ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში: მაღალი ინფლაცია, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ლარიზაციის საკამათო პოლიტიკა - №7(271), 2022
ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და ლარიზაცია - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელმაც ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სამივე მიმართულების სწორად მართვა მოსახლეობის ცხოვრების დონეს განსაზღვრავს, თუმცა შესაბამისი უწყებები რამდენად სწორად მართავენ ამ პროცესებს, ესეც ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაში გამოიხატება. 

ინფლაცია 

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ინფლაციური წნეხი გაძლიერდა. მაღალი ინფლაციის მიზეზი COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება იყო, რა დროსაც ინფლაციის ზრდაზე ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. საერთაშორისო ბაზარზე მთავარი სასურსათო პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა. სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში აღნიშნულია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში 2021 წელს სურსათის საშუალო ფასები ბოლო ათი წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზე იყო. მობილობის აღდგენასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნა და ფასები საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა. მსოფლიოში ნავთობის ფასები წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზეც აისახებოდა. 

COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა შეზღუდვებმა, შემდეგ კი ეკონომიკის აღდგენითი პროცესის და მისი თანმდევი მოთხოვნის გააქტიურებამ, სატრანსპორტო არხების გადატვირთვა გამოიწვია, რამაც მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. 

ანგარიშის მიხედვით, ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაცაა. გასული წლის დეკემბერში ინფლაციამ აშშ-ში 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ევროზონის ინფლაციამ _ 5.0 პროცენტი. მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც, კერძოდ 2021 წლის დეკემბერში ინფლაციამ ესტონეთში 12.2 პროცენტი, ლიეტუვაში 10.6 პროცენტი, ხოლო ლატვიაში 7.9 პროცენტი შეადგინა. 

იმის მოტივით, რომ საქართველოშიც ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების გააქტიურების რისკს წარმოადგენდა, 2021 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეტაპობრივად, 8.0 პროცენტიდან 10.5 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში - 11 პროცენტამდე. 

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება. ამ არგუმენტების საფუძველზე, სებ ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2022 წლის 3 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთები ისევ მაღალ დონეზე დარჩა. 

კვლევითი ცენტრი „პიემსის“ კვლევითი დირექტორის გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით აქვს ორი არჩევანი. პირველი, რომ მკვეთრად გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, მინიმუმ 4-5 პროცენტით, რაც თეორიულად ინფლაციასთან ბრძოლის ძლიერი ინსტრუმენტია. ან დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც არის. 

„ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი და რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი უნდა ხედავდეს პრობლემებს, მისი მანდატი სწორედ ფასების სტაბილურობაა. საქართველოში კი ფასები სტაბილური არ არის. აქედან გამომდინარე პრობლემა არსებობს. ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებიდან ეროვნული ბანკი განაკვეთის მკვეთრად ზრდას არ იზიარებს და შესაბამისად თვლის, რომ მცირე ზრდით შედეგს ვერ მიიღებს, ხოლო უარყოფითად იმოქმედებს ერთი მხრივ ეკონომიკის ზრდაზე და მეორე მხრივ ადამიანების განწყობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრისთვის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სესხების გაძვირებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა განაკვეთის შენარჩუნება აირჩია“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

იგი თვლის, რომ წლის ბოლომდე როგორც გლობალურად, ისე საქართველოში ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირება არარეალისტურია. ერთადერთი მოლოდინი არის ის, რომ ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვა. 

„გლობალურად არასტაბილურობის ხარისხი, პირიქით, გაზრდილია. განსაკუთრებით რეგიონში, ამიტომ საქართველოში ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტორებს ვერ ვხედავ. განაკვეთი 10 პროცენტის ახლოს იქნება“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

3 აგვისტოს, რეფინანსების განაკვეთის უცვლელად დატოვების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციაზე ზეწოლის შემცირების მიზნით განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების გაცემის ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. ეს გადაწყვეტილება 15 აგვისტოდან შევიდა ძალაში და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს, ჯამში, 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. ეროვნულ ბანკში თვლიან, რომ ეს ძალიან მაღალი ზრდაა, რაც ინფლაციას ასტიმულირებს. 

„სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას. მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირებას. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

"აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში ინფლაცია, მცირედით, 11,5 პროცენტამდე შემცირდა, მას სისტემური ხასიათი არ აქვს. იგი აღნიშნავს, რომ სესხების ვადების შემცირებასთან დაკავშირებით ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში შეიძლება გამართლებული იყოს, თუმცა ეს ისევ მოქალაქეების შეზღუდვის ხარჯზე ხდება. 

„მსგავსი შეზღუდვები არ არის მისასალმებელი. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთების გაზრდით ინფლაციის მოთოკვა ვერ მოხერხდა. ამიტომ შემოღებული იქნა ეს დამატებითი ინსტრუმენტი. ერთი რაც სწორად განისაზღვრა, რეგულაცია ძალაში ერთი წელი იქნება. ნორმალურ სიტუაციაში, ბუნებრივია ეს შეზღუდვა სწორი არ იქნებოდა, თუმცა ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, რომელშიც დღეს გვაქვს შეიძლება ეს ნაბიჯი გამართლებული იყოს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ერთი მიმართულებით ემსახურება იმას, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს, შესაბამისად პროდუქტის ყიდვა შემცირდეს და მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა შემცირდეს. ორივე ეს ინსტრუმენტი მაღალი საპროცენტო განაკვეთიც და ვადის შეზღუდვაც ემსახურება დაკრედიტების ტემპის კლებას, რომ ნაკლები სესხი ავიღოთ საქართველოში და ნაკლები პროდუქცია მოვიხმაროთ. ეს მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება, ჩვენს კეთილდღეობას არ აუმჯობესებდეს, მაგრამ ფასების დასტაბილურებას ხელ უწყობს. ეს არის ტრაგედია მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას, რომ არ არსებობს რაღაც წამალი. უბრალოდ ეს უნდა გააკეთო იმის ხარჯზე, რომ გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა მომხმარებელს, რომლებიც კონკრეტულ პროდუქციაზე მოთხოვნას წარმოქმნიან“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ. 

ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ 3 პროცენტამდე მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევარში ელოდება. სწორედ იმ პერიოდისთვის არის ნავარაუდები მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და სხვა დამატებითი შეზღუდვების შერბილება. ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. თარგეთირების რეჟიმამდე, 2000 2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 6.6 პროცენტს უტოლდებოდა. თავდაპირველად, ინფლაციის თარგეთირებაზე გადასვლისას, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6 პროცენტი იყო. მომდევნო წლებში ის ეტაპობრივად კლებულობდა, ხოლო 2018 წლიდან კი 3 პროცენტამდე შემცირდა, რაც წლიური ინფლაციის გრძელვადიან მიზნობრივ დონეს წარმოადგენს. 

ეკონომიკური ზრდა 

საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდა ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდის გამო შენელებული ეკონომიკური აქტივობა იზრდება, თუმცა მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ზრდა მოქალაქეებისთვის ნაკლებად შესამჩნევია. 

ეროვნული ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს 6.8 პროცენტიანი კლების შემდეგ ეკონომიკური აქტივობა 2021 წლის პირველ კვარტალშიც სუსტი იყო, თუმცა მეორე კვარტლიდან პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვები თანდათან შემსუბუქდა, რამაც ეკონომიკური სურათი საგრძნობლად შეცვალა. საერთაშორისო მობილობაზე დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა გაუქმდა, რამაც ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას შეუწყო ხელი. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ნაკადმა ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო, ამან კი ტურიზმიდან და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს-საქმიანობებიდან მიღებულ შემოსავლებზე დადებითი გავლენა მოახდინა. 2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალურად 28.9 პროცენტით გაიზარდა. მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი იყო, რადგან მკაცრი შეზღუდვები, თავდაპირველად, სწორედ 2020 წლის მეორე კვარტალში დაწესდა, რამაც ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. თუმცა ზრდა შემდეგ პერიოდებშიც გაგრძელდა და, წინასწარი მონაცემებით, რეალური მშპ 2021 წელს 10.4 პროცენტით გაიზარდა. საბაზისო ეფექტის გარდა, გასულ წელს მაღალ ზრდას შეზღუდვების გამო თვეების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნის გააქტიურებამ, ფისკალურმა სტიმულმა და ეკონომიკის დაკრედიტებამ შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მშპ-ის მოცულობამ 2019 წლის დონეს რეალურად 2.9 პროცენტით გადააჭარბა. ორი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა ისევ ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება, შესაბამისად სამ აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და იგი 4-დან 9 პროცენტამდე გაზარდა. 

ლარიზაცია 

ლარიზაციას, რომელსაც ფინანსურ წრეებში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ეროვნული ბანკში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ასახელებენ. ეკონომისტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო გაძვირებული სესხების ფონზე ლარიზაციის პოლიტიკა აზრს კარგავს, მოქალაქეები ცდილობენ სესხი უცხოურ ვალუტაში აიღონ, თუმცა დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი მათგანი ამას ვერ ახერხებს. ეროვნულ ბანკში კი განმარტავენ, რომ ლარიზაციის წახალისება ქვეყანაში მაკრო-ფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობაა. 

„ლარიზაციის ზრდა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება. 2021 წლის მეორე ნახევრიდან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კვალდაკვალ, ლარის რესურსის გაძვირების ფონზე, საკრედიტო პორტფელში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების წილი გაიზარდა, რაც სესხების დოლარიზაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეზღუდვასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის რისკებს შეიცავს. საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს“, _ აღნიშნულია ანალიზში. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისიდან დეპოზიტების დედოლარიზაციის წახალისების მიზნით, ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრა, რაც 40-70 პროცენტის ფარგლებში დეპოზიტების დოლარიზაციის მქონე ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას წარმოადგენს. კერძოდ, ერთ წლამდე ნარჩენ უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე სარეზერვო ნორმა 10-25 პროცენტით განისაზღვრა და დამოკიდებული გახდა თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე. ამასთან, უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა 10-15 პროცენტი გახდა (ის ასევე დამოკიდებულია თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე). მთლიანობაში, წლის განმავლობაში მთლიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, პრაქტიკულად არ შეცვლილა და ისევ საკმაოდ მაღალ 60.2 პროცენტს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი ძალიან დაბალია, ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსის გამო მოქალაქეების დიდი ნაწილი დანაზოგის გაკეთებას უცხოურ ვალუტაში ამჯობინებს. ხოლო სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დეკემბერში 50.6 პროცენტი შეადგინა. 

რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2021 წლის განმავლობაში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 40.2 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე შემცირდა. ასეთი შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სესხის უცხოურ ვალუტაში აღების შეზღუდვაა. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ რისკების შესამცირებლად მოქალაქეები სესხს იმ ვალუტაში იღებდნენ, რა ვალუტაშიც აქვთ შემოსავალი. შესაბამისად, სებ-ში უცხოური ვალუტაში გასაცემ სესხებზე შეზღუდვების მოხსნას არ განიხილავენ. 

ამ ეტაპზე, სებ-ის გამკაცრებული პოლიტიკა ყველაზე მეტად დაბალ შემოსავლიან ადამიანებს უქმნის დისკომფორტს, ვინაიდან მათ, სასურველ ვალუტაში, სასურველი ვადითა და შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით ფულად რესურსთან წვდომა ეზღუდებათ. ამ შეზღუდვების მოხსნა იმ დროისთვის იგეგმება, როდესაც საქართველოში მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზრდება და ფინანსური რისკები შემცირდება, ეს დრო კი როდის დადგება, ან თუ საერთოდ დადგება, არავინ იცის... 

მაკა ხარაზიშვილი