ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
საპროცენტო პირობები სესხებზე და ეროვნული ბანკის ახალი მოთხოვნა კომერციული ბანკებისთვის - №10(262), 2021
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ახალ ვალდებულებას უწესებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებმა კვარტალურ ანგარიშებში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უნდა მიუთითონ, რათა უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, სესხის მომსახურებისას, რა მოცულობის ხარჯის გაწევა უწევს მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მითითებით, კომერციული ბანკები ვალდებულები არიან, კლიენტს საკრედიტო პროდუქტის შეთავაზებისას წლიურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზეც მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც გაცილებით მაღალია. რეალურად კი, მომხმარებლის სასესხო ხარჯი სწორედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთია.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისათვის, რომ ეროვნული ბანკი ფლობდეს ინფორმაციას ფინანსური სტაბილურობის რისკების შეფასებასთან და სხვადასხვა პროგნოზების გაკეთებასთან დაკავშირებით. ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მიდგომა, რომელიც ბანკებს ავალდებულებს, რომ ყოველკვარტალურად, გაამჟღავნონ გაცემულ სესხებზე ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შესახებ სექტორული ჩაშლით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებულია `ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი~, რომლის მე-2 მუხლის `ს~ პუნქტის მიხედვით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ასეა განმარტებული:

"კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით".

მაგალითად, თუ მომხმარებელმა აიღო პროცენტიანი სესხი X ლარი, რომლის აღების დროს მას მიუწია დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა Y ლარის ოდენობით (მაგალითად, სესხის დაზღვევა, სესხის გაცემის საკომისიო...), მაშინ ეფექტური სასესხო საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დგინდება (X-Y) ლარის მიმართ.
 
"ფინტექ ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით კიკვიძე აღნიშნავს, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტი გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ამასთანავე ეროვნულმა ბანკმა დეტალურად უნდა იცოდეს, რა უჯდება მსესხებელს სესხის მომსახურება. შესაბამისად კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშებში ინფორმაციის დეტალური ასახვა მოსთხოვა.

"ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მიზანი, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა ეს გააკეთა, არის ის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ის ხარჯები, რომელსაც მომხმარებელი სესხის მომსახურებისას იხდის. დაწყებული წლიური საპროცენტო განაკვეთით, დამთავრებული სხვა დამატებითი ხარჯით. გამომდინარე იქიდან, რომ სებ-მა ბანკებს ამ საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება მოსთხოვა, ბუნებრივია, ეს მონაცემები ანგარიშებშიც უნდა იყოს ასახული. წლიური საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველთვიურ ხარჯში, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უნდა იცოდეს, საბოლოო ჯამში, მომხმარებელს რა უჯდება ესა თუ ის სესხი, შესაბამისად სასესხო ბაზარი და საკრედიტო პროდუქტებზე ფასის დადგენის მექანიზმები, რათა ეს ყველაფერი ბაზრის ანალიზში გაითვალისწინოს. აქედან გამომდინარე ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. ამასთანავე, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გატარებისას ბანკებზე მისცემს დამატებით ინფორმაციას, სად რა პრობლემები იკვეთება", - ამბობს დავით კიკვიძე.

წლიური საპროცენტო განაკვეთები, რომელსაც ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ, სესხის ძირითადი ხარჯია, თუმცა პრაქტიკაში სესხის დამტკიცებისას სხვა სახის ფინანსური ხარჯებიც არსებობს, ამ მიზნით გამოიყენება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბანკი მომხმარებელს დაბალი ნომინალური საპროცენტო განაკვეთით იზიდავს, ხოლო სესხის დამტკიცებისას ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს იყენებს, რომელიც ნომინალურისგან განსხვავებით საკმაოდ დიდია, ხოლო მსესხებელი სესხს სწორედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთით იხდის. ამიტომ მსესხებელმა აუცილებლად ყურადღება ეფექტურ განაკვეთს უნდა მიაქციოს. მაგალითად, ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სესხს, სადაც მითითებულია, რომ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არის 14 პროცენტიდან ზევით, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16 პროცენტიდან იწყება. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია სესხის მომსახურების პერიოდში მსესხებლის მიერ გასაწევი ყველა ხარჯი ამ ხარჯების გაწევის დროის გათვალისწინებით. კერძოდ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აერთიანებს არამარტო ნომინალურ პროცენტს, არამედ ყველა იმ გადასახდელსა თუ საკომისიოს, რომლის გადახდაც მსესხებელს სესხის აღებიდან მის დაფარვამდე უწევს.
 
აღსანიშნავია, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას, ზემოაღნიშნული "მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" მიხედვით, განსაზღვრულია სამი ტიპის საპროცენტო განაკვეთი: ფიქსირებული, ცვლადი და ინდექსირებული. შესაბამისად მსესხებელმა სესხის აღებისას ეს დეტალებიც აუცილებლად უნდა იცოდეს.

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ იცვლება. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ზუსტადაა ცნობილი, რა საპროცენტო ხარჯის გაწევა იქნება საჭირო სესხის მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, თუ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, შემცირებული განაკვეთით სარგებლობისთვის მომხმარებელს კრედიტორთან დამატებითი შეთანხმება მოუწევს. 

ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი მიბმულია რომელიმე საჯარო ინდექსზე და ამ ინდექსის ცვლილების შესაბამისად იცვლება. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთი, პირობითად თუ ის 10%-ს შეადგენს, სესხი შეიძლება გაიცეს მასზე დამატებული 4 პროცენტული პუნქტით; ხოლო თუ განაკვეთი მცირდება, შესაბამისად სესხის პროცენტიც შემცირდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი სესხებისთვის, ძირითადად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის, ანუ რეფინანსირების განაკვეთი გამოიყენება. ამ დროისთვის რეფინანსირების განაკვეთი 10%-ია.

ცვლადი საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა) დადგომის შემთხვევაში. ცვლად საპროცენტო განაკვეთად არ მიიჩნევა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იცვლება მხოლოდ ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლების ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო.

2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 3-ჯერ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 10%-მდე გაზარდა. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები წლის განმავლობაში 3-ჯერ გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 163 500 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მაღალი ინფლაციის გამო მიიღო (ოქტომბრის მონაცემებით - 12,8%). ბანკში ვარაუდობენ, რომ 2021 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და არ არის გამორიცხული, რომ სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შერბილების მიმართულებით შეცვალოს.
 
"რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიას, პროგნოზს, ეს დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოვლენები იქნება მსოფლიოში. ანუ, ის დისბალანსი, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში, ჯერჯერობით არ დასრულებულა და მის სხვადასხვა გამოვლინებებს ვხედავთ. მაგალითად, ნავთობის ფასები ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს დისბალანსები აღმოიფხვრება, ეს უკვე ინფლაციაზეც აისახება. დღევანდელი პროგნოზით, რომელიც მსოფლიოში ხშირად იცვლება, შოკის ამოწურვის პარალელურად, ინფლაცია 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს შემცირებას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სესხების მთლიან მოცულობას, ეროვნული ბანკის ბოლო ანგარიშის (სექტემბრის თვის) მიხედვით, სექტემბერში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები, წინა თვესთან შედარებით 564,6 მილიონი ლარით 19,6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 93.3 მილიონი დოლარით 6.85 მილიარდ დოლარამდე. საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები კი ასეთია: უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე, საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი (ყველა ვალუტის მიხედვით) 6.3 პროცენტია, ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე კი - 15.6 პროცენტი. ამასთან, მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების შემთხვევაში, საშუალო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 18 პროცენტის ნიშნულზეა, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე 12.9 პროცენტს შეადგენს. ეს არის წლიური საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც უფრო მაღალია, ჯერჯერობით, ანგარიშებში მითითებული არ არის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარში სესხების ზრდას ეროვნული ბანკის პოლიტიკით ხსნის. მისი ინფორმაციით, სექტემბერში ზრდა, ძირითადად, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მიმართულებით ფიქსირდება.

"საცალო სეგმენტში ლარის სესხების ზრდა თითქმის მთლიანად განაპირობებს სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების გააქტიურებას. რაც შეეხება ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობას, როგორც მოგეხსენებათ ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის პრიორიტეტია ლარში სესხების გააქტიურება, რაც გამოიწვია შემდეგმა ფაქტორებმა: ეს არის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს დოლარში გაცემული სესხებისთვის კაპიტალის უფრო მაღალი მოთხოვნის დაწესებას, ამავე დროს ეროვნულმა ბანკმა მიიღო ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელს საკუთარი შემოსავლის მიხედვით ლარში უფრო მეტის სესხება შეუძლია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. მინდა გითხრათ, რომ ფინანსური განათლების მიმართულებითაც არის გარკვეული წინსვლა და ცნობიერება უფრო გაზრდილია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ვალუტაში სესხის აღება, რომელშიც შემოსავალი არ არის, ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით კი, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მოთხოვნა გაიზარდა ბიზნეს-სესხებზეც, როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით. ბიზნეს-სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდ წილად სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა.
ამავე კვლევის მიხედვით, მესამე კვარტალში დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობები ბიზნეს-სესხებისთვის მცირედით გამკაცრდა, რაც ფინანსური რესურსის ხარჯის ზრდითა და რისკისადმი მიდრეკილების ცვლილებით იყო განპირობებული. კერძოდ, მცირედით გაიზარდა მარჟა ფიქსირებული განაკვეთით გაცემულ ლარის სესხებზე. საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში დაკრედიტების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო პირობების მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელიან.

2021 წლის მესამე კვარტალში დაკრედიტების პირობები იპოთეკური სესხებისთვისაც მცირედით გამკაცრდა, რაც კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანწილად, ეკონომიკური ტენდენციებით და რისკისადმი მიდრეკილების ცვლილებით იყო განპირობებული. რაც შეეხება დაკრედიტების საპროცენტო პირობებს, ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხებისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო უცხოურ ვალუტით გაცემული სესხებისთვის მცირედით შემცირდა. საბანკო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, მომდევნო კვარტალში დაკრედიტების საპროცენტო პირობების მცირედით შერბილებაა მოსალოდნელი, ხოლო არასაპროცენტო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არაა.

რაც შეეხება უმოქმედო სესხებს, 2021 წლის მესამე კვარტალში, ბიზნეს-სესხების კუთხით, მცირედი კლება შეინიშნება. უმოქმედო სესხების წილი ჯამურად ბიზნეს-სესხებში, 7%-მდე შემცირდა, რაც პორტფელის ზრდასა და ზოგიერთი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. ვალუტების ჭრილში, უმოქმედო სესხების წილი ეროვნული ვალუტით გაცემულ ბიზნეს სესხებში 5%-მდე შემცირდა, ევროთი გაცემულ ბიზნეს-სესხებში 6%-მდე, ხოლო დოლარით გაცემულ სესხებში – 10%-მდე. საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში უმოქმედო სესხების წილის მცირედით შემცირებას კვლავ მოელიან.

საბოლოო ჯამში, მომხმარებელმა სესხის აღებისას აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა სახის საპროცენტო პირობებს სთავაზობს ბანკი, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაზარზე სხვადასხვა სახის საპროცენტო პირობები არსებობს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მოთხოვნა ანგარიშებში ეფექტური საპროცენტო განაკვეთების ასახვასთან დაკავშირებით, რათა მომხმარებელმაც დაინახოს და ეროვნულ ბანკსაც ჰქონდეს, რამდენად სწორად არის თითოეული ხარჯი მასში გათვალისწინებული.

მაკა ხარაზიშვილი