ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
#5(173), 2014
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 31 ოქტომბერს მიიღო და ამოქმედდა იმავე წლის 1 დეკემბრიდან. მასში დღემდე არაერთი ცვლილება და დამატებაა შესული, ამიტომ ბუნებრივია ის დაინტერესება, რომელსაც ჩვენი რუბრიკის მკითხველი იჩენს აღნიშნული კანონის მიმართ.

დღევანდელ სტატიას სწორედ მიღებული შეკითხვების გათვალისწინებით შემოგთავაზებთ და შევეცდებით, არც კანონში შესული ძირითადი სიახლეები დავტოვოთ ყურადღების გარეშე.

კითხვა: რა არის საჯარო სამსახური და სახელმწიფო თანამდებობა?

პასუხი:
საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო (იგივე – სახელმწიფო) ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობას, იგი არის საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით.

სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

კითხვა: მოქმედი კანონის თანახმად, ვინ წარმოადგენს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს?

პასუხი:
სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამ  დებობის პირებს წარმოადგენენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი (28.04.2006 წ. #2945), აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები (10.11.2006 წ. #3653).

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა (29.06.2010 წ. #3204).

სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:

• საქართველოს პარლამენტი, გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატებისა (10.11.2006 წ. #3653);

• საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (28.04.2006 წ. #2945);     

• საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები (02.05.2014 წ. #2363);

• საქართველოს იუსტიციის საბჭო;   

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, საქართველოს პროკურატურა;

• საქართველოს ეროვნული ბანკი;

• სახელმწიფო აუდიტის სამსახური (22.06.2012წ. #6550 ამოქმედდა 2012 წლის 1 ივლისიდან);

• საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და სააგენტოები;

• სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი ადმინისტრაცია (11.07.2007 წ. #5248).

გარდა ამისა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:

• აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, გარდა ამ ორგანოების ფრაქციათა აპარატებისა (10.11.2006 წ. #3653);

• აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ დაწესებულებებში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად და იქვე მიგვითითოთ საჯარო სამსახურის სახეები?

პასუხი:
ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: საკრებულო, გამგეობა, მერია, მუნიციპალიტეტი.

საქართველოში საჯარო სამსახური ერთიანია, მაგრამ იგი იყოფა შემდეგ სახეებად – სახელმწიფო სამსახური და სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში.

საჯარო მოსამსახურე კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში (17.05.2011წ. #4676 ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 30 ე დღეს). მოსამსახურე, რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, არის სახელმწიფო მოსამსახურე, ხოლო პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე.

საჯარო სამსახურს ეწევიან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოხელეები, დამხმარე მოსამსახურეები, შტატგარეშე მოსამსახურეები.

მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად. 
დამხმარე მოსამსახურე არის ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებითგარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

კითხვა: გთხოვთ აგვიხსნათ, დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვინ ადგენს საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებას და თანამდებობრივ სარგოებს? უფრო კონკრეტულად – ვის აქვს საქართველო პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობათა სარგოების დადგენის, ასევე, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის (ზედა და ქვედა ზღვრების) განსაზღვრის უფლება, თანამდებობათა რანგების მიხედვით? მაგალითისთვის, მაინტერესებს, ვინ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებას?

პასუხი:
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, აგრეთვე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნულ ან არჩეულ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს კანონი. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრებს სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით (20.09.2013 წ. #1262; ძალაშია 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, ე.ი. 2013 წლის 17 ნოემბრიდან).

რაც შეეხება თქვენს შეკითხვაში მაგალითის სახით მოყვანილ საკითხს, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს _ შესაბამისი სახელმწიფო მინისტრი. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფორმულირება „საჯარო სამსახურის შესახებ~ კანონში საქართველომ პარლამენტმა შეიტანა 2014 წლის 2 მაისს (#2363).

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 20 სექტემბრის #1262 კანონით (რომელიც ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, ე.ი. 2013 წლის 17 ნოემბრიდან) სახელმწიფო მოხელეთათვის დადგენილია შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, შეიძლება თუ არა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა?

პასუხი:
მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 12 ივნისის #436 კანონით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

კითხვა: რა შემთხვევაში არ მიიღება პირი საჯარო სამსახურში?

პასუხი:
პირი საჯარო სამსახურში არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

• თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

• იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში (24.09.2010 წ.N#2972; ძალაშია 2010 წლის 1 ოქტომბრიდან);

• სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვსშესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.

სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა (ვინაიდან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სია საკმაოდ ვრცელია, წინამდებარე სტატიის ფარგლებში მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გამოვაქვეყნოთ სრული ჩამონათვალი. აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს~ ვებ-გვერდზე:

https://matsne.gov.ge/index.php?option= com_ldmssearch&view=docView&id=33550) – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა (22.03.2013 წ. #386). რაც შეეხება მოსამსახურეს, რომელიც რეგისტრირებულია კანდიდატად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ის მოვალეა იხელმძღვანელოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით.

„საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები სამსახურში მისაღებად. კერძოდ, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება შემოიღოს დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) ან ზემდგომმა უფროსმა (29.06.2010 წ. #3204). ამასთანავე, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) შეიძლება შემოიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტით(29.06.2010 წ. #3204). 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება „ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტით. საქართველოს პარლამენტის აპარატის შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით (26.10.2010 წ. #3764).

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორი წესით ხდება მოხელის სამსახურში მიღება, ვის აქვს მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლება და რა პერიოდით განისაზღვრება საჯარო სამსახურის ვადა?

პასუხი:
მოქმედი კანონის თანახმად, მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით. თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ მოხელეს. თანამდებობა, რომელზეც მოხელის დანიშვნის უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს, განისაზღვრება კანონმდებლობით.

მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მაგალითად, სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი _ მოხელის სამსახურში გამოსვლა  მდე ან თანამდებობიდან განთავისუფლებამდე; თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი _ კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე; საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და მრჩეველი (ექსპერტი), საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელე _ არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით (28.04.2006 წ. #2945) და სხვა.

პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. 
არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კანონით დადგენილი წესით. ამასთან, გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზისგამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.

გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება:

• პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ;

• პარლამენტის მიერ არჩეული ან დანიშნული მოხელის მიმართ;

• პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ;

• პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ (23.12.2005 წ. #2470);

• აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეულ მოხელეთა მიმართ (10.11.2006 წ. #3653);

• დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის დოკუმენტები უნდა წარადგინოს პირმა საჯარო სამსახურში მიღების დროს?

პასუხი:
სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:

• განცხადება;

• Curriculum Vitae (CV) – 17.05.2011 წ. #4676 ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 

• განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა (22.03.2013 წ.N#386);

• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები (04.12.2009 წ. #2222).

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველი.

პირი, რომელიც პირველად იქნა მიღებული სამსახურში, დამნიშვნელ მოხელეს წარუდგენს შემდეგი შინაარსის ფიცს: „შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზედაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი~. დამნიშვნელი თანამდებობის პირი ხელს აწერს ფიცის ტექსტს, რომელიც შემდგომ ინახება მოხელის პირად საქმესთან ერთად.
„საჯარო სამსახურის შესახებ~ კანონის შესაბამისად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამავე კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაზეც ქვემოთ, შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, გვექნება საუბარი. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ მონაცემებს:

• სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;

• კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

• შესასრულებელი სამუშაო;

• თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

• განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

• შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

კითხვა: ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, გთხოვთ გვაცნობოთ, ვინ შეიძლება დაინიშნოს საჯარო თანამდებობაზე უკონკურსოდ?

პასუხი:
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 29 ივნისის #6611 კანონით, რომელიც გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შევიდა ძალაში, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:

• საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები;

• აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები;   

• მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები, მრჩევლები;

• პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით;

• თანამდებობაზე დროებით შემცვლელები;

• დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;

• მოხელეები – სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში (22.03.2013 წ. #386);

• მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდე  ბობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული (22.03.2013 წ. #386).

კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ. მითითებული კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შეფასების შემდგომ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან საერთოდ უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ (28.04.2006 წ. #2945).

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

დღეს აქ შევწყვეტთ „საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხთა განმარტებას. მოსამსახურის უფლებებსა და გარანტიებზე, სამსახურებრივ მოვალეობებსა და საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირებაზე, საჯარო მოსამსახურეთა ქცევის ზოგად წესებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს ჩვენი ჟურნალის შემდგომ ნომრებში გავაგრძელებთ.

ირინე ღლონტი