ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
რატომ შევიდა ცვლილებები და დამატებები “დაზღვევის შესახებ” კანონში
№2(62), 2005
პარლამენტმა არც მწვადი დაწვა და არც შამფური

გასული წლის მიწურულს, 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი 1997 წლის მაისიდან მოქმედ “დაზღვევის შესახებ” კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე. იმ დღეს პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ დოკუმენტს კანონმდებელთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, თუმცა, მანამდე კომიტეტებში ცხარე დებატების თემა იყო, რის შედეგადაც კანონპროექტის მთავრობისეულმა თავდაპირველმა ვარიანტმა არსებითი ცვლილებები განიცადა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კანონპროექტის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ ჯერ კიდევ ივლისში მიმართა მთავრობასა და პარლამენტს, რათა კანონპროექტის საჯარო განხილვა მომხდარიყო. მაგრამ რაკი ამას შედეგი არ მოჰყოლია, სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ოქტომბერში ფაქტობრივად განგაში ატეხეს. 

მათ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და ყველა ფრაქციას გაუგზავნეს ვრცელი წერილი, რომელშიც მრავლად მოჰყავდათ იმის დამადასტურებელი არგუმენტები, რომ “მოცემული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკას, იგი მკვეთრად შეასუსტებს მომხმარებლის დაცვის სახელმწიფო და არასახელმწიფო მექანიზმებს, შექმნის მნიშვნელოვან ბარიერს ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის და მთლიანად საფინანსო ბაზრის განვითარებისთვის”. წერილის ავტორები იმედს გამოთქვამდნენ, რომ პარლამენტი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, თავად კი მზადყოფნას აცხადებდნენ ამ საკითხის პროფესიულ და საჯარო განხილვაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. წერილს ხელს აწერდნენ: საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “იმედი L International”-იდან ალექსანდრე ტუღუში, “საქართველოს საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგიდან” გიორგი კვირიკაძე, სადაზღვევო კომპანია “ალდაგიდან” ეკატერინე იაშვილი, სადაზღვევო კომპანია “ბრიტანეთი-კავკასია”-დან რამაზ კუკულაძე და სადაზღვევო კომპანია “სელბიდან” დავით მაცაბერიძე.

რატომ იყო კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ასე მიუღებელი და საბოლოო ჯამში, რა ჩასწორდა მასში?

დევი ხეჩინაშვილის თქმით, მთავრობამ უცებ “გააკეთა” კანონპროექტი და შეიტანა პარლამენტში, ხოლო ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს იმთავითვე არ ესმოდათ, თუ რატომ ცვლის ჩვენი მთავრობა დაზღვევის მარეგულირებელ ბაზას, რატომ აკეთებს ამას ნაჩქარევად და მათთან კონსულტაციების გარეშე. იმ კანონპროექტს თან ერთოდა საკმარისად გაშლილი განმარტებითი ბარათი. უბრალოდ, ეწერა, კარგია, რომ ეს გაკეთდესო. არადა, ეს უკვე კანონდარღვევა გახლდათ, ვინაიდან როდესაც რაღაც ცვლილებების გატარებას აპირებ, ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდე, ამით ბაზარზე არსებული რა პრობლემა უნდა მოაგვარო.

ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენელთა კრიტიკული შენიშვნები კანონპროექტისადმი გამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ პირობები ყველასათვის უნდა იყოს ერთნაირი, ნათელი და განცხადებული. ისინი სპეციალურად დაუკავშირდნენ თავიანთ საზღვარგარეთელ კოლეგებს (გერმანიის სადაზღვევო კავშირი, უკრაინის სადაზღვევო კავშირი და სხვაგან), რათა გაეგოთ მათი მოსაზრება ჩვენისაკანონმდებლო რეჟიმისადმი და ყველამ უპასუხა, რომ ეს რეჟიმი ინვესტორს არანაირ პრობლემას არ უქმნის. საერთოდ, ერთადერთი, რასაც ინვესტორი ითხოვს ხოლმე, ისაა, რომ პირობები იყოს ნორმალური და ერთნაირი ყველასათვის, რაც საქართველოში ნამდვილად იყო; რეჟიმი აბსოლუტურ შესაბამისობაში იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნასთან, ანუ არანაირი პროტექციონიზმი არ არსებობდა, უცხოურ კომპანიას შეეძლო შემოსულიყო და 100-პროცენტიანი წილით გაეხსნა საქართველოში თავისი შვილობილი კომპანია.

ხეჩინაშვილის განმარტებით, სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის უფლებების დაცვა. ანუ სახელმწიფო აღიარებს იმას, რომ დაზღვევა არის დებიტორულ-კრედიტორული ურთიერთობა, დაფუძნებული რთულ საკონტრაქტო პირობებზე და იმისათვის, რომ მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად დაცული, სადაზღვევო საქმიანობაზე აწესებს გარკვეული ტიპის ზედამხედველობას (ძირითადად _ საფინანსოს, ნაკლებად _ სახელშეკრულებოს და კიდევ უფრო ნაკლებად _ ტარიფულს). ამ კანონპროექტის მთელი იდეა გახლდათ ის, რომ უცხოური კომპანიის ფილიალი შემოსულიყო და არ დაქვემდებარებოდა საქართველოს სადაზღვევო ზედამხედველობას, თავისი დედა-კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო. ოპონენტები ამის გაკეთებას დაუშვებლად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში სერიოზულ არგუმენტად ვერ გამოდგება ის, რომ ჩვენი ზედამხედველობის სამსახური კვალიფიკაციით უფრო სუსტია, ვიდრე ფრანგული ან ამერიკული. 
გარწმუნებთ, ჩვენი მთავრობა ამერიკულ მთავრობაზე უფრო სუსტია და გამოდის, რომ მაშინ აქაც რაღაცა უნდა მოვიფიქროთო, _ აცხადებს ხეჩინაშვილი.

იგი ყურადღებას კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე ამახვილებს. ნებისმიერი ურთიერთობა და მათ შორის საკონტრაქტო ურთიერთობა გულისხმობს, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც უთანხმოება, რომელიც სასამართლოს მიერ გასარჩევი იქნება და იურისდიქციის თვალსაზრისით, ფილიალის განხორციელებული საქმიანობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ საქმის გარჩევა დედა-კომპანიის ქვეყანაში უნდა მოხდეს. ხეჩინაშვილი დარწმუნებულია, ფრანგული თუ ამერიკული სასამართლო უფრო სამართლიანი რომ არის, ვიდრე ქართული. მაგრამ დიდად ეეჭვება, ჩვენს მოქალაქეს თუ ჩვენი ფირმების უმეტესობას ჰქონდეს იმის რესურსი და საშუალება, რომ იქ დაიცვას თავი.

აი, ეს გახლდათ ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენელთა ძირითადი არგუმენტები. სხვათაშორის, პარლამენტი ამ თემას გულისყურით მიუდგა და ბევრიც იმსჯელა. შეხვედრები გაიმართა როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, ისე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და იურიდიულ კომიტეტში. საბოლოო ჯამში, ქართველი კანონმდებლები შეეცადნენ, რომ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური. ფილიალები დაშვებულია და ფაქტობრივად მოქცეულია (თუმცა, არა 100%-ით!) ქართული ზედამხედველობის ქვეშ. 
რადგან ფილიალი იურიდიული პირი არაა, მას ვერ მოსთხოვეს საწესდებო კაპიტალი, მაგრამ მოსთხოვეს საქართველოში რაღაც დეპოზიტის არსებობა, რაც ხეჩინაშვილს რთულ და გაუგებარ მექანიზმით მიაჩნია. რაც შეეხება სასამართლო დავას, საკითხი პრაქტიკულად ღიად დარჩა, ვინაიდან ფილიალი არ არის იურიდიული პირი, იურიდიული პირი არის მისი დედა-კომპანია და თუ დავა წარმოიქმნება, მართალია, შეგეძლება საქმის საქართველოში გარჩევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დედა-კომპანიის ქვეყანაში მოგვიწევს წასვლა.

რა გვრჯიდა ასეთი დონის დერეგულირებას

იმ დონის დერეგულირებაზე, როგორიც ჩვენთან მოხდა, მთელს მსოფლიოში ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეალურად განხორციელდა მარტო ევროკავშირის შიგნით, ანუ ერთიანი ეკონომიკური და სამართლებრივი სივრცის შიგნით და თანაც ისე, რომ თუ დედა-კომპანია არის ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ამ ქვეყნების სადაზღვევო ზედამხედველობის გარეშე შეუძლიათ ფილიალებით იმუშაონ; მაგრამ შვეიცარიიდან საფრანგეთში ვერ ამუშავებ ფილიალს, რადგან შვეიცარია ევროკავშირის წევრი არაა.

ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ვქენით, მაგარმ რატომ?! ხეჩინაშვილის თქმით, მაგალითად, ბენდუქიძისათვის დერეგულირება, როგორც ასეთი, თავისთავად ფასეულია, ვიღაცეებისთვის შეიძლება სხვა მოტივაცია არსებობს. ვიღაცას სჯერა, რომ ამით სადაზღვევო ინდუსტრიაში ინვესტმენტი გაიზრდება. 
ხეჩინაშვილი კი საწინააღმდეგო შედეგშია დარწმუნებული, ვინაიდან ჩვეულებრივი სქემა რომ ყოფილიყო (ანუ ისეთი, როგორიც ჩვენ აქამდე გვქონდა და როგორიც აქვს მთელ მსოფლიოს), თუ სერიოზულ უცხოურ სადაზღვევო ორგანიზაციას საქართველოში მოღვაწეობა ენდომებოდა, ის აქ ან გახსნიდა თავის კომპანიას 100 პროცენტიანი წილით ან რომელიმე ქართულ კომპანიას იყიდდა. დღეს ჩვენთან 16 სადაზღვევო კომპანიაა და ყველას ვეძახით “ქართულს”, არადა, მათგან 6 თუ 7 კომპანია უცხოური კაპიტალის მონაწილეობით არის შექმნილი, ანუ მათში უცხოური ინვესტიცია უკვე განხორციელდა. ფილიალის შემთხვევაში კი უშუალო ინვესტიცია ნაკლები იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. პრაქტიკულად, ჩვენი საგადასახადო კოდექსის მიხედვით ფილიალის ანგარიშგება და ხარჯების მიკუთვნება ისეა, რომ ფილიალს გაცილებით მეტი საშუალება აქვთ კანონიერად შეამციროს თავისი მოგება, ვიდრე კომპანიას. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს, ფისკალური თვალსაზრისით, ფილიალი არ უნდა აწყობდეს. არადა, ფაქტია, რომ ინიციატორი სწორედ ფინანსთა სამინისტრო იყო.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, ყველაფერი იქიდან წამოსულა, რომ საქართველოში შემოსვლა სურდა ძალიან მსხვილ ამერიკულ სადაზღვევო ჯგუფს (AIG), რომელიც ქართულ ბაზარს იცნობს, იმიტომ, რომ ამ ბაზარზე აქტიური გადამზღვევია. მას თავისი შვილობილი კომპანია აქვს აზერბაიჯანში და ჩვენს სადაზღვევო ინდუსტრიას მასთანინტენსიური კონტაქტები გააჩნია. 
თებერვალში სწორედ იქიდან იყო ჩამოსული წარმომადგენელი, რომელმაც  ხეჩინაშვილი ოფიციალურად ჩააყენა საქმის კურსში, რომ აღნიშნული უმსხვილესი კომპანიის ფილიალის საქართველოში გახსნის იურიდიული პროცესი უკვე დაწყებულია და ერთ-ორ თვეში კიდევაც დასრულდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ნებისმიერ სფეროში და მათ შორის სადაზღვევო სფეროშიც, ბიზნესი იმდენად მცირეა, რომ ასეთი მსხვილი კომპანიისთვის აქ შემოსვლის ინტერესები უფრო პოლიტიკური უნდა იყოს. ეტყობა, მან ჩვენს მთავრობას ასეთი გაიოლების თხოვნით მიმართა და ეს იყო იმპულსი, რომელსაც მერე დაედო თეორიული მოსაზრებები დერეგულირების თვალსაზრისით, ვითომ ეს კარგია.

ჯერჯერობით, “დაზღვევის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების რეალურ შედეგს წარმოადგენს საქართველოში აღნიშნული კომპანიის ფილიალის გახსნის იურიდიული პროცესის დაწყება. როგორც ჩანს, ეს ცვლილებები ქართული კომპანიების მუშაობაზე უარყოფითად არ უნდა აისახოს, თუმცა მაინც ერთი წლის შემდეგ ჯობია შეფასება.

რამდენად იზიარებენ ხეჩინაშვილის და საერთოდ, ზემოთ აღნიშნული წერილის ავტორთა მოსაზრებებს სხვა დანარჩენი ქართული სადაზღვევო კომპანიები, _ ამის სრულ გამოკვლევას არ შევეცდებით. ჩვენ მხოლოდ ორ განსხვავებულ კომენტარს გთავაზობთ.

ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა (დასახელებისაგან თავს შევიკავებთ) განგვიცხადა, რომ მისი კომპანია სავსებით ინდიფერენტული იყო “დაზღვევის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებული დებატებისადმი, არაფერში ჩარეულა და თავის საქმეს მშვიდად აგრძელებს.

სულ სხვაგვარ მოსაზრებას გამოთქვამს, მაგალითად, “დაზღვევის კომპანია ქართუს” მთავარი სპეციალისტი ზურაბ ჩაჩხიანი. მისი აზრით, “დაზღვევის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები განხორციელებულია ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის ლიბერალიზაციისათვის და დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში უცხოური სადაზღვევო ორგანიზაციის როგორც მზღვეველის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოსაქცევად.

განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციები ფილიალების (წარმომადგენლობების) სახით. ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში დადგენილი წესის რეგისტრაცია სავალდებულოა და მან სადაზღვევო საქმიანობა უნდა განახორციელოს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩაჩხიანის შეფასებით, წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში ადგილობრივი კლიენტების ინტერესების დაცვაზე მეტყველებს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც უცხოური ორგანიზაციებისწარმომადგენლობები (ფილიალები) უფლებამოსილნი არიან გამოვიდნენ საქართველოს მოსარჩელედ და მოპასუხედ (შეგახსენებთ, რომ ხეჩინაშვილის აზრით, ამ უთანხმოების გარჩევა საბოლოოდ მაინც დედა-კომპანიის ქვეყნის სასამართლოში დასრულდება).

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, უცხოური კომპანიის ფილიალი ვალდებულია, რომ საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განათავსოს საწესდებო კაპიტალის განსაზღვრული ოდენობის თანხა და/ან ფასიანი ქაღალდები. ეს მოთხოვნა თუ ხეჩინაშვილის აზრით ბუნდოვანი და გაუგებარია, ჩაჩხიანის აზრით ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის ინვესტირებას. კერძოდ, დეპოზიტებიდან მიღებული მოგების ნაწილი დარჩება ადგილზე გადასახადების სახით, ამასთან ადგილობრივ ბანკებს ეძლევათ საშუალება სადეპოზიტო ვადის დასრულებამდე გამოიყენონ აღნიშნული კაპიტალი.

ჩაჩხიანისავე შეფასებით, საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად უცხოელებისათვის არსებული მოთხოვნები ადგილობრივებთან შედარებით მკაცრია, თუმცა სამართლიანი. “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს სადაზღვევო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სადაზღვევო ბაზარი გარკვეულწილად განსხვავდება ევროპის სადაზღვევო ბაზრისგან, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ეროვნული სადაზღვევო ბაზრის ინდივიდუალურობასა და თავისებურებებზე. ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სადაზღვევო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მიმართულია საერთაშორისო საკანონმდებლო ჰარმონიზაციისკენ.

მოკლედ ევროკავშირის ერთიანი სადაზღვევო ბაზრის შესახებ

ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება, რომ ევროკავშირის ერთიანი სადაზღვევო ბაზრის შესახებაც ვთქვათ ძალიან მოკლედ. დაზღვევა ფინანსურ საქმიანობაში წარმატებულად ინტეგრირებულ ერთ-ერთ დარგს წარმოადგენს. ყველა მსხვილი სადაზღვევო კომპანია გაერთიანებულია თანადაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობაში. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე ნებადართულია უცხოური სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა. 1992 წლის ქ. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად მოხსნილია ყოველგვარი შეზღუდვა უცხოური კაპიტალისათვის და აღებულია კურსი ერთიანი ევროპული სადაზღვევო ბაზრის ჩამოსაყალიბებლად. მიუხედავად ამისა, ეროვნული სადაზღვევო ბაზრები გარკვეულ თავისებურებას ინარჩუნებენ. თითოეულ ქვეყანას აქვს სადაზღვევო საქმიანობის საკუთარი ნორმატიულ-სამართლებრივი საფუძველი, სადაზღვევო ზედამხედველობის საკუთარი სისტემები, რომელთაც ზოგადად საერთო ნიშნები აქვთ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ნაციონალური სპეციფიკიდან გამომდინარე.

ევროკავშირის ერთიანი სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევსევროპის სადაზღვევო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მონაწილე ქვეყნების დაზღვევის ეროვნული კავშირები და სადაზღვევო ასოციაციები.

ერთიანი ევროპული ბაზრის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯია ზოგადი პრინციპების შესწავლა და მიღება, რომელიც აღიარა ყველა ქვეყანამ. ეს პრინციპებია: ევროკავშირის ქვეყნების შიგნით მზღვეველთა ფილიალების თავისუფალი შექმნა; მონაწილე ქვეყნების მზღვეველთა სადაზღვევო პროდუქტის შეუზღუდავი გავრცელება ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე, ამასთან ფილიალის გახსნა აუცილებელი არ არის; კეთილსინდისიერი კონკურენცია თანაბარ პირობებში.

ევროკავშირის ქვეყნების სადაზღევევო საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ევროსაბჭოს სამი დირექტივა:

პირველი, ძირითადი დირექტივა ეხება ზოგადად დაზღვევის პრინციპებს, ხოლო სხვა დირექტივები შედგენილია მასზე დაყრდნობით. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული წესები რეკომენდირებულია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის. ესაა: ფინანსური გარანტიების ერთიანი პირობა, დაზღევევის სახეობათა ერთიანი კლასიფიკაცია, ლიცენზირების ერთიანი პირობა, სადაზღვევო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული დაზღვევის საზედამხედველო ორგანიზაციების პასუხისმგებლობის წესი (პასუხისმგებლობა იყოფა პროდუქციის შემქმნელ ქვეყანასა და იმ ქვეყანას შორის, რომელშიც ვრცელდება პროდუქტი).

მეორე დირექტივა ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ შექმნილი სადაზღვევო პროდუქტისგავრცელებას ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებელია სადაზღვევო პროდუქტის გავრცელებაზე დაწესდეს ერთობლივი კონტროლი პროდუქტის გამომშვები და პროდუქტის გამავრცელებელი ქვეყნების მხრიდან.

მესამე დირექტივა ითვალისწინებს შემდეგ წესებს: სადაზღვევო პროდუქტის შემქმნელი ქვეყნის დაზღვევის საზედამხედველო ორგანიზაცია ვალდებულია კონტროლი გაუწიოს აღნიშნულ პროდუქტს; კავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემული ლიცენზია მოქმედია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში; 
საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო პირობების, ტარიფების და მათემატიკური გათვლების ბაზის რეგულირების წესი; ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების შეთავაზების წესი; ტექნიკური რეზერვების წესი; პირადი დაზღვევის სახეობებში დამზღვევისათვის ხარისხიანი და სრული ინფორმაციის მიწოდების წესი (კლიენტისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს საკმარისი, გასაგები და თავსებადი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის).

ამგვარად, სადაზღვევო საქმიანობის რეგულირება ევროკავშირის ჩარჩოებში მიმართულია ერთიანი სადაზღვევო ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ვითარდება ორი მიმართულებით: სადაზღვევო კომპანიების თავისუფალი მოქმედება ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე და სადაზღვევო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

დალი ჩიკვაიძე