ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
საქართველო ერთიანი ევროგადახდის სივრცეში - №8(272), 2022
რა სარგებელი ექნება SEPA-ში გაწევრებას 

საქართველო ერთიანი ევროგადახდის სისტემაში (SEPA) გაწევრებისთვის ემზადება. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტმა დაჩქარებული წესით ზუსტად ერთ კვირაში განიხილა და დაამტკიცა. თვის ბოლოს მთავრობა SEPA-ში განაცხადს შეიტანს, ხოლო რამდენად ვართ მზად ამ სისტემისთვის, შესაბამის ვერდიქტს ევროპის საგადახდო საბჭო მიიღებს. 

SEPA - Single Euro Payment Area არის ერთიანი ევროგადახდის სისტემა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას უწყობს ხელს. SEPA წევრი ქვეყნებისთვის ტრანსსასაზღვრო გადახდები შეიძლება განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები. ეს სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთი და იმავე პირობებით ელექტრონულად გადაიხადონ ევროში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან _ თავიანთ ქვეყანაში თუ მის მიღმა. შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება SEPA-ს ქვეყნებთან გადარიცხვებისათვის საკორესპონდენტო ბანკის _ შუამავლის გამოყენება. შესაბამისად, ეს მომგებიანი იქნება როგორც რიგითი ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. 

"SEPA-ს წევრ ქვეყნებში ევროში გადარიცხვები 15 წუთში იქნება შესაძლებელი. ამასთანავე ამ პროცედურისთვის საკორესპოდენტო ანგარიშების ქონა არ იქნება საჭირო. ზოგადად, გადარიცხვები ძალიან მარტივდება და ხარჯები მცირდება~, _ აღნიშნა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. 

ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივები 2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. მანამდე, ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ბოჭორიშვილის განცხადებით, საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრების კრიტერიუმებს და ამასთანავე, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა. 

როგორც ინიციატორებმა განმარტეს, საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით. 

"SEPA-ში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით~, _ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

29 აგვისტოს, საკითხი მთავრობის სხდომაზე გაიტანეს, მაშინვე ინიცირება მოხდა პარლამენტში. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით დაამტკიცა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტები. ცვლილებები შევიდა _ საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში. ამ სამი პაკეტიდან პირველი ორი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაახლოებას გულისხმობს, მესამე _ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების გაუმჯობესებას. 

კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მათში მოცემულია ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა შესრულების ვალდებულება ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრების მსურველ ქვეყანას აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცვლილებების შედეგად იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, საშუალება მიეცემათ ევროში ოპერირება ერთიანი პირობებით, ტარიფებით და მარეგულირებელი ჩარჩოთი მოახდინონ. 

"ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ გავაგზავნოთ აპლიკაცია ევროპის ერთიან საგადახდო სისტემაში გაერთიანების მოთხოვნით. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს ეხება სამ ძირითად მიმართულებას _ პირველი, საგადასახადო სისტემების შესახებ კანონი არეგულირებს ბაზრის მოთამაშეებს შორის გადახდის წესებს, მოდერნიზაციას უკეთებს და შესაბამისობაში მოჰყავს ევროდირექტივებთან, მათ შორის შედის ღია ბანკინგის დარეგულირებაც, რაც პირველ რიგში გულისხმობს არასაბანკო ინსტიტუტების, ფინტეკების ჩართვას ღია ბანკინგის სფეროში. მეორეა ვირტუალური აქტივების სერვისპროვაიდრების, იგივე კრიპტოაქტივების შესახებ კანონპროექტი, ეს კანონპროექტი არეგულირებს ფულის გათეთრების წესებს, ვირტუალური აქტივების სერვისის განმახორციელებლებს შორის. ეს არ ეხება ვირტუალური აქტივის გამომშვებს ე.წ. მაინერებს, ასევე არ ეხება ვირტუალური აქტივების ფლობას, ეს ეხება მხოლოდ შუამავლებს, ვინც უზრუნველყოფს ვირტუალურ ბაზარზე აქტივების მიმოცვლას. მესამე კანონპროექტი ეხება კომერციული ბანკების შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც დიდწილად არის უფრო დაზუსტებები და ჰარმონიზაცია ევროდირექტივასთან, აქ მატერიალური ცვლილებები არ არის. კონკრეტულად ცვლილებები არის სამი მიმართულებით _ ლიცენზირების წესებში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის წესებში და ადმინისტრატორის კრიტერიუმებში~, _ აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზედენტმა პაპუნა ლეჟავამ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით კი, საქართველოს SEPA-სთან მიერთება ქვეყნისთვის ერთ-ერთი წინ გადდგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან საგადახდო სფეროში, რაც ფინანსური სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 

"ძალიან ინტენსიურად წარიმართა კანონპროექტზე მუშაობა, თავად ევროკავშირი დაგვეხმარა, რადგანაც ამ შემთხვევაში ლომის წილი ეროვნულ ბანკზე მოდის. ტვინინგის პროგრამის საშუალებით ურთიერთობა გვქონდა პოლონეთისა და ლიეტუვის ცენტრალურ ბანკებთან. ექსპერტები საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, ორი მნიშვნელოვანი კანონი გადამუშავდა _ გადახდების შესახებ კანონი და კომერციული ბანკების შესახებ კანონი. ამავე დროს აუცილებელია ვირტუალური აქტივების კომპონენტიც დარეგულირდეს. რადგანაც ამის გარეშე ეს პაკეტი მთლიანად არ შეიკვრება. გადარიცხვები უფრო იაფი იქნება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიზნესებს აქვთ საკმაოდ ახლო ურთიერთობები ევროპასთან, მათაც უფრო გაუადვილდებათ ამ ურთიერთობების აწყობა. გარდა ამისა, ეს შესაბამისობაში არის საქართველოს მიმართულებასთან, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის~, _ განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ გადარიცხვები დროში ძალიან სწრაფად განხორციელდება, მომხმარებელთა უფლებები იქნება უკეთ დაცული. 

"ფაქტობრივად ქართული ინსტიტუტები ხდებიან ევროზონის ნაწილი, ევროპის საგადახდო ნაწილი და პირიქით, ქართული ბანკები შეიძლება გამოიყენონ რეგიონის ბანკებმა", - აღნიშნა დავითაშვილმა. 

პარლამენტში პირველი განხილვის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულმა ბანკს დეპუტატთა ნაწილმა გარკვეული პუნქტების დაზუსტება მოთხოვეს. ასევე მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის 10000-ლარიანი მოსაკრებელი რა კრიტერიუმების მიხედვით გამოთვალა ეროვნულმა ბანკმა და ეს მოსაკრებელი რატომ იყო ასეთი მაღალი. დეპუტატებმა ეროვნული ბანკისგან პასუხად მიღეს ის, რომ ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა კრიტერიუმები და გადაწყვეტილება ზეპირი მსჯელობის შედეგად მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს მეორე მოსმენით განხილვისას წარმოდგენილ კანონპროექტში მოსაკრებლის ოდენობა 5 ათას ლარამდე შემცირდა. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ნორმები, რომლებიც არეგულირებდა ე.წ. interchange fee-ს და საბაზისო ანგარიშს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხების განხილვას პარლამენტი მოგვიანებით დაუბრუნდება. იმავე კანონში დაკორექტირდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის ფორმირების წესი. 

"ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი პროექტებიდან ამოღებულია ყველა ის საკითხი, რომელიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული SEPA-სთან. მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა კომიტეტმა, რათა გამარტივებულიყო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის ამოღებულია საკითხი, რომელიც ეხება დეპოზიტებს. ე.წ. გახსნილი და მოუკითხავი თანხების ანგარიში, რომელსაც არ გამოუჩნდა ბენეფიციარები. იყო საუბარი და დისკუსია სად უნდა წავიდეს ეს თანხები, ხომ არ გადაირიცხოს ბიუჯეტში? ესეც დამატებითი განხილვისთვის უნდა გადაიდოს, თუმცა ჩემი წინადადება იქნება, როგორც ერთ-ერთი ინიციატორი ამ ქვეყანაში შექმნილიყო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ეს თანხები მიიმართოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში და არა ბიუჯეტში. ამ კანონპროექტების მიღებით, ბევრი პირობა იქნება დამატებით იმისათვის, რომ კონკურენცია გაიზარდოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყოს უკეთესი, და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამართულია მომსახურების კუთხით, ეს ფაქტორები, რომელიც ჩამოთვლილია, კიდევ დამატებით პირობებს ქმნის სისწრაფესთან, კონკურენტუნარიანობასთან და მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გარდა, SEPA-ს წევრები არიან ევროპის სხვა სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ანდორა, მონაკო, სან-მარინო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ვატიკანი. კანონპროექტებში შესაბამისი ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. საქართველოს მთავრობა SEPA-ში ოფიციალურ განაცხადს სექტემბრის ბოლოს წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრების შესახებ კი ევროპის საგადახდო საბჭო მიიღებს. 

მაკა ხარაზიშვილი