ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ბიზნესში პარტნიორობას ისევ მიეცა აზრი – „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებებისთვის იბრძვის - #2(194), 2016
2013 წლიდან, „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ (JMK Consulting) "მეწარმეთა შესახებ“ კანონში 2012 წლის მაისში შეტანილ ცვლილებებს უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების უფლებების დასაცავად სასამართლოში დაუპირისპირდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აპელაცია მოიგო. შედეგად, მეწარმეობის განვითარებას და ბიზნესში პარტნიორობას კვლავ მიეცა აზრი.

კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და ამით აღიარებს მეწარმეობის სასიცოცხლო როლს ეკონომიკის განვითარების, დასაქმების, სოციალური პასუხისმგებლობისა და საჯარო წესრიგის განმტკიცების საქმეში.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ხორცს ასხამს კონსტიტუციით აღიარებულ სახელმწიფოს ზემოაღნიშნულ ფუნქციას და ადგენს მეწარმეობის განხორციელების, მართვის, კონტროლისა და უფლებების დაცვის წესებს. მეწარმეობით დაკავებული ნებისმიერი პირი თანაბარია თავის უფლებებში იმ პირობით, რომ ეს უფლება პროპორციულია მეწარმეობაში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის, გაწეული რისკისა და მონაწილეობის.

მეწარმეობის განვითარების მსოფლმხედველობრივი საყრდენი სწორედ ისაა, რომ მეტი საფინანსო რისკის გამწევს - მეტი სარგებელი ეკუთვნის; მეტი კაპიტალის ინვესტორს - მეტი სიკეთე; მეტი თანხის დამხარჯავს - მეტი დივიდენდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმეობას განვითარების სტიმული დაეკარგება, ინვესტირებას საფუძველი გამოეცლება და საფრთხე შეექმნება სამეწარმეო საჯარო წესრიგს.

"მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 5(2) პუნქტი ცალსახად ეწინააღმდეგება სამეწარმეო სამართლის არსს და პრინციპებს, ქმნის მნიშვნელოვან დაბრკოლებას სამეწარმეო საზოგადოებების ეკონომიკური განვითარების კუთხით და ხელს უშლის საქართველოში კაპიტალის შემოდინებას. ამ მუხლის თანახმად: „თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია“. საკმარისზე მეტი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ის საქართველოს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.

ამ შინაარსის, ან ანალოგიური შემადგენლობის დებულება არასდროს ყოფილა საქართველოს კანონმდებლობაში 2012 წლის მაისამდე. ჩვენ მოვიძიეთ კანონის ამ ნორმის შემოტანის დასაბუთებაც, მაგრამ მან ვერაფერი გვითხრა კანონის ცვლილების რეალურ მიზანსა და ამოცანაზე. შესაბამისი კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არაფრისმთქმელია, რაც არც არის გასაკვირი, რადგანაც შეუძლებელია, სამეწარმეო სამართლის განვითარებისთვის დაასაბუთო ის, რაც ამ განვითარებას აფერხებს და ხელს უშლის. ერთი შეხედვით, სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორის ინტერესების დასაცავად ჩამოყალიბებული სამართლებრივი ნორმა, რეალურად, ამ პარტნიორის ინტერესების საზიანოდ ამოქმედდა, შეაფერხა თვით სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობაც, ხელი შეუშალა მეწარმეობის განვითარებას და პირიქით, ხელი შეუწყო სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორთა შორის არაპარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 
საზოგადოების პარტნიორის ერთადერთი რეგისტრირებული უფლება არის წილი. `მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 5(2) პუნქტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, პარტნიორის წილი ვერც გაიზრდება და ვერც შემცირდება მისი თანხმობის გარეშე, შესაბამისად, უმცირესობაში მყოფ პარტნიორს (მინორიტარს) აქვს აბსოლუტური ვეტოს უფლება საწარმოს საფინანსო საკითხებზე, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების ჩათვლით.

სამეწარმეო სამართლის ქვაკუთხედია ფუნდამენტური დებულება, რომ კაპიტალურ საზოგადოებებში ყოველი პარტნიორის უფლება, როგორც წესი, განისაზღვრება და პირდაპირპროპორციულია საზოგადოებაში მისი შენატანის ოდენობისა. ამ ფუნდამენტური პრინციპის საწინააღმდეგო დებულებაა კანონის მე-3 მუხლის 5(2) პუნქტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, იმ პარტნიორის კუთვნილი წილის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც არ განახორციელებს დამატებით შენატანს და არ დაეთანხმება საწესდებო კაპიტალის გაზრდას, არ შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს) თვით ამ პარტნიორის თანხმობის გარეშე. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ უმცირესი წილის მფლობელი პარტნიორის წინააღმდეგობის პირობებში, საზოგადოება არ და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება მეწარმეობის არსს და გაუმართლებელ ბარიერს ქმნის მეწარმე სუბიექტებისთვის.

ძნელია წარმოვიდგინოთ ინვესტორი, რომელიც საქართველოში ფულს დააბანდებს იმ პირობით, რომ მხოლოდ მან განახორციელოს საზოგადოების კაპიტალში ფინანსების მობილიზება, ხოლო უმცირესობაში მყოფი სხვა პარტნიორები, მათი მხრიდან ახალი შენატანების განხორციელების გარეშე, მაინც იმდენ სარგებელს მიიღებენ, რამდენსაც იღებდნენ ამ ინვესტორის ბიზნესში შემოსვლამდე. ამით ბიზნესში პარტნიორობას აზრი ეკარგება. გამოსავალი მხოლოდ ერთი დარჩა: არავითარი ინვესტიცია – მხოლოდ სესხი.

რას სთავაზობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 5(2) პუნქტი ინვესტორებს თუ სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალში უმეტესი წილის მფლობელ არსებულ მეწილეებს? არჩევანი სულ სამია: 1) მათ, უბრალოდ, უნდა „არჩინონ“ მინორიტარები, მხოლოდ თავად მოიზიდონ კაპიტალი, მაგრამ გარანტირებული დივიდენდი მაინც უხადონ მინორიტარებს, რადგანაც მინორიტარების რეგისტრირებული წილის პროცენტული მაჩვენებლის ხელის ხლება აკრძალულია; ან 2) უარი თქვან პარტნიორებზე და დააფუძნონ ისეთი სამეწარმეო სუბიექტები, სადაც მხოლოდ თავად იქნებიან სრული წილის მფლობელები; ან 3) სამეწარმეო სუბიექტთან კაპიტალური შენატანების განხორციელების ურთიერთობიდან გადავიდნენ სასესხო ურთიერთობაზე, რის უზრუნველსაყოფადაც სამართლებრივი ტვირთი თავად სამეწარმეო სუბიექტის ქონებას დააწვება. რეალურად თუ შევხედავთ ამ სიტუაციებს, არჩევანი მხოლოდ ორია: არავითარი პარტნიორი საქმეში ან არავითარი ინვესტიცია _ მხოლოდ სესხი. ინვესტორი/წილის უმეტესი ნაწილის მფლობელი პარტნიორი თავისივე სამეწარმეო სუბიექტთან ურთიერთობას აფუძნებს მხოლოდ სესხის მიცემაზე, სანაცვლოდ კი, იპოთეკითა თუ გირავნობით ტვირთავს კომპანიის ქონებას. სამეწარმეო სუბიექტს დამატებით საფინანსო ტვირთად აწვება სესხად ქცეული ის თანხა, რაც სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალში პარტნიორის შენატანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამგვარად, სესხის გასტუმრების ვადის დადგომისას, კომპანიის სათანადო ფინანსების არ არსებობის შემთხვევაში, ინვესტორი თავის მოთხოვნებს სამეწარმეო სუბიექტის ქონებით დაიკმაყოფილებს და მინორიტარ მეწილეებს შერჩებათ თავიანთი წილი ისეთ კომპანიაში, რომელსაც შესაძლებელია, საქმიანობისთვის საჭირო ქონებაც კი აღარ გააჩნდეს.

მეწარმეობის განვითარების ცალსახად შემაფერხებელი, ვითომ მინორიტარი პარტნიორების ინტერესების დაცვის მიზნით შემოღებული სამართლებრივი ნორმა თვით ამ მინორიტარებსვე შემოუბრუნდათ საზიანოდ და სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალში მათი მონაწილეობის ღირებულება რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხედვას. სამწუხაროდ, კანონპროექტი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 5(2) პუნქტის ამოღებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტში აქამდე თაროზეა შემოდებული. იმედის მომცემია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე, რომელსაც „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ წარმართავს, რომლის მიხედვით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 5(2) პუნქტის განმარტებამ თვით ამ კანონის არსებობას, მეწარმეობის განვითარებას და პარტნიორობას ბიზნესში კვლავ მისცა აზრი. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მანამ, სანამ პარტნიორის უფლება პროპორციულია კომპანიის კაპიტალში მისი შენატანის და ეს შენატანი ხელუხლებელია, ხოლო სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალის გაზრდა დასაბუთებულია, მაშინ პარტნიორის წილის პროცენტული გამოხატულების გადათამაშება მხოლოდ არითმეტიკაა და პარტნიორის უფლების დარღვევასთან, მისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრებასთან, რაც გავლენას მოახდენს წილზე, საქმე არ გვაქვს.

"მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ნათლად, ცხადად და საკმარისად იცავს უმცირესობაში მყოფი პარტნიორების უფლებებს და რაიმე ახალი, ხელოვნური, ვითომ მინორიტარების დაცვაზე ორიენტირებული, დაუსაბუთებელი, ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი რეგულაციის შემოტანა ყოვლად გაუმართლებელი იყო. ეს რეგულაცია უნდა გაუქმდეს, ან იმგვარად განიმარტოს, როგორც ამას მეწარმეობის არსი, მიზანი, სულისკვეთება და პრინციპები მოითხოვს, და რადგანაც საქართველოს პარლამენტი ჯერჯერობით არ ცვლის „მეწარმეთა შესახებ“ კანონს, ახლა ბოლო იმედი მხოლოდ სასამართლოა.

ზემოთ ხსენებულ საკითხზე კომპანიას წინ მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი ელის საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

გია ქავთარაძე

"ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაციის" პარტნიორი