ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ეროვნული ვალუტის ტრანსფორმაცია იწყება - №4(256), 2021
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს 

ეროვნული ბანკი ლარის გაციფრულებას იწყებს. ეროვნული კრიპტოვალუტის შესაქმნელად სებმა ფინტექ კომპანიები უკვე მოიწვია. გეგმის მიხედვით, ციფრული ლარის პროექტი წლის ბოლოსთვის უკვე მზად უნდა იყოს. 2022 წლის მეორე ნახევარში კი ვირტუალური ეროვნული ვალუტა, სატესტო რეჟიმში, მიმოქცევაში ჩაეშვება. სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით (ბიტკოინი, ეთერიუმი), კრიპტოლარი ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ დარჩება. 

მსოფლიო ნელ-ნელა ციფრულ ეკონომიკაზე გადადის. ციფრული ეკონომიკა კი ციფრულ ვალუტას მოითხოვს. განვითარებული ქვეყნების წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ის (Central Bank Digital Currency) დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება საპილოტე პროექტები, მსჯელობენ ვალუტების ოპტიმალურად განთავსების გზებზე. საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას. 

ასევე CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. უფრო მეტიც, ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაც და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს. 

ციფრული ვალუტის ისტორიის დაწერა ბიტკოინით დაიწყო. ბიტკოინი არის პირველი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა. მისი გამოგონება უკავშირდება ადამიანს, რომელიც სატოში ნაკამოტოს სახელით არის ცნობილი. მან საკუთარი გამოგონების შესახებ მსოფლიოს 2008 წლის ბოლოს აუწყა, 2009 წლიდან კი სავალუტო ბაზარზე ბიტკოინის სახით პირველი კრიპტო ვალუტა გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის ციფრული ფულის არსებობა სრულიად უჩვეულოდ ჟღერდა, ბიტკოინმა პოპულარობა საკმაოდ მოკლე პერიოდში მოიპოვა. კრიპტოვალუტების გამოშვების სქემა აგებულია ორ პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს, ანუ ერთმა კომპიუტერმა მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით. ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ამ დროისთვის ბიტკოინს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ერთი ბიტკოინის ღირებულება 55 ათას დოლარს აღწევს. ბიტკოინი, ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტები, დეცენტრალიზებულია, ანუ მას მაკონტროლებელი არ ჰყავს. 

ჯერჯერობით, დეცენტრალიზებული სახელმწიფო კრიპტოვალუტის გაკეთება ვერავინ გაბედა. თუკი ცენტრალურ ბანკებს მისი მართვის სადავეები არ ექნებათ, სპეციალისტების შეფასებით, შეიძლება ისეთი შეცდომა გაიპაროს, რომ ყველაფერი ჩამოიშალოს და ეკონომიკა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დადგეს. 

"ამ შემთხვევაში ციფრული ვალუტის უკან დგას ცენტრალური ბანკი, ეს ვალუტა ცენტრალიზებულად ივაჭრება. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ეს ვალუტა გაცვალოს ქეშში, ან ბანკში ჩაირიცხოს ანგარიშზე და ამაზე პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკი აიღებს. გამოყენება შესაძლებელი იქნება ზუსტად იგივენაირად, როგორც დღეს ვიყენებთ `ქეშს~ ან საბანკო ანგარიშს. მაგალითისთვის, თუ დღეს ბანკში მივდივართ სესხის ასაღებად და შეგვიძლია ეს თანხა დაგვერიცხოს საბანკო ანგარიშზე ან გამოვიტანოთ ნაღდი ფორმის სახით, ციფრული ლარის ამოქმედების შემთხვევაში გვექნება დამატებითი ფორმა, რომ ეს თანხა ციფრული სახით მივიღოთ", - ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა. 

ამ ეტაპზე ციფრული ლარის ბენეფიტები, რომელზეც ეროვნული ბანკი საუბრობს, რამდენიმეა. ერთია ნაკლები ხარჯი. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ `ქეშის~ ანუ ნაღდი ფულის დაბეჭდვა, ჩამოტანა, შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მისი დისტრიბუცია საკმაოდ ძვირი ჯდება. საჭიროა ბანკები, ფილიალები, ბანკომატები, რაც საკმაოდ დიდ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციას საჭიროებს. ციფრული ვალუტის შემთხვევაში ეს ხარჯები გაცილებით ნაკლებია. მეორე უპირატესობა, რაც ციფრულ ვალუტას აქვს, ის უფრო მეტად თავსებადია თანამედროვე ტექნოლოგიებთან.

"ციფრული ვალუტის შემოღება ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ხელს შეუწყობს. კიდევ ერთი ბენეფიტი არის ის, რომ ციფრულ ვალუტას ექნება ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტის დადების საშუალება. ანუ დღეს, რომ მივდივართ მაღაზიაში და `ქეშით~ ვყიდულობთ პროდუქტს, ამ ტრანზაქციას კავშირი არ აქვს დანარჩენს სამყაროსთან. მერე უწევს მაღაზიას ამ ტრანზაქციის კომპიუტერში შეყვანა, საგადასახადოსთან ცალკე გაგზავნა და ა.შ. ციფრული ლარის შემთხვევაში, ეს ყველაფერი შესაძლებელია ავტომატურად მოხდეს. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული სამუშაოები დასჭირდება თავად სექტორის მხრიდანაც, რათა მათ ციფრული ლარის განვითარებას მხარი აუბან. ამასთანავე, შედარებით მასშტაბურია მონეტარული პოლიტიკასთან დაკავშირებული მექანიზმი. ციფრული ლარის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ პირდაპირ ამ კრიპტოვალუტას დაერიცხოს პროცენტი და ჩვენი გადაცემის მექანიზმიც უფრო ეფექტური იქნება", - ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტის ალექსი სულაძის განმარტებით, მისთვის ციფრული ვალუტის ყველაზე დიდი ბენეფიტი ტრანზაქციების მოქნილობაა – 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი გადარიცხვა სრულდება დაუყოვნებლივ და ტრანზაქცია არ არის დამოკიდებული ბანკის ნებართვაზე. 

"ზოგადად, `ქეშის~ კონტროლი რთულია და ყველა სახელმწიფო მის ამოღებას ცდილობს. მაგალითად, დასვენების დღეებში ერთი ბანკიდან მეორეში თანხას ვერ გადარიცხავ. კრიპტოვალუტაში ეგეთი რამე არ არსებობს. როცა მოგინდებათ, რამდენიც მოგინდებათ, სადაც მოგინდებათ, მაშინ გადარიცხავთ, გადმორიცხავთ, მიიღებთ და ეს გამჭვირვალედ ჩანს ყველგან. გადარიცხვები უფრო სწრაფია, უფრო მოხერხებული, საკომისიო დაბალია. მაგალითად, თუ მინდა ღამის 12 საათზე ერთი კომერციული ბანკიდან მეორეში ფულის გადარიცხვა, არ უნდა ველოდო ჩემს მობაილბანკში გაკეთებულ დავალებას ბანკი როდის შეასრულებს. ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი ბენეფიტია. ეს არის მარტივი გზა _ გექნება აპლიკაცია, ვერიფიკაციას გაივლი და იმ აპლიკაციაში გიჩანს შენი ელექტრონული თანხები. სხვადასხვა ბანკში იმ თანხის მონიტორინგი და რაღაც მენეჯმენტი აღარ გჭირდება", - ამბობს სულაძე. 

რა ტიპის მოდელით უნდა გაეშვას ციფრული ლარი მიმოქცევაში? -  ამ საკითხზე ეროვნული ბანკი, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ არის. ერთ-ერთი სქემით, ცენტრალური ბანკი ციფრულ ფულს ანაწილებს შუამავლების, ანუ კომერციული ბანკების გარეშე. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში კომერციული ბანკების როლი სუსტდება და მათი მთავარი ამოცანა ახალ რეალობასთან მორგება იქნება. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ციფრული ლარი იქნება ნაღდი ფულის კონკურენტი, ვინაიდან მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ბანკების გარეთაც. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ანგარიში გქონდეს ბანკში და ტრანზაქციები მაინცდამაინც ბანკის მეშვეობით განხორციელდეს. 

"მაგალითად, ნებისმიერი სხვა ვირტუალური ვალუტა გამოიყენება სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით, ასევე პლატფორმა ციფრული ლარისთვისაც იარსებებს და მისი გამოყენება, სწორედ, პლატფორმაზე მოხდება. კომერციული ბანკები, როგორც ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ამ პროცესში ჩართულები იქნებიან. ბანკები დღესაც საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ფაქტობრივად, ყველა ერთ აზრზეა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ტექნოლოგიების გარეშე ფინანსების მართვა წარმოუდგენელი იქნება. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ბანკებიც აქტიურად გადაერთვებიან ახალ რეალობაზე", - ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ კრიპტოლარის ღირებულება ჩვეულებრივი ლარისგან განსხვავებული არ იქნება. სხვა ვალუტებთან მიმართებითაც კურსი დღეს არსებული პრინციპით განისაზღვრება. 

რაც შეეხება პლატფორმას. ეროვნულ ბანკში განიხილება ორი ვარიანტი. კერძოდ, ცენტრალური ბანკები ამ პლატფორმას შიგნით, თვითონვე ავითარებენ, ან იყენებენ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ამ სფეროში გამოცდილება აქვთ და შემდეგ ეს კომპანიები ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ექცევიან. 

"დღეს ჩვენთვის ორივე შესაძლებლობაა გახსნილი. დავაკვირდებით, რა შემოთავაზებები იქნება კერძო სექტორისგან, ტექნოლოგიური პარტნიორისგან. რომელიც საუკეთესო სქემას შემოგვთავაზებს, იმ გზით წავალთ. შეიძლება გავაკეთოთ ცენტრალურ ბანკში ჩვენი შიდა პლატფორმის მეშვეობით. ან შეიძლება გამოვიყენოთ კერძო პარტნიორის მხარდაჭერა და იქნება მაშინ რეგულირებადი. თეორიულად ამ ციფრულ ვალუტას აქვს ბევრი უპირატესობა, თუმცა ასი პროცენტით დაზუსტებული, რომ მართლა ეს უპირატესობები არსებობს, ასე ზუსტად ჯერჯერობით არ ვიცით. სახელმწიფო ციფრული ვალუტები არც ერთ ქვეყანაში არ არის ისე აქტიურად გამოყენებადი, რომ ეს დავამტკიცოთ. ამიტომაც ჩვენ პირველ ეტაპზე ციფრულ ლარს საპილოტე რეჟიმში გავუშვებთ და დავაკვირდებით, მართლაც ეს ბენეფიტები, რომელთაც გაგიზიარებთ, აქვს თუ არა. თუ დავრწმუნდით, რომ ეს ბენეფიტები მართლაც აქვს ციფრულ ლარს, შემდეგ უკვე გავაგრძელებთ მის აქტიურად გაშვებას", - ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

ამ ეტაპზე, სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც ციფრული ვალუტის გატესტვა დაიწყო, მაგალითად: ჩინეთი, შვედეთი, ურუგვაი. პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ეროვნულ კრიპტოვალუტას უკვე აქტიურად იყენებს, ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობაა. რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყანამ კრიპტოიუანი სატესტო რეჟიმში რამდენიმე პროვინციაში გაუშვა.

"პანდემიამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა, წლებია, ისედაც ელექტრონულია, სახელმწიფო კრიპტოვალუტა მაინც განსხვავებული იქნება. ციფრული ლარი მომხმარებელს ცხოვრებას როგორც გაუადვილებს, ასევე რაღაც მომენტში გაურთულებს კიდეც, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგია, დასაწყისში, ყოველთვის სირთულესთან არის დაკავშირებული. მასთან შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება. სინამდვილეში, კრიპტოვალუტა ძალიან კომფორტული და მოხერხებულია", - ამბობს ალექსი სუდაძე.
 
ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძის განმარტებით, ეკონომიკის გაციფრულება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. შესაბამისად, ყველა ტრანზაქცია, მათ შორის სავაჭრო გარიგებები და სხვა ტიპის მსგავსი ეკონომიკური ოპერაციები ციფრული არხების მეშვეობით ხორციელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ ეროვნულ ვალუტაზე მუშაობა სწრაფად დაიწყოს, ვინაიდან ამ პროცესის დანერგვასა და ბაზარზე ადაპტირებას გარკვეული დრო დასჭირდება. 

"ციფრული ეკონომიკა, ეს არის ძალიან ფართომასშტაბიანი ცნება, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტიპის სავაჭრო ოპერაცია ციფრული არხების მეშვეობით ხორციელდება. ამ ყველაფერს ერთი-ერთი დადებითი მხარე აქვს ის, რომ `შავ ეკონომიკას~, ფულის გათეთრების რისკებს ძალიან ამცირებს და ხელს უწყობს ეკონომიკური დოვლათის რაც შეიძლება მოკლე დროში გამომუშავებას. ტრადიციულ ფულს არ აქვს ისეთი მოქნილობა და შესაძლებლობა, რომ ციფრულ ეკონომიკას შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ზუსტად ამის გამო გახდა აუცილებელი ციფრული ვალუტის შექმნა. ციფრული ეკონომიკა ტრანზაქციების დროს ამცირებს, უფრო მოქნილია, რაც საბოლოო ჯამში, დროის დაჩქარების მიზნით, მთლიან შიდა პროდუქტში გაცილებით მეტი ეფექტი შეაქვს, ვიდრე ტრადიციულ ეკონომიკას. ქართულ რეალობაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური პროცესები ისედაც საკმაოდ შენელებულია, მოძველებულია და ტრადიციული მეთოდებით მიმდინარეობს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად წინ წაწევს", – ამბობს დავით კიკვიძე. 

რაც შეეხება რისკებს, ყველაზე უმთავრესი კიბერუსაფრთხოებაა. კერძოდ, სპეციალისტების დასკვნებით, როდესაც მომხმარებელს შესაბამისი გამოცდილება არ აქვს, ის ადვილად ენდობა სხვადასხვა გაურკვეველი ორგანიზაციების შეთავაზებებს და ებმება ფიშინგის (ფიშინგი - კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს გამოსტყუოს პირადი მონაცემები. შეტევის დროს ყველაზე ხშირად გამოიყენება მეილი, ან ესემესი, რომელზეც იგზავნება სხვადასხვა შეთავაზებები) მახეში. 

"რისკებს რაც შეეხება, მთავარი ალბათ არის კიბერუსაფრთხოების რისკები, რადგან ეს გაციფრულებული იქნება. კარგია, რომ ჩვენ თავიდანვე გვაქვს ეს რისკი კარგად გააზრებული. შესაბამისად, საპილოტე რეჟიმიც კი იქნება საკმაოდ შეზღუდული და ამ რისკისგან მაქსიმალურად დაცული. ჩვენ თუ ბოლომდე არ დავრწმუნდით პროდუქტის უსაფრთხოებაში, საპილოტე რეჟიმსაც კი არ გავუშვებთ", - ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

კერძოდ, პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმი იქნება საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობებით. მაგალითად, თითოეულ ელექტრონულ საფულეზე განთავსებული კრიპტოლარი იქნება ლიმიტირებული, ასევე ტრანზაქციის მოცულობაც შეზღუდული იქნება. ასევე, შეიქმნება ფოკუს-ჯგუფი, რომელიც საპილოტე რეჟიმში ჩაერთვება. 

კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და კიბერთავდასხმებისგან 100%-ით დაზღვეული არავინ არის. თაღლითობის სქემები მომავალში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. ამიტომაც, სპეციალისტების შეფასებით, კიბერუსაფრთხოებასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ციფრულ ვალუტაზე მუშაობის პარალელურად ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლებასთან ერთად უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კანონმდებლობის დახვეწა და აღსრულების მოქნილი მექანიზმის შექმნა. 

მაკა ხარაზიშვილი