ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ვადების გამოთვლისა და ხანდაზმულობის მნიშვნელობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში - #7(187), 2015
ამჯერად, ჩვენი რუბრიკის მკითხველებს მივაწვდით ინფორმაციას შემდეგ თემებზე: რას ეწოდება სამოქალაქო სამართალში ვადა და როგორი წესით ხდება მისი გამოთვლა; რა სახის ხანდაზმულობის ვადები არსებობს; როგორ იწყება ხანდაზმულობის ვადა, რა შემთხვევაში ხდება მისი შეჩერება და შეწყვეტა; როგორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხანდაზმულობის ვადის გასვლას და სხვა.

განვმარტავთ, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ვადა ეწოდება დროის მონაკვეთს, რომლის დადგომას თუ გასვლას მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგები. ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო უფლებები, ზოგჯერ პირდაპირ არის მითითებული კანონში, ბევრჯერ კი მასში სამოქალაქო უფლების მოქმედების დრო წინასწარ არ არის მოცემული (მაგალითად, საკუთრების უფლება). არის შემთხვევები, როცა ვადა ზღუდავს უფლებისგანხორციელებას, ე.ი. კანონი ადგენს პერიოდს, რომლის გასვლის შემდეგ უფლება აღარ განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ვადა შეიძლება გათვალისწინებული იყოს არა მარტო უფლების განხორციელების ნორმალური პირობებისთვის, არამედ ამ უფლების დარღვევის აღკვეთისთვის, მისი დაცვის განხორციელებისთვის. ვადის გასვლას მრავალნაირი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს: თუ ერთ შემთხვევაში ვადის გასვლა იწვევს სუბიექტური სამოქალაქო უფლების შეწყვეტას, მეორე შემთხვევაში ამას მოჰყვება მხოლოდ ამ უფლების დაცვის შესაძლებლობის დაკარგვა, რაც ზოგჯერ დაბრკოლებას უქმნის უფლებამოსილ პირს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა საფუძვლისმიხედვით ხდება ვადების კლასიფიკაცია და ძირითადად როგორი ვადები არსებობს?

პასუხი: ვადების კლასიფიკაცია სხვადასხვა საფუძვლით ხდება. იმის მიხედვით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული სამოქალაქო უფლების რეალიზაციის ვადა, განასხვავებენ კანონიერ, სახელშეკრულებო და სასამართლო ვადებს. კანონიერია ვადა, რომელიც განსაზღვრულია კანონით თუ სხვა ნორმატიული აქტით. მაგალითად, კანონითაა დადგენილი სასამართლოს მიმართვის ვადა, სამკვიდროს მიღების ვადა და სხვა. სახელშეკრულებო არის ვადა, რომელიც დაწესებულია მხარეთა შეთანხმებით, ხოლო სასამართლო ვადა არის ის ვადა, რომელსაც სასამართლო ადგენს.

იმის მიხედვით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვადის დადგომას ან გასვლას, სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ უფლების წარმომშობ, უფლების შემცვლელ და უფლების შემწყვეტ ვადას.

თავისი დანიშნულების მიხედვით კანონი ითვალისწინებს: სამოქალაქო უფლების წარმოშობის ვადას, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადას, ვალდებულებების შესრულების ვადას და უფლების დაცვის ვადას ანუ ხანდაზმულობის ვადას.

უფლების წარმოშობის ვადა ის დროა, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს სამოქალაქო უფლების წარმოშობას; უფლების განხორციელების ვადა ის პერიოდია, რომლის განმავლობაში პირს, რომელსაც აქვს სამოქალაქო უფლებები, შეუძლია გამოიყენოს ამ უფლებებით გათვალისწინებული შესაძლებლობები.

კითხვა: შეიძლება თუ არა სამოქალაქო უფლებათა განხორციელების ვადები გათვალისწინებულ იქნეს მხარეთა შეთანხმებით?

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა განხორციელების ვადები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს როგორც კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ისე მხარეთა შეთანხმებით.

სამოქალაქო უფლებათა განხორციელების ვადები შემდეგი სახისაა:

• სამოქალაქო უფლებათა მოქმედების ვადა (აღმკვეთი ვადა);

• საპრეტენზიო ვადა;

• საგარანტიო ვადა;

• ვარგისიანობის და ტრანსპორტაბელურობის ვადა.

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, კანონის თანახმად რა როლს თამაშობენ საპრეტენზიო და საგარანტიო ვადები სამოქალაქო უფლებათა განხორციელების საქმეში?

პასუხი: საპრეტენზიო ვადა არის დრო, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ პირს შეუძლია, სანამსასამართლოს მიმართავდეს, უშუალოდ ვალდებულ პირს მიმართოს წარმოშობილი უთანხმოების მოსაგვარებლად. ასეთი ვადის მიზანია უფრო დროულად და მარტივად მოგვარდეს ნებაყოფლობის საწყისებზე მხარეთა შორის მოსალოდნელი დავა დარღვეული უფლებების დასაცავად. საპრეტენზიო ვადების დაწესება ხშირად გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის გარიგებებში და მომსახურების სფეროში. ეს ვადა, ჩვეულებრივ, ერთ წლამდე პერიოდით განისაზღვრება, თუმცა შეიძლება მეტი დროც იქნეს დადგენილი პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად. პირი, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს პრეტენზია, ვალდებულია წერილობით უპასუხოს უფლებამოსილ პირს, რომ უარს ეუბნებიან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია პირს სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 

იმ პროდუქციისთვის, რომელიც შედარებით ხანგრძლივი მოხმარებისათვისაა გათვალისწინებული (საქონელი, შესრულებული სამუშაო, მომსახურება), ჩვეულებრივ წესდება უფრო ხანგრძლივი საპრეტენზიო ვადები, რომელთაც საგარანტიო ვადებს უწოდებენ. საგარანტიო ვადებში განასხვავებენ ვარგისიანობის და ტრანსპორტაბელურობის ვადებს. ვარგისიანობის ვადები წესდება კვების პროდუქტზე, მედიკამენტზე, საპარფიუმერიო-კოსმეტიკურ და სხვა ნაწარმზე. ეს ვადა მოიცავს დროს, რომლის განმავლობაშიც შეიძლება ამ პროდუქციის შენახვა, რეალიზაცია და გამოყენება, ხოლო ტრანსპორტაბელურობის ვადა არის დრო, რომლის განმავლობაშიც გარანტირებულია პროდუქციის თვისებების შენარჩუნება მისი დადგენილი წესით ტრანსპორტირების დროს.

სამოქალაქო უფლებების შესრულების ვადები მჭიდროდ არის დაკავშირებული სამოქალაქო ვალდებულებათა შესრულების ვადებთან. იმის გამო, რომ ერთი პირის უფლება დაკავშირებულია სხვა პირის გარკვეულ ვალდებულებებთან, ამ პირის უფლებათა განხორციელების ვადაც შესაბამისად არის დაკავშირებული სხვა პირთა ვალდებულებების შესრულების ვადებთან. ასეთი ვადა შეიძლება დადგენილი იყოს კანონით, ადმინისტრაციული აქტით, ან მხარეთა შეთანხმებით.

ვადის განსაზღვრის ხასიათის მიხედით არსებობს ზოგადი და სპეციალური ვადები; იმპერატიული და დისპოზიციული ვადები; აბსოლუტურად განსაზღვრული, შეფარდებითად განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადები.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა იგულისხმება ზოგად და სპეციალურ ვადებში?

პასუხი: ზოგადი არის ვადა, რომელიც ეხება ყველა პირს, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ყველა სუბიექტს და ყველა ურთიერთობას, სპეციალური კი არის ვადა, რომელიც დადგენილია გამონაკლისის სახით, საერთო წესისგანგანსხვავებით, კანონში სპეციალურად მითითებული შემთხვევებისათვის. ზოგადი ვადა არის, მაგალითად, ხანდაზმულობის საერთო ვადა _ 10 წელი, ხოლო სპეციალური ვადა არის მემკვიდრეობის მიღებისთვის დადგენილი ვადა _ 6 თვე და ბევრი სხვა ვადა, რომელიც სპეციალურად არის განსაზღვრული რომელიმე ურთიერთობისთვის.

იმპერატიულია ვადა, რომელიც ზუსტად არის დადგენილი კანონით და არ შეიძლება მისი შეცვლა მხარეთა შეთანხმებით. ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია. ასეთი შეთანხმება რომც იყოს, მაინც გამოიყენება კანონით დადგენილი ვადები. 
დისპოზიციურია ვადა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით, მაგრამ იგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. მაგალითად, კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს ვალდებულების შესრულების გარკვეული ვადა, მაგრამ მხარეებსაც შეეძლოთ მისი შეცვლა, კერძოდ, უფლება ჰქონდეთ ვალდებულება შეასრულონ დაუყოვნებლივ.

კითხვა: სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მომცეთ ზუსტი განმარტება აბსოლუტურად განსაზღვრული, შეფარდებითად განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადების შესახებ.

პასუხი: აბსოლუტურად განსაზღვრული არის ისეთი ვადა, რომელიც ზუსტად არის განსაზღვრული და რომელსაც პირდაპირ უკავშირდება გარკვეული სამართლებრივი შედეგები; შეფარდებითად განსაზღვრული ვადა არის დრო, რომელიც თუმცა განსაზღვრულია რაიმე კალენდარული პერიოდით, მაგრამ ნაკლები სიზუსტით (ვთქვათ კვარტალით, თვით და ა.შ.); განუსაზღვრელი ვადა კი სახეზეა მაშინ, როცა არც კანონით და არც ხელშეკრულებით, საერთოდ არ არის რაიმე დრო მითითებული, რომელთანაც დაკავშირებული იქნება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა შეცვლა თუ შეწყვეტა. მაგალითად, ბინის თუ სხვა ქონების დაქირავება შეიძლება არ ითვალისწინებდეს რაიმე ვადას.

ხანდაზმულობა არის დრო, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პირს უფლება აქვს მოითხოვოს სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისგან თავის შეკავება. იმის გამო, რომ სამოქალაქო უფლების დაცვის ძირითადი საშუალება არის სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა და დარღვეული უფლების აღდგენა ხდება იძულებითი წესით, ხანდაზმულობა მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით მჭიდროდ არის დაკავშირებული სარჩელზე უფლების პროცესუალურ გაგებასთან. უფლება სარჩელზე ეს არის კანონით უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირის უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მატერიალურ-სამართლებრივი დავის განხილვა და გადაწყვეტა დარღვეული თუ სადავო უფლების ან კანონით დაცული ინტერესების მიზნით. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი კონკრეტულ შემთხვევებში საფუძველია იმისთვის, რომ უარი ეთქვას სარჩელის მოთხოვნას. 

კითხვა: აქვთ თუ არა მხარეებს უფლება თავიანთი შეხედულებით შეამცირონ ან გაზარდონ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები ან შეცვალონ მათი გამოთვლის წესი?

პასუხი: ხანდაზმულობის ვადები, რომლებიც კანონით არის დადგენილი, ატარებენ იმპერატიულ ხასიათს, ამიტომ მხარეებს უფლება არა აქვთ თავიანთი შეხედულებით შეამცირონ ან გაზარდონ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები ან შეცვალონ მათი გამოთვლის წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია. ასეთი შეთანხმება მხარეებს შორის ჩაითვლება ბათილად, რამდენადაც იგი იქნება კანონსაწინა  აღმდეგო შეთანხმება.

ხანდაზმულობის ვადის დადგენას, ე.ი. იმ პერიოდის განსაზღვრას, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია იძულებით წესით მოითხოვოს თავისი უფლების განხორციელება და დაცვა, ენიჭება უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ხანდაზმულობის ინსტიტუტი დიდ დახმარებას უწევს სასამართლოს დავების სწორად გადაწყვეტაში და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში. თუ კანონით არ იქნებოდა განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაში მხარეს შეუძლია იძულებითი წესით მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ამით უაღრესად გართულდებოდა სასამართლოში საქმეთა გადაწყვეტა, გაიზრდებოდა სავარაუდო მტკიცებულებათა რიცხვი და მეტი პირობები შეიქმნებოდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისთვის. ამავე დროს ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრა თავისუფლად ქმნის პირობებს იმისათვისაც, რომ მხარეთა შორის ურთიერთობაში არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი. სამოქალაქო უფლებათა იძულებითი დაცვის შეზღუდვა გონივრულად განსაზღვრული ვადით, თავიდან გვაცილებს მოპასუხეთა და მესამე პირთა უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების დარღვევას. 

კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, ენიჭება თუ არა რაიმე უფლება ხანდაზმულობის ვადებს სახელშეკრულებო ურთიერთობაში? 

პასუხი: ხანდაზმულობის ვადებს სახელშეკრულებო ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იგი ხელს უწყობს სახელშეკრულებო დისციპლინის განმტკიცებას, მასტიმულირებელ როლს ასრულებს მხარეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულებაში, აძლიერებს მხარეთა ურთიერთკონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაში. 

სამართლებრივ ლიტერატურაში განასხვავებენ ხანდაზმულობის ორ მხარეს: საერთოსა და სპეციალურს. საერთო ვადა – ეს არის დრო, რომელიც დადგენილიაზოგადად ყველა კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისთვის, გარდა იმ ურთიერთობებისა, რომელთა მიმართ კანონით გათვალისწინებულია ხანდაზმულობის სპეციალური ვადები. თუ ადრე ხანდაზმულობის საერთო ვადა დაწესებული იყო 3 წელი, მოქმედ სამოქალაქო კოდექსში ასეთ ვადად დადგენილია 10 წელი. 

ხანდაზმულობის სპეციალური ვადა ისეთი ვადაა, რომელიც კანონის მიხედვით გარკვეული, კონკრეტული ურთიერთობებისთვისაა დაწესებული. მაგალითად, სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის – ექვს წელს. იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, დადგენილია სამწლიანი ხანდაზმულობა. გამოსყიდვის ხანდაზმულობის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელს. კანონი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ერთწლიან ვადას ჩუქების გაუქმებისათვის, როცა კანონი აღნიშნული ჩუქების გაუქმების საფუძველს იძლევა. საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, ძველისგან განსხვავებით, დასაშვებად მიიჩნევს ჩუქების გაუქმებას თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის მიმართ; კანონით სამთვიანი ვადაა დაწესებული ქირავნობის ხელშეკრულების მოშლისათვის და სხვა.

მოქმედი კანონის თანახმად, ზოგიერთ მოთხოვნებზე ხანდაზმულობა საერთოდ არ ვრცელდება, მაგალითად, პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. ადრე მოქმედი სამოქალაქო კოდექსით უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი ამ კატეგორიის მოთხოვნები. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ რა დროიდან იწყება ხანდაზმულობის ვადა?

პასუხი: ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეიტყოს უფლების დარღვევის შესახებ.

ხანდაზმულობის ვადა ძირითადად უწყვეტად მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად არის და კანონით გათვალისწინებულია ისეთი გარემოებები, რომლებიც აბრკოლებენ ან ართულებენ დადგენილ ვადაში წარადგინოს პირმა სარჩელი თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად თუ დარღვევის აღსაკვეთად. ასეთი გარემოების არსებობის დროს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ითვლება შეჩერებულად. ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსი ისაა, რომ დრო, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ის გარემოებები, რომლებიც იწვევენ ხანდაზმულობის შეჩერებას და რომლებიც აბრკოლებენ დარღვეული უფლებების დაცვას, არ ჩაითვალოს კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში.

კითხვა: რა შემთხვევაში ხდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა?

პასუხი: კანონის თანახმად ხანდაზმულობის ვადისდენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსთვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

ხანდაზმულობის ვადის გასვლა, როგორც წესი, იწვევს დარღვეული უფლების აღდგენაზე უარის თქმას. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ე.ი. თუ ხანდაზმულობის ვადა პირს აძლევს უფლებას სხვა პირისგან მოითხოვოს ამ ვადაში რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისგან თავის შეკავება, ხანდაზმულობის ვადის გასვლა ამ სხვა პირს აძლევს უფლებას აღარ შეასრულოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედებისაგან. თუ საქმის განხილვის დროს გამოვლინდა, რომ მოსარჩელემ გაუშვა ხანდაზმულობის ვადა, სასამართლომ მას უარი უნდა უთხრას, თუნდაც დარწმუნდეს უფლების დარღვევის რეალობაში.

კითხვა: რას ნიშნავს შეძენითი ხანდაზმულობა და იყო თუ არა იგი დაშვებული ადრე მოქმედი კანონმდებლობით?

პასუხი: შეძენითი ხანდაზმულობა შემოიღო მოქმედმა სამოქალაქო კოდექსმა, იგი ადრე არსებული კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული. მისი ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობს: თუ პირი მოძრავ ნივთს უწყვეტად ფლობს 5 წლის განმავლობაში, როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ ასეთი რამ არ დაიშვება, თუ შემძენი ნივთს ფლობდა არაკეთილსინდისიერად ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა. ასე რომ, მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის საკმარისია ეს ნივთი ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდეს პირის მფლობელობაში და მან უნდა იცოდეს, რომ ეს ნივთი მისი საკუთრებაა. თუ მან იცოდა ან შემდეგ შეიტყო, რომ ნივთი მისი საკუთარი არ იყო, მასზე საკუთრების უფლებას ვერ მოიპოვებს მიუხედავად იმისა, ფაქტობრივად რამდენ ხანსაც არ უნდა ფლობდეს აღნიშნულ ნივთს.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ხანდაზმულობის ცნებასა და ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, თქვენი შეკითხვების გათვალისწინებით, მოქმედ საკანონმდებლო ლიტერატურაზე დაყრდნობით განვმარტეთ.

ირინე ღლონტი