ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია და მისი უფლებამოსილებანი
#1(169), 2014
ჩვენი რუბრიკის მკითხველთა თხოვნით, დღეს ორ მნიშვნელოვან სიახლეზე ვისაუბრებთ: გაგაცნობთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და უფლებამოსილებებს; მოგაწვდით ინფორმაციას სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის იმ დარგების შესახებ, რომლის საწარმოებშიც ვრცელდება კვირაში არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო დროის ხანგრძლივობა.

უპირველესად განვმარტავთ ამ შემთხვევაში რა იგულისხმება ტერმინში – „სოციალური პარტნიორობა“; იგი არის დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და ურთიერთობათა სისტემა შრომით საკითხებთან დაკავშირებით.

კითხვა: გთხოვთ დეტალურად აგვიხსნათ, სამართლებრივად როგორი ორგანოა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელი ნორმატიული და საკანონმდებლო აქტებით ხელმძღვანელობს თავის მუშაობაში და კონკრეტულად ვის წინაშეა ანგარიშვალდებული?

პასუხი: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს კანონებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

თავისი ფუნქციონირების განხორციელების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომში _ სამმხრივი კომისია) უფლებამოსილია: კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეების მიერ დასმული საკითხები, კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა თაობაზე; კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, ასევე სხვა დაწესებულებებისაგან სამმხრივ კომისიაში განსახილველი საკითხების თაობაზე მუშაობისთვის საჭირო მასალები; 
კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, რომლის დროსაც უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი; თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ვინ არიან სამმხრივი კომისიის მხარეები, რამდენი წევრი ჰყავს თითოეულ მათგანს კომისიაში და ვინ იღებს გადაწყვეტილებას მათი კომისიაში შეყვანის შესახებ?

პასუხი: სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დასაქმებულთა გაერთიანებები და დამსაქმებელთა გაერთიანებები. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა თითოეული გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მონაწილეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე, სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც თავის მხრივ სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს.

საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა დროით განისაზღვრება სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადა და კანონით დროის რა მონაკვეთში არის გათვალისწინებული აღნიშნული კომისიის ახალი შემადგენლობის განსაზღვრა?

პასუხი: სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადა 1 წელია. ხოლო  კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე.

სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) უფლებამოსილების ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატს, რომლის შერჩევა ხდება კანონის მოთხოვნათა დაცვით, როგორც წესი, არა უგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა.

კითხვა: სამართლებრივად როგორ გადაწყდება საკითხი იმ შემთხვევაში, როცა სამმხრივი კომისიის მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს, რომელიც იყო კომისიის წევრი, მძიმე ავადმყოფობის გამო ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება?

პასუხი: შეკითხვაში აღნიშნულ შემთხვევაში, შესაბამისი მხარის დაკომპლექტებაში მონაწილე დასაქმებულთა გაერთიანებები და დამსაქმებელთა გაერთიანებები მიმართავენ შიდა კონსულტაციებს და ახორციელებენ სხვა კანონიერ პროცედურებს კომისიის კომისიის წევრობის კანდიდატის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის კანონის მოთხოვნათა დაცვით შერჩევისა და ამ პირის მეშვეობით შესაბამის კანდიდატურის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარსადგენად, როგორც წესი, არა უგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (სამმხრივი კომისიის წევრის) უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის მხრიდან სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება უზრუნველყოფს სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატის წარდგენას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის არა უგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა.

სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა; სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა; კოორდინაცია და პასუხისმგებლობა; ინფორმირებულობა; ვალდებულებათა შესრულება; ტრიპარტიზმი; კონსენსუსი.

სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:

- ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;

- შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

სამმხრივი კომისია, როგორც წესი, იკრიბება კალენდარული წლის განმავლობაში კვარტალში ერთხელ. ამასთან, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, რის თაობაზეც გადაწყვეტილება მიიღება სამმხრივი კომისიის მხარეების ხმათა 2/3-ით. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, წელიწადში ერთხელ საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. 
რიგგარეშე სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, სამმხრივი კომისიის სამდივნოსთვის სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის მიერ მიმართვიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

კითხვა: ჩვენი დასაქმებულთა გაერთიანების წევრებს დამსაქმებელთა გაერთიანების ხელმძღვანელებთან გვაქვს სადავო საკითხები. რამდენიმეჯერ მივმართეთ, მაგრამ მათი პასუხი არ გვაკმაყოფილებს. გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორი წესით წარიმართება სამმხივი კომისიის სხდომები და რა შემთხვევაში ხდება მათ მიერ ცალკეული სადავო საკითხების შესწავლა?

პასუხი: სამმხრივი კომისიის სხდომები წარიმართება სამმხრივი კომისიის მხარეთა მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. სამმხრივი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება თითოეული მხარის არანაკლებ სამი წევრისა და დამსწრეთა შორის არიან დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა და დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები. ამასთან, როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარის, ისე დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის შემთხვევაში, სამმხრივი კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში შემავალი ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი სამმხრივი კომისიის წევრი მაინც. სამმხრივი კომისიის სხდომაზე ცალკეული საკითხის შესწავლის შუამდგომლობას აყენებს ერთ-ერთი მხარე. სამმხრივი კომისიის მხარეთა 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში, სამმხრივი კომისია ვალდებულია, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ სამმხრივ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების გამოტანისას თითოეული მხარის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მხარის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ამასთან მხარის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხმა.

სამმხრივი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლისა და სხვა შესაბამისი მიზნებით, სამმხრივი კომისია ქმნის სამუშაო ჯგუფს (ჯგუფებს), რომლებიც იქმნება სამმხრივი კომისიის მხარეთა მიერ წარდგენილი პირებისაგან პარიტეტულობის პრინციპის დაცვით. სამუშაო ჯგუფს შეუძლია ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები, სპეციალისტები და დაინტერესებული პირები. ცალკეულ საკითხზე კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მხარეთა პოზიციები წერილობით წარედგინება სამმხრივ კომისიას.

სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სამმხრივი კომისიის ფარგლებში და დასახული მიზნის მიღწევისთანავე წყვეტს საქმიანობას.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ვინ წარმართავს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას, მისი თავმჯდომარის - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ადგილზე არყოფნის შემთხვევაში?

პასუხი: მსგავს ან სხვა გამონაკლის შემთხვევებში, სამმხრივი კომისიის სხდომას წარმართავს საქართველოს მთავრობის მხარის ერთ-ერთი წევრი, როგორც წესი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.

სამმხრივი კომისიის წევრობა ნებაყოფლობითია. სამმხრივი კომისიის წევრი კეთილსინდისიერად და ანაზღაურების გარეშე ეწევა სამმხრივი კომისიის წევრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. სამმხრივი კომისიის წევრი იღებს ყველა ზომას, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა სამმხრივი კომისიის სხდომებში. ამასთან, სამმხრივი კომისიის წევრი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სამმხრივი კომისიის სხდომებში მონაწილეობის უფლების სხვა პირზე დელეგირება.

კითხვა: აქვს თუ არა უფლება სამმხრივი კომისიის წევრს მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლებამოსილება და თუ აქვს - რა გზით?

პასუხი: სამმხრივი კომისიის წევრს, გარდა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა, შეუძლია მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლებამოსილება:

- სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, თუ სამმხრივი კომისიის ეს წევრი საქართველოს მთავრობის მხარის შემადგენლობაშია;

-  სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, თუ კომისიის ეს წევრი არის დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი;

- დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთიანებების იმავე მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, რომელი მხარის შემადგენლობაშიც ის არის წარმოდგენილი.

სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე.

სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის _ უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცებას, საქართველოს მთავრობიდან სამმხრივი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურები სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარედგინება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

აქ შევწყვეტთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობის სამართლებრივ საკითხებზე საუბარს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის #258 დადგენილებით დამტკიცებული დებულების დახმარებით, ვფიქრობთ, ჩვენი რუბრიკის ყველა მკითხველის შეკითხვაზე გავეცით კონკრეტული პასუხი.

რაც შეეხება ჩვენი სტატიის შესავალ ნაწილში აღნიშნულ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 13 დეკემბრის #329 დადგენილებით დაამტკიცა და რომლითაც ჟურნალის არაერთი მკითხველია დაინტერესებული, დანართის სახით სრულყოფილად გთავაზობთ.

მისი გაცნობის შემდეგ, თუ კვლავ დაგრჩათ რაიმე გაუგებარი, კონკრეტულად თქვენი საწარმოს კვირაში 48-საათიან სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით, გირჩევთ, შეგვეხმიანოთ მითითებული ტელეფონის ნომრებზე და კვლავ გაგიწევთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას.

ირინე ღლონტი

ვებგვერდი, 12/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.017496

საქართველოს მთავრობისდადგენილება №329
2013 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (2013 წლის 12 ივნისი, №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების თანდართული ჩამონათვალი.

მუხლი 2

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კვირაში არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო დროის ხანგრძლივობა გავრცელდეს ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული დარგების იმ საწარმოებზე, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს (სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო).

მუხლი 3

ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულ იმ პირზე, რომლის შრომითი პროცესი არ მოითხოვს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს და სამუშაო არ არის დაკავშირებული სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობასთან.

მუხლი 4

ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოების ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული დასაქმებულ(ებ)ის განსაზღვრისას მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს განიხილავს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 524 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი

1. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ,,სეკ 001-2004 “ეკონომიკური საქმიანობის სახეების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით განსაზღვრული ეროვნული ეკონომიკის შემდეგი დარგები:

ა) სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა;

ბ) თევზჭერა, მეთევზეობა;

გ) სამთომოპოვებითი მრეწველობა;

დ) ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;

ე) ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;

ვ) ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა;

ზ) კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;

თ) ქიმიური წარმოება;

ი) დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება;

კ) მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება;

ლ) ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;

მ) მშენებლობა;

ნ) ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;

ო) სასტუმროები და რესტორნები;

პ) ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა;

ჟ) ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;

რ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ ქვეკლასებში:

რ.ა) ქვეკლასი 75.11.3 - საგადასახადო სისტემის მართვა და ზედამხედველობა;

რ.ბ) ქვეკლასი 75.11.4 - საბაჟოს მართვა;

რ.გ) ქვეკლასი 75.12.0 - სოციალური პროგრამების მართვა;

რ.დ) ქვეკლასი 75.23.3 - სასჯელის სისრულეში მოყვანის სისტემის საქმიანობა;

რ.ე) ქვეკლასი 75.25.0 - საქმიანობა სამოქალაქო თავდაცვის დარგში;

რ.ვ) ქვეკლასი 75.30.0 - სავალდებულო სოციალური დაზღვევა;

ს) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება;

ტ) კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა.

2. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

ა) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარმოდგენას;

გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას;

გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას;

გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას;

გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას;

დ) ზოგადი განათლება;

ე) პროფესიული განათლება.