ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ნასყიდობის ხელშეკრულებით სარგებლობის წესი და პირობები - #12(192), 2015
მიღებული შეკითხვებიდან, ამჯერად ყველაზე მეტი სახელშეკრულებო სამართალს, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით სარგებლობის სამართლებრივ საკითხებს ეხება.

შეკითხვის ავტორებს სურთ იცოდნენ: იურიდიული თვალსაზრისით, როგორი ძალის მქონე საბუთია ნასყიდობის ხელშეკრულება; ვინ არიან აღნიშნული ხელშეკრულების მხარეები და როგორია მათი უფლება-მოვალეობანი; აქვთ თუ არა უფლება მხარეებს თვითონ განსაზღვრონ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები; რა შეიძლება იყოს ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი; როგორია მოძრავი და უძრავი ნივთების გაყიდვის ხარჯები; რა შემთხვევაში აქვს უფლება მყიდველს უარი თქვას საქონლის მიღებაზე; დაშვებულია თუ არა მოქმედი კანონით ნასყიდობა გადახდის განვადებით; როგორი წესით ხდება ნივთის გამოსყიდვა; ვის აქვს მისი უპირატესი შესყიდვის უფლება და სხვა.

განვმარტავთ, რომ ზოგადად ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. ნასყიდობის ხელშეკრულება ხელშეკრულების ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მას შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა არის ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი?

პასუხი: ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს მოქმედი კანონის თანახმად თავისუფლად ბრუნვაუნარიანი ნებისმიერი ქონება.

ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუ ეს აკრძალული არ არის კანონით და არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

ნასყიდობის ხელშეკრულების ყველაზე გავრცელებული საგანია, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ნივთები, მიუხედავად იმისა, ისინი სამომხმარებლო ხასიათის არიან თუ არასამომხმარებლო, _ გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული თუ ინდივიდუალურით, ასევე ნაყოფი და შემოსავალი, მთავარი ნივთი და საკუთვნებელი, ფასიანი ქაღალდები და სხვა.

კითხვა: გთხოვთ, აგვიხსნათ, რას ნიშნავს მთავარი ნივთის საკუთვნებელი?

პასუხი: საკუთვნებელი არის მთავარი ნივთის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის გარეშეც ძირითადი ნივთი გამოუსადეგარი იქნება, ვერ იმუშავებს, თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს (მაგალითად, ავტომანქანის გასაღები და სხვა მრავალი).

მოძრავი ნივთების გაყიდვის შემთხვევაში, გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გაგზავნის ხარჯები _ მყიდველს თუ მათ შორის შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯებს, აღნიშნულ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად წყდება: მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთების გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (ცვლილება შეტანილია 2006 წლის 8 დეკემბრის #3879 წლის კანონით და ძალაშია 2007 წლის 15 მარტიდან).

აღსანიშნავია, რომ გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

კითხვა: რა შემთხვევაში შეუძლია სესხის ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე?

პასუხი: ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოაჩნდება იმის რეალური საშიშროება, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ზოგადად ხელშეკრულების ფორმის თავისუფლების პრინციპს. კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მხარეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ შეთანხმდნენ ხელშეკრულების ფორმაზე. ხელშეკრულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ზეპირად იდება. ეს ზუსტად შეესაბამება მხარეთა მოთხოვნილებას ერთმანეთთან ურთიერთობები მოაწესრიგონ ზედმეტი ფორმალობის გარეშე. მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია მეტი წინდახედულობა, სიფრთხილე და მხარეთა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, კანონი სავალდებულო წერილობით ფორმას ითვალისწინებს.

კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელია მისი დამოწმება ნოტარიუსის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. მაგალითად, ხელშეკრულება, რომლითაცერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, კანონის თანახმად, რომელი ნივთები განეკუთვნება უძრავ ნივთებს (მიგვითითეთ საფუძველი) და როგორი ქონებრივი გარიგებებია მათ განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები?

პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულებით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად მდგარ დედამიწაზე. მათ განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები განეკუთვნება ყველაზე მნიშვნელოვან ქონებრივ გარიგებებს. კანონი ამ ხელშეკრულებებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება და სპეციალურ ფორმასაც კი აწესებს: უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 
ზოგიერთ შემთხვევაში კი ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია სახელმწიფოს ნებართვა. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული წესების დაუცველად დადებული ხელშეკრულება ბათილია.

ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ გამყიდველი და მყიდველი, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველსა და მყიდველს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები: გამყიდველის ძირითადი მოვალეობაა, არა მარტო მიაწოდოს მყიდველს საქონელი და მასთან დაკავშირებული საბუთები (საქონელგანმკარგავი დოკუმენტები, ინსტრუქცია, სერთიფიკატი და ა.შ.), არამედ გადასცეს საკუთრების უფლება ნაყიდ ქონებაზე.
ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებს უფლება აქვთ თვითონ განსაზღვრონ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები.

კითხვა: ითვალისწინებს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა შეატყობინოს გამყიდველმა მყიდველს საქონლის გაგზავნის შესახებ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ზუსტად რა ვადაში უნდა შეატყობინოს გამყიდველმა მყიდველს საქონლის გაგზავნის თაობაზე. სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, შეტყობინება გაგზავნილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, იმისთვის, რომ მყიდველმა შეტყობინება მიიღოს ტვირთის მიტანამდე.

თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომელიც აუცილებელია ტვირთის შეთანხმებულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი სახით გადაგზავნის ჩვეული პირობებისათვის. 
ტვირთის გადაზიდვის დროს მისი გაფუჭების, დაზიანების ან განადგურების რისკის თავიდან აცილების მიზნით, გამყიდველმა, როგორც წესი, უნდა დადოს ე.წ. სატრანსპორტო რისკების დაზღვევის ხელშეკრულება. თუ ხელშეკრულებით გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს მყიდველისთვის გაგზავნილი საქონელი ტრანსპორტირებისას, მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. ეს არის კანონით გათვალისწინებული იმპერატიული ხასიათის ნორმა და მისი შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.

მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემისთვის საჭიროა მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე შემძენს გადასცეს ნივთი. კანონი მიუთითებს თუ რა ჩაითვლება ნივთის გადაცემად. ეს არის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში შემძენისთვის, ხოლო მყიდველი ნაყიდი ნივთის მესაკუთრე გახდება გამყიდველისგან მასზე ნივთის გადაცემის მომენტიდან. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთი ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხისაა, ხოლო თუ ამ ნივთის ხარისხი ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული, ნივთი უნაკლოდ მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია სარგებლობისთვის. ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვის შემთხვევაში, უპირველესად უნდა გაირკვეს, იცოდა თუ არა მყიდველმა ნივთის ნაკლის შესახებ. თუ მან ამის შესახებ იცოდა და მაინც მიიღო ნაკლის მქონე ნივთი, ასეთ მყიდველს, ნივთის ნაკლის გამო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ კანონით, მყიდველს ნაყიდი ნივთის ხარისხის შემოწმება მაშინვე არ ევალება, ამიტომ თუ მყიდველმა შემდგომში მალევე აღმოაჩინა ნაკლი ნივთზე, მას შეუძლია ნივთი დაუბრუნოს გამყიდველს, ხოლო თავის მხრივ გამყიდველი ვალდებულია გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს იგი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

კითხვა: ვარ 42 წლის, ვცხოვრობ რაიონში, ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შევიძინე ტრაქტორი, რომელიც ნაკლის მქონე აღმოჩნდა, რის გამოც მე, როგორც მეწარმეს, ხელი მეშლება მუშაობაში. ყველგან მივმართე, მაგრამ აქეთ გამამტყუნეს – რატომ თავის დროზე არ შეამოწმეო. იქნებ მირჩიოთ, რას ითვალისწინებს კანონი მსგავს შემთხვევაში?

პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის შესაბამისად, თუ მყიდველი მეწარმეა, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნაყიდი ნივთი ან უზრუნველყოს მისი შემოწმება სპეციალისტის მიერ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად მოკლე დროში. თუ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს ნივთი, მეწარმე მყიდველმა ნივთი უნდა შეამოწმოს დანიშნულების ადგილზე მიტანისთანავე. თუ მეწარმე მყიდველი ნაკლის აღმოჩენის შესაბამის ვადაში (ეს ვადა, როგორც წესი დგინდება ხელშეკრულებით) ანდა იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც, ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

აქვე განგიმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იცოდა ან უნდა სცოდნოდა გაყიდული ნივთის ნაკლის შესახებ და შეგნებულად დუმდა ამის თაობაზე, – მყიდველს ყველა შემთხვევაში წარმოეშობა ნივთის ნაკლის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნის გამოყენების უფლება.

მოქმედი კანონის თანახმად, ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც. ამ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების საგანია არამატერიალური ქონებრივი სიკეთე ანუ ის მოთხოვნები და უფლებები, რომელიც უნდა გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი.

ნივთის ნასყიდობის წესები გამოიყენება უფლების (მოგების მიღების უფლება, წილის მიღების უფლება და ა.შ) ნასყიდობის მიმართაც. ქონებრივი უფლებების გაყიდვა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მიერ შესრულებულია უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ამასთან, გამყიდველს ეკისრება როგორც გასაყიდი უფლების ნამდვილობის დასაბუთება, ასევე ამ უფლების გადაცემის ხარჯებიც.

კითხვა: რომელ მყიდველს ენიჭება უპირატესობა იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა?

პასუხი: თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ენიჭება იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

განვადებით ნასყიდობის დროს გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა და ევალება თუ არა გამყიდველს მყიდველისთვის რაიმე საბუთის გადაცემა?

პასუხი: განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: ნაღდი გადახდის ოდენობა; ნაწილ-ნაწილ გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; ასევე, წლიური პროცენტის ოდენობა.

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთის ასლი.
იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება გამყიდველის ნებაზეა დამოკიდებული. გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე. თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს გამოწვეული ზიანი.

საყურადღებოა, რომ გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია (ცვლილება შეტანილია 2011 წლის 9 დეკემბრის #5445 კანონით).

უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას.

უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით გადადის.

ირინე ღლონტი