ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზები - №5(269), 2022
მონეტარული პოლიტიკის გამყარება და უცხოური გადმორიცხვები 

ივნისის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 3-ლარიან ნიშნულს ისევ ჩამოსცდა და ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 96 თეთრის ფარგლებში მერყეობს. წელს ლარის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10 მარტს დაფიქსირდა, როდესაც 1 ამერიკული ვალუტის ფასმა 3 ლარსა და 40 თეთრს გადააჭარბა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 27 მაისს - 2 ლარი და 85 თეთრი. ეკონომისტები ლარის გამყარებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითა და უცხოური გადმორიცხვების გაზრდით ხსნიან. 

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2021 წლის თებერვლიდან ეტაპობრივად 8-პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზარდა, შესაბამისად მნიშვნელოვნად გაძვირდა ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი. ამ პროცესმა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყო ხელი, თუმცა, ინფლაცია, რაც რეფინანსირების განაკვეთი გაზრდის მთავარი მიზანი იყო, კვლავ მაღალია. 

მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13,3 პროცენტს მიაღწია, მაშინ როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია. წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკში აღნიშნავდნენ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის მიუახლოვდებოდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ამ პროგნოზმა 2023 წლის მეორე ნახევრისთვის გადაიწია. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 22 ივნისს გაიმართება. მაღალი ინფლაციის მიუხედავად `თიბისი კაპიტალში~ ვარაუდობენ, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს აღარ გაზრდის. 

"მაღალი ინფლაციის მიუხედავად, შემდგომი გამკაცრება არაა ნავარაუდები. ამის მიზეზი, ფასებზე, ძირითადად, მიწოდების მხრიდან გამოწვეული ზეწოლაა. გასაგებია, რომ თუ საქართველოში ზრდა უფრო ნაკლები იქნება, ამით ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასი არ შემცირდება. ამასთან, ლარის შემდგომი გაძვირება ხელს უშლის ლარიზაციის პროცესს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი აზრით, არ არის აუცილებელი ლარში გამკაცრებამ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ეფექტის გარდა, ლარის გამყარება აუმჯობესებს სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობებს და ამით, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა პირიქით ჩქარდება. თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება ვფიქრობთ, რომ სწორედ საბაზისო სცენარია. ლარის საშუალო კურსის კუთხით, ჩვენი აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება. ამავდროულად, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც, როგორც ჩანს, უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია", - აცხადებენ "თიბისი კაპიტალში". 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა `ბიემჯი~-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ლარის კურსის ამ ნიშნულზე შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა. მისი პროგნოზით, კურსი მოკლევადიან პერიოდში სავარაუდოდ 3.00-იან ნიშნულზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საშუალოდ 3.30-იან ნიშნულის ფარგლებში იმერყევებს. 

"სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ერთი, საშუალოვადიან კონტექსტში რომ შევხედოთ, ალბათ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უნდა გამოიყოს, რომელიც ლარზე გამყარების მიმართულებით ახდენს გავლენას; მეორე, უფრო მოკლევადიანი შოკი, რაც არის ქვეყანაში უცხოური ნაკადების, მაგალითად ჩარიცხვების, ტურიზმის ნაწილში და მესამე ფაქტორი, ერთი წლის ჭრილში გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზები. ანუ, გაუმჯობესებულია მოლოდინები მომავალი რამდენიმე კვარტლის განმავლობაში, რაც დადებით გავლენას უნდა ახდენდეს ლარის კურსზე. იმის გამო, რომ ეს ფაქტორები არ არის გრძელვადიანი, მათ შორის არც მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრე, არც შემოდინებები, მოლოდინი იმის, რომ გამყარებული ლარი მნიშვნელოვნად დიდი ხანი შენარჩუნდება, წესით არ უნდა გვქონდეს. თუ არა სხვა ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში რეფორმების კუთხით, იმ ნიშნულზე რა ნიშნულზეც დღეს არის, მისი შენარჩუნება რთული იქნება", - ამბობს გიორგი პაპავა. 

ფულადი გზავნილები 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში ჩარიცხული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან აპრილში კი - 194 მილიონი დოლარი. ეს ნიშნავს, რომ მ/წ აპრილში უცხოეთიდან 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114 მილიონი დოლარით მეტი თანხა ჩაირიცხა. იმავდროულად საქართველოდან საზღვარგარეთ 25,4 მილიონი დოლარი გაიგზავნა. ეს მაჩვენებელი კი შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

ამავე პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 83.4 მილიონი დოლარი მიიღო, შარშანდელზე 4 მილიონი დოლარით მეტი, დანარჩენი სახელმწიფოებიდან კი 224.7 მილიონი დოლარი, ანუ 110 მილიონი დოლარით მეტი. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ აპრილში რუსეთიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობის თანხა ჩაირიცხა _ 133 მილიონი დოლარი. ეს მაჩვენებელი შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 101 მილიონი დოლარით აღემატება. შემდეგ მოდიან: იტალია _ 33,4 მილიონი დოლარით, ამ შემთხვევაში ზრდა 1,7 მილიონი დოლარია; აშშ _ 25.02 მილიონი დოლარი (0.1 მილიონი დოლარით მეტი); ყაზახეთი _ 20.04 მილიონი დოლარი (17.55 მილიონი დოლარით მეტი); საბერძნეთი _ 18.65 მილიონი დოლარი (3.1 მილიონი დოლარით ნაკლები); ისრაელი _ 16.21 მილიონი დოლარი (0.7 მილიონი დოლარით მეტი). 

მთლიანობაში იანვარ-აპრილში ქვეყანაში 853.46 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გამოიგზავნა. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდსაც კი მკვეთრად აღემატება. კერძოდ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში უცხო ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით _ 693.36 მილიონი დოლარი შემოვიდა, 2020 წელს _ 467.77 მილიონი დოლარი, ხოლო 2019 წელს _ 516.66 მილიონი დოლარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს ჩარიცხული თანხების მოცულობის ზრდაში ყველაზე დიდი წილი რუსეთიდან გზავნილებს უკავია. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. უკვე რამდენიმე წელია ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს. მაგალითისთვის, 2021 წელს საქართველოში 2.35 მილიარდი დოლარი ჩარიცხა, 2020 წელს 1.89 მილიარდი დოლარი, 2019 წელს _ 1.73 მილიარდი დოლარი, 2018 წელს 1.57 მილიარდი დოლარი, ხოლო 2017 წელს _ 1.39 მილიარდი დოლარი; მაშინ, როცა ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ასეთია _ 2021 წელს ქვეყანაში 1.15 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2020 წელს _ 571.96 მილიონი დოლარი, 2019 წელს 1.34 მილიარდი დოლარი, 2018 წელს _ 1.37 მილიარდი დოლარი, 2017 წელს კი _ 1.98 მილიარდი დოლარი. 

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ემიგრანტების რიცხვმა 2021 წელს 99774 ადამიანი შეადგინა, 2020 წელს _ 74264 ადამიანი, 2019 წელს _ 109107 ადამიანი, 2018 წელს _ 98935 ადამიანი, 2017 წელს კი _ 85451 ადამიანი. ბუნებრივია, ქვეყნიდან გასული ადამიანებიდან ნაწილი უკან ბრუნდება, თუმცა ეს მაჩვენებელი გასული ადამიანების რიცხვს მაინც ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი სამუდამოდ ან დიდი ხნით რჩება ემიგრაციაში. 

ექსპორტი 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5.25 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1.58 მილიარდ დოლარს შეადგენს (32.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი _ 3.66 მილიარდ დოლარს (33.7 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2.07 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია. 

აღსანიშნავია, რომ მრავალი წელია მთავარი საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი არ იცვლება. 2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა _ 363.3 მილიონი დოლარით, რაც შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,7 პროცენტით მეტია. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები _ 195.4 მილიონი დოლარით (75,3 პროცენტით მეტი), ხოლო მესამე ადგილზე _ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია 132.0 მილიონი დოლარით დოლარით (5,3 პროცენტით მეტი). შემდეგ მოდის აზოტოვანი სასუქები _ 128.3 მილიონი დოლარი (251,2 პროცენტით მეტი), ყურძნის ნატურალური ღვინოები _ 60.3 მილიონი დოლარი (5,8 პროცენტით ნაკლები). ღვინის ექსპორტი უკრაინასა და რუსეთში შემცირდა და მთლიან ექსპორტში კლება ამ ფაქტით არის გამოწვეული. ამავე მიზეზით 8,1 პროცენტით არის შემცირებული მინერალური წყლებისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რომელმაც იანვარ-აპრილში 38.3 მილიონი დოლარი და 29.0 მილიონი დოლარი შეადგინა. გაიზარდა ტრიკოტაჟის ნაწარმი 20,8 პროცენტით, 28.9 მილიონ დოლარამდე, ხოლო 8,1 პროცენტით 28.0 მილიონ დოლარამდე შემცირდა თხილის ექსპორტი. 

მთავარი საექსპორტო ქვეყნებია თურქეთი, სადაც ძირითადად ტრიკოტაჟის ნაწარმი და ფეროშენადნობები გადის, შემდეგ მოდის ჩინეთი. ამ ქვეყანაში მთავარი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნები და ძვირფასი ლითონებია. მესამე ადგილს რუსეთი იკავებს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი ფეროშენადნობები გადის, ხოლო შემდეგ მოდის ღვინო. სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანამ დღემდე ვერ მოახერხა ის, რომ მთავარი საექსპორტო პროდუქტი არა ნედლეული, არამედ აქ გადამუშავებული პროდუქცია გახდეს, რაც უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებდა და ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანდა. 

ტურიზმი 

"გალტ ენდ თაგარტის" მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში პირველად მიაღწია 2019 წლის დონის 62.3%-ს. ამასთან, მაისში ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რომელმაც 2019 წლის მაისის 28.6% შეადგინა. 

მთლიანობაში, ქვეყანაში მაისში 319.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა, რაც 205 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტი), რასაც მოჰყვება რუსეთი (16.1% წილი) და სომხეთი (13.3% წილი). 

ამასთან, კვლევის მიხედვით, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (59.0%-იანი წილი), შემდეგ მოდის საჰაერო გზით შემოსვლა (40.1%-იანი წილი). 

ჯამში, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1.18 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით 257,8 პროცენტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39,5 პროცენტი შეადგინა. 

ამავე პერიოდში კი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 0.9 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 213.8 პროცენტით მეტია გასული წლის 5 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 54.8 პროცენტით არის აღდგენილი. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 833 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 370 პროცენტით მეტი გასულ წელთან შედარებით. 

დასკვნის სახით, უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ჩანს, მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა - მაღალი ინფლაცია წელს ისევ პრობლემად დარჩება. ლარის კურსის სტაბილურობა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შენარჩუნდება საერთაშორისო გადმორიცხვების მაღალი მაჩვენებელი. 

მაკა ხარაზიშვილი