ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
11 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლიკვიდაციის პროცესშია - №7(247), 2020
საფინანსო ბაზრიდან არასაბანკო ინსტიტუტების გასვლის პროცესი გრძელდება 

საქართველოს ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახურვის პროცესი გრძელდება. მალე საქართველოს საფინანსო ბაზარს კიდევ 11 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დატოვებს, რომელიც ამჟამად ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტების რიცხვი 30 ერთეულამდე შემცირდება. სპეციალისტები ამ პროცესს 2017 წლიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ეტაპობრივი გამკაცრებით ხსნიან. 

ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, 2006 წელს 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, არასაბანკო მომხმარებელი ფულს, ძირითადად, ,,შავ ბაზარზე~ სესხულობდა. მას შემდეგ, რაც 2007 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი მიიღეს, ამ ორგანიზაციების რეგისტრაცია და მსუბუქი რეგულირება საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა. ამასთანავე, მკვეთრად იზრდებოდა ფულზე მოთხოვნა და 2018 წლისთვის ეროვნულ ბანკში უკვე 88 მისო იყო რეგისტრირებული. აქედან 23 უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამ დროისთვის კი, ბაზარს მხოლოდ 41 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა შემორჩა, საიდანაც 11 ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება. ამასთანავე, საყურადღებოა ისიც, რომ სესხის გამცემი სუბიექტები (პირი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სასესხო ვალდებულება აქვს) 1307 ერთეულს აღწევდა. რეგულაციები ყველაზე მეტად ამ სექტორს შეეხო და მათი რიცხვი 201-მდე შემცირდა. 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 3 წლის წინ ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაკრედიტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საფინანსო ბაზარზე ქაოსი წარმოიქმნა. საფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხების გამარტივებული გაცემა, განსაკუთრებით ონლაინ შეთავაზებებითა და ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მოსახლეობის გაღარიბებას იწვევდა. ამიტომ მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად ამ სექტორის რეგულირება და ზედამხედველობის გამკაცრება გადაწყვიტა. პირველი ეტაპი საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარის დაწესება იყო. როგორც ცნობილია, საფინანსო ორგანიზაციებში წლიური საპროცენტო განაკვეთი 800 პროცენტსაც კი ცდებოდა. ასეთი ორგანიზაციების ფინანსური მოდელი, ძირითადად, მაღალ პროცენტებსა და ჯარიმებზე იყო აწყობილი. 

2017 წელს სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ჭერი 100 პროცენტამდე განისაზღვრა, რამაც მცირე საფინანსო ორგანიზაციების (როგორც სესხის გამცემი სუბიექტების, ისე მიკროსაფინანსო კომპანიების) უკმაყოფილება გამოიწვია. 2018 წლიდან კი მაქსიმალური ზღვარი 50 პროცენტამდე შემცირდა, ამას მოჰყვა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედება. ეროვნული ბანკის ფინანსურის სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. ამასთანავე, სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს არ უნდა აჭარბებდეს. 

უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ, ერთმანეთის მიყოლებით ბაზარზე რამდენიმე სიახლე ამოქმედდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტამდე შემცირდა. ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოებისა და სხვა ხარჯების მოცულობა ნარჩენი თანხის 1.5-მაგ ოდენობამდე შეიზღუდა. მაგალითად, თუ სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის მოცულობა 1000 ლარია, ვადაგადაცილების შემთხვევაში, პროცენტისა და სხვა ხარჯების მაქსიმალური მოცულობა 1500 ლარი იქნება. ანუ მოქალაქეს ჯამში მაქსიმუმ 2500 ლარის დაბრუნება მოუწევს. მანამდე ჩარჩო არ არსებობდა და ვადაგადაცილებული სესხის შემთხვევაში მომხმარებელს ზოგიერთ შემთხვევაში ძირითადი თანხის ათმაგი ოდენობის გადახდა უწევდა. 

ასევე, პირობის დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა შემცირდა. მაგალითად, თუ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა 1000 ლარია, დარღვევის შემთხვევაში, სესხზე ყოველდღე მაქსიმუმ 0.41 პროცენტი ემატებოდა _ 4.1 ლარი. ახალი წესით, ეს ოდენობა 0.27 პროცენტამდე _ 2.7 ლარამდე შემცირდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა, კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ბაზრიდან მაღალრისკიანი პროდუქტების გასვლას. 

ამასთანავე, გაუქმდა ტერმინი ,,შავი სია~, მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი შეიცვალა. ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს ნეგატიური საკრედიტო სტატუსი აღარ ენიჭება. საფინანსო ორგანიზაციები შეამოწმებენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიასა და გადახდისუნარიანობას და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა. ამასთან, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა. 

ასევე გამკაცრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობა. კერძოდ ეროვნული ბანკის 2018 წლის 5 ივლისის ბრძანებით ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ~, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა 250 ათასი ლარიდან ჯერ 500 ათას ლარამდე (2019 წლამდე), ხოლო შემდეგ (2020 წლამდე) 1 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი გივი კორინთელი აღნიშნავს, რომ მომხმარებელზე ზრუნვის მოტივით, ეროვნული ბანკის რეგულაციებმა საქართველოს ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა არარენტაბელური გახადა, ამიტომაც ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიები იძულებულები გახდნენ ბაზარი დაეტოვებინათ. მისივე განმარტებით, ამ პროცესმა საფინანსო სექტორში კონკურენცია შეზღუდა და ბანკების როლი კიდევ უფრო გააძლიერა. 

"ეს პროცესი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მთავრობის ხელშეწყობით რეგულაციების გამკაცრება დააანონსა, რამაც ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები ბაზრიდან საერთოდ გააქრო. მეორე იყო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელმაც ბაზარზე ცხადი გახადა გარდაუვალი ცვლილებების დაწყება. ეს იყო კაპიტალის მოთხოვნა, სესხის გაცემის რეგულაციების არაადეკვატურად გამკაცრება, მიკროსაფინანსოების ბანკებთან გაიგივება, იგივე სესხის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ლომბარდებს ჩადებული ქონების გადაგირავება აეკრძალათ. ბევრ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა ლომბარდი. ამ ყველაფერმა ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზარს გამოთიშა. პროცესი გაგრძელდება და ალბათ, დაახლოებით 15-მდე მიკროსაფინანსო დარჩება. ახალი კომპანიების შემოსვლა გამორიცხულია, ვინაიდან საქმიანობისთვის ეს ბაზარი მიმზიდველი არ არის. ამ შეზღუდვებით სექტორს საქმიანობის ინტერესი მოუკლეს. ამასთანავე, გართულდა სასამართლო და აღსრულების პროცესები იმ პირების მიმართ, რომლებიც სესხებს ვეღარ იხდიან. ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განწყობაზე ამანაც დიდი გავლენა მოახდიან~, _ აცხადებს გივი კორინთელი და დასძენს, რომ ფინანსურ ბაზარზე კონკურენცია სულ უფრო და უფრო მცირდება. 

განსხვავებული პოზიცია აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არჩილ ბაკურაძეს. მისი აზრით, ბაზრის გაჯანსაღების კუთხით ეროვნულმა ბანკმა სწორი ნაბიჯები გადადგა. 

,,როგორც კი ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები გამოაცხადა, ჩვენ ამ პროცესის დაწყებას ვპროგნოზირებდით. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა თავისი საქმე გააკეთა, მას ვალდებულება აქვს დაიცვას ბაზარი. რეგულაციის ჩარჩოს მომზადების პროცესში გვქონდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, იყო დისკუსიები. ყველა ჩვენს კითხვაზე ვიღებდით პასუხს. ყველამ კარგად ვიცით, რომ საფინანსო სექტორი გამოსული იყო თავისი ჩარჩოებიდან. გასაგებია არავის მოსწონს დამატებითი რეგულაციები, მაგრამ თუ გინდა გქონდეს ჯანსაღი ბაზარი და თავიდან ავიცილოთ ბაზრის ჩავარდნა, ეს რეგულაციები საჭიროა. მთელი მსოფლიო ამას აკეთებს, ვინაიდან არსებობს მაგალითები, თუ როგორი უზარმაზარი დარტყმა მიიღეს ეკონომიკებმა ამის გამო. თუ გვინდა, რომ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, ეს უნდა გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში, გარკვეული შეფერხება აღინიშნება შემოსავლების კუთხით და შესაბამისად მოგებაც შემცირდა, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, ვინაიდან ახალი სისტემა აიწყო, ბაზარი ვითარდება, მომხმარებლების ქცევა სწორია, ადამიანები სესხს პასუხისმგებლიანად იღებენ~, _ ამბობს არჩილ ბაკურაძე. 

მისი განცხადებით, ახლა მთავარია პანდემიის პირობებში ეკონომიკამ განვითარება შეძლოს და ეს სექტორიც განვითარების გზით წავა. 

"პანდემიის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა. ყველაფერი გააკეთეს, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შექმნოდა. სიმართლე გითხრათ, პანდემიამ ძალიან შეგვაშინა და რაც კეთდება, ამის აღნიშვნაც არ უნდა გვერიდებოდეს. რაც მსოფლიოში ხდება, ამის ფონზე საქართველო მაინც კარგად გამოიყურება~, _ მიიჩნევს არჩილ ბაკურაძე. 

კობა გვენეტაძის შეფასებით, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც 200-ზე მეტი საბანკო ორგანიზაცია და ბანკი იყო საქართველოში, მაგრამ მათ მიერ გაწეული მომსახურება და მათი კონტრიბუცია ეკონომიკაში არ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის. რაც შეეხება კონკურენციის შემცირებას, გვენეტაძე ამბობს, რომ პირიქით, კონკურენცია უფრო გაიზარდა და ბაზარი გაჯანსაღდა. 

"ცალსახად აღვნიშნავ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კონკურენციის შემცირებას. კონკურენცია იქნება მაშინ, როდესაც ბაზარზე ჯანსაღი მოთამაშეები იქნებიან. რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლება უკავშირდება მათ მიმართ საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითადი მიმართულება არის ბიზნესის დაკრედიტება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი სესხის გამცემ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და უკვე ამ სტატუსით მოქმედებენ. შესაბამისად, ამ პროცესმა ბრუნვების შემცირება არ უნდა გამოიწვიოს. ვხედავთ კიდევაც, რომ არასაბანკო დაწესებულებების პორტფელის მოცულობა სტაბილურია. მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციების რეგულირება დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი საქმიანობისთვის შესაბამის პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. ამავე დროს ისინი ფინანსურ სახსრებს იზიდავდნენ და ასეთი გაუმართავი საქმიანობის დროს თანხის მოზიდვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, მთავარია ბაზარზე ჯანსაღი კომპანიები იყვნენ", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და მიკროფინანსებს შესწევთ იმ ,,ნაპრალების~ ამოვსების უნარი, რომლებიც ეკონომიკაში ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებობს. ეკონომისტების განცხადებით, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ფენა ვერ მიმართავს ტრადიციულ პროვაიდერებს _ კომერციულ ბანკებს, ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მათ ალტერნატივას წარმოადგენენ. ზოგადად, მიკროფინანსები ფინანსური შუამავლობის სახეობაა, რომელიც კომერციული ბანკების ალტერნატივას წარმოადგენს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: სესხის მცირე ზომა, დაკრედიტება უზრუნველყოფის გარეშე და დაბალი შემოსავლების მქონე მეწარმეები, რომლებსაც საკრედიტო ისტორიისა და სესხის უზრუნველსაყოფად საჭირო აქტივების უქონლობის გამო არა აქვთ წვდომა საბანკო მომსახურებაზე. ეკონომისტთა ნაშრომების მიხედვით, მიკროფინანსების ადრეული მოდელები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თითქმის 40 წლის წინ გაჩნდა და მათ ბანგლადეშელი ეკონომიკის პროფესორის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მუჰამედ იანუსის სახელს უკავშირებენ. მან პირველმა სცადა სოლიდარული პასუხისმგებლობით ჯგუფური სესხის გაცემა, რაშიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნულ მოდელში საკრედიტო რისკი შემცირებული იყო მსესხებელთა ჯგუფის წევრების მიერ სოლიდარულად გაზიარებული პასუხისმგებლობით. თუ ერთი მსესხებელი ვალს ვერ აბრუნებდა, მის ნაცვლად სესხს ისტუმრებდნენ ჯგუფის დანარჩენი წევრები. სოლიდარულმა პასუხისმგებლობამ ჩაანაცვლა სესხის აქტივებით უზრუნველყოფა, რომლის უქონლობა ან არასაკმარისობა წარმოადგენდა ბარიერს საბანკო სესხის მიღებისას. 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით ჯანსაღი ფინანსური ბაზრის არსებობა და არასაბანკო ინსტიტუტების გაძლიერება მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი უნდა დააკვირდეს ამ პროცესს და თუ საჭირო გახდა, რეგულაციები გარკვეულწილად უნდა შეარბილოს, რათა დარჩენილი არასაბანკო სექტორი კომერციული ბანკების ხელში არ აღმოჩნდეს და ფინანსური წყაროები კიდევ უფრო მეტად არ შეიზღუდოს. 

მაკა ხარაზიშვილი