ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო რეესტრი შექმნა - №7(259), 2021
რა იცვლება კომერციული ბანკებისთვის და მსესხებლისთვის

ეროვნული ბანკის საკრედიტო რეესტრში კომერციული ბანკების მიერ მომზადებული ინფორმაციის განთავსება უკვე დაიწყო. არსებული საკრედიტო ბიუროსგან განსხვავებით, ახალ საკრედიტო რეესტრში ბანკების კლიენტების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციაა განთავსებული და ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს. ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია რეესტრის მონაწილე გახდეს, სესხებისა და მსესხებლების შესახებ საკმაოდ დიდი ინფორმაცია დაამუშაოს და ყოველთვიურად ეროვნულ ბანკს მიაწოდოს. ამ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი საკრედიტო რისკების შეფასების უფრო მოქნილი სისტემის შექმნით ხსნის. კომერციული ბანკებისთვის კი ეს ყველაფერი დამატებითი ბიუროკრატიაა, რომელიც მათ ხარჯებს გაუზრდით. შესაბამისად, საბანკო სპეციალისტები ისედაც გაძვირებული კრედიტების კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანებაში წერია: `საკრედიტო რეესტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას, საკრედიტო ორგანიზაციებში რისკების შეფასებას ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეზე. სასესხო პორტფელების დინამიკის მონიტორინგს, საკრედიტო რისკის მიმღებლობის შეფასებას რეფინანსირებული და უარყოფილი სასესხო პორტფელის მიხედვით. ასევე ხელი შეუწყოს, საკრედიტო რისკების ანალიზის პროცესის გაუმჯობესებას, მონაცემების ხელმისაწვდომობის ზრდისა და შესადარი მონაცემების გენერირების საშუალებით, საზედამხედველო სტრესტესტების წარმოებას, საკრედიტო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის დისტანციური და ადგილზე შემოწმების პროცესის მართვას~.

რისკების შეფასების ანალიზს სებ-ი პერიოდულად საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებს მიაწვდის, რომლებიც თავის მხრივ ეროვნული ბანკის მუშაობასა და საქართველოში არსებულ ფინანსური ბაზარს თავიანთ ანგარიშებში შეაფასებენ.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემის წარმატება საკრედიტო რისკების სწორად მართვაზეა დამოკიდებული. ზედამხედველის სამუშაოს უდიდესი ნაწილი სწორედ ამ რისკის შეფასებაზე მოდის. დღეს არსებული საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კი კომერციულ მიზნებზეა მორგებული. კრედიტინფოს მონაცემების გამოყენება შეუძლია ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს – რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.

"საკრედიტო რისკი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკი, რაც საბანკო სისტემაში არსებობს. შესაბამისად, რეესტრის შექმნა მნიშვნელოვანია, რომ ზედამხედველმა საკრედიტო რისკის შეფასება და მისი მონიტორინგი გააუმჯობესოს. ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში. მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო რისკზე ინფორმაცია მოვაგროვოთ და მოხდეს მისი ეფექტური მართვა. ამ მართვაში ჩართულია როგორც ბანკის მენეჯმენტი, ასევე ეროვნული ბანკი. კომერციულ ბანკებში ეს რისკი, ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად საკმაოდ მაღალ დონეზე იმართება. თუმცა რაც დრო გადის, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არ არის, მით უმეტეს როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იზრდება ინფორმაციული სისტემების შესაძლებლობები, მუშავდება დიდი მონაცემები და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზედამხედველობის მხარესაც მოხდეს გაუმჯობესება, ახალი სისტემების და მონაცემების მოგროვების დანერგვა", - ამბობს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ გორგოძე.

საკრედიტო რეესტრი მოიცავს შემდეგ მონაცემთა ჯგუფებს - კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები; კლიენტის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები; კლიენტის ბოლო განახლებული მონაცემები შემოსავლების შესახებ; საკრედიტო ვალდებულების დეტალები; კლიენტის ფინანსური მონაცემები სესხის გაცემის მომენტისთვის; კლიენტის მონაცემები შემოსავლების შესახებ სესხის გაცემის მომენტისთვის; საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები; ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე; ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ; ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ; ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ.
 
კერძოდ, ბანკები ვალდებულები არიან სებ-ს საკუთარი კლიენტების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. ამ ფაქტმა უკვე გააჩინა კითხვები, თუ რამდენად იქნება დაცული კლიენტის პირადი ინფორმაცია და არსებობს თუ არა მისი მესამე პირთან მოხვედრის საფრთხე. ოთარ გორგოძე განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა კანონით რეგულირდება. 

"მისი მესამე პირისთვის გადაცემა აკრძალულია. მათ შორის, სხვა კომერციული ბანკი ვერ დაეუფლება ამ მონაცემებს. ის იქნება მხოლოდ საზედამხედველო მიზნებისთვის გამოყენებული, რათა შეფასდეს კომერციული ბანკის საკრედიტო რისკი და მისი მდგრადობა. ამ პროექტზე მუშაობა 3 წელია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით", - ამბობს გორგოძე.

კლიენტის პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძის ბრძანებაში მითითებულია, რომ საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა ინახება ეროვნული ბანკის სერვერზე იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის ყველა მონაწილეს უზიარებს, მათ შორის მათი გამოქვეყნების გზით, შემაჯამებელ ანგარიშებს (არსებობის შემთხვევაში), რომლებიც არ მოიცავს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ ინფორმაციას და საკრედიტო რეესტრის მონაწილეების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.
 
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაციების მიღება ეროვნულ ბანკს ისედაც შეეძლო (სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე), საკრედიტო რეესტრის შექმნით სებ-ი საქმეს იოლებს. ამასთანავე ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკებში მონაცემების გაციფრულების დონე ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ მათ ხარისხის გასაუმჯობესებლად დამატებითი ინვესტიციების განხორციელება დასჭირდებათ.

"იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნეა, გადაწყვეტილებები მონაცემებზეა დაფუძნებული, ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობა ისედაც დგას და ამას ბანკებიც ხედავენ. საკრედიტო რისკის მიმართულებით, ეროვნულ ბანკში დღესაც უამრავი ანგარიშგება მოდის. რაც დრო გადის, ეს ანგარიშგება უფრო და უფრო იზრდება, უფრო კომპლექსური ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნაბიჯით ეს პროცესი გამარტივდება და მათი შედგენა, ამ მიკრომონაცემებიდან, თვითონ ეროვნულ ბანკში გახდება შესაძლებელი. ამ ფორმით უფრო ოპერატიულად მივიღებთ ინფორმაციას, რაც საკრედიტო რისკებს ფინანსურ სექტორში შეამცირებს. ამასთან, საკრედიტო რეესტრის მიზანია შეამსუბუქოს ანგარიშგების ტვირთი კომერციული ბანკებისთვის და საკრედიტო რეესტრის მონაწილე სხვა სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ანგარიშგების ეფექტური და მარტივი გზით წარმოდგენის შესაძლებლობის შექმნით", - განმარტავს ოთარ გორგოძე.

კომერციულ ბანკებში კი მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების ვერც აუცილებლობას ხედავენ და ვერც იმაში ეთანხმებიან ეროვნულ ბანკს, რომ ახალი მოთხოვნები მათ საქმეს გაუმარტივებთ. საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ საბანკო სექტორი ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ვინაიდან ეს პროცესი საკმაოდ რთულ სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს.

"ეროვნულს აქვს სრული უფლებამოსილება, რომ საჭირო ინფორმაცია გამოითხოვოს. ამას ისედაც აკეთებდა, ინდივიდუალურად, სესხებთან თუ მომხმარებლებთან მიმართებით. ასევე სებ-ს მუდმივად ჰქონდა უფლებამოსილება, რომ კომერციული ბანკებისთვის კონკრეტულ მომხმარებელზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოეთხოვა. ამჯერად, ეროვნულ ბანკში საკმაოდ ვრცელი საკრედიტო რეესტრი იქმნება, რომლის მომხმარებელი მხოლოდ სებ-ი იქნება. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ვართ თუ არა კმაყოფილი ამით? - არ ვართ, იმიტომ რომ რთული პროცესია და არ მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო პრაქტიკაა. ეს ყველაფერი სისტემურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, ანგარიშგების ახალი ფორმა შემოდის. მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, მაგრამ რამდენად არის ეს რეესტრი იდეალური მართვის საშუალება, არ ვართ დარწმუნებული. არის ინფორმაცია, რომელსაც არც აღრიცხავს კომერციული ბანკი, ან არის ინფორმაცია, რომელიც აღრიცხული აქვს, მაგრამ არ ატარებს ანგარიშგების ფორმას. მაგალითად, შესაძლებელია სესხის დამუშავების საჭირო ინფორმაცია საქმიდან ინდივიდუალურად ამოიღო და ნახო, მაგრამ არ არის ანგარიშგებადი. ეროვნულ ბანკს ყველა ინფორმაციაზე, რასაც მოითხოვდა, ჰქონდა წვდომა. ახლა უბრალოდ მიეცემა სისტემატური ხასიათი და კომერციული ბანკები ვალდებულები იქნებიან ყოველთვიურად განაახლონ ბაზა. ყოველთვე იქნება განახლებული მთლიანი ბაზა. მიზანი არის უფრო მეტი მართვის ელემენტის შემოტანა და უფრო მეტი კონტროლის მექანიზმის ჩადება, მაგრამ არ შეიძლება ეს კონტროლი იყოს უსაზღვრო", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
 
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ახალი მოთხოვნები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ეხებათ და მსესხებლებისთვის არაფერი იცვლება. თუმცა, საბანკო სპეციალისტი დავით კიკვიძე არ გამორიცხავს, რომ სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს. მისი განმარტებით, მონაცემების ყოველთვიური დამუშავება და რეესტრში განთავსება კომერციული ბანკების ხარჯებს ზრდის, შესაბამისად ბანკები შეეცდებიან ეს ხარჯები სესხებზე გაწეული მომსახურების საკომისიოში შეიტანონ. ამ შემთხვევაში დაზარალებული ისევ მომხმარებელი დარჩება.
 
"სები ეცდება კიდევ უფრო სიღრმისეულად მოახდინოს ბაზრის ანალიზი, თუ რა ხდება ფინანსურ სისტემაში. საბოლოო ჯამში უკეთ შეაფასოს სამომხმარებლო ბაზარი, ქვეყანაში როგორი მოთხოვნაა ფულზე და ამ ყველაფერზე დაყრდნობით უკეთესად შეძლოს მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება. მეორე დატვირთვა, როგორც თავად აცხადებენ, ეს არის საკრედიტო რისკის კონტროლი, თუმცა, ამ მეორე მხარეს უფრო გავაკრიტიკებდი იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესს ეროვნულ ბანკი ისედაც აკონტროლებს. თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია უამრავი ტიპის რეპორტები აწარმოოს, დაწყებული საკრედიტო პორტფელით, დამთავრებული საზედამხედველო კაპიტალით. ეს კომერციული ბანკებისთვის არის დამატებითი ბიუროკრატია, დამატებითი რესურსი როგორც ადამიანური, ისე ფინანსური. თითოეული დამატებითი ხარჯი, რომელსაც კომერციული ბანკი ნებისმიერი ოპერაციისთვის გაწევს, საბოლოო ჯამში მომხმარებლამდე მივა. ანუ სადღაც საკომისიო მოიმატებს, სადღაც სესხზე პროცენტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დამატებითი ბიუროკრატიული რეგულაციები, არცთუ ისე სასარგებლოა", - ამბობს დავით კიკვიძე.

საკრედიტო რეესტრში, პირველი სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, კომერციულ ბანკებს, ივლისის ბოლომდე ჰქონდათ. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან სანქციები.
 
როგორ იმუშავებს საკრედიტო რეესტრი და შეიცვლება თუ არა რამე მომხმარებლისთვის ამას დრო აჩვენებს. ამ ეტაპზე ფაქტი არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად, საბანკო სექტორს საკრედიტო რისკები არ შექმნია და ეს სექტორი კვლავინდებურად დიდ მოგებაზე გადის. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქედან ყველაზე დიდი წილი ორ ბანკზე - "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკზე" მოდის.

ივნისის მონაცემებით, ბანკების მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 2,9 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან საპროცენტო შემოსავლების სახით ბანკებმა 2,3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიღეს, დანარჩენი შემოსავლის დიდი წილი საკომისიოებსა და ჯარიმა-საურავებზე ნაწილდება.
 
რაც შეეხება მომხმარებელს, საქართველოში სესხები ისედაც საკმაოდ ძვირია. ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად კი, ლარში გაცემულ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მუდმივად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 18 პროცენტს აღემატება (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით დიდია), იურიდიულ პირებზე – 13 პროცენტამდეა. უცხოურ ვალუტაში ფიზიკური პირებისთვის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 6 პროცენტამდეა, იურიდიული პირებისთვის 7 პროცენტამდე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 200 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში აღება აკრძალულია.

საბანკო სპეციალისტების შეფასებით, კომერციული ბანკების ზედამხედველობის სისტემა, რისკების მართვის თვალსაზრისით საკმაოდ გამართულია. ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდა უნდა იყოს, რაც სესხების მრავალფეროვნებასა და გაიაფებას შეუწყობდა ხელს. ამ მიმართულებით კი ეროვნული ბანკის აქტიურობა არ ჩანს. საქართველოს საფინანსო სექტორს ფაქტობრივად ორი ბანკი აკონტროლებს და უკვე მრავალი წელია, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი არცერთ უცხოურ ბანკს არ გასჩენია.

მაკა ხარაზიშვილი