ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა შეიზღუდა - №12(264), 2021
უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ვადიანობა 5 წლით შემცირდა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება რისკების მოსალოდნელი ზრდის მოტივით მიიღო. ეროვნულ ვალუტაში მკვეთრად გაძვირებული სესხების გამო, მომხმარებლის ნაწილმა არჩევანი ისევ უცხოურ ვალუტაზე გააკეთა. ამ პროცესების შემხედველმა ეროვნულმა ბანკმა კი დედოლარიზაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალისტების ნაწილი შეზღუდვის ამ ფორმას აკრიტიკებს, უძრავი ქონების აგენტები კი მაღალ სეგმენტში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებას ელოდებიან. 

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ვადიანობის 15 წლიდან 10 წლამდე შემცირების გადაწყვეტილება 2021 წლის 8 დეკემბერს მიიღო. სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ეს წესი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა ეს გადაწყვეტილება რისკების გაზრდით ახსნა. კერძოდ, ბოლო პერიოდში უცხოურ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა, პანდემიურმა პერიოდმა კი აჩვენა, რომ იპოთეკურ სესხებს შორის ყველაზე მეტი რესტრუქტურიზაცია სწორედ ევროს და დოლარის სესხებს შეეხო, ანუ მომხმარებელს ასეთი სესხების გადახდის რისკი დაუდგათ. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ უცხოურ ვალუტაში სესხი განსაკუთრებით რისკიანია მაშინ, თუკი ვალის ტვირთი დიდია და სესხის მომსახურების კოეფიციენტი შემოსავალთან 30%-ზე მაღალია, ან ძალიან გრძელვადიანია სესხი. 

"გრძელვადიანი სესხი ყოველთვის მეტ რისკებთან ასოცირდება, რადგან გაცვლითი კურსის მერყეობა გრძელ ვადაში შეიძლება მეტი იყოს. მეტია ალბათობა, რომ მოხდეს შოკი, დაკარგოს შემოსავალი. პანდემიის პიკის დროს დავინახეთ, რამდენად მაღალია მოწყვლადობა, როცა უცხოურ ვალუტაში რესტრუქტურიზებული სესხები წვლილი ორჯერ და სამჯერ აჭარბებდა ლარის იგივე მაჩვენებელს. 2021 წლის აპრილიდან სესხების ზრდა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. ძირითადად ეს იყო ბიზნესსესხები, თუმცა იპოთეკური სესხების წილიც მნიშვნელოვანი იყო და ველოდებოდით, რომ ამ პორტფელის ზრდას შესაძლოა 10 პროცენტისთვისაც კი მიეღწია. ამასთანავე იცით, რომ მონეტარულ პოლიტიკას ვამკაცრებთ, დეკემბერში განაკვეთი 0,5%-ით გაიზარდა. ეს კიდევ უფრო უბიძგებს მსესხებლებს, რომ უცხოურ ვალუტაზე გადაერთონ, რაც დამატებთ რისკებს გვიგროვებს. სწორედ, ამის საპასუხოდ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება იპოთეკების ვადიანობის 10 წლამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივით ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის სესხებზე რისკები შეგვიმცირდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მსესხებელმა საჭიროების შემთხვევაში სესხი გადაავადოს და რაღაც შეღავათი მიიღოს. ლარის იპოთეკებს ეს არ შეეხება. დოლარიზაცია მაინც დარჩება ბაზარზე, რაღაც სესხები მაინც გავა, თუმცა ეს იქნება შედარებით დაბალრისკიანი", - განაცხადა დავით უტიაშვილმა. 

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4-ჯერ 8 პროცენტიდან 10,5 პროცენტამდე გაზარდა. შესაბამისად, მკვეთრად გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, ასევე ჯაჭვური რეაქციით გაიზარდა სხვა სახის სესხების საპროცენტო განაკვეთები. მაშინ, როდესაც უცხოური ვალუტის კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. მაგალითად, თუ მოქალაქე უძრავი ქონების ყიდვას გადაწყვეტს, ამ შემთხვევაში ლარში აღებული იპოთეკური სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15 პროცენტიდან იწყება, როცა დოლარში საშუალოდ 7 პროცენტია, ევროში კი - 6 პროცენტი.
 
"თუ საპროცენტო განაკვეთს შევხედავთ, დოლარის ან ევროს სესხი შეიძლება ჩანდეს, რომ იაფია, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალია სავალუტო რისკი. ასევე ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ვხედავთ რა ხდება მაგალითად, თურქეთში, სადაც სხვა ქვეყნებშიცაა სავალუტო მერყეობა. ასეთ პირობებში მსესხებელს, რომელსაც შესაძლოა, კარგად არ ჰქონდეს გაანალიზებული საკრედიტო რისკები და აიღოს სავალუტო სესხი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან რისკიანი", - ამბობს დავით უტიაშვილი. 

უტიაშვილის განცხადებით, მონეტარული განაკვეთის გამკაცრება დროებითი ფაქტორია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს მეორე ნახევარში ინფლაციური ტემპები შემცირდება, რაც ეროვნულ ბანკს გამკაცრებული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობას მისცემს. უტიაშვილი აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გრძელვადიანი ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით 7%-ია და ეს ნიშნავს იმას, რომ სესხებიც, დაახლოებით 9%-ში იქნება, როგორც ეს იყო მაგალითად 2019 წელს.
 
საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტის" ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის შეფასებით კი, ეროვნულმა ბანკმა ამ შეზღუდვის დაწესებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მომდევნო წელს ისედაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთების კლებით ლარის იპოთეკები გაიაფდეს, ხოლო თავად ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მოსალოდნელია დოლარის განაკვეთის ზრდა, რაც დოლარის სესხებს გლობალურად გააძვირებს. ამ პროცესების შედეგად კი სხვაობა ლარის და სავალუტო სესხებს შორის თავისთავადაც შემცირდება, რაც ისევე ლარის მიმზიდველობას გაზრდის. 

თუმცა, პანდემიის ფონზე, ასეთი დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება უჭირთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს მოუწოდა, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევებისთვის მოემზადონ. როგორც ფონდში განაცხადეს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ამ ნაბიჯს შესაძლოა, მოჰყვეს რყევები ფინანსურ ბაზრებზე, კაპიტალის გადინება და ვალუტების გაუფასურება. გასულ კვირას აშშ ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტმა განაცხადა, საპროცენტო განაკვეთები შეიძლება, მარტში გაიზარდოს. მისივე თქმით, სისტემა მზადაა, უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას ინფლაციის წინააღმდეგ. 

"აშშ-ის სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე ადრე გაზრდამ შეიძლება, მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესება", – ნათქვამია ფონდის განცხადებაში. 

რამდენად შეუმცირებს მომხმარებელსა და საფინანსო სექტორს რისკებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი უძრავი ქონების აგენტები ამ ბაზრის შემცირებას ვარაუდობენ. 

"იპოთეკური დაკრედიტება არის უძრავი ქონების სექტორის ერთ-ერთი მამოძრავებელი გაყიდვების და ზოგადად ბაზრის ზრდის მიმართულებით, შესაბამისად ნებისმიერი ახალი რეგულაცია გავლენას ახდენს შედეგებზე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს საშუალოზე მაღალი უძრავი ქონების ტრანზაქციებზე, იქ სადაც უძრავი ქონების ღირებულება 200 ათას ლარს აღემატება. თუკი გადავხედავთ ბოლო პერიოდის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი სესხები მეტწილად მაღალი სეგმენტის მომხმარებლებზე მოდის", - ამბობს Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა. 

მისივე ინფორმაციით, მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების წილი 25%-ია, თუმცა თანხობრივად ეს მაჩვენებელი 50%-ზე ადის. შარშან 10 თვეში გაცემული სესხების ღირებულებამ 2,22 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1,18 მილიარდი ლარი იყო. 

"ყველასთვის ცნობილია, რომ სესხები უცხოურ ვალუტაში უფრო ხელმისაწვდომია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი, ლართან შედარებით თითქმის ნახევარია. შესაბამისად, როდესაც საუბარია მსხვილ ტრანზაქციებზე უპირატესობა ასეთი ტიპის სესხებს ენიჭება. მესმის ეროვნული ბანკის პოზიცია, გარკვეულწილად ხდება დაზღვევა ასეთი პოლიტიკით, თუმცა, დრო გვიჩვენებს რა გავლენას მოახდენს ამ სექტორზე. გარდა ამ გადაწყვეტილებისა, ძალიან ბევრი ცვლილებებია და ზუსტი პროგნოზირება რთულია", - განმარტავს ლიკა ქარდავა. 

ფინანსური პოლიტიკის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ბანკების ასოციაციაში. მისი ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ასეთი შეზღუდვა ბანკებს საკრედიტო პორტფელს შეუმცირებს. ძნელაძე იმედს გამოთქვამს, რომ წელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს. 

"უცხოურ ვალუტაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებლად გამოიწვევს აქტივობის შემცირებას. იმიტომ, რომ ლარში პროცენტი მაღალია, უცხოურ ვალუტაში შეზღუდვებია. 2022 წლის განმავლობაში, რამდენად დიდი იქნება ეს ეფექტი ნაადრევია ამის შეფასება. იმედი გვაქვს, დიდი ეფექტი არ ექნება და იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის მერე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, რაც შეამსუბუქებს წნეხს უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

ეროვნულ ბანკში კი ფიქრობენ, რომ მათი გადაწყვეტილება მხოლოდ რისკებს შეამცირებს და არა უძრავი ქონების ბაზარს, ან საკრედიტო პორტფელს. 

"ჩვენ გვახსოვს 200 ათას ლარამდე კრედიტების შეზღუდვაზეც როგორი შეფასებები იყო, რომ ბინები აღარ გაიყიდებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ დაახლოებით, სამი თვე დასჭირდა სექტორს გადაწყობისთვის. ახლაც იგივე მოლოდინი გვაქვს, რომ მსესხებლების ნაწილი ლარში გადავა და მათ შეიძლება მოუწიოთ მიმდინარე პერიოდში უფრო მაღალი განაკვეთების გადახდა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, როცა ინფლაცია დასტაბილურდება, ეს დიფერენციალი შემცირდება. რაღაც ნაწილი იქნება მსესხებლების, რომელთაც მოუწევთ, რომ ნაკლები ისესხონ, რადგანაც ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მაღალი ვალის ტვირთი მისთვის იყო რისკიანი", - ამბობს დავით უტიაშვილი. 

დედოლარიზაციის გამკაცრების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა უკვე მესამედ მიიღო, რასაც როგორც ეკონომისტთა ნაწილისგან, ისე პოლიტიკოსებისგან მწვავე კრიტიკა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, უცხოურ ვალუტაში სესხები რომ შეზღუდულიყო, 2017 წლიდან 100 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა, 2019 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 200 ათასამდე გაიზარდა და დღემდე ასეა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ შეზღუდვამ შედეგი გამოიღო იმ მიმართულებით, რომ მცირე სესხების წილი ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა, შესაბამისად დაბალშემოსავლიან მსესხებლებს კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკები შეუმცირდათ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სესხების დოლარიზაცია 51-55%-ის ფარგლებში მერყეობს და 66%-დან არის შემცირებული. 

"დედოლარიზაციის ღონისძიებების მიზანია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაშიც კერძო სექტორს წამყვანი როლი აქვს და რისთვისაც საჭიროა ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც კერძო სექტორს უფრო მეტად ეფექტიანს გახდის. სწორედ ამის გამო, ფასების სტაბილურობა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის მანდატია და დედოლარიზაცია ორივე ამოცანის შესრულებისთვის მნიშვნელოვანია. სტაბილური მაკროფინანსური გარემო, რომელიც უპირობოდ გულისხმობს უფრო დაბალ დოლარიზაციას, კერძო სექტორს ეხმარება, რომ ძალისხმევა მისი მთავარი ფუნქციისკენ - ეკონომიკური ზრდისკენ მიმართოს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

ერთი რამ ცხადია, ფინანსური თვალსაზრისით 2020-2021 წლების მსგავსად, არც 2022 წელი იქნება მარტივი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია ასეთი მძიმე ფორმით. ამიტომ ეროვნული ბანკი რისკებს აზღვევს, მისი გადაწყვეტილება კი ბიზნესს და მთლიანად ეკონომიკას მოქმედების არეალს უზღუდავს. 

მაკა ხარაზიშვილი