ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები
#7(175), 2014
დღეს დავასრულებთ ჩვენი ჟურნალის #5(173)-ში დაწყებულ საუბარს, რომელიც საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს შეეხებოდა და პასუხს გავცემთ მკითხველთა კონკრეტულ შეკითხვებს.

მოქმედი კანონის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი. მოსამსახურის სამუშაო დრო 5-დღიანი სამუშაო კვირით განისაზღვრება, რომლის მიხედვითაც სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.

მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, რომლის გაცემაც უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

კითხვა: არის თუ არა გათვალისწინებული სხვა დანამატების დაწესება საჯარო მოხელისთვის და თუ არის, რა შემთხვევაში?

პასუხი:
სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

კითხვა: უცხოეთში მოსამსახურის რა ვადით მივლინება ითვლება გრძელვადიან მივლინებად, როგორ განისაზღვრება მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება, კომპენსაციის ოდენობა და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები? გვაინტერესებს აგრეთვე, რის მიხედვით განისაზღვრება სხვა სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში საჯარო მოსამსახურის გაგზავნის წესი და პირობები?

პასუხი:
უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება  ასევე სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მოსამსახურის წარგზავნის წესი, მისი სამივლინებო და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები.

საჯარო მოსამსახურისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა (აღსანიშნავია, რომ ეს დებულება ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან). საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულებაანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება როგორც მთლიანად, ისე ნაწილ-ნაწილ.

მოსამსახურეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო 183 კალენდარული დღის ხანგრძლივობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დახმარება (აღნიშნული დებულება ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან). მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია. ამასთან, მას შეუძლია შვებულება გადაანაწილოს თავისი შეხედულებისამებრ, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში, კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას ანაზღაურებს დაწესებულება შესაბამისი ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან. გარდა ამისა, მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი.

კითხვა: პირადად ჩემ მიმართ შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, განმიმარტოთ, არის თუ არა კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება?

პასუხი:
სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება დასაშვებია მხოლოდ მოხელის თანხმობით, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა:

* მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს პირადი უფროსის ან დაწესებულების ხელმძღვანელის ერთჯერადი უშუალო განკარგულება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (დაწესებულების ხელმძღვანელის განკარგულების შესახებ მოსამსახურემ უნდა აცნობოს თავის პირად უფროსს);

* მოსამსახურემ უნდა შეასრულოს და¬წესებულების ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია ამ დაწესებულებაში სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალების შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს;

* სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულებისას.

მოხელეს, რომლის ჯანმრთელობა სამედიცინო დასკვნის საფუძველზე წინააღმდეგ ნაჩვენებია დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის გაგრძელებასთან, უფლება ეძლევა იმავე დაწესებულებაში მიიღოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი თანამდებობა, გარდა კონკურსის წესით შესავსები თანამდებობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებაში არ არის მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი თანამდებობა ან თუ მოხელე ვერ აკმაყოფილებს სხვა მოთხოვნებს, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესის მიხედვით.

სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მოხელეს უფლება აქვს მოითხოვოს სამსახურებრივი პირობების დროებით შემსუბუქება ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დროებით გადაყვანა, გარდა კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობისა. მოხელეს ეძლევა ახალი თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება ძველი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. თუ ახალი თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო ძველ თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, მოხელეს უნარჩუნდება ძველი სარგო. მოხელისათვის სამსახურებრივი პირობების შემსუბუქების და მისი შესაბამისი გადაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დასკვნაში მითითებული ვადის გათვალისწინებით მოხელე თავისუფლდება თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ფეხმძიმე ქალებზე ფეხმძიმობის პერიოდში.

კითხვა: ეკუთვნის თუ არა საჯარო მოხელეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად?

პასუხი:
სახელმწიფო მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით ეძლევა სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამსახურე ვალდებულია როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.

მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი. მას არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის. სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას. არ შეიძლება მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები.

საჯარო მოხელეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს.

კითხვა: აქვს თუ არა სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება შეითავსოს სხვა ანაზღაურებადი სამუშაო და რა შემთხვევებში?

პასუხი:
სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში (24.02.2004 წ. #3397).

სამსახურიდან გათავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ დაწესებულებაში ან ეწეოდეს საქმიანობას იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე არ აქვს უფლება ასეთი დაწესებულებიდანან საწარმოდან მიიღოს შემოსავალი.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, მოქმედი კანონის თანახმად, რა ოდენობის დახმარებების გაცემაა გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის დაღუპვის ან დაინვალიდების შემთხვევაში?

პასუხი:
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მოსამსახურეზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 5000 ლარისა. 

კანონი ცალკე არეგულირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით  დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი დახმარების ოდენობას. კერძოდ, მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7000 ლარისა.

კომპეტენციის გავრცელებადობისა და უფლებამოსილების დონის მიხედვით, საჯარო სამსახურში თანამდებობები იყოფა შემდეგ რანგებად:

* მთავარი საჯარო თანამდებობა;

* წამყვანი საჯარო თანამდებობა;

* უფროსი საჯარო თანამდებობა;

* უმცროსი საჯარო თანამდებობა.

რანგების მიხედვით საჯარო თანამდებობათა კონკრეტული ნუსხა განისაზღვრება საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა (ეს დებულება ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან).

კითხვა: რას აღნიშნავს მოხელის საკლასო ჩინი, რამდენი სახის საკლასო ჩინი შეიძლება მიენიჭოთ საჯარო მოხელეებს დაკავებულითანამდებობების შესაბამისად და შესაძლებელია თუ არა საჯარო სამსახურში დაწესდეს დიპლომატიური რანგები?

პასუხი:
მოხელის საკლასო ჩინი აღნიშნავს მისი პროფესიული დონისა და მონაცემების შესაბამისობას განსაზღვრული თანამდებობისთვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. მოხელეებს საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ შემდეგი საკლასო ჩინი:

* მთავარ საჯარო თანამდებობაზე _ ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო მრჩეველი.

* წამყვან საჯარო თანამდებობაზე _ პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი.

* უფროს საჯარო თანამდებობაზე _ საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი.

* უმცროს საჯარო თანამდებობაზე _ საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის რეფერენტი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამსახურში წესდება დიპლომატიური რანგები და სხვა საკლასო ჩინები. საჯარო სამსახურში საკლასო ჩინების შესაბამისად შეიძლება დაწესდეს განმასხვავებელი ფორმის ტანსაცმელი.

საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის პრინციპით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო მოსამსახურემ უნდა დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. 
მან ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი სახსრებით, რათა არ გაიფლანგოს ისინი.

თუ საჯარო მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მას აქვს ინფორმაცია, რომ იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ, ან მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მან აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს.

საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.

საჯარო მოსამსახურემ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპით. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა
(12.06.2009 წ. #1183).

კითხვა: თუ შეიძლება, გვაცნობეთ, მოქმედი კანონის თანახმად, როგორი წესით ხდება სახელმწიფო მოხელისთვის საკლასო ჩინის მინიჭება? ვინ ანიჭებს მოხელეს ჩინს და ახდენს თუ არა ჩინი გავლენას მის ანაზღაურებაზე?

პასუხი:
საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ხდება მოხელის მიერ ატესტაციის გავლის შედეგების მიხედვით. საკლასო ჩინს ანიჭებს:

* სახელმწიფო მრჩევლებს _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი (ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან);

* პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის რეფერენტებს _ შესაბამის თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი).

მოხელეს, რომელსაც მიენიჭა საკლასო ჩინი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა თანამდებობრივი სარგოს დანამატი. სხვა თანამდებობაზე (სხვა დაწესებულებაში) გადასვლისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული დანამატი. დანამატის გაანგარიშების საფუძველია მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო (23.10.2008 წ. #399). 
აღსანიშნავია, რომ მოხელეს თანამდებობიდან გადადგომისას უნარჩუნდება საკლასო ჩინი მითითებით „გადამდგარი“.

მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებულისირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დაწესებულია წახალისების სხვადასხვა ფორმა.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, მოხელის წახალისების და სამსახურებრივი წახალისების და დაწინაურების რა ფორმები არსებობს და შეიძლება თუ არა ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა?

პასუხი:
კანონმდებლობით დადგენილია წახალისების შემდეგი ფორმები:

* მადლობის გამოცხადება;

* ერთდროული ფულადი ჯილდო;

* ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

* თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.

ამასთანავე, შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.

მოსამსახურეს მადლობა შეიძლება გამოუცხადოს უფროსმა, რომელსაც აქვს ბრძანების გამოცემის უფლება. ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების შეტანის უფლება აქვს ყოველ უფროსს და დაწესებულებას.

რაც შეეხება მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენებას, აღნიშნული შეუძლია მის უშუალო ხელმძღვანელ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას

კითხვა: ვინ შეიძლება გამოიყენოს მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და რა სახის შეიძლება იყოს იგი?

პასუხი:
იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

* შენიშვნა;

* გაფრთხილება;

* არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

* სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა;

* უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა _ არა უმეტეს ერთი წლისა;

* სამსახურიდან განთავისუფლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
 
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას უფლება აქვს მოხელეს ვადამდე ადრე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება წერილობით ორ პირად. 
ერთი პირი რჩება იმ თანამდებობის პირთან ან დაწესებულებასთან, რომელმაც ვადამდე ადრე მოუხსნა მოხელეს პასუხისმგებლობა, მეორე პირი კი გადაეცემა თვითონ მოხელეს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში. ამასთან, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

კითხვა: იქნებ აგვიხსნათ, რატომ გახდა ამ უკანასკნელ წლებში აუცილებელი საჯარო დაწესებულებებში ატესტაციის ჩატარება, რისთვის ტარდება იგი და ვის მიერ განისაზღვრება მისი ჩატარების წესი? რომელი საჯარო მოსამსახურე ექვემდებარება და რომელი არა?

პასუხი:
მოქმედი კანონის თანახმად, მოხელის ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან). ტესტირებას ექვემდებარებიან:

* საჯარო მოხელეები 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

* კანდიდატ(ებ)ი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

ტესტირებას არ ექვემდებარებიან:

* საჯარო მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

* საჯარო მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლო  ბითი ორგანოები;

* საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურში მიღებული არიან განსაზღვრული ვადით.

მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. კანონის თანახმად, საჯარო მოხელის გათავისუფლება გათვალისწინებულია სხვადასხვა მიზეზით: 
სამსახურის ვადის გასვლის გამო, თუ იგი თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული;  დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ან დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით; დაწესებულების რეორგანიზაციის გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. ამ შემთხვევაშიც დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები; სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო; გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო და სხვა.

დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას, მოხელეს კომპენსაციის სახით უნდა მიეცეს 2 თვის თანამდებობრივი სარგო, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში – 1 თვის თანამდებობრივი სარგო.

აღსანიშნავია, რომ მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.

ირინე ღლონტი