ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რამ გამოიწვია ლარის ბოლოდროინდელი "გამყარება" - №5(257), 2021
უნდა ველოდოთ თუ არა პროდუქციის გაიაფებას 

ლარის მერყევმა კურსმა ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება. ოღონდ, ამჯერად ეროვნული ვალუტა „გამყარების“ ტენდენციით გამოირჩა. ლამის კატასტროფული გაუფასურების შემდეგ, აპრილის ბოლოდან მოყოლებული, ლარი მნიშვნელოვნად გაძვირდა. მაგალითად, 28 აპრილს ოფიციალური კურსით თუ 1 დოლარი 3.4548 ლარი ღირდა, 6 ივნისს 1 დოლარის ფასმა 3.0791 ლარამდე დაიწია. ასე რომ, 1 დოლარი 37.7 თეთრით გაიაფდა, რაც ლარის 12%-იან „გამყარებას“ ნიშნავს. 

ლარის კურსის მატებას მომენტალურად მოჰყვა მოსაზრებები, რომ სამომხმარებლო ფასები უნდა შემცირდეს, თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი შემცირება არ მომხდარა. ლარის კურსის მატების ფონზე არც ინფლაცია კლებულობს, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს კარგა ხანია გასცდა. აგრეთვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ ლარის „გამყარების“ გამო, დროა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს, რომელიც აპრილის ბოლოს 9.5%-მდე ასწია და 2008 წლის შემდეგ მაქსიმალურ ზღვარზეა. რეფინანსირების განაკვეთს სწორედ ლარის გაუფასურების და მაღალი ინფლაციის შესაკავებლად ზრდიან ხოლმე, განაკვეთის მატება კი თავის მხრივ ლარში აღებულ კრედიტს უძვირებს მსესხებლებს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა „მიბმული“. 

რამ გამოიწვია ლარის კურსის მკვეთრი ზრდა? 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი მართალია ლარის კურსის ზრდას მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირებენ, მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც არ უნდა დავივიწყოთ. მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან, თავად დოლარის კურსმა დაიწყო შემცირება იგივე ევროსთან მიმართებაში. 30 მარტს თუ 1 დოლარი 0.8533 ევრო ღირდა, 31 მაისს 1 დოლარის ღირებულება 0.8176 ევრომდე შემცირდა. მარტივად რომ ვთქვათ, 1 დოლარი 3.57 ევროცენტით გაიაფდა. ცხადია, ლარის კურსის ზრდა მხოლოდ დოლარის შესუსტებასაც ვერ დაბრალდება, მაგრამ წესით, გარკვეული გავლენა ამ ფაქტორსაც ექნებოდა. 

ახლა კი ის მიზეზები, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ექსპერტები ასახელებენ. პარლამენტში მისულმა სების ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის ზრდა ეკონომიკის ზრდის დაწყებას დაუკავშირა. 

"როგორც წესი, არ ვაკეთებთ ხოლმე ლარის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს და არც ანალიზი უნდა გაკეთდეს; ყოველთვის გრძელვადიანი პერიოდის აღებაა საჭირო, მაგრამ თუ მაინც ამ მხრივ შევხედავთ ვითარებას, არის დადებითი მოლოდინი – ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე“, – განაცხადა გვენეტაძემ. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკის გააქტიურება-აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს. მინისტრის განმარტებით, ბოლო დროს პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით. 

„ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით და ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილის და მაისის თვეში სახეზე გვაქვს“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი. 

აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქსტატის მონაცემებით, ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 8.1% ია. რაც შეეხება აპრილის მაჩვენებლებს, ეკონომიკის ზრდის ტემპი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება – აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა გასული წლის აპრილთან შედარებით. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, შარშანდელ აპრილში, 2019 წლის აპრილთან შედარებით ეკონომიკა 16%-ით შემცირდა, რადგან კოვიდ-პანდემიის გამო ტურისტების მიმოსვლა შეწყდა და ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. სწორედ, შარშანდელ ყველაზე უარეს პერიოდთან შედარებით არის ასეთი მასშტაბური ზრდა – 2020 წელს ყველაზე დიდი ვარდნა აპრილში იყო. 

რაც შეეხება მინისტრის დასახელებულ „ვაქცინაციის დაჩქარებულ ტემპს“, 14 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში სრულად აცრილი 66 265 ადამიანია. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი მოსახლეობის 2%-იც არ არის ჯერ აცრილი...

კომენტარები ლარის „გამყარებაზე“ 

შექმნილ მდგომარეობაზე მოსაზრებები არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა. მათი უმეტესობა ლარის „გამყარებას“ ქვეყანაში გაჩენილ დადებით მოლოდინებს უკავშირებს და ზოგიერთი მათგანი ლარის კურსის კიდევ ზრდასაც მოელის. 

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა გოჩა თუთბერიძემ "რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ტენდენცია ზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით არის გამოწვეული. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასევე რეფინანსირების სესხების მოცულობის კლებამ 2,6 მილიარდი ლარიდან – 1,4 მილიარდამდე და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებამ. 

„ლარის კურსი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ეკონომიკა გაიზარდა პერიოდში და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება. მკვეთრად გაიზარდა ფულადი ტრანსფერები, რამაც რა თქმა უნდა ასევე იქონია გავლენა, აღსანიშნავია ექსპორტის გამოცოცხლება და ეკონომიკის გახსნა. მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მით უკეთ აჩვენებს ლარი „გამყარების“ პოზიტიურ დინამიკას. 

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება „გამყარება“. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თუ გამოცოცხლდება ქვეყანაში, ცხადია, ლარის კურსი კიდევ უფრო გაიუმჯობესებს პოზიციებს და შესაძლოა 3,0-იან ნიშნულთან ახლოს იმოძრაოს“, – განაცხადა თუთბერიძემ. 

მისი თქმით, კურსზე ფულადი გზავნილების გავლენა დიდია, ექსპორტი 1,2 მლრდ დოლარი იყო აპრილში, ტურისტებიც გამოჩნდნენ, ქვეყანა თუ გაიხსნება და ტურისტები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, ესეც დადებით გავლენას მოახდენს კურსზე. როგორც თუთბერიძე ამბობს, ბევრია დამოკიდებული, მთავრობას ხარჯვის რა პოლიტიკა ექნება. ადგილობრივი არჩევნები მოდის და ასეთ დროს ეკონომიკაში ერთბაშად ზედმეტი ფული შედის ხოლმე, რაც გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. 

ლარის კურსის ზრდას ეკონომიკური პროცესების დადებით ტენდენციას უკავშირებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ თოქმაზიშვილი. 
„შეიქმნა ასეთი ვითარება, რომ ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი ზრდა, რამაც პოზიტიური სიგნალი მისცა ეკონომიკას, რის შემდეგაც კურსმა დაიწყო „გამყარება“. ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია მოლოდინით, რომ არ ჩაიკეტება ეკონომიკა, ჩვეულებრივ პროცესებს დაუბრუნდება. თუმცა, ეკონომიკური ნახტომი მოკლე პერიოდში ხდება და შემდეგი თვეები არ იქნება ასეთი აქტიური, ტემპიც შემცირდება. მიუხედავად ამისა, კურსი ჯერჯერობით კიდევ გამყარდება, მაგრამ დიდ ცვლილებას აღარ ველოდები“, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი. 

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მას შემდეგ, რაც ლარის კურსი გაუფასურების გზას დაადგა და თითქმის 3.4548 შეადგინა, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაზარდა, რის შედეგადაც ამ განაკვეთმა 2008 წლის შემდგომ მაქსიმალურ დონეს – 9.5%-ს მიაღწია. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ ქვეყანაში ლარის რესურსი გააძვირა, რის შედეგადაც მოქალაქეებს ცვლად განაკვეთზე „მიბმული“ ლარის სესხები გაუძვირდათ. თავის მხრივ, რეფინანსირების განაკვეთის მატება ქვეყანაში მომატებული ინფლაციის საპასუხოდ მოხდა. მაისის მდგომარეობით, ინფლაციამ 7.7%-ს მიაღწია, რაც ასევე ბოლო 10 წლის მაქსიმუმია. 
რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდის შედეგად, გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობაც შემცირდა. თუკი აპრილში ყოველკვირეულად საშუალოდ 2.4 მილიარდი ლარის მოცულობის რეფინანსირების სესხი გაიცემოდა, მაისში ის 1 მილიარდამდე შემცირდა, ივნისის პირველ ორ კვირაში კი საშუალოდ 1.1 მილიარდი შეადგინა. შესაბამისად, საბანკო სექტორის მხრიდან რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა შემცირდა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ რეფინანსირების სესხზე „მიბმული“ კრედიტები 1%-ით 124 ათასზე მეტ მსესხებელს გაუძვირდა. 

თავის მხრივ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ლარის ბოლოდროინდელი „გამყარების“ ძირითად ფაქტორს სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წარმოადგენს. 

„ვფიქრობ, ლარის „გამყარება“, ძირითადად, გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მყისიერი აწევით – ჯერ ნახევარი პროცენტული პუნქტით და შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით, რამაც რეფინანსირების სესხები თითქმის სამჯერ შეამცირა – ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ლარის მკვეთრი „გამყარება“ ბოლო პერიოდში. ესაა ჩემი ხედვა. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორები – ეკონომიკის ზრდა, ტურისტების ნაკადის მატება, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც რეფინანსირების სესხების შემცირებაა“, – განუცხადა ბმ.გე-ის ირაკლი კოვზანაძემ. 

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობას, რაც სესხებზე ხელმისაწვდომობას ზრდის და არსებულ კრედიტებს აიაფებს, სების პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილებას სიტუაციის შესაბამისად მიიღებენ. გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება ან შერბილება დამოკიდებული იქნება პროგნოზზე, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე გახდება ცნობილი. 

„სამწუხაროდ, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა ჯერ კიდევ რუსეთიდან ფრენის შეწყვეტის გამო 2019 წელს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო გაგრძელდა მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია მოვთოკოთ. როგორც კი დავინახავთ, რომ საშუალება არის შერბილების, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ამას დაგვანახებს ის სცენარები, რაც იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ. 

კალენდრის მიხედვით, კომიტეტის უახლოესი სხდომა 23 ივნისს უნდა გაიმართოს. 

მოსალოდნელია თუ არა სამომხმარებლო ფასების კლება 

მას შემდეგ რაც ლარის კურსმა მნიშვნელოვნად მოიმატა, მოლოდინი გაჩნდა, რომ სამომხმარებლო ფასები კლებისკენ უნდა წასულიყო. დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, თუკი ლარის „გამყარების“ ტენდენცია ზაფხულის შემდეგად გაგრძელდება, ფასების ცვლილება მოსალოდნელი იქნება. 

„ლარის „გამყრებასთან“ ერთად, ფასების სწრაფად ცვალებადობას, ანუ გაიაფებას არ უნდა ველოდოთ, რადგან საწვავის ღირებულება საკმაოდ გაზრდილია. პრეისტორიას რომ გადავხედოთ, ჩვენ, არაერთხელ გვინახავს ლარის „გამყარება“, მაგრამ შემდეგ ყოველთვის კრიტიკულ ნიშნულს აღწევდა. ახლა ლარის მიმართ ნდობა ისეთი არ არის, რომ ერთი კვირის ტენდენცია ფასებში ავსახოთ. 

ისეთ მაღალკონკურენტულ პროდუქტზე, რომელიც ძალიან სწრაფად ბრუნვადია, მაგალითად, შაქარი, ფქვილი, შეიძლება და მოსალოდნელია, რომ ვიგრძნოთ გაიაფება, მაგრამ სხვა დანარჩენ პროდუქციაზე ფასის შემცირებაა თვეები დასჭირდება და თანაც, წინ გველოდება საარჩევნო პერიოდი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ. 

ერთი დამაიმედებელი და კარგი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კომპანიები უფრო მეტი ფასდაკლების აქციებს ჩაატარებენ. შესაბამისად, უფრო მიმზიდველი იქნება მომხმარებლისთვის, რომ დახლებზე გარკვეული სახის პროდუქტი დაბალ ფასში უფრო მეტად დახვდებათ, ვიდრე აქამდე იყო. პანდემიის პერიოდში, კომპანიებს კოლოსალური ზარალი აქვთ ნანახი და ამის დაბალანსებას, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი დასჭირდება, თუმცა თუ ლარის გამყარება გაგრძელდა და ტენდენცია ზაფხულის პერიოდსაც გასცდა, შემდეგ უკვე უნდა ველოდოთ, რომ ფასები დაღმასვლას დაიწყებს. 

დადებითი კიდევ ის არის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც თვიდან თვემდე საკმაოდ მზარდია, უახლოეს მომავალში აღარ მოიმატებს. ეს უკვე კარგის მომასწავებელია“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ. 

იმპორტიორები იმასაც აცხადებენ, რომ შემოტანილი პროდუქცია, რაც იმ დროს განაბაჟეს, როცა 1 დოლარი 3.45 ლარი ღირდა, ჯერ იმ მარაგის შესაბამის ფასად გაყიდვაზე იზრუნებენ. 

„ჯერჯერობით პროდუქციის გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. რაც აქამდე შემოსულია, განბაჟებულია კურსით – 3.45, ამიტომ გაიაფება ასე სწრაფად ვერ მოხდება. ჯერ ეს, მაღალ კურსში შეძენილი პროდუქცია უნდა ამოიყიდოს და შემდეგ ახალი შემოვიდეს. 

ვიღაცამ შესაძლოა, ხვალ ან ზეგაც შემოტანოს, მაგრამ მასობრივად ეს ვერ მოხდება. ჩემი ვარაუდით, მინიმუმ თვე ან თვენახევარი მაინცაა საჭირო ფასების კლებისთვისთვის, თუ, რა თქმა უნდა, კურსი სტაბილური იქნება. საგრძნობ კლებას მაინც არ ველოდები. 50 თეთრით შეიძლება დაიკლოს ფასებმა, თუ საზღვარგარეთ ღირებულებამ არ მოიმატა დოლარში. 

უცებ კლება კარგი არ არის, ისევე როგორც სწრაფად ზრდა. ყოველთვის ყველაზე უკეთესი არის სტაბილურობა“, – განუცხადა „რეზონანსს“ იმპორტიორმა, კომპანია „დუს“ ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა. 

კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ლარის „გამყარების“ გამო მომხმარებელს ფასების კლების იმედი აქვს, საწვავია. საწვავი კი არ იაფდება. 2020 წლის ივნისიდან მოყოლებული, საწვავის ფასი მუდმივად მზარდია და დღეის მდგომარეობით ბრენდირებულ სადგურებზე `პრემიუმის~ და `სუპერის~ ტიპის 1 ლიტრი ბენზინი 3 ლარზე ძვირი ღირს. `რეგულარის~ ფასი კი დაახლოებით 2.80 ლარია. აქ უკვე საერთაშორისო ფასის გავლენაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, წლის დასაწყისში თუ 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 47 დოლარი იყო, ამჟამად 71 აშშ დოლარია. ასევე, დასასრულს შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ლარის კურსმა ისევ კლება დაიწყო და 15 ივნისის მდგომარეობით 1 დოლარი უკვე 3.2040 ლარი ღირს. შედეგად კი, ლარის არასტაბილურობა იმპორტიორებს ფასების შემცირების სურვილს ალბათ არ გაუძლიერებს. 

თემურ იობაშვილი