ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
მამობის დადგენა, პირადი ურთიერთობანი მშობლებსა და შვილებს შორის - #3(195), 2016
უკანასკნელ თვეებში ბევრმა მკითხველმა მოგვმართა თხოვნით, ჟურნალის მეშვეობით დავხმარებოდით მამობის დადგენის სამართლებრივი საკითხის გარკვევაში, ასევე, მიგვეწოდებინა კანონიდან გამომდინარე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება მშობლებისა და შვილების პირად უფლება-მოვალეობებში. 

ვასრულებთ მათ თხოვნას და განვმარტავთ, რომ მშობლების უფლება-მოვალეობის წარმოშობის საფუძველია შვილების მშობლებისგან შთამომავლობით დაბადება. შვილებსა და მშობლებს შორის უფლებრივი მოვალეობების წარმოშობა ხდება ბავშვის დაბადებისთანავე. ქორწინებაში მყოფ დედას და მამას დაბადების ჩაწერის წიგნში მშობლებად შეიტანენ ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით. განცხადების შეტანა შეიძლება როგორც ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას, ასევე მას შემდეგ, დროის განუსაზღვრელად. 

კითხვა: როგორ დადგინდება ბავშვის მამობა მშობელთა ერთობლივი განცხადების უქონლობის შემთხვევაში? 

პასუხი: მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 
მამობის დადგენა შეიძლება მამის გარდაცვალების შემდეგაც, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი თავს სიცოცხლეში ბავშვის მამად აღიარებდა ან ბავშვი იმყოფებოდა მის კმაყოფაზე. მამობის დადგენით ბავშვი იპოვებს მემკვიდრეობის უფლებას, აგრეთვე მამის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლებას. 

მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედ-მამის ერთად ცხოვრებას, საერთო საოჯახო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთობლივ აღზრდასა და რჩენას, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ბავშვის დედისა და მამის ერთად ცხოვრებას ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის დაბადებამდე ადრეული დროის განმავლობაში, ამასთან, სავალდებულო არ არის, რომ ისინი ერთად ცხოვრობენ ბავშვის დაბადებამდე მთელი დროის განმავლობაში. როგორც აღვნიშნეთ, საკმარისია მათ ერთად იცხოვრონ განსაზღვრული დროით და აწარმოონ საოჯახო მეურნეობა. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა მამობის დასადგენად სასამართლომ მიმართოს ექსპერტიზას, რამდენი სახის ექსპერტიზა არსებობს და რა შემთხვევაში ხდება თითოეული მათგანის გამოყენება? 

პასუხი: ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ამასთანავე, მამობის დასადგენად, სასამართლო ხშირად მიმართავს ექსპერტიზას. არსებობს ექსპერტიზის შემდეგი სახეები: 

სასამართლო-სამედიცინო; 

უროლოგიური; 

გრაფიკული და სხვა. 

უფრო ხშირად ბავშვის მამობის დასადგენად სასამართლო ნიშნავს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. სისხლის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დროს დგინდება მისი ჯგუფობრივი და ინდივიდუალური კუთვნილება. 

უროლოგიური ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როდესაც მოპასუხე გამორიცხავს ბავშვის მამობას, ვინაიდან მისი განცხადებით მას არ აქვს განაყოფიერების უნარი. 

გრაფიკული ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როცა დგინდება, არის თუ არა პირი იმ ბარათის ავტორი, რომლითაც აღიარებულია ბავშვის მამობა. 

ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა, კანონით განსაზღვრული წესით, ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას. პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის შესახებ შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. 
ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და მათი ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს. 

მშობლებისა და შვილების პირადი უფლება-მოვალეობანი 

მშობლებისა და შვილების პირად უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება შვილისათვის გვარის, სახელისა და მამის სახელის მიცემა, მშობლის უფლება-მოვალეობაა, როგორც შვილის აღზრდასა და სწავლაზე ზრუნვა, ისე მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესების წარმოდგენა. 

შვილს სახელს და გვარს აძლევენ მშობლები ქორწინების რეგისტრაციის დროს. ბავშვებს სახელი დაერქმევათ მშობელთა შეთანხმებით. მშობელთა სურვილის გაუთვალისწინებლობა შვილის სახელის შერჩევის დროს შეიძლება გახდეს საეჭვო ჩანაწერის გაუქმების საფუძველი. როგორც წესი, ადამიანს სახელი ერქმევა სამუდამოდ, მაგრამ გამორიცხული არ არის მისი გამოცვლის შესაძლებლობა. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. 
თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. გამორიცხული არ არის, რომ ერთი და იგივე მშობლებისაგან წარმოშობილი ბავშვები ატარებდნენ სხვადასხვა გვარს (დედის ან მამის). როცა ბავშვები შეეძინებათ დაუქორწინებელ მშობლებს და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ბავშვის მამის გვარზე გატარების შესახებ, დაბადების ჩაწერის წიგნში მამის გვარის ადგილზე შეიტანება დედის გვარი. არ შეიძლება, რომ არასრულწლოვანი შვილი ატარებდეს მშობლებისგან განსხვავებულ გვარს. 
შვილის გვარის გამოცვლის საკითხი დგება მშობლის მიერ გვარის გამოცვლის შემთხვევაში. თუ გვარს იცვლის ორივე მშობელი, მათ არასრულწლოვან შვილებს ავტომატურად ეცვლებათ გვარი, ხოლო თუ გვარს ერთი მშობელი იცვლის, არასრულწლოვანი ბავშვისთვის გვარის გამოცვლის საკითხი უნდა გადაწყდეს მშობელთა შეთანხმებით. 

კითხვა: გვაინტერესებს, იწვევს თუ არა ქორწინების შეწყვეტა შვილის გვარის გამოცვლას და რამდენი წლის ასაკიდან არის აუცილებელი ბავშვის თანხმობა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებით? 

პასუხი: მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობელს, რომელთანაც საცხოვრებლად დარჩა არასრულწლოვანი შვილი ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს მისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობა. 

სრულწლოვანმა შვილებმა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი გვარი, თუნდაც იგი არ ემთხვეოდეს დედის ან მამის გვარს. გვარის გამოცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს მისი არაკეთილხმოვნება, წარმოთქმის სიძნელე და სხვა. 
მშობელთა პირად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შვილების აღზრდის უფლებას. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დედ-მამა სარგებლობს თანაბარი უფლება-მოვალეობით შვილების მიმართ. შვილების აღზრდის საკითხს მშობლები წყვეტენ ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 

მშობლებს აქვთ არა მხოლოდ ბავშვის აღზრდის, არამედ რჩენის ვალდებულება. მათ ასევე ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. ამასთანავე, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან, განსაზღვრონ მათთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 

მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. 

კითხვა: ხომ არ ეკისრებათ განქორწინებულ მშობლებს რაიმე განსხვავებული უფლება-მოვალეობანი? 

პასუხი: განქორწინებულ მეუღლეებს შვილების მიმართ აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობანი. თუ ცალ-ცალკე მცხოვრები მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ შვილებთან ურთიერთობის წესზე, მაშინ ასეთ წესს დაადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც სავალდებულო იქნება ორივე მშობლისათვის. 

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანს აქვს მშობელთა ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის შესაძლებლობა. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცენტრალურ ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფს), 14 წლის ასაკიდან კი - სასამართლოს. 

ირინე ღლონტი