთქვათ, 5 და მეტი თვით – სესხის ოდენობიდან გამომდინარე. 

ანუ „ვითიბის“ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, 1000 ლარის გადახდა გიწევთ მარტში, საიდანაც 200 ლარი არის პროცენტი, გადავადების შემთხვევაში, გადახდას გააგრძელებთ ივნისიდან – არსებული გრაფიკის მიხედვით და არსებული ყოველთვიური გადასახადის ოდენობის გადახდით, თუმცა ამ 600 ლარს გადაიხდით დამატებით ერთ ან ორ თვეზე გადანაწილებით. ანუ, გადახდის პერიოდი გაგიხანგრძლივდებათ. 

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, აქ განაცხადეს, რომ გადახდის გახანგრძლივება არ მოხდება და სამ თვეში გადასხდელი პროცენტი მომხმარებლებს დარჩენილ თვეებზე გადაუნაწილდებათ, ანუ ყოველთვიური გადასახადი გაეზრდებათ. 
თუ, მაგალითად, საშეღავათო სამ თვეში გიწევდათ, ვთქვათ, ჯამში, 600 ლარის გადახდა და სესხის დაფარვის ვადა გქონდათ 2021 წლის დეკემბრამდე, ეს 600 ლარი ივლისის თვიდან გადანაწილდება ყოველ თვეზე 2021 წლის დეკემბრამდე და ამ გზით დაფარავთ თანხას. 

საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ სესხების გადავადების პროგრამა მსესხებლებს დიდ ხეირს არ მოუტანს, რადგან რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ მსესხებელს გაეზრდება საპროცენტო ხარჯი, ბანკები კი ბევრს არაფერს კარგავენ, უბრალოდ ფულადი ნაკადები ოდნავ შეუმცირდებათ. მისი თქმით, სესხის ძირი თანხების დაფარვის ნაწილში კლიენტებს შეღავათი ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 3 თვის შემდეგ მეტი ექნებათ სესხის თანხა და შესაბამისად, მეტი პროცენტი დაერიცხებათ. ამით მომხმარებლებს საპროცენტო ხარჯი გაეზრდებათ. 

„ვინც კარგად დათვლის, მიხვდება, რომ თუ შესაბამისი რესურსი აქვს ჯობია გრაფიკით გააგრძელოს სესხის გადახდა და ამით ნაკლები ხარჯი ექნება. ვინც ამას ვერ მიხვდება, გამოიყენებს და სესხის მომსახურების თანხა გაეზრდება. უფრო რეალური იქნებოდა, მთავრობას საშემოსავლო გადასახადი შეემცირებინა ან 2-3 თვე უარი ეთქვა მასზე, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი, რადგან იმ ადამიანებს, ვინც მუშაობენ, გაეზრდებოდათ შემოსავლები და საბანკო გადავადებების გარეშეც შეძლებენ სესხის მომსახურებას“, – ამბობს თუთბერიძე. 

საბანკო პროდუქტების ექსპერტი, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ წევრი ანი ალიბეგაშვილი სესხების გადავადების ინიციატივასთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას იძლევა. 

„ვეცდები მაგალითით ავხსნა რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული საბანკო ინიციატივა და რა დამატებით ხარჯს მოიცავს. 
დავუშვათ ვსარგებლობ იპოთეკური სეხით, რომლის პირობა შემდეგია: 

სესხის თანხა – 69000 ლარი; 

პროცენტი – 11.5%; 

ვადა – 120 თვე; 

შენატანი – 1026 ლარი; 

გაცემის თარიღი – 30/04/2018; 

დასრულების თარიღი – 30/04/2028. 

დღევანდელი მდგომარეობით, სესხის ძირი შემცირებულია 61200 ლარამდე. შენატანი გრაფიკის მიხედვით 1026 ლარია, სადაც ძირი _ 428 ლარი; პროცენტი _ 579 ლარი; დაზღვევა _ 19 ლარი. ფორსმაჟორულ სიტუაციაში საშეღავათო პერიოდით თუ ვისარგებლებ, სამი თვის განმავლობაში სესხის დაფარვა არ მომიწევს. პროლონგაციის შედეგად სესხის დასრულების ვადა 3 თვით გადაიწევს (30/04/2028 ნაცვლად 30/07/2028 დაიფარება). 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1026 ლარიანი შენატანიდან ამ ეტაპზე პროცენტის სახით 579 ლარს ვიხდი. რადგან სესხის ძირი არ მცირდება (ვსარგებლობ საშეღავათო პერიოდით), სამი თვის განმავლობაში დასარიცხი პროცენტი არ შეიცვლება. 579*3=1737, განაწილდება დარჩენილ 96 თვეზე და სესხის შენატანი 18 ლარით გამეზრდება. 1026+18=1044. 

1. ამ პირობით სარგებლობას არავინ გაძალებთ. თუ თქვენი შემოსავალი სტაბილურია, მარტივად შეგიძლიათ არ ისარგებლოთ. 

2. ან ისარგებლოთ... პარალელურად გახსნათ ანაბარი და ყოველთვიურად 1026 ლარი იქ განათავსოთ. მომდევნო პერიოდს ფინანსურად თუ გაუმკლავდებით, წინსწრებით დაფარავთ სესხს, თქვენს კრედიტ ოფიცერს, გრაფიკს, კიდევ ერთხელ დააკორექტირებინებთ; 

3. ინოვაციური პირობა ნამდვილად არაა. ბანკის კლიენტები, უმუშევრობის დროს საშეღავათო პერიოდით აქამდეც სარგებლობდნენ. ახლა ამას ყველანაირი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, ყველას სთავაზობენ. 

მე პირადად ვეცდები N2 ვიმოქმედო. იმედია, კორონავირუსს ფინანსური პრობლემების გარეშე დავძლევთ და სესხს წინსწრებით დავფარავ. არჩევანი თქვენზეა. უფასო ფულს ბანკები არ დაგვპირებიან! მადლობა მათ ამ ინიციატივისთვის“, – წერს ალიბეგაშვილი. 

3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხებზე პროცენტის დარიცხვის საკითხს საბანკო სფეროს ექსპერტი დავით კიკვიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შეეხო: 

„მინდა გამოვეხმაურო საბანკო სექტორის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, რატომ არ ხდება პროცენტის დარიცხვის შეჩერება, რომ ამით ბანკები „გვაგოიმებენ“ და ფულს აკეთებენ, ვეცდები მარტივად ავხსნა: 

საშეღავათო პერიოდი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო; 
როგორც ჩვენ გვაქვს ბანკების ვალი, ანალოგიურად ბანკებს აქვთ ჩვენი ვალი (დეპოზიტარების სახით და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით), შესაბამისად არც ბანკებს უჩერებენ პროცენტის დარიცხვას; 

იმის მაგივრად, რომ ყველაზე კრიზისულ პერიოდში არ მოგვიწიოს ფულის სესხზე შეტანა, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს ფული ოჯახს მოვახმაროთ; 

ამ 3 თვის განმავლობაში ბანკებს ფაქტობრივად, უნულდებათ შემოსავალი, რადგან ბანკების შემოსავლის ძირითადი ნაწილი მოდის სასესხო შენატანებზე, მიუხედავად ამისა ბანკები აგრძელებენ ხელფასების გაცემას და ყველა იმ საოპერაციო ხარჯის გაწევას, რაც აქამდე ჰქონდათ; 

საბანკო სექტორი თითოეულ შემოსულ და გასულ ლარზე იხდის ე.წ რეზერვებს, და ეს ყველაფერი არის საკმაოდ რთული ფინანსური სისტემის შემადგენელი ელემენტი და ასე მარტივად სესხებზე პროცენტის დარიცხვის შეჩერება ფიზიკურად შეუძლებელია; 

კიდევ ბევრი მიზეზი შემიძლია ჩამოვთვალო, უბრალოდ ძაან გრძელი პოსტი გამოვა. 

პ.ს მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს საბანკო სექტორი და ფინანსური სისტემა, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში გაუთვითცნობიერებელი განცხადებებით, მაგას ჯობია დარჩით სახლში და ხელები ხშირად დაიბანეთ“, – წერს კიკვიძე. 

მას შემდეგ, რაც თითოეული ბანკის ამომწურავი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი, ყველა მსესხებელს ჰქონდა დრო ინდივიდუალურად დაეანგარიშებინა საკუთარი სესხის დაფარვის გრაფიკი და ისე აერჩია, უღირდა თუ არა გამოცხადებული გადავადებით სარგებლობა. ვისაც ხელს არ აძლევდა სესხების გადავადების აქციაში მონაწილეობა, უარის სათქმელად დრო 20 მარტამდე ჰქონდა. ვინც 20 მარტამდე ბანკს არ მიმართა სესხების გადავადებაზე უარის მოთხოვნით, ავტომატურად აღმოჩნდნენ გადავადების პირობებში და მოუწევთ იმ პირობებით სესხის დაფარვა, რასაც სესხის სამთვიანი გადავადების პროგრამა ითვალისწინებს. 

თემურ იობაშვილი