ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საქართველოს და საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში
#2(170), 2014
ჩვენი რუბრიკის მკითხველთა დიდი ნაწილი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხებითაა დაინტერესებული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან 2014 წლის 1 იანვრიდან კანონში ამ მიმართებით მთელი რიგი სასიკეთო ცვლილებები იქნა შეტანილი.

შეკითხვების ავტორებს სურთ იცოდნენ: მიმდინარე წლის დასაწყისიდან რამდენი დღით განისაზღვრება შვილის შეძენასთან დაკავშირებით ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა; არის თუ არა შეტანილი ცვლილებები ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ფასიანი და უხელფასო შვებულებით სარგებლობის წესში; გაიზარდა თუ არა შვილის შეძენის შემთხვევაში გასაცემი დახმარების ოდენობა; საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობით როგორ არის მოწესრიგებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების საკითხი და სხვა.

ვასრულებთ მათ თხოვნას და განვმარტავთ, რომ 2013 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა #1393 კანონით ცვლილებები შეიტანა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო აღნიშნულ დრომდე მოქმედ კანონში, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, 2013 წლის 11 დეკემბრიდან ცვლილებები იქნა შეტანილი „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს #231/ნ ბრძანებაში. ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, „დახმარება გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან“.

დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით (ნაცვლად 2014 წლის 1 იანვრამდე დაწესებული 477 კალენდარული დღისა), რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე (იყო – 140 კალენდარული დღე).

კითხვა: შეუძლია თუ არა დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე?

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, დასაქმებულს აქვს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თავისი შეხედულებისამებრ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე გადანაწილების უფლება. ასე რომ, მას შეუძლია გადანაწილების პროპორცია შეცვალოს ისე, როგორც მისთვის იქნება მოსახერხებელი.

2014 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებული სიახლე შეეხო იმ ოჯახებსაც, რომლებმაც იშვილეს ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. უფრო კონკრეტულად: თუ ამ დრომდე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა 365 დღით, საიდანაც ანაზღაურებადი იყო 70 კალენდარული დღე, 1 იანვრიდან დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

როგორც საქართველოს ორგანული კანონით – შრომის კოდექსით, ისე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მოცემული ტიპის შვებულებების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ შრომის კოდექსი მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებაც.

საქართველოში არსებული ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც სახელმწიფომ, ისე მეწარმეებმა უნდა იზრუნონ, რაც შეიძლება მეტად წაახალისონ დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორება. დამაფიქრებელია, რომ თუ 30 წლის წინათ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე მეტი იყო, ამჟამად დიდად გაგვისწრო აზერბაიჯანმა და ალბათ სომხეთიც მალე გაგვისწრებს, თუ შობადობის დღევანდელი რიცხვი არ გაიზრდება.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, არსებობს თუ არა მკვეთრი განსხვავება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობაში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით? უფრო კონკრეტულად: არის თუ არა მსოფლიოში ისეთი ქვეყნები, რომლებშიც დაწესებული არ არის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებების გაცემა? როგორია საზღვარგარეთის ქვეყნებში (განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნები) აღნიშნული შვებულების ანაზღაურების მექანიზმი, არის თუ არა ისეთი ქვეყნები, სადაც დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება ეძლევა ახალშობილის მამასაც, დედის შვებულებისგან დამოუკიდებლად?

პასუხი: ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, ე.წ. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, დაწესებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ავსტრალიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და პაპუა ახალი გვინეის გარდა. აშშ-ში დედას ან მამას უფლება აქვს ისარგებლოს უხელფასო დეკრეტული შვებულებით 84 დღის განმავლობაში, ავსტრალიაში – 1-წლიანით, ხოლო პაპუა ახალ გვინეაში – 42-დღიანი უხელფასო შვებულება ეკუთვნის მხოლოდ დედას.

ევროპის ქვეყნებიდან შვებულება ყველაზე ხანგრძლივია შვედეთში – 16 თვე (480 დღე), დანიაში – 420 დღე, ნორვეგიაში – 378 დღე, გაერთიანებულ სამეფოში – 273 დღე.

შვებულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, იზრდება გართულებული მშობიარობის ან ტყუპების დაბადების შემთხვევაში. მაგალითად, ბელორუსში, ესტონეთსა და ლატვიაში შვებულების ხანგრძლივობას ემატება 14 დღე, რუსეთში – 38 დღე, გერმანიაში – 28 დღე, ხოლო ესპანეთსა და შვედეთში, შესაბამისად, 14 დღე და 6 თვე თითოეულ ტყუპისცალზე. დეკრეტული შვებულება იზრდება ასევე იმის მიხედვით, თუ მერამდენე შვილია ახალშობილი. საფრანგეთში მესამე ბავშვზე დეკრეტულ შვებულებას ემატება 70 დღე, ბულგარეთში პირველ შვილზე გათვალისწინებულია 120 დღე, მეორეზე – 150, მესამეზე – 180, მეოთხეზე კი – ისევ 120 დღე.

ზოგ ქვეყანაში სავალდებულოა, რომ ქალმა შვებულებისთვის გამოყოფილი დროის ნაწილი გამოიყენოს მშობიარობამდე (ავსტრია, დანია, გერმანია, იტალია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო), ზოგან კი დასაშვებია, გაანაწილოს შეხედულებისამებრ.

დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ქალს უფლება აქვს დროებით გადავიდეს ნახევარ განაკვეთზე (გერმანია, ფინეთი, პორტუგალია).

შვებულების ანაზღაურების მექანიზმი ქვეყნების მიხედვით სხვადასხვაგვარია: შვედეთში ნაწილს ანაზღაურებს დამქირავებელი, ნაწილს – სახელმწიფო; გერმანიაში აუცილებელია კერძო სადაზღვევო პოლისი, რომელიც ანაზღაურებს ფასიანი შვებულების ნაწილს, მეორე ნაწილს ანაზღაურებს დამქირავებელი; დანიაში ანაზღაურებას გასცემს მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. უმეტეს ქვეყნებში (ავსტრია, ბელორუსი, ისრაელი, კანადა, ნორვეგია, პორტუგალია ფინეთი და ა.შ.) დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას იღებენ ჯანდაცვის, დასაქმების ან სოციალური დაზღვევის ფონდებიდან.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება ეძლევა ახალშობილის მამასაც, დედის შვებულებისგან დამოუკიდებლად (შვედეთი – 10 დღე, ნორვეგია – 54 დღე, ესტონეთი – 14 დღე, დანია – 14 დღე, ფინეთი 18 დღე, საფრანგეთი – 14 დღე, იტალია – 91 დღე, ნიდერლანდები – 2 დღე, პორტუგალია – 5 დღე, ესპანეთი – 15 დღე, გაერთიანებული სამეფო – 14 დღე). დაშვებულია ასევე დედისთვის განკუთვნილი შვებულება გაიყოს მშობლებს შორის (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი).

აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრეცედენტი პირველად 1974 წელს შვედეთის კანონმდებლობაში დაფიქსირდა. როგორც ამ ქვეყანაში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, დღესდღეობით სულ უფრო მეტი მამაკაცი იყენებს ამ უფლებას; სპეციალისტების აზრით, ამგვარი პრაქტიკა ხელს უწყობს როგორც შობადობის ზრდას (მეორე ბავშვი, უმეტესად, ისეთ ოჯახებში იბადება, სადაც მამაც სარგებლობს დეკრეტული შვებულებით), ასევე განქორწინებათა 1/3-ით შემცირებას.

კითხვა: იქნებ დაგვისახელოთ რამდენიმე ქვეყანა, სადაც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ ქალს (ან ბავშვის მამას) ეძლევა უხელფასო შვებულება და როგორი წესითა და რა ხანგრძლივობით გაიცემა იგი?

პასუხი: ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ ქალს, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალშობილის მამასაც, აქვს უფლება მოითხოვოს უხელფასო შვებულება, ე.ი. შვებულება გაიყოს მშობლებს შორის. ასე ხდება, მაგალითად, გერმანიაში, სადაც უხელფასო შვებულების ხანგრძლივობა 3 წელია, საფრანგეთში – 2 წელი, იტალიაში – 6 თვე, თუ ორივე მშობელი ისარგებლებს – სულ 10 თვე.

ნორვეგიაში 14-დღიანი უხელფასო შვებულება ეკუთვნის მხოლოდ მამას (დამქირავებელთა უმეტესობა ამ შვებულებას, როგორც წესი, ანაზღაურებს).
უხელფასო შვებულება ბავშვის მოვლისთვის ეძლევა მხოლოდ დედას 3 წლის ხანგრძლივობით ესტონეთში, ფინეთში, საფრანგეთში.

კითხვა: თუ თქვენთვის ცნობილია, გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ არის მოწესრიგებული ორსულობისა და მშობიარობის გამო დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთათვის?

პასუხი: საერთაშორისო ორგანიზაციები არ შეიძლება ექვემდებარებოდეს რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობას; შესაბამისად, იქ დასაქმებულ პირთათვის მოქმედებს შიდა საკანონმდებლო ნორმები, რომელთა თანახმადაც, ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში ქალს ეკუთვნის 112–დღიანი სრულად ანაზღაურებადი შვებულება. აქედან, არანაკლებ 70 დღე ეძლევა მშობიარობამდე.

ახალშობილის მამას ეძლევა 28-დღიანი შვებულება ასევე სრული ანაზღაურების შენარჩუნებით (მათ, ვისაც უხდებათ მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც არ აქვთ ოჯახთან ერთად ცხოვრების უფლება, შვებულება უხანგრძლივდებათ კიდევ 28 დღით – სულ 56 დღე).

დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს, სამსახურიდან დათხოვნა დაუშვებელია. გარდა ამისა, თუ დასაქმების კონტრაქტის ვადა დეკრეტულ შვებულებაზე ადრე ამოიწურება, კონტრაქტი ავტომატურად უნდა გაგრძელდეს შვებულების დასრულებამდე.

დღეს აქ შევწყვეტთ მკითხველებთან საუბარს, ვინაიდან მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ და სტატიას შემდეგი სიტყვებით დავასრულებთ: გარემოში მიმდინარე ნებისმიერ პროცესზე პირველ რიგში რეაგირებს საზოგადოების ყველაზე სათუთი ფენა – ქალები და ბავშვები. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში ცნობილ ჟურნალებში ქვეყნის დახასიათება იწყება შიდა ეროვნული პროდუქტიდან, შემდეგ კი დედათა და ბავშვთა მდგომარეობის ამსახველი პარამეტრები მოდის.

ირინე ღლონტი