ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
პირადი ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის - #4(196), 2016
დღეს დავასრულებთ ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში დაწყებულ საუბარს, რომელიც, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვისთვის მამობის დადგენას და მშობლებისა და შვილების პირად ურთიერთობებს შეეხებოდა. 

ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებული არიან, მათ შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვანის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართონ ცენტრალურ ორგანოს. 

მოსალოდნელ გაუგებრობათა თავიდან აცილების მიზნით, აქვე განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 

კითხვა: როგორ გადაწყდება შვილისთვის გვარის მიცემის საკითხი, როცა მშობლებს სხვადასხვა ან საერთო გვარი აქვთ? 

პასუხი: მოქმედი კანონის შესაბამისად, თუ მშობლებს საერთო გვარი აქვთ, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლის გვარის მიხედვით, მაგრამ თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ, შვილს მიეკუთვნება მამის ან დედის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობელთა შეთანხმებით. 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა პირების მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და მასზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

კითხვა: რა ადგილი უჭირავს მშობელთა პირად ურთიერთობებში შვილების აღზრდის უფლებას? 

პასუხი: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვანის ფიზიკურ ან/ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. გარდა ამისა, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ასევე, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა მათთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 
აღსანიშნავია, რომ მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. 

შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 

იმ შემთხვევაში, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ დროსაც, ისევე როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 

კითხვა: ითვალისწინებს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერებას და თუ ითვალისწინებს, რა შემთხვევებში? 

პასუხი: სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარეობს დავა ბავშვის აღზრდასთან ან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. 

გარდა ამისა, თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლის (მშობლების) ვინაობა ან ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლის (მშობლების) უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მანამ, სანამ: 

• დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს; 

• დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც (რომლებიც) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს მიტოვებულად. ამ შემთხვევაში სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად გამოაქვს გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე; 

• ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად. 

მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24-საათიან სახელმწიფო დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება-მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით. 

ოჯახში ძალადობის შემთხვევისას, როდესაც მშობლის მიმართ მოქმედებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/ და მშობლის უფლება განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შეჩერებულად ითვლება შესაბამისად შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ვადით. 

კითხვა: შეიძლება თუ არა, უარი ეთქვათ ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაზე? 

პასუხი: მშობლებს, თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, ისინი განქორწინებული არიან თუ ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. 

ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებს შეიძლება უარი ეთქვათ შვილებთან ურთიერთობაზე, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ასეთი ურთიერთობა ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდას. მშობელს არ შეიძლება სამუდამოდ ჩამოერთვას შვილებთან ურთიერთობის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში ითვალისწინებს კანონი მშობლის უფლების ჩამორთმევას? 

პასუხი: მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს _ ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. 

მშობლის უფლება-მოვალეობებჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას. 

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, მშობლის უფლებაჩამორთმეული პირისთვის აღნიშნული უფლების აღდგენა? 

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. ამასთან, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი. 

გარდა მშობლების უფლებებისა, საკანონმდებლო წესით განმტკიცებულია ბებიისა და პაპის უფლება იქონიონ ურთიერთობა შვილიშვილებთან. ბებიის და პაპის ინტერესების დაცვის მიზნით კანონი ადგენს წესს, რომლის თანახმადაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს შეუძლიათ დაავალდებულონ მშობლები მისცენ საშუალება პაპას და ბებიას, იქონიონ ურთიერთობა შვილიშვილებთან და განსაზღვრავს კიდეც ამ ურთიერთობის წესს. 

მშობლის უფლება - აღზარდოს შვილები გულისხმობს იმასაც, რომ შვილები იმყოფებოდნენ მშობლებთან. საკითხი, შვილის რომელიმე მშობელზე გადაცემის შესახებ, წამოიჭრება მაშინ, როცა გარდაიცვლება ის მშობელი, რომელთანაც ცხოვრობდა ბავშვი, მისი ნათესავები კი უარს ამბობენ ბავშვის აღსაზრდელად მეორე მშობლისთვის გადაცემაზე. ასეთ შემთხვევაში მშობელს უფლება აქვს სასამართლოს წესით მოითხოვოს ბავშვის დაბრუნება. მსგავსი დავების განხილვის დროს მხედველობაში მიიღება 16 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სურვილი, იცხოვროს თუ არა მშობელთან. 

ირინე ღლონტი