ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი რეგულირება - #8(200), 2016
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი

ინტერნეტის საუკუნეში, როდესაც ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გავრცელების უამრავი ხერხი არსებობს, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს პირად (პერსონალურ) მონაცემთა უსაფრთხოება და დაცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელშიც, ბუნებრივია, დღემდე არაერთი ცვლილება და დამატებაა შეტანილი, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოვუდგენთ წინამდებარე სტატიას დაინტერესებულ მკითხველს. 

უპირველესად, უმჯობესი იქნება განვმარტოთ, თუ რა ინფორმაციას და მონაცემებს მიიჩნევს კანონმდებელი პერსონალურად. ასეთს განეკუთვნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ბიომეტრიული მონაცემები და გენეტიკური მონაცემები. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის ქმედება ჩაითვლება პერსონალურ მონაცემთა ხელყოფად? 

პასუხი: პერსონალურ მონაცემთა ხელყოფად ითვლება, კონკრეტული პიროვნების (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობის გარეშე, მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება, ანუ − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის1 ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შეტანის მიზნით მუშავდება, აგრეთვე დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა ავტომატურ დამუშავებაზე, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავება დაუშვებელია, თუ მისი მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის თავის არიდება. 

კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე; მონაცემთა იმ დამმუშავებლის 2 საქმიანობაზე, რომელიც რეგისტრირებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მონაცემთა დამუშავებისთვის იყენებს საქართველოში არსებულ ტექნიკურ საშუალებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტექნიკური საშუალებები გამოიყენება მხოლოდ მონაცემთა ტრანზიტისთვის. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა დანიშნოს/ განსაზღვროს საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენელი.
 
საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა სახის საქმიანობაზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება: 

- ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა აშკარად პირადი მიზნებისთვის დამუშავებაზე, როდესაც მათი დამუშავება დაკავშირებული არ არის სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან; 

- სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; 

- სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა დამუშავებაზე; 

- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე და სხვა. 

მონაცემთა დამუშავების დროს აუცილებლად უნდა იქნეს დაცული შემდეგი პრინციპები: 

- მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; 

- მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; 

- მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი; 

- მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს. 

აღსანიშნავია, რომ მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან/და შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაშია დასაშვები მონაცემთა დამუშავება და არსებობს თუ არა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომელთა დამუშავებაც აკრძალულია? 

პასუხი: მონაცემთა დამუშავება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ: 

- არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; 

- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; 

- მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; 

- მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; 

- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; 

- კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; 

- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; 

- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად). 

ასევე გაცნობებთ, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება „პერსონალთა მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულია, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე იმ შემთხვევებში, როცა: 
ნასამართლობასთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების ან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან მაშინ, როცა მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები, მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე და სხვა. 

კანონი იცავს როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი პირის (მონაცემთა სუბიექტის) შესახებ არსებულ მონაცემებს და განსაზღვრავს მათი დამუშავების წესს. სახელდობრ, პიროვნების გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. მონაცემთა დამუშავება აგრეთვე დასაშვებია, თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაციისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში არსებობს შემდეგი გამონაკლისი _ დამუშავება დაუშვებელია, თუ მონაცემთა სუბიექტმა გარდაცვალებამდე წერილობითი ფორმით აკრძალა მის შესახებ მონაცემთა მისი გარდაცვალების შემდეგ დამუშავება. 

გარდაცვლილი პირის სახელის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავებისთვის არ არის საჭირო ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არსებობა. გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ უშვებს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა მონაცემთა დამუშავებას კომერციული მიზნების მიღწევისთვის და თუ უშვებს, მაშინ რა საფუძვლების არსებობაა აუცილებელი? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ კანონმდებლობით დაშვებულია მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება. კერძოდ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები. ამასთანავე, მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი. გარდა ამისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული წერილობითი თანხმობა, ამ მიზნებისთვის შეიძლება დამუშავდეს ნებისმიერი სხვა მონაცემი. ამასთანავე, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა. ამგვარი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 

კანონის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: რომელი მონაცემები მუშავდება მის შესახებ; რა წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს; რა გზით შეგროვდა და ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, როგორია მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. 

ამ უკანასკნელი ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა სუბიექტისთვის აუცილებელი არ არის, თუ მონაცემები კანონის თანახმად საჯაროა. 

ზემოაღნიშნული დანარჩენი მონაცემების შესახებ მას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან/და მასთან კონსულტაციას; მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. 

კითხვა: აქვს თუ არა უფლება მონაცემთა სუბიექტს უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან დამუშავებულ მონაცემთა განადგურება? 

პასუხი: მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. 

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არა არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი. 

აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ კანონის აღნიშნული მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებულ ინფორმაციაზე. 

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. 

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე. კანონის თანახმად მასვე შეუძლია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. 

აღსანიშნავია, რომ მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მონაცემთა დამმუშავებელს. 

განსაკუთრებით აქტუალურ საკითხს განეკუთვნება ვიდეოთვალთვალის განხორციელების სამართლებრივი რეგულირება, ვინაიდან აღნიშნული თვალთვალი შესაძლებელია ბოროტად იქნეს გამოყენებული მონაცემთა სუბიექტის წინააღმდეგ (სამწუხაროდ, აღნიშნულის არაერთი მაგალითის მომსწრენი გავხდით). ამდენად, კანონმდებლობა ახდენს იმ შემთხვევების მკაცრ რეგლამენტირებას, როდესაც დასაშვებია ვიდეოთვალთვალის განხორციელება. 
ქუჩაში (მათ შორის, პარკში, სკვერში, სათამაშო მოედანთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და სხვა თავშეყრის ადგილზე) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დანაშაულის თავიდან აცილების, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისთვის. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შემთხვევაში, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი ითვლება მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად. ვიდეოთვალთვალის სისტემა და ვიდეო ჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისგან. 

საჯარო და კერძო დაწესებულებებს, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. ისევე, როგორც ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მონაცემთა დამმუშავებელი აქაც ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი და ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება. 

რაც შეეხება სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას, აღნიშნული შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია3. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის განხორციელება გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევებში არის დაშვებული საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალი? 

პასუხი: „პერსონალთა მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე 13 მუხლის თანახმად, საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ უნდა ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ. საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება დასაშვებია მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისთვის. საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი დაუშვებელია. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე (რომელსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი და რომელიც აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა კანონიერებას), მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ჟურნალის სხვა ნომრებში ვისაუბრებთ. 

ირინე ღლონტი 

ვაქვეყნებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორ განჩინებას, რომლებიც, ვფიქრობთ, საინტერესოა ჩვენი ჟურნალის მკითხველთათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება - საქმე #3-ბ-792-15, 27 ივლისი 2016 

ინფორმაციის გადაცემა ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ორგანოსათვის 

• შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელთა ფარგლებშიც კომპანიის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები: ინვენტარიზაციის ფარგლებში სააღრიცხვო დოკუმენტების ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დისლოკაციის სიის წარუდგენლობის გამო, ხოლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციასთან დაშვებაზე უარის თქმის, როგორც საგადასახადო ორგანოსთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. 

• კომპანია ითხოვდა აღნიშნული აქტების ბათილად ცნობას, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კომპანიამ მიმართა სააპელაციო სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით: ინვენტარიზაციის მიზანს არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის გადასახადით დაბეგვრის სისწორის შემოწმება, ინვენტარიზაციის მიზანია ზედმეტობა/დანაკლისის განსაზღვრა, რის გამოც საჭირო არ იყო საგადასახადო ორგანოსთვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დისლოკაციის სრული სიის მიწოდება. ამავე დროს, აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა კონფიდენციალურ ინფორმაციას და საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემით იქმნებოდა მისი გამჟღავნების საფრთხე. 

• სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და განმარტა, რომ ინვენტარიზაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა სმფ-ის შენახვის ადგილზე შემოწმება და მათი ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებთან შედარება. ამ მიზნისთვის კი საგადასახადო ორგანოს სჭირდებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. 
ამასთანავე, ინფორმაციის კონფიდენციალურობის მოტივით საგადასახადო ორგანოს არ შეიძლება შეზღუდვოდა საჭირო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა, მითუმეტეს, რომ მიღებული ინფორმაციის დაცვა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა კანონით დადგენილ ვალდებულებას. წინააღმდეგობის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ სავალდებულო არ არის ხელშეშლა გამოვლინდეს ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან ნებისმიერი ქმედება, რომელიც ვლინდება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლისათვის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დაბრკოლების შექმნაში, მიიჩნევა წინააღმდეგობის გაწევად და იწვევს პირის დაჯარიმებას. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება - საქმე #2ბ/5921-14, 2 აგვისტო 2016 

ელექტრონული აუქციონის გზით ქონების შეძენა 

• კერძო კომპანია უძრავ ქონებას ყიდდა ნებაყოფლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ელექტრონულ აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა მოსარჩელემ და, რომელზეც გაიცა სააგენტოს მიერ აუქციონში გამარჯვების ცნობა. მიუხედავად ამისა, პირველმა ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გარემოება არ იყო საკმარისი გამარჯვებული პირისთვის, გამხდარიყო უძრავი ქონების მესაკუთრე. პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რომელმაც განმარტა, რომ: 

• როდესაც ელექტრონულ აუქციონზე იყიდება ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ქონების განკარგვის ხელშეწყობა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გაიმარჯვა აუქციონში, არ წარმოადგენს საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საშუალებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე სარეალიზაციოდ განათავსოს თავისი ქონება. ეს ხდება მომხმარებლის ხელშეწყობისთვის, გამოავლინოს პოტენციური მყიდველი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასად შეიძენს სარეალიზაციოდ გამოტანილ ქონებას, ხოლო ქონების ნასყიდობის შესახებ შეთანხმება უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულ პირსა და ქონების მესაკუთრეს შორის ხელშეკრულების გაფორმებით.