ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
როგორ ვისარგებლოთ სანოტარო მომსახურებით მოქმედი კანონის შესაბამისად - #11(191), 2015
იურიდიული კონსულტაცია - ამ სახელწოდებით ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ რუბრიკას, რომლის დანიშნულებაა განმარტოს სხვადასხვა საკითხები, რაც სამეწარმეო სამართალს, შრომასა და სოციალურ დაცვას, ასევე საოჯახო სამართალს, მემკვიდრეობას და სხვა სამართლებრივ საკითხებს შეეხება.

რუბრიკას უძღვება ”ააფის” სარედაქციო კოლეგიის წევრი, იურისტი ირინე ღლონტი (მობ. (593) 35-99-09).

იმისათვის, რომ დროულად და კანონის შესაბამისად, სწორად ვისარგებლოთ ნოტარიუსის მომსახურებით, საჭიროა ვიცოდეთ, რა სანოტარო მოქმედებებს ასრულებს იგი. ამიტომ, ჩვენი დღევანდელი იურიდიული კონსულტაცია სწორედ სანოტარო მოქმედებებს მიეძღვნება. 

იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე მოქმედების განხორციელება, შეგიძლიათ მიმართოთ ნოტარიუსს და კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენს მიერ შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდგომ, იგი შეასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

* კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით დაადასტურებს გარიგებებს; 

* გასცემს: 

    • საკუთრების, მემკვიდრეობის და მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობებს.

* მიიღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; 

* შეამოწმებს:

      •  დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან და დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; 

* დაადასტურებს: 

   •  მოქალაქის ცოცხლად ყოფნის, ასევე განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; დოკუმენტის წარდგენის დროს; 

* დეპოზიტში აიღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;

* გასცემს სააღმსრულებლო ფურცელს; 

* გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და დაადას  ტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; 

* შესანახად მიიღებს დოკუმენტებს და სხვა.

კითხვა: ვინ არის ნოტარიუსი, რა ვალდებულებები გააჩნია მას და არის თუ არა იგი საჯარო მოსამსახურე? 

პასუხი: ნოტარიუსი არის სამუშაოს მიმცემი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისათვის და პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისთვის. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი; იგი ვალდებულია შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ~ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნოტარიული აქტებით გათვალისწინებული მოვალეობა. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოსამსახურე.

ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს; ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსს უფლება აქვს იუსტიციის მინისტრის ან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებები, რომლებიც ზედამხედველობის მასალებს ემყარება, გაასაჩივროს სასამართლოში. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, არის თუ არა ვალდებული ნოტარიუსი, საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საჭიროებასთან დაკავშირებით?

პასუხი: ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, საჭიროების შემთხვევაში კი მის წარმომადგენელს. საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემს ცნობებს სანოტარო მოქმედების შესახებ იმ სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეზე, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს წარმოებაშია. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსი ვალდებულია, სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობა იმ ქონების ღირებულების შესახებ, რომელიც პირის საკუთრებაში გადავიდა. საგადასახადო ორგანოს ეკრძალება სასამართლოს გადაწყვეტი-ლების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმა-ციის გამოქვეყნება საჯარო გამოსვლებში.

ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედითუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გაიარა სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაზე. აქვე გაცნობებთ, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს (რაც 65 წელს შეადგენს). იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, ნოტარიუსს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადების საფუძველზე გააგრძელოს უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია იურიდიულიგანათლების მქონე პირს ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) მოიცავს ორ ეტაპს – პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს). პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან ანდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი. 

კითხვა: ვინ ნიშნავს თანამდებობაზე ნოტარიუსს და რა აკრძალვები შეიძლება არსებობდეს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად? 

პასუხი: ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ჩვენ მიერ უკვე აღნიშნულ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ასევე პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებ  რივი დევნა განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და რომელსაც შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო; რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება. ასევე, თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად. 

სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ნოტარიუსი მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა. 

კითხვა: ვინ იღებს ნოტარიუსისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას? 

პასუხი: ნოტარიუსისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, რის შემდეგაც იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ამასთანავე, ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 

ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც არის მისი სამუშაო ადგილი. მას უფლება აქვს სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ნოტარიუსს უფლება არ აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდესსხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა. თუმცა, მას აქვს თავისი პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება. 

კითხვა: ფასიანია თუ არა ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება და თუ ფასიანია, რამდენი მექნება გადასახდელი ქორწინების მოწმობის თარგმანის დამოწმებისთვის? 

პასუხი: ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაცია და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა და გადახდევინების წესი განისაზღვრება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #507 დადგენილებით. რაც შეეხება დოკუმენტის (მათ შორის, ქორწინების მოწმობის) თარგმანის სისწორის დამოწმებას, მისი ღირებულება შეადგენს თითოეული გვერდისთვის 1 ლარს.

ნოტარიუსის შემოსავალს სამსახურებრივი საქმიანობიდან შეადგენს თანხა, რომელიც მას რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც ნოტარიუსმა მიიღო საზღაურის სახით. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

კითხვა: მე და ჩემი პარტნიორები ვაპირებთ ბიზნესის ნაწილის გაყიდვას. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა საზღაურია გადასახდელი აღნიშნული მოქმედების ნოტარიუსთან გაფორმებისთვის?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ თქვენთვის საინტერესო მოქმედებისთვის ცალკე დადგენილი ფასი არ არსებობს და მისი ღირებულება განისაზღვრება უშუალოდ გარიგების ღირებულებიდან. კერძოდ, შემდეგი ოდენობით:
     
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოაღნიშნული საზღაური არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. ამდენად, თქვენს მიერ გადასახდელი თანხის გაანგარიშება მოხდება ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. 

ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს შემცვლელი პირი, რომელიც ნოტარიუსს შეენაცვლება არა უმეტეს 1 წლის ვადით. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ისეთი იურისტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ ნოტარიუსის სამსახურებრივ ბეჭედსა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრს, რომელსაც იგი ცვლის და მისგანვე იღებს შრომის ანაზღაურებას, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს ნოტარიუსი. ამასთან, ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისთვის, რომელიც გამოიწვია ნოტარიუსის შემცვლელი პირის უკანონო სამსახურებრივმა ქმედებამ, პასუხისმგებლობა ეკისრება ნოტარიუსს, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომკანონის თანახმად, ნოტარიუსს აქვს მისი შემცვლელი პირისაგან უკუმოთხოვნის უფლება გადახდილი კომპენსაციის ოდენობით. 

კითხვა: დედაჩემი ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამჟამად მესაჭიროება მინდობილობა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასაყიდად. შესაძლებელია თუ არა ამგვარი მინდობილობის მიღება მისი ჩამოსვლის გარეშე და რა თანხა დამიჯდება?

პასუხი: დიახ, ამგვარი მინდობილების მიღება შესაძლებელია პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით (მაგ., ელექტრონული პროგრამა შკყპე-ის მეშვეობით). პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების, მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისთვის, ისევე, როგორც მისი ცვლილება/გაუქმებისათვის (მოშლისათვის) საზღაურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. 

მოქმედი კანონის შესაბამისად, ყველა ნოტარიუსი შედის ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობაში. იგი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი ხდება მას შემდეგ, რაც მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობისა და სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლებას. ნოტარიუსი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, რომელიც თავისი წესდებით ადგენს საწევრო შენატანის ოდენობას და გადახდის ვადას. ნოტარიუსობის კანდიდატი შეიძლება იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და რომლის ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის.

იურისტი, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი (თუ მას არ აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი), გაივლის სტაჟიორთა კონკურსს. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირებისათვის გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რის თაობაზეც ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ტესტირების ან გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

ირინე ღლონტი