ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
მეუღლეთა საკუთრების გაყოფის სამართლებრივი საფუძვლები განქორწინების შემთხვევაში - #1(193), 2016
ჩვენი რუბრიკის მკითხველთა ერთ ნაწილს აინტერესებს, როგორ აწესრიგებს კანონი მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს; სურთ იცოდნენ: რომელი ქონება განეკუთვნება მათ ინდივიდუალურ საკუთრებას და რომელი თანასაკუთრებას, შეიძლება თუ არა საერთო თანასაკუთრების გაყოფის დროს არ იქნეს დაცული თანაბრობის პრინციპი, მსგავს შემთხვევაში, რა უპირატესობა ენიჭებათ მშობლებს, რომლებთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები და სხვა. 

განვმარტავთ, რომ მეუღლეებს შეიძლება ჰქონდეთ მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი ქონება. ქონება მეუღლეებს შეიძლება ეკუთვნოდეთ ინდივიდუალურად ან საერთო თანასაკუთრების უფლებით. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რომელი ქონება განეკუთვნება ინდივიდუალურ საკუთრებას და რომელი  თანასაკუთრებას? 

პასუხი: ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება: 

ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ეკუთვნოდა ქორწინებამდე. ქორწინება და ოჯახის შექმნა არ ნიშნავს მათი წინანდელი ქონების გაერთიანებას საერთო თანასაკუთრების საწყისებზე;
 
მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება – ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი (გარდა ძვირფასეულობისა); ძვირფასეულობა და ფუფუნების საგნები, რომელიც განკუთვნილია ინდივიდუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ შეძენილია საერთო სახსრებით, განეკუთვნება თანასაკუთრებას. მაგ.: პროფესიული საქმიანობის იარაღები, ექიმის კაბინეტის მოწყობილობა, ძვირადღირებული სამკაულები, როიალი მუსიკოსისთვის. თუმცა ისინი განკუთვნილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის, მაგრამ თუ შეძენილია საერთო სახსრებით, მაინც თანასაკუთრებაა; 

ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება – თუ ქონება საჩუქრად ეძლევა ერთ-ერთ მეუღლეს, იგი ითვლება მის ინდივიდუალურ საკუთრებად, ხოლო თუ ქონება საჩუქრად ეძლევა ოჯახს, იგი ითვლება თანასაკუთრებად; 
განცალკევებულად ჩაითვლება აგრეთვე ერთ-ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით (კანონით ან ანდერძით) მიღებული ქონება. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როცა ქონება შეძენილია ერთად ცხოვრების პერიოდში, მაგრამ იმ ქონების რეალიზაციის ხარჯზე, რომელიც განეკუთვნებოდა ერთ-ერთის განცალკევებულ ქონებას. ქონება, მიღებული მეუღლის მიერ პრემიის, წახალისების ან ჯილდოს სახით, თანასაკუთრებას წარმოადგენს. განცალკევებულ ქონებას განეკუთვნება მხოლოდ ის პრემია, რომელიც პიროვნებას მიეცა თვალსაჩინო მოღვაწეობისთვის მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგში. 

თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს ან განაგებდეს განცალკევებულ ქონებას, მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. თუ დადგინდა, რომ განცალკევებულმა ქონებამ თანაცხოვრების პერიოდში განიცადა ტრანსფორმაცია საერთო სახსრების ხარჯზე, მაშინ ასეთი ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად. მაგ.: მანქანის კაპიტალური რემონტი, რომელმაც წაიღო მნიშვნელოვანი სახსრები საერთო ქონებიდან, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, კანონის თანახმად როგორი წესით ხდება მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა? 

პასუხი: მეუღლეთა საერთო თანასაკუთრება წყდება ქონების გაყოფით. თითოეული ხდება ქონების იმ ნაწილის მესაკუთრე, რომელიც ქონების გაყოფამდე მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებაში იმყოფებოდა. საერთო ქონების გაყოფა შესაბამის ნაწილებად შეიძლება მოხდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმება (აქტი) გაყოფის შესახებ შეიძლება გაფორმდეს გაყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფორმით. სანოტარო ბიუროში თითოეულ მეუღლეს მიეცემა თავის წილზე საკუთრების უფლების მოწმობა. თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე, მაშინ დავას მათ შორის მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაწყვეტს სასამართლო. 

აღსანიშნავია, რომ განქორწინება არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას ქონების გაყოფისთვის. ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქორწინების განმავლობაშიც. 

ქონების გაყოფის საფუძველი შეიძლება იყოს: მაგალითად, საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტა; ერთ-ერთი მეუღლის მფლანგველური დამოკიდებულება საერთო თანასაკუთრების ქონებისადმი; მეუღლეთა შორის თანხმობის მიუღწევლობა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე; ერთ-ერთი მეუღლის საჭიროება, რათა დაეხმაროს შვილებს პირველი ქორწინებიდან, ან ღრმად მოხუც მშობლებს; საერთო თანასაკუთრებაში იმ მეუღლის წილზე გადახდევინების მიღწევა, რომელიც თავს არიდებს ალიმენტის გადახდას. 

ქორწინების განმავლობაში საერთო თანასაკუთრების გაყოფა სასამართლო წესით დასაშვებია, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ ისეთ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, რაც ოჯახის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. 

განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნაზე დადგენილია ხანდაზმულობის ვადა – 3 წელი. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, აქვს თუ არა უფლება საერთო თანასაკუთრებაში წილის განსაზღვრა მოითხოვოს იმ მეუღლემ, რომლის სახელზეც არ არის რეგისტრირებული ქონება? 

პასუხი: საერთო თანასაკუთრებაში წილის განსაზღვრის მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მეუღლეს. მათ შორის იმასაც, რომლის სახელზეც არ არის რეგისტრირებული ქონება. საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის სახელზე არ ცვლის მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების კანონიერ რეჟიმს. მეუღლეები საერთო საკუთრების თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან, რის გამოც თითოეულ მათგანს უფლება აქვს მოითხოვოს მისი კუთვნილი წილის განსაზღვრა და გამოყოფა. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფას განქორწინების გარეშე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ იმ ქონების მიმართ, რაც მათ მიერ შეძენილია გაყოფის მომენტამდე. 
მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფა შეიძლება აგრეთვე, მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლის კრედიტორის მოთხოვნით. ერთ-ერთი მეუღლის პირადი ვალების გამო საერთო ქონებაში მის კუთვნილ წილზე გადახდევინების მისაღწევად, საერთო თანასაკუთრების ქონების გაყოფისას აუცილებელია განისაზღვროს იმ ქონების შემადგენლობა, რომელიც გაყოფას ექვემდებარება. ამასთან, სასამართლოები ხელმძღვანელობენ პრეტენზიით, რომ მეუღლეებს არსებული ქონება განეკუთვნებათ საერთო თანასაკუთრების უფლებით. 

თუ დადგენილია ქონების შეძენის დრო, მაშინ ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლის მიერ ქორწინების განმავლობაში ითვლება საერთო ქონებად, ხოლო ქორწინებამდელი ქონება ითვლება განცალკევებულად. თუ რომელიმე მეუღლეს მიაჩნია, რომ ქონება მის პირად საკუთრებას წარმოადგენს, იგი მოვალეა წარუდგინოს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებანი. 

სასამართლო მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებიდან გამოავლენს და გამოყოფს: 

* ქონებას, რომელიც მეუღლეებს ეკუთვნით ინდივიდუალური საკუთრების უფლებით; 

* ნივთებს, რაც შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით, მაგრამ განკუთვნილია თითოეული მათგანის ინდივიდუალური სარგებლობისათვის. 

კითხვა: გვაინტერესებს, როგორ გადაწყვეტს სასამართლო საკითხს იმ შემთხვევაში, როცა საერთო ქონების გაყოფის ობიექტი არის საცხოვრებელი სახლი ან სხვა ქონება, რომლის ნატურით გაყოფაც შეუძლებელია? 

პასუხი: როგორც წესი, ქონების გაყოფა ხდება ნატურით. აუცილებელია საბოლოო ანგარიშით თითოეული მეუღლისათვის გადაცემული ნივთების ღირებულება შეესაბამებოდეს საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის მოცულობას. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თანხმობის მიღწევა შეუძლებელია და ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც საერთო ქონებაში მის კუთვნილ წილზე მეტია, მაშინ მეორე მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს ფულადი კომპენსაცია. სასამართლოს შეუძლია იგი მიაკუთვნოს ერთ-ერთ მეუღლეს, ხოლო მეორეს კომპენსაციის სახით გადაეცეს სხვა ქონება ან ფული ანდა აღიაროს ეს ქონება თითოეული მეუღლის კუთვნილად, საერთო წილის საკუთრების უფლებით განუსაზღვროს თითოეულს თავისი წილი, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული საცხოვრებელი ბინით სარგებლობის წესზე. 

საერთო თანასაკუთრება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბრად. ამასთან სასამართლო არ იფარგლება წილის არითმეტიკული განსაზღვრით, არამედ ადგენს სახელდობრ რომელი საგანი უნდა გადაეცეს თითოეულ მეუღლეს საერთო ქონებიდან. ქორწინების განმავლობაში ერთობლივი სახსრებით შეძენილი პროფესიული შრომის საგნები ქონებრივი დავის შემთხვევაში გადაეცემა იმ მეუღლეს, რომლის სარგებლობაშიც იმყოფებოდა იგი. ამასთან, სასამართლო ავალდებულებს მას მისცეს მეორე მეუღლეს პროფესიული შრომის საგნების საფასურის კომპენსაცია სხვა ქონებით ან ფულით. 

მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფისას არასრულწლოვანი შვილის სარგებლობაში მყოფი ნივთები არ შედის გასაყოფ ქონებაში. ასეთი ნივთები რჩება ბავშვის პირად საკუთრებაში – კომპენსაციის სახით. ასეთივე სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება ბავშვის სახელზე შეტანილ ანაბარზე. 
თუ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფისას სასამართლო დაადგენს, რომ ერთ-ერთ მეუღლეს არ სჭირდება მიღებული ქონება, უფლება აქვს საერთო თანასაკუთრების ქონებიდან წილის ნატურით გადაცემის ნაცვლად მას მიაკუთვნოს ფულადი კომპენსაცია ამ ქონების ღირებულების ოდენობით. თუ გასაყოფი ქონება შეძენილია როგორც მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მოპოვებული სახსრებით, ისე იმ სახსრებითაც, რომელიც მათ ქორწინებამდე ეკუთვნოდათ, მაშინ სასამართლო თანაბარ წილად ყოფს მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მეუღლეებმა საერთო სახსრებით შეიძინეს. ამ წილს კი მიუმატებს თითოეული მეუღლის იმ წილს, რაც მათ ქორწინებამდე ეკუთვნოდათ.
 
კითხვა: რა გარემოებები წარმოადგენს საერთო თანასაკუთრების გაყოფის დროს თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის საფუძველს და რა უპირატესობა მექნება პირადად, როგორც 3 არასრულწლოვანი შვილის დედას, რომლებიც ჩემთან ცხოვრობენ? 

პასუხი: ცალკეულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესები. მაგალითად, თუ დადგინდება, რომ იმ მეუღლის წილის გაუდიდებლად, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილები რჩებიან, შეუძლებელია უზრუნველყოფილი იყოს მათი სათანადოდ აღზრდა. შვილების ინტერესების მხედველობაში მიღებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის გარეშეც. მშობელს, ვისთანაც შვილი (ან შვილები) რჩებიან, თანაბრად გაყოფილი ქონებიდან გადაეცემა საერთო თანასაკუთრებაში მყოფი ისეთი ობიექტები, რომლებიც აუცილებელია შვილების აღზრდისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად (მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული ინვენტარი), ბავშვებისთვის ყოველდღიურ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად (ტელევიზორი, სარეცხი და საკერავი მანქანები და სხვა). 

არ შეიძლება შეუმცირდეს წილი იმ მეუღლეს, რომელსაც ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერც ხელფასი მიჰქონდა სახლში და ვერც საოჯახო მეურნეობის წარმართვაში მონაწილეობდა. სასამართლოს ასევე არ აქვს პატიმრობაში მყოფი მეუღლისთვის წილის შემცირების უფლება. 

მეუღლეთა ქონების გაყოფისას სასამართლო შრომისუუნარო მეუღლეს აკუთვნებს გადიდებულ წილს. საერთო ქონებაში ითვალისწინებს იმასაც, რომ ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეიძინონ საოჯახო მოწყობილობა. 
მეუღლეთათვის ქონებიდან არათანაბარი წილის განსაზღვრას შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ იჩენდა ზრუნვას საერთო ქონებაზე, არ მონაწილეობდა მისი შენახვის ხარჯებში, როდესაც მეორე მეუღლე ეწეოდა ყველა ხარჯს ამ ქონების მოვლისა და შენახვისათვის. 

ირინე ღლონტი