ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
კოლექტიური დავების განხილვა შემათანხმებელი პროცედურებით - #12(168), 2013
საქართველოს ორგანულ კანონში – "საქართველოს შრომის კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, 2013 წლის 4 ივლისიდან, დამსაქმებელსა და დასაქმებულს უფლება მიეცათ, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანებები ან გაწევრიანდნენ სხვა გაერთიანებებში. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა. ორგანული კანონი მათვე ანიჭებთ უფლებას შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას (ფედერაციას ან კონფედერაციას) შეუძლია შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.

ვინაიდან აქამდე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების შექმნა ხშირად არ ხდებოდა, ბუნებრივია ის ინტერესიც, რასაც ჩვენი რუბრიკის მკითხველები იჩენენ მითითებული საკითხის მიმართ: გვირეკავენ, გვეკითხებიან, გვთხოვენ დეტალურად გავაცნოთ საქართველოს მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებული `კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი~ და ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ კონკრეტულ საკითხებზე.

განვმარტავთ, რომ, როგორც მოქმედ შრომის კოდექსშია აღნიშნული, აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია: დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ; დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

კითხვა: დასაშვებია თუ არა დასაქმებულის მონაწილეობა დასაქმებულთა გაერთიანებაში სამუშაო დროის განმავლობაში?

პასუხი:
დიახ, დასაშვებია, მხოლოდ დამსაქმებელთან შეთანხმებით.

დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, მათი წევრების ან წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევა ნებისმიერი ფორმით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაერთიანების საქმიანობაში ჩარევა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლის მიზანია გაერთიანების საქმიანობისათვის ფინანსური ან სხვა საშუალებებით ხელის შეშლა მასზე კონტროლის განსახორციელებლად.

კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შეთანხმებული პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე – 20 დასაქმებული) პირდაპირ მოლაპარაკების გამართვას ან მედიაციას, ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში.

2013 წლის 25 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა `კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი~, რომელიც ვრცელდება შრომის კოდექსით რეგულირებული შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილ კოლექტიურ დავებზე.

იმისათვის, რომ დაინტერესებული მკითხველი უკეთ გაერკვეს `კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის~ არსში, ვფიქრობთ, მას გარკვეულ დახმარებას გაუწევს ზემოაღნიშნულ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

დავა – შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.

კოლექტიური დავა – კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა ან დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე, 20 დასაქმებული) შორის.

კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.

კოლექტიური დავის მხარე – კოლექტიურ შრომით დავაში ჩართული კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ან დამსაქმებელი ან დასაქმებულთა ჯგუფი (სულ მცირე, 20 დასაქმებული).

კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი – შრომის კოდექსის 40(1) მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების შესაბამისად კოლექტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექტიური დავის მხარეა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია – შრომის კოდექსის 52(1) მუხლით განსაზღვრული კომისია.

შემათანხმებელი პროცედურა – კოლექტიური დავის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება ან მედიაცია, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური დავის გადაწყვეტას.

მედიაცია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დანიშნული მედიატორის (შემდგომში – „მედიატორი~) უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით წარმართული შემათანხმებელი პროცედურა.

შემათანხმებელი კომისია – კომისია, რომელიც კომპლექტდება კოლექტიური დავის თითოეული მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, კანონის თანახმად, როგორ უნდა გადაწყდეს კოლექტიური დავა? უფრო კონკრეტულად, მაინტერესებს, ყველა შემთხვევაში აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვა?

პასუხი:
არა, სასამართლოსთვის მიმართვა ყველა შემთხვევაში აუცილებელი არ არის; კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟისათვის მიმართვის გზით.

პროცედურულად ეს შემდეგნაირად ხდება: კოლექტიური დავის დაწყებისა და შემათანხმებელი პროცედურებით მისი გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის ინიციატორი მხარის წარმომადგენელი მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული კოლექტიური დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის მხარეები ქმნიან შემათანხმებელ კომისიას, რომელიც შექმნილად ითვლება პირველი სხდომის ჩატარებისთანავე და წყვეტს თავის არსებობას შემათანხმებელი პროცედურის დასრულებისას.

კითხვა: რა შემთხვევაშია შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილი და მოქმედი კანონის თანახმად, ვინ უნდა გაუძღვეს მას?

პასუხი:
შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას კოლექტიური დავის თითოეული მხრიდან ესწრება შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი მხარის წევრთა უმრავლესობა ან უფლებამოსილი უმრავლესობა, რომელიც განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით.

ამასთანავე განვმარტავთ, რომ თუ შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემათანხმებელი კომისიის სხდომებს მორიგეობით უძღვებიან კოლექტიური დავის მხარეთა ინტერესების გამომხატველი შემათანხმებელი კომისიის წევრები. მედიაციის მსვლელობაში, შემათანხმებელი კომისიის სხდომას შეიძლება გაუძღვეს ასევე მედიატორი. 
შემათანხმებელი კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ საოქმო ჩანაწერები და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმში, რომელიც დგება ორ პირად და რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე შემათანხმებელი კომისიის წევრები. სხდომის ოქმის თითო პირი გადაეცემა კოლექტიური დავის თითოეული მხარის შესაბამის წარმომადგენელს. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოლექტიური დავის მხარეები ყოველმხრივ უწყობენ ხელს შემათანხმებელი კომისიის ფუნქციონირებას, მათ შორის შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი წევრების სხდომებზე დასწრებისა და მუშაობისათვის შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფის მეშვეობით. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად კოლექტიური დავის მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მეორე მხარეს. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს. მედიაცია დაწყებულად ითვლება მინისტრის მიერ კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის მომენტიდან. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.

კითხვა: სად და რა ფორმით აისახება სათანადო ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ კოლექტიური დავა გადაწყდა შემათანხმებელი პროცედურებით?

პასუხი:
შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის გადაწყვეტის შემთხვევაში სათანადო ცვლილებები აისახება ინდივიდუალურ ან/და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებში კოლექტიური დავის მხარეების მიერ შეთანხმებული ფორმითა და ვადების დაცვით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რაც არ ზღუდავს კოლექტიური დავის მხარეთა უფლებას მიმართონ სასამართლოს ან შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე. კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით შემათანხმებელი პროცედურები დასრულებულად ითვლება კოლექტიური დავის გადაწყვეტის ან კოლექტიური დავის მხარეების მიერ ამ დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟისთვის (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართლოსთვის მიმართვის ან მინისტრის მიერ შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორი წესით ხდება მედიატორის დანიშვნისას კანდიდატურის შერჩევა, რომ სადავო საკითხებს იხილავდნენ ისეთი პიროვნებები, რომელთაც შესწევთ უნარი, იყვნენ მიუკერძოებელნი და მიიღონ კანონიდან გამომდინარე სამართლიანი გადაწყვეტილება?

პასუხი:
სწორედ ამ ნიშნით არის გათვალისწინებული მედიატორად დასანიშნი კანდიდატების შერჩევა მედიატორთა რეესტრიდან, რომელსაც აწარმოებს მედიაციის საორგანიზაციო სამსახური. მედიატორთა რეესტრი იქმნება შრომის სამართლის ან დაკავშირებულ სფეროებში ექსპერტული ცოდნის მქონე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პირებისაგან, რომელთაც აქვთ შრომითი ურთიერთობების საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებაში სპეციალური ცოდნა ან/და გამოცდილება და რომელთაც, მათი მიმართვის საფუძველზე, რეკომენდაციას უწევს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც არის სათათბირო ორგანო და ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე (აღნიშნული კომისიის შემადგენლობის, ფუნქციებისა და უფლებამოსილების შესახებ, სხვა დროს ვისაუბრებთ).

გარდა ამისა, კონკრეტულ კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატის შერჩევისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა, მათ შორის გამოირიცხოს მედიატორად ისეთი კანდიდატის დანიშვნა, რომელიც: კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია; კოლექტიური დავის მხარესთან ან მის წარმომადგენელთან ასრულებს ან ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს ბოლო სამი წლის განმავლობაში; კონკრეტული კოლექტიური დავის განხილვისას შესაძლოა აღმოჩნდეს მიკერძოებული ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის გამო.

როგორც წესი, ერთ კოლექტიურ დავაზე მედიატორი ინიშნება მხოლოდ ერთხელ. ამასთან, გამონაკლისი დაიშვება, თუ: კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია მინისტრის მიერ იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა; კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას ან ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მიერ მედიაციის მომსახურების განხორციელება შეუძლებელია. 
კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახური აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მხარეებს.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, ანაზღაურებადია თუ არა კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაო და თუ ანაზღაურებას ექვემდებარება, რომელი სახსრებიდან გაიცემა იგი?

პასუხი:
კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს სამინისტრო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.

კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორი ვალდებულია:

განიხილოს მედიაციის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები მიუკერძოებლად, კოლექტიური დავის გარემოებათა ობიექტურად შესწავლის საფუძველზე;

დაუყოვნებლივ, მათ შორის კავშირგაბმულობის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს `კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესით~ გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას;

მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, საორგანიზაციო სამსახურში წარადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მოიცავდეს აგრეთვე მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;

არ გაამჟღავნოს და არ გამოიყენოს კომერციული ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით;

გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებისა;

ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

`კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესისა~ და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ირინე ღლონტი