ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
რა სიახლეებს გვპირდება კანონი - სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
#10(178), 2014
განვაგრძობთ ჩვენი ჟურნალის მიმდინარე წლის მე 8 ნომერში დაწყებულ მიმოხილვას, რომელიც ზემოაღნიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის სამართლებრივ საფუძვლებს და ამ მიმართებით კანონში მომხდარ გარკვეულ სიახლეებს შეეხებოდა.

დღევანდელ ნომერში განვმარტავთ, როგორი წესით ინიშნება კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მიღების უფლების მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი; გარდაიცვალა და დარჩა ოჯახის წევრები, რომელიც მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ; კატეგორიების მიხედვით მიმოვიხილავთ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის, გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს, მისი მიმღების უფლება-მოვალეობებს, ასევე შევეხებით 2015 წლიდან განსახორციელებელ იმ სიახლეებს, რომელთა შესახებაც უკვე მიღებულია კანონი და პასუხს გავცემთ მკითხველთა შეკითხვებს. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას წარმოადგენს კომპენსაცია მარჩენალის დაკარგვის გამო და დასაშვებია თუ არა კანონით, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო პენსიის ერთდროულად მიღება, თუ კონკრეტული პიროვნება აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც თითოეული მათგანის დასანიშნად არის საჭირო?

პასუხი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ზემოაღნიშნული კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებელი, თუ იგი მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, მაგრამ ერთდროულად სახელმწიფო პენსიას და სახელმწიფო კომპენსაციას ვერ მიიღებს.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირებს*, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან და მისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;

 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

პარლამენტის წევრებს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას, ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, ხოლო პარლამენტის ყოფილ წევრებს:

 სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;

 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50% ის ოდენობით.

* აღნიშნული პირები კონკრეტულად ჩამოვთვალეთ ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში (იხ. ჟურნალის მე-8 ნომერი), ამიტომ ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ, იხილონ ჟურნალის ნახსენები ნომერი ან, საკითხის უფრო დეტალურად გასარკვევად, დახმარებისთვის მოგვმართონ ზემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

კითხვა: როგორი წესით განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში?

პასუხი: სამოქალაქო ავიაციის მოსამსახუ  რეთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;

 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ზემოაღნიშნული კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება კანონით დადგენილი წესით და მისი ოდენობაა გარდაცვლილის კომპენსაციის 75%. ამასთანავე, გარდაცვლილის მუშაობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება კანონით განსაზღვრულ ნამსახურობის სრულ ვადას.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, ოჯახის ყველა წევრს ენიშნება კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე პირის გარდაცვალების გამო?

პასუხი: ამ შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, ხოლო მშობლებს და შვილებს (ასაკის მიუხედავად).

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობაა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა~ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნის მომენტისათვის ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობაა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა~ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორი წესით და ოდენობით ენიშნებათ კომპენსაცია პროკურატურის მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს?

პასუხი: პროკურატურის მუშაკის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაცია ენიშნება მხოლოდ გარდაცვლილის შვილებს _ 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის მუშაკი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა~ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. 
ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე (კანონის აღნიშნული დებულება ამოქმედდება 2015 წლის 1 იანვრიდან).

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორი ოდენობით ენიშნებათ კომპენსაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილსა და მეუღლეს?

პასუხი: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ასეთივე წესითა და ოდენობით ინიშნება კომპენსაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში.

საქართველოს პარლამენტის წევრის (ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათი გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა რეგულირდება „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ~ და „ნ~ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის #866 კანონის თანახმად. კომპენსაცია ენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომლის ოდენობა 2014 წელს 500 ლარს შეადგენს, ხოლო 2015 წლიდან გახდება 1000 ლარს.

კითხვა: თუ შეიძლება, აგვიხსენით, სამართლებრივად უზრუნველყოფის რა სახეა 2013 წლის 25 ივლისის #866 კანონის თანახმად გაზრდილი კომპენსაცია, ერთჯერადად გაიცემა იგი წლის განმავლობაში, თუ თვეში ერთხელ მიიღებს ოჯახი კანონით განსაზღვრულ სოლიდური ოდენობის თანხას?

პასუხი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ~ და „ნ~ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.

აქვე განვმარტავთ, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონის შესაბამისად დანიშნული ყველა სახის კომპენსაცია ყოველთვიურად გაიცემა. 

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირებას ახდენს კომპეტენტური ორგანო, რომლის უფლება-მოვალეობებია:

 კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;

 თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

მაძიებელსა/კომპენსაციის მიმღებ პირსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, კონკრეტულად რომელ კომპეტენტურ ორგანოს უნდა მივმართოთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად (კანონში ყველგან მხოლოდ „კომპეტენტური ორგანოა~ მითითებული, თუ თქვენთვის ცნობილია, ეგებ მისამართიც დაგვიკონკრეტოთ)?

პასუხი: სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხზე უნდა მიმართოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულპირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #144; ცხელი ხაზი: 15-05; ვებგვერდი: www.ssa.gov.ge)

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებს სახელმწიფო გარკვეულ უფლება-მოვალეობებს აკისრებს. კერძოდ, აღნიშნულ პირს უფლება აქვს:

 მიიღოს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

 დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

ამასთანავე, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები ვალდებულია: აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

კითხვა: რა სახის ნორმატიული აქტით განისაზღვრება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე მისი დანიშვნის პირობები?

პასუხი: კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განსაზღვრულია „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით. 

კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფოაკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევისა.

კითხვა: მოქმედი კანონის თანახმად, რამდენ დღეში არის ვალდებული კომპეტენტური ორგანო განიხილოს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე მიღებული განცხადება და საბუთები?

პასუხი: კომპეტენტური ორგანო ვალდებულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე წარდგენილი განცხადება და ყველა საჭირო საბუთი განიხილოს მათი წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის განმავლობაში. ამასთან, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება ზემოთ ნახსენები საერთო წესის შესაბამისად.

კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება მის ოდენობაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად.
მოქმედი კანონის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილას, მიმღების სურვილის მიხედვით. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის ორგანიზება ხდება „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით.

კითხვა: წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. 3 წლის წინ გავთავისუფლდი სამუშაოდან და დამენიშნა კომპენსაცია, რომელსაც ყოველთვიურად ვიღებ. ვარ მარტოხელა, პირველი ჯგუფის ინვალიდი. ოქტომბრის თვეში დამიგვიანეს კომპენსაციის ბინაზე მოტანა, თვეც დამთავრდა, მაგრამ არც კომპენსაცია ჩანს და არც შეტყობინება, თუ რატომ არ მომიტანეს იგი. გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა ვალდებული კურიერი, რომელსაც კომპენსაცია მოჰქონდა ჩემთვის, კვლავ გააგრძელოს მისი ბინაზე მოტანა და თვის რომელ რიცხვამდე უნდა შეასრულოს თავისისამსახურებრივი მოვალეობა (პასუხში გთხოვთ მიუთითოთ საფუძველი)?

პასუხი: მიმდინარე თვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

მოქმედი კანონის შესაბამისად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

 კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;

 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას; 

 პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. 

კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან, თუ კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილი იქნება შესაბამისი საბუთები.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კომპენსაცია/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია?

პასუხი: კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

 პირადი განცხადებით;

 საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;

 არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;

 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ პუნქტის „ბ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

 სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – კომპენსაციის შეჩერების დღიდან;

 საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

 სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

 კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალებისას;

 კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;

 სხვა საფუძვლით, თუ იგი გამომდინარეობს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონიდან.

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კითხვა: შეიძლება თუ არა კომპენსაციიდან ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება და რა შემთხვევაში?

პასუხი: კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია მიმღების მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით. 
სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 

ირინე ღლონტი