ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
არსებობს თუ არა დეფოლტის რისკი საქართველოსთვის? - №1(253), 2021
რა საფრთხეს შეიცავს მზარდი სახელმწიფო ვალი

საქართველოს სახელმწიფო ვალი რომ ბოლო წლებში მუდამ იზრდება, ამ თემას ჩვენი ჟურნალი პერიოდულად უთმობს ყურადღებას. ყურადღება იმაზეც გაგვიმახვილებია, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში ვალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და 2021 წლის ბიუჯეტშიც კვლავ ვალის მნიშვნელოვანი გაზრდაა დაგეგმილი. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დგება დღის წესრიგში – სადამდე შეიძლება სახელმწიფომ ვალი აიღოს და უკვე არსებული მდგომარეობით, არის თუ არა დეფოლტის რისკი, ანუ ვუახლოვდებით თუ არა იმ მომენტს, როდესაც სახელმწიფო შესაძლოა ვალაუვალობის რისკის ქვეშ აღმოჩნდეს? 

2020 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი $1,794 მლრდ-ით გაიზარდა 

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,794 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7,535 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24,79 მლრდ ლარი). 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5,741 მლრდ დოლარი იყო (მაშინდელი კურსით 16,463 მლრდ ლარი). 

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 920,239 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,130 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 1,443 მლრდ დოლარს აჭარბებს. 
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ამერიკულ დოლარებში ასე გამოიყურება: 

• აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 159,524 მლნ; 

• ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 3,306 მლნ;
 
• ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 199,175 მლნ; 

• ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 740,295 მლნ; 

• ევროგაერთიანება (EU) – 163,309 მლნ; 

• სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 35,823 მლნ; 

• საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 211,719 მლნ; 

• სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 2,564 მლნ. 

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2,396 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი – 1,901 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა – 712,596 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია: 

• სომხეთი – 17,973 მლნ ლარი; 

• აზერბაიჯანი – 17,992 მლნ ლარი; 

• ავსტრია – 62,880 მლნ ლარი; 

• ჩინეთი – 3,013 მლნ ლარი; 

• ირანი – 13,480 მლნ ლარი; 

• ყაზახეთი – 28,769 მლნ ლარი; 

• კუვეიტი – 30,634 მლნ ლარი; 

• ნიდერლანდები – 1,285 მლნ ლარი; 

• რუსეთი – 132,552 მლნ ლარი; 

• თურქეთი – 34,786 მლნ ლარი; 

• თურქმენეთი – 692 ათასი ლარი; 

• უკრაინა – 154 ათასი ლარი; 

• ამერიკა – 50,833 მლნ ლარი; 

• უზბეკეთი – 169 ათასი ლარი. 

რაც შეეხება მთლიან სახელმწიფო ვალს, ის 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით 30,685 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან, საგარეო ვალის წილად არის 24,7 მლრდ ლარი, ხოლო საშინაო ვალი 5,96 მლრდ-ია. სახელმწიფო საშინაო ვალი 2019 წელთან შედარებით 1,8 მლრდ ლარით გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მთავრობა საშინაო ვალის აღებას აღარ გეგმავს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მატულობს საგარეო ვალი 5.3 მლრდ ლარით. 
ვალდებულებების გასტუმრების მხრივ, 2021 წელი კრიტიკულია. საგარეო ვალის მომსახურებაზე 2.93 მლრდ ლარია განსაზღვრული, საშინაოზე კი 1.44 მლრდ ლარი. ჯამურად, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა 4,38 მლრდ ლარი მხოლოდ ვალების მომსახურებაზე უნდა გადაიხადოს.
 
გაზრდილი ვალი სუვერენულ რეიტინგს ამცირებს 

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Raitings-მა საქართველოში საგარეო ვალის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. ორგანიზაციის თქმით, დონორებისგან მოზიდული სახსრები საქართველოს ეკონომიკის 7.8%-ს უტოლდება და საჭიროებებზე მეტია. 
     

Fitch-ი საქართველოს მთავრობას დონორებისგან მოზიდულის სახსრების ნაწილის დეპოზიტებში განთავსებას ურჩევს. Fitch-ის ექსპერტების რეკომენდაციით, ასე ქვეყანაში შეიქმნება ფისკალური ბუფერი, რაც თავის მხრივ, იქნება დამატებითი სტიმული ეკონომიკის ზრდისა და სამომავლოდ დაბალპროცენტიანი ახალი ვალის ასაღებად. 

სარეიტინგო ორგანიზაცია გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 4,8%-ით ვარდნას ვარაუდობდა, თუმცა, წლის ბოლოს კიდევ უფრო გაუარესებული მდგომარეობა ვიხილეთ. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. 2020 წლის დეკემბერში კი, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, კლება 7.8% იყო. მეოთხე კვარტლის საშუალო კლებამ 6.5% შეადგინა. 

2020 წლისთვის საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ კლებას პროგნოზირებდა, რომელიც იანვარში, საქსტატის გამოქვეყნებულ მაჩვენებელს 1.1% პუნქტით ჩამორჩება. 

ეს ყველაფერი კი, ცხადია, საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

სახელმწიფო ვალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევს ეკონომისტი აკაკი ცომაია. მისი თქმით, საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია. 

მისივე განმარტებით, როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოების შეფასებით, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე. ცომაიას თქმით, იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საგარეო ვალის ტვირთი. 

„როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოება ამას უყურებს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე ანუ დანარჩენ მსოფლიოს გადაჰყავს ქვეყანა მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში და საერთაშორისო ინვესტორები უკვე აღარ აძლევენ მეტ კრედიტს და ამავე დროს, კაბალური საპროცენტო განაკვეთის პირობებით ხდება სესხის გაცემა. დეფოლტის რისკის წინაშე დადგომა ქვეყნისთვის არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ყველა საერთაშორისო ინვესტორი გავა საქართველოდან“, – განაცხადა ექსპერტმა. 

ცომაიას თქმით, როცა სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს გადასცდა, ლარის კიდევ მეტად გაუფასურება, კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. 
მან ქვეყნის ეკონომიკის 4,3%-ით ზრდის პროგნოზიც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არარეალურია მოცემულ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი რისკია. მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გამოცოცხლდება ტურიზმი. 

„ვფიქრობ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არის გადაჭარბებული. ჩემთვის არ არის ცნობილი ჯერ ეკონომიკა რამდენი პროცენტით გაიზრდება, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გამოცოცხლდება ტურიზმის სექტორი და როდის აღდგება ის კავშირები და აქტივობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პანდემიამდე. იქამდე, სანამ ეს არ მოხდება, მსჯელობა იმაზე, რომ ეკონომიკა 4,3%-ით გაიზრდება კონკრეტულ წელს, ძალიან რთული და ვფიქრობ, რომ არარეალურია. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი რიგითი წელი, რომელიც გადადის მომავალ წელს და ეკონომიკური რყევები არ ხდება, ამ შემთხვევაში შეიძლება ასეთი პროგნოზის გამოთქვა, მაგრამ მოცემულ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რისკი და გაურკვევლობის ფაქტორია, ასეთი პროგნოზების გაკეთება არასწორია“, – განაცხადა ცომაიამ.

ხელისუფლების პოზიცია 

სახელმწიფო ვალის ზრდის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, რადგან სახელმწიფო ვალის 80% არის უცხოურ ვალუტაში, კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება სიტუაცია. 

მაჭავარიანი აღიარებს, რომ ვალი აუცილებლად უნდა შემცირდეს, რათა მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანამ მოახერხოს თანხების მობილიზება. 

„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მაჩვენებელი 55%-ზე ჩამოვიყვანოთ. თუმცა, დღეს წინასწარ თქვა, 2024 წელს რა მოცულობის იქნება ვალი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ 60%-იანი ნიშნული. საკუთრივ 60 პროცენტი არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისი, არა ამ მასშტაბის, რომელიც ალბათ საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტი პის გამოწვევის სახით. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რომ რაღაც პერიოდში, თუ დაგვჭირდა, იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება. ჩვენი ვალის მოცულობა იყო 40%-იან ნიშნულზე, სწორედ ამიტომ, ძალიან იოლად შევძელით მოლაპარაკება 1,5 მილიარდ დოლარზე. დღეს, უკვე ვსაუბრობთ 1,9 მილიარდზე, რომელსაც ჯამურად წელს და წლის პირველ კვარტალში მივიღებთ. მომავალშიც, როდესაც შეიძლება რაღაც ტი პის კრიზისი მოხდეს და კიდევ დაგვჭირდეს თანხა, უნდა გვქონდეს ამისთვის სივრცე. მეორეს მხრივ, კანონიც გვავალდებულებს, ვალის მოცულობა იყოს 60%-ზე ქვემოთ, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ისეთი ვალის ნიშნულით, რომ გვქონდეს საჭირო ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური თუ რეგიონული, ვუპასუხოთ მას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

რა შემთხვევაში ემუქრება სახელმწიფოს დეფოლტი 

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ საგარეო ვალის სიდიდე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებზე უაღრესად ნეგატიურად აისახება. ცხადია, ინვესტიციებზეც უარყოფითად მოქმედებს. ასეთ სიტუაციაში, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სახელმწიფო დეფოლტის თეორიული საფრთხე დიდია, რის ასაცილებლადაც მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. 

„იმ მდგომარეობაში, როცა ეკონომიკა სტაგნაციის მდგომარეობაშია და საბიუჯეტო შემოსავლები იკლებს, წარმოუდგენელია, რა წყარო უნდა გამოიძებნოს დაფარვისთვის. ჩვენ არ ვიცით, ამ მხრივ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, ამიტომ პროგნოზი, რომ ვალი შემცირდება, არგუმენტირებული არ არის. ვალის კლების შესახებ გვესმის განცხადებების დონეზე, რომელიც აქამდეც მოგვისმენია და კიდევ მოვისმენთ, რეალური ქმედებების ნაბიჯი ჯერჯერობით არ იდგმება. 60%, რა დონეზეც ვალია, არის მაქსიმალური, რაც შეიძლება სახელმწიფომ ვალდებულებები აკრიფოს, ძალიან ცუდი მაჩვენებელია პირველ რიგში უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან, პირველ რიგში, უკვე სავარაუდო, თეორიული სახელმწიფო დეფოლტის შესაძლებლობაა. აქედან გამომდინარე, სახეზეა ნეგატიური ფაქტორი, რაც მოქმედებს პირდაპირ ინვესტიციებზე და საქართველოს საკრედიტო რეიტინგზეც ცუდად აისახება. მართალია, განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს ყველაზე დიდი ვალი აქვს, მაგრამ მისი ეკონომიკა ჯანსაღია, მუდმივად განვითარების ფაზაში, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ეკონომიკის დაღმავალი ტრენდის პირობებში ამხელა ვალი უკვე აშკარად ნეგატიური მომენტია. სხვა შემთხვევაში, ეს ვერ გახდებოდა პრობლემა. ჩვეული მომენტია, როცა ქვეყნებს ერთმანეთის ვალი აქვთ, ავსტრალიის გარდა, რომელსაც ყველაზე ნაკლები საგარეო ვალი გააჩნია. საქართველოში ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, დაავადებულია და ვალის ამ დოზით ქონა, არის უაღრესად ნეგატიური ფაქტორი“, – აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი. 

როგორც ფინანსთა მინისტრიც აცხადებს, სახელმწიფო ვალის „მოწყვლადობა“ კიდევ უფრო მაღალია, რადგან ვალის 80% უცხოურ ვალუტაშია. შესაბამისად, ლარის გაუფასურებით მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ლარის კურსის ვარდნას კი რამაც უნდა შეუშალოს ხელი, საიმედო არაფერი ხდება. 
სახელმწიფოში „ლარიზაციის“ პოლიტიკის პარალელურად, მთლიან სახელმწიფო ვალში დოლარიზაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე კომპანიებისა და ფიზიკური პირების სესხებში. 

ასევე, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, სახელმწიფო ვერ ახერხებს ინვესტორების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნას და უცხოური ვალუტის ინვესტიციების სახით შემოტანას. სიტუაცია პანდემიამდეც რთული იყო და პანდემიის პირობებში საქმე მთლად კატასტროფული გახდა. 

მაღალი ეკონომიკური ზრდა ასევე პანდემიამდეც სანატრელი იყო და მით უმეტეს ახლა, როდესაც 2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, ახლო მომავალში მაღალი ზრდა ფანტასტიკის სფეროს ჰგავს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით საქართველოს მშპ 4.3%-ით გაიზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს მინიმუმ 2019 წლის მაჩვენებელს ვერ დავუბრუნდებით. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ქვეყნის ექსპორტი აგრეთვე კლების გზაზეა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ექსპორტი 12%-ით შემცირდა. ახლო მომავალშიც ძნელია იმის მოლოდინი, რომ ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტი მოიმატებს და ქვეყანაში ვალუტის შემოდინება გაიზრდება. ეს ყველაფერი კი, ისევ და ისევ ლარის გაუფასურებას და სახელმწიფო ვალის კიდევ უფრო ზრდას უწყობს ხელს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მხოლოდ მეორე კვარტალში ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 600 მილიონ ლარზე მეტად – 202 მილიონი აშშ დოლარით – გაიზარდა. ვალის ზრდასთან ერთად ცხადია, კიდევ უფრო მეტად იზრდება ვალის მომსახურების საპროცენტო ხარჯებიც. 

საინვესტიციო საბანკო მომსახურების კომპანია CAPITAL LOCUS-ის დამფუძნებელი ავთანდილ გოგოლი და კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ჟურნალ „ფორბსში“ გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში აღნიშნავენ, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ახალი ვალების აღებით მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსებას, ჩვენი ქვეყანა – ისე როგორც ეს მსგავსი ფისკალური პოლიტიკის გამტარებელ ბევრ ქვეყანას მოსვლია – პირველ ეტაპზე ვეღარ შეძლებს ახალი ვალების აღებას არსებული ვადადამდგარი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, ხოლო შემდეგ ეტაპზე ამ ვალდებულებების პროცენტის მომსახურებასაც. 

„არსებობს ქვეყნები, რომლებმაც მსგავს სიტუაციებში ვალების მომსახურება დეფოლტის გამოცხადებით და ვალების ჩამოწერა/რესტრუქტურიზაციით არჩიეს. საგარეო ვალების მომსახურების მეორე გზა – რომელსაც ასევე მრავალმა გაკოტრებულმა ქვეყანამ მიმართა – არის ადგილობრივი ვალუტის ძლიერი გაუფასურება და ამ გზით საგარეო ვალების მომსახურება. 

როგორც დეფოლტის, ასევე ლარის ხელოვნური გაუფასურების სტრატეგიაზე ფიქრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივე შემთხვევაში დავდგებით ისეთი იძულებითი ფისკალური ღონისძიებების წინაშე, რომლებიც გარდაუვალ სოციალურ აფეთქებას იწვევენ. 

საქართველოში უკვე არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ლარის ხელოვნური გაუფასურების და/ან დეფოლტის გზა წარმოუდგენელი და გამოუსწორებელი დარტყმა იქნება ისედაც გაღარიბებული მოსახლეობისა და მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარი კერძო ბიზნესისათვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დეფოლტი და ლარის გაუფასურება გამოსავალი არ არის“, – აღნიშნულია სტატიაში. 

როგორც ვხედავთ, საქართველოში დეფოლტის შესახებ ვარაუდებზე ლაპარაკი დაწყებულია. ხელისუფლება ჯერჯერობით ირწმუნება, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მკვეთრი განცხადებები ჯერ არც საერთაშორისო დონორებისგან ისმის. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სიტყვა „დეფოლტი“ და მისი არსებობის რისკი საქართველოსთვის მაღალ დონეზე ბოლოს 2003 წლის მაისში გაისმა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაშინდელმა აღმასრულებელი დირექტორმა ჯეროენ კრემერსმა მკაცრ შეფასება გააკეთა საქართველოს მხრიდან ფონდის რეკომენდაციების შესრულების ტენდენციაზე და განაცხადა, რომ თუ უმოკლეს ვადაში ეს რეკომენდაციები არ შესრულდებოდა, ფონდი შეწყვეტდა დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსურ დახმარებებს. 

ასე რომ, სხვა თუ არაფერი, ძალიან დასანანი იქნება, თუკი ამდენი წლის შემდეგ საქართველო 2003 წლის მაისისდროინდელი ამოცანების და საფრთხეების წინაშე კვლავ დადგება. დღევანდელი მდგომარეობა კი არ იძლევა იმის იმედს, რომ მსგავსი საფრთხე არ იარსებებს. 

თემურ იობაშვილი