ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
როგორ ვისარგებლოთ საავადმყოფო ფურცლით დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში
#4(172), 2014
ვენი რუბრიკის მკითხველთა შეკითხვების გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოელებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საწარმოებში, ორგანიზაციებში და დაწესებულებებში, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

კითხვა: რას წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი და რის გამო გაიცემა იგი?

პასუხი:
საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს დასაქმებულთა დროებით შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა: დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო ოჯახის ავადმყოფის წევრის მოვლის გამო, კარანტინის გამო, შრომისუუნარობისას დასაქმებულის დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო. პროთეზირების გამო; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. ეს უკანასკნელი ჩვენი ჟურნალის #2(170) ნომერში მიმოვიხილეთ და დღევანდელ სტატიაში აღარ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

პირებს, რომლებიც დროებითი შრომისუუნარონი გახდნენ საზღვარგარეთ ყოფნისას ან გაგზავნილი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საკონსულტაციოდ ან პროთეზირებისათვის, ადგილზე გაცემული შესაბამისი საბუთების საფუძველზე მიეცემათ საავადმყოფო ფურცელი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მკურნალობის, კონსულტაციის, პროთეზირებისათვის მთელ პერიოდზე. მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვების გამცილებლებზე, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ამავე წესით.

კითხვა: როგორი წესით მიეცემათ საავადმყოფო ფურცელი იმ პირებს, რომლებიც შრომისუუნარონი გახდნენ არა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, მივლინებით, შვებულებით ან სხვა მიზეზით ყოფნის დროს?

პასუხი:
პირებს, რომლებიც შრომისუუნარონი გახდნენ არა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, (მივლინება, შვებულება და ა.შ.) საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ (გაუგრძელდებათ) კანონის შესაბამისად, ხოლო მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მკურნალობის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში – იმ დღეების გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა მუდმივ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისთვის, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა.

საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან ავადმყოფთა სტაციონარულ ან ამბულატორიულ მომსახურებას, დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად. პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან რამდენიმე ადგილზე, მათი მოთხოვნით საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ცალ-ცალკე.

კითხვა: იქნებ აგვიხსნათ, რა არის დროებითი შრომის უუნარობის ექსპერტიზის ჩატარების მიზანი და კანონის თანახმად, ვის ეძლევა მისი ჩატარების უფლება?

პასუხი:
`ჯანმრთელობის დაცვის შესახებ~ მოქმედი კანონიდან გამომდინარე, `დროებითი შრომისუუნარობის განსაზღვრის წესის~ შესაბამისად, დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის მიზანია დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო ძირითადი ამოცანებია: დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის, მისი მომდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა; დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) გაცემა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში; რეკომენდაციების გაცემა იმ დასაქმებულებზე, რომლებიც არ არიან ცნობილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ დროებით ან მუდმივ გადაყვანას სხვა შესაფერის სამუშაოზე; რეკომენდაციების ან დასკვნების გაცემა მოსწავლეებზე (სტუდენტებზე), რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ ფაკულტეტის შეცვლას, აკადემიურ შვებულებას ან სწავლის სხვა სპეციალური პირობების შექმნას.

დროებითი შრომის უუნარობის ექსპერტიზა ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში, სერტიფიცირებული ექიმების მიერ.

საავადმყოფო ფურცლის გაცემა და გაგრძელება ხდება პაციენტის პირადი გასინჯვის საფუძველზე და დასტურდება სამედიცინო საბუთებში სათანადო ჩანაწერებით. საავადმყოფო ფურცლის მისაღებად აუცილებელია პირმა შესაბამის დაწესებულებას წარუდგინოს პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. როგორც შესავალშივე აღვნიშნეთ, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ნებისმიერი დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის გამო. ახლა კონკრეტულად განვმარტავთ მოქმედი კანონის შესაბამისად, როგორია მისი გაცემისა და გაფორმების წესი. დაავადების ან დასახიჩრების გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე.

მკურნალ ექიმს უფლება აქვს საავადმყოფო ფურცელი გასცეს ერთპიროვნულად 10 კალენდარულ დღემდე. შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. თუმცა კანონით აქაც გათვალისწინებულია ცალკეული გამონაკლისები: განსაკუთრებულ შემთხვევებში, გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით (ძნელად მისადგომ სოფლის, დაბის ამბულატორიებში, სადაც მუშაობს ერთი ექიმი) მკურნალ ექიმს უფლება აქვს ერთპიროვნულად გასცეს და გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი, შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს მკურნალ ექიმს დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, უფლება აქვს გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი არაუმეტეს 4 თვისა, ხოლო კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის არსებობისას _ შრომის უნარის სრულ აღდგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა; ცალკეულ შემთხვევებში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) – 8 თვისა, ტუბერკულოზისას – არა უმეტეს 10 თვისა, პერიოდული გაგრძელებებით ყოველი 30 დღის შემდეგ.

კითხვა: გაიცემა თუ არა საავადმყოფო ფურცელიშრომისუუნარობის დადგენის დღეს, მათ შორის, უქმე დღეებზე და გასულ პერიოდზე?

პასუხი:
საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღეს, მათ შორის უქმე დღეებზე მორიგე ექიმის მიერ. არ შეიძლება საავადმყოფო ფურცლის გაცემა გასულ დღეებზე, როცა პაციენტის ჯანმრთელობა შეუმოწმებელია ექიმის მიერ. გამონაკლის შემთხვევებში, საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს გასულ პერიოდზე:

_ თუ პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწია სასწრაფო დახმარების ექიმმა ღამის საათებში (ასეთ შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე);

_ თუ დასაქმებული საზღვარგარეთ მივლინებით ყოფნის პერიოდში ავადმყოფობის გამო ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ, რაც დასტურდება შესაბამისი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით;

_ პირზე, რომელიც დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში სამედიცინო დაწესებულების მიერ გაიგზავნა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იმავე ან სხვა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში და გაცემული დასკვნის საფუძველზე ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ ან შრომისუნარიანად;

_ თუ დადგინდა, რომ საავადმყოფო ფურცელი დადგენილი წესის მოთხოვნათა შესაბამისად დროულად არ გაიცა სამედიცინო დაწესებულების პერსონალის მიზეზით.

პაციენტებზე, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მკურნალმა ექიმმა უნდა გასცეს ღია საავადმყოფო ფურცელი და სათანადო მიმართვა მკურნალობის გასაგრძელებლად.

პირებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიგზავნენ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე და ცნობილ იქნენ შრომისუუნაროდ, საავადმყოფო ფურცელი მკურნალი ექიმის მიერ მიეცემათ ექსპერტიზაზე მიმართვის დღიდან.

კითხვა: გაიცემა თუ არა საავადმყოფო ფურცელი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს?

პასუხი:
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლისგაცემის~ მოქმედი წესის შესაბამისად, მკურნალი ექიმის მიერ, ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე), რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

_ 15 წლის ასაკის ზევით ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის, რომელიც მკურნალობს ამბულატორიულად, 3 კალენდარული დღის ოდენობით, რომლის 7 დღემდე გაგრძელება გათვალისწინებულია საჭიროების შემთხვევაში;

_ 7 წლამდე ასაკის ბავშვის ამბულატორიული მკურნალობისას, მწვავე დაავადების მიმდინარეობის მთელ პერიოდზე, ქრონიკული დაავადების გამწვავებისას – რემისიის დადგომამდე; 7 წლის ასაკის ზევით ბავშვის მოვლისათვის – არაუმეტეს 20 დღის ვადით, აუცილებლობის შემთხვევაში დანარჩენ პერიოდზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა;

_ 7 წლამდე ასაკის ბავშვის სტაციონარული მკურნალობისას – მკურნალობის მთელ პერიოდზე. 7 წლის ასაკის ზევით – მოვლის საჭიროებისას, მოვლის მთელ პერიოდზე.

– 15 წლამდე ასაკის ბავშვების მოვლისათვის, რომლებიც დაავადებულნი არიან სისხლის მძიმე დაავადებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ასევე იმუნოდეფიციტის ვირუსით ან დამწვრობით, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე.

თუ პირი შრომისუუნარო გახდა არამუდმივ საცხოვრებელ ადგილას, საავადმყოფო ფურცელი მისი მოვლისათვის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით გაიცემა იმ პირზე, რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს.

საავადმყოფო ფურცელი კარანტინის დროს გაიცემა ექიმი-ეპიდემიოლოგის ან ექიმი-ინფექციონისტის მიერ, თუ ასეთი არ არის – მკურნალი ექიმის მიერ: პირებზე, რომლებიც იმყოფებიან კონტაქტში ინფექციურ ავადმყოფებთან და ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით არიდებულნი არიან სამუშაოს ან თვითონ არიან ბაცილამატარებლები, დღეების იმ რაოდენობით, რაც დადგენილია მოცემული ინფექციური დაავადებისათვის ან საჭიროა სანაციისათვის; ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე), 7 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვის მოვლისათვის, სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე, კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში – კარანტინის მთელ პერიოდზე.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, კონკრეტულად ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლისუსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისთვის?

პასუხი:
საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისათვის დისციპლინური ადმინისტრაციული, პროფესიული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე – სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს) ან ამ ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე და საავადმყოფო ფურცლის გაცემაზე პასუხისმგებელ სხვა პირს.

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის რეკომენდაციის საფუძველზე, დროებით შრომისუუნაროებს, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე შეუძლიათ სხვა სამუშაოს შესრულება, საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ არა უმეტეს 3 კალენდარული თვისა წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იმავე ან სხვა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტები იგზავნებიან ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ან მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად:

_ გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს, დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლოვობის მიუხედავად, მაგრამ არა უგვიანეს 4 თვისა;

_ კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს არა უგვიანეს 6 თვისა;

_ ცალკეულ შემთხვევებში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) – 8 თვისა, ხოლო ტუბერკულოზისას – არა უგვიანეს 10 თვისა;

_ მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შრომითი რეკომენდაციის შეცვლის მიზნით;

_ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი იხურება ამ სტატუსის დადგენის დღიდან.

საპროთეზო-ორთოპედიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისას, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე მგზავრობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა.
ამბულატორიულ პირობებში პროთეზირებისათვის საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა.

ავადმყოფებს, რომელთაც არ დაუდგინდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი და უგრძელდებათ დროებითი შრომისუუნარობა, საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდებათ შრომის უნარის აღდგენამდე ან სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე განმეორებით გაგზავნამდე, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შრომისუნარიანად ცნობის გამო არ დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, საავადმყოფო ფურცელი ეხურებათ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

იმ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით, მან საავადმყოფო ფურცელი უნდა დაადასტუროს ხელისმოწერით და ბეჭდის დასმით.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა ჩაითვლება ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევად?

პასუხი:
ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმისდარღვევად ჩაითვლება ამბულატორიულ მიღებაზე, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე დანიშნულ დღეს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ექიმთან მიღებაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება, ექიმის ნებართვის გარეშე სხვა დასახლებულ პუნქტში წასვლა, სტაციონარის უნებართვოდ დატოვება. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – `აღნიშვნები რეჟიმის დარღვევის შესახებ~, ჩაიწერება რეჟიმის დარღვევის სახეები და დღეები. შრომისუუნაროს, რომელიც დანიშნულ დღეს არ გამოცხადდა ექიმთან არასაპატიო მიზეზით, საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდება მხოლოდ ექიმთან გამოცხადების დღიდან. თუ შრომის უნარი აღდგენილია, გრაფაში – `შეუდგა მუშაობას~, ჩაიწერება – `გამოცხადდა შრომისუნარიანი~ თარიღის აღნიშვნით.

აქვე გაცნობებთ, რომ ჰოსპიტალიზაციაზე, სამედიცინო გამოკვლევებზე ან სამკურნალო პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმა, ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევად არ ჩაითვლება.

ირინე ღლონტი