ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
გაზრდილ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოჰყვა - №7(259), 2021
როგორ ცდილობს სებ-ი ინფლაციის მოთოკვას

საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემები ინფლაციის შესახებ ერთგვარი „სიურპრიზი“ გახდა ყველასთვის – საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, გაძვირება ლამის ყველა მიმართულებით აღინიშნა.

ცხრილი 1. ინფლაციის პროცენტული ცვლილება.
     


წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ გამოიწვია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით, რაც 2.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი);

აქვე შეგვიძლია საწვავის გაძვირებაზეც ვთქვათ: ბენზინის ფასი ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56,86%-ით არის გაზრდილი. 

აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი ივლისის 10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. რაც შეეხება დიზელის საწვავს, მისი ფასი წლიურად – 47,94%-ით არის გაზრდილი.

საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროში ფასების მომატებას, აქ მედიკამენტების გაძვირებაც საგრძნობია. ყველაზე მეტად ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები გაზრდილია სისხლძარღვთა გამაფართოებელ და ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე.

კერძოდ, გაძვირდა:

• სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 30,54%;

• ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 26,32%;

• ანტიბიოტიკები – 6,57%;

• ვიტამინები – 7,52%;

• საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები – 17,13%;

• ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – 9,04%;

ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოიმატა ფასებმა სამედიცინო მომსახურებაზე:

• თერაპევტის კონსულტაცია – 4,81%;

• სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 2,04%;

• სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 0,33%;

• სისხლის ანალიზი – 6,85%;

• ექოსკანირება – 3,89%;

• საავადმყოფოს მომსახურება – 5,01%;

• ქირურგიული მომსახურება – 5,18%;

• სამშობიარო მომსახურება – 6,24%.

ინფლაციის შესამცირებლად სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა
თუ გავიხსენებთ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, რომელსაც კარგა ხანია გასცდა და გასული თვის მონაცემებით კიდევ უფრო დაშორდა. ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, რომელმაც მის ხელთ არსებული ბერკეტები აამოქმედა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გვენეტაძემ 4 აგვისტოს განაცხადა.
რეფინანსირების განაკვეთი აქამდე 9.5%-ს შეადგენდა, ახლა კი 10%-მდე გაიზარდა.

„ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა დღეს, 2021 წლის 4 აგვისტოს, რეფინანსირების განაკვეთი 0.5% განაკვეთით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეს 10%-ით განისაზღვრება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით და „ძირითადად ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია“.

მისი განცხადებით, ამ მხრივ მთავარია მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები, ასევე, მომატებულია ტრანსპორტირების ხარჯებიც, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.

140 100 მოქალაქეს სესხები გაუძვირდება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140 100 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7,825 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის სესხია გაცემული.

„1-ლი ივნისიდან 1-ელ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6 800 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 7 677.3 მილიონიდან 7 825.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
140 100 ხელშეკრულებიდან 45 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1005 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 13.90% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 60300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.54%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2868.1 მილიონი ლარია.

30400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც 1 ივნისთან შედარებით 900‑-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3779 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1154.9 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.36%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 2624 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.32%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 21.13%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 101.2 მილიონი ლარია.

1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.3%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 21.72%“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

1 ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 20.49%-დან 21.72%-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა რაც ბოლო წლების რეკორდია და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამკაცრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს და 9.5%-დან 10%-მდე ზრდის. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. თუმცა, სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება“, – აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.

ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ ინფლაციის მაჩვენებელსაც დაასტაბილურებს.

ექსპერტების კომენტარები შექმნილ მდგომარეობაზე

"საქართველოში მაღალი ინფლაცია მეტი პრობლემის მომტანია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი – სიკეთის“, – განაცხადა "პალიტრანიუსის“ ეთერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ისევ პანდემიაზე და იმაზეა დამოკიდებული, გვექნება თუ არა შეზღუდვების კიდევ ერთი ტალღა.

"ცალკე რომ განვიხილოთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც კი შეიძლება იყოს მიღწევადი. ცალკე ინფლაციაც მაღალი იქნება. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო მასებში პირდაპირ გავლენას არ ჰპოვებს. ერთი შეხედვით ეკონომიკური ზრდის ტემპი აბალანსებს მაღალ ინფლაციას, თუმცა, საქართველოში უმეტესობისთვის ვერ აბალანსებს ერთი მეორეს, რადგან ზრდის ტემპში მოსახლეობისა და ბიზნესის მხოლოდ მცირე ჯგუფები მონაწილეობს.
ასე რომ, ერთიანობაში თუ შევხედავთ, საკმაოდ ოპტიმისტურია არა თუ ორნიშნა, არამედ 7.7% ეკონომიკის ზრდაც. რადგან, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა დარტყმას მოგვაყენებს პანდემია თუნდაც უახლოეს ერთ თვეში და მეტიც, მოგვიტანს თუ არა ეს კიდევ ერთ ჩაკეტვას. აქ, პრემიერის გაცხადება იყო საკმაოდ ადეკვატური, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ გადაიტანს. რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს ხელით ჩაახრჩობ თუ პანდემია მოუღებს ბოლოს“, – ამბობს ჭარაია.

ჭარაიას თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ვერ იქნება ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის დამაბალანსებელი:

„შკალაზე რომ შევაფარდოთ, საქართველოში მაღალი ინფლაცია მეტი პრობლემის მომტანია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი – სიკეთის. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჭარაიამ.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10 პროცენტამდე გაზარდა. ეს ორნიშნა ინფლაციის შესაკავებლად კეთდება.

ეროვნული ბანკი ერთი ხელით ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, მეორე ხელით კი არბილებს მას. ორი თვის წინ თუ რეფინანსირების სესხების მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდე იყო, დღეისათვის თითქმის ორი მილიარდია. რა აზრი აქვს სესხის პროცენტის ზრდას, თუ სესხის მოცულობა არ შეამცირე?

დღევანდელი გადაწყვეტილება ბიზნესს და სხვა მსესხებლებს კრედიტებს გაუძვირებს, ინფლაციაზე კი გავლენას ნაკლებად მოახდენს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტი და ფულის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ხარჯვაა“, – დაწერა რომან გოცირიძემ ფეისბუქის გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 11.9%‑-ია და თუ ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე შენარჩუნდა, ეს იქნება ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 24 წლის განმავლობაში.

ცხრილი 2. წლიური ინფლაცია 1996-2020 წლებში
     

„გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა, უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში.

„ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება, ეს არის პურის სუბსიდირების დასრულება,
რომელის ფასიც 12.5%-ით გაიზარდა. პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდამ დამატებითი გავლენა მოახდინა ინფლაციაზე.

ასეთ მაღალ ინფლაციას უნდა ველოდოთ 2022 წლის პირველ კვარტალშიც, ხოლო მეორე კვარტლიდან დაიწყება შემცირების ტემპი. მთლიანობაში, 2022 წელს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მაღალი იქნება და ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 4.1%-ს მიაღწევს“, – ლაშა ქავთარაძის კომენტარს გამოცემა For.Ge ავრცელებს.

შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

„ვფიქრობ, წინა სხდომებზე, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ჰქონდა უფრო თამამად განეხორციელებინა გადაწყვეტილებები, რომელიც დადებითად იმოქმედებდა ეროვნულ ვალუტასა და ფასებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი კურსი იმისათვის, რომ ამ ფაქტორების ერთობლივი გავლენა იყოს გარკვეულწილად განეიტრალებული“, – განაცხადა ქავთარაძემ.

ეკონომიკის დოქტორს, ირაკლი მაკალათიას კი ეჭვი ეპარება, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლდეს და ინფლაციამ შემცირება თუნდაც 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყოს.

„არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთლიანად სახელმწიფო სექტორი ყოველთვის პოზიტიურ პროგნოზებს დებენ და რადგანაც მომავალ წლამდე სებ-ი ინფლაციის შემცირებას არ ელოდება, ძალიან მინიმალურია იმის შანსი, რომ ამ პერიოდში მონაცემები შემცირდეს. ისიც საკითხავია, სებ-ის მიერ დასახელებული დროიდან (2022 წლის მარტი) რამდენად დაიწყებს ინფლაცია შემცირებას. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი უკვე წლებია 3%-ზე გვაქვს და ეს უბრალოდ ქაღალდზე დაწერილია ციფრია, რომლის შესრულებაც ვერ ხდება და 2-ჯერ და უფრო მეტჯერაც კი ხდება აცილება.

ეროვნული ბანკი ერთი ხელით ბეჭდავს ბევრ ფულს, იწვევს ინფლაციას და მეორე ხელიდან თავისივე მოჭრილი ზედმეტი ფულის ამოღებას ცდილობს რეფინანსირების განაკვეთის ზრდით და აქ საერთოდ სად არის ლოგიკა? ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის გამოშვება უნდა აკონტროლოს“, – განაცხადა მაკალათიამ და დასძინა, რომ რადგანაც ეროვნული ბანკი მის უშუალო მოვალეობას ვერ ასრულებს, ამის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს.

შექმნილ მდგომარეობაში ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო გამოსვლების დროს ინფლაციაზე და ფასების მატებაზე თითქმის არაფერს ამბობენ. წინასაარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაში შედის და პრემიერ-მინისტრი თუ მმართველი ძალის სხვა წარმომადგენლები მეტწილად „ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე“ და „ხელისუფლების წარმატებებზე“ აკეთებენ განცხადებებს.

თემურ იობაშვილი