ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
პენსიის გაცემის, შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების სამართლებრივი საფუძვლები - #7(199), 2016
სანამ უშუალოდ დღევანდელი სტატიის ძირითად თემებზე გადავიდოდეთ და რედაქციაში შემოსულ შეკითხვებზე გავცემდეთ პასუხს, გვსურს, ჩვენი მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეზე. სახელდობრ: მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის პირველი ივლისიდან ასაკით პენსიონერთათვის პენსიის 180 ლარამდე გაზრდის შესახებ, რედაქციას მრავალი ადამიანი მიმართავდა თხოვნით – ეცნობებინა ზემოხსენებული თარიღიდან პენსიონერთა კიდევ რომელ კატეგორიას მოემატებოდა პენსია. 

ეს დადგენილება მოგვყავს წინამდებარე სტატიის ბოლოს, #1 დანართის სახით. 

ახლა კი, დაპირებისამებრ, პენსიის გაცემის, შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების სამართლებრივი საფუძვლებზე ვისაუბრებთ. 

პენსია გაიცემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ასე, რომ მოქმედი კანონმდებლობით პენსიის მიმღებს სრული უფლება აქვს მოითხოვოს მისი მიღება არა მხოლოდ იმ რაიონში ან ქალაქში, სადაც მუდმივად ცხოვრობს, არამედ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 

პენსიონერს მიმდინარე თვის პენსია მიეცემა იმავე თვეში, ხოლო ბინაზე მიტანა ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე. პენსიის გაცემის კონკრეტული ვადები რეგულირდება სსიპ `სოციალური მომსახურების სააგენტოსა~ და პენსიის გამცემ ორგანიზაციას (ს/ს „ლიბერთი ბანკი“) შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. 

პენსიის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე კუთვნილი (მიუღებელი) საპენსიო თანხები გაიცემა პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე). ამასთან, პირველი რიგის მემკვიდრეს გარდაცვლილის კუთვნილი საპენსიო თანხები მიეცემა განცხადების საფუძველზე იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. 

კითხვა: არიან თუ არა ვალდებული პენსიონერის ოჯახის წევრები შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანოებს პენსიონერის გარდაცვალების შესახებ? ვინაიდან ეს საკითხი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, თუ ვალდებული არიან, მიგვითითეთ აღნიშნულის კანონიერი საფუძველი. 

პასუხი: „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის თანახმად, როდესაც პენსიონერი გარდაიცვლება, მისი მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავები ან სხვა დაინტერესებული პირები ვალდებულები არიან დროულად წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოს პენსიონერის გარდაცვალების მოწმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან გაცემული თანხები ექვემდებარება დაბრუნებას აღნიშნული თანხის მიმღები ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

საპენსიო უზრუნველყოფის განსაკუთრებულ წესს ითვალისწინებს კანონი ზოგიერთი კატეგორიის იმ პირთა მიმართ, რომლებიც სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებიან: – თუ სააგენტოს მეურვეობა/ მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშვა ან მოპოვებული აქვს პენსიის მიღების უფლება, სააგენტოს პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში არასრულწლოვანის სახელზე ხსნის საანაბრე ანგარიშს, სადაც ყოველთვიურად ირიცხება პენსიის თანხა. 

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ პირობებში საანაბრე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 

კითხვა: არის თუ არა კანონით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი პირის ანგარიშზე დაგროვილი თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას? 

პასუხი: კანონის თანახმად, არასრულწლოვანი პირის საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას იმ შემთხვევაში, თუ პირი სრულწლოვანების მიღწევამდე გარდაიცვალა, მაგრამ როდესაც არსებობს ამ პირის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც ასევე იმყოფება სააგენტოს მეურვეობა/ მზრუნველობის ქვეშ, საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხის გაცემა მოხდება აღნიშნულ მემკვიდრეზე. 

პენსიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები: 

საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, გარდა სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანისა; ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება; აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და ერთი წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი მომსახურე დაწესებულებისთვის შესაბამისი განცხადებით; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. საყურადღებოა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა საპატიო მიზეზად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორს-მაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა). 

კითხვა: რა დროიდან განახლდება პენსიის გაცემა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში? 

პასუხი: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და პენსიონერს მიეცემა გასული პერიოდისთვის კუთვნილი პენსია, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან. 

რაც შეეხება პენსიის შეწყვეტას, „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მისი საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი გარემოებები: პენსიონერის გარდაცვალება; საჯარო საქმიანობის განხორციელება; პირის საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა; მარჩენალდაკარგული პირების 18 წლის ასაკისთვის მიღწევა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება; სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა, როცა პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნისათვის საჭირო შესაბამისი სტატუსის დაკარგვა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს საპატიო მიზეზი; ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სამედიცინო კომისიაზე დადგენილ ვადაში გადამოწმების შემდეგ იგივე სტატუსის მინიჭება; საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა, გარდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში ყოფნისა. 

კითხვა: რამდენი წლის გასვლის შემდეგ მოხდება შეჩერებული პენსიის შეწყვეტა და რა შემთხვევაშია შესაძლებელი მისი განახლება? 

პასუხი: შეჩერებული პენსიის შეწყვეტა მოხდება შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნულ მიზეზთა გამო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში პენსია აღარ გაიცემა ამ გარემოებების დადგომის მომდევნო თვიდან, ხოლო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან და განახლდება წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის დღიდან. 

ირინე ღლონტი 

P.S. დაინტერესებულ მკითხველებს გასაცნობად ვთავაზობთ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის #294 დადგენილებას, რომელშიც მომატებული პენსიის ოდენობის ჩვენებით, მითითებულია ყველა ის კატეგორია, რომელთაც 2016 წლის 1 ივლისიდან მიეცემათ მომატებული პენსია.

საქართველოს მთავრობის დადგენილება #294 

2016 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი 

სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: 

1. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: 

ა.ა) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 524 ლარის ოდენობით; 

ა.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 424 ლარის ოდენობით; 

ა.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 324 ლარის ოდენობით; 

ა.დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 253 ლარის ოდენობით; 

ა.ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 224 ლარის ოდენობით; 

ა.ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 224 ლარის ოდენობით; 

ა.ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 202 ლარის ოდენობით; 

ა.თ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 202 ლარის ოდენობით; 

ა.ი) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 187 ლარის ოდენობით; 

ა.კ) სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 180 ლარის ოდენობით;“. 

2. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს: 

დ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 224 ლარის ოდენობით; 

დ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 202 ლარის ოდენობით; 

დ.გ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 187 ლარის ოდენობით; 

დ.დ) სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 180 ლარის ოდენობით;“. 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი