ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
საავტორო უფლებათა დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - #4(208), 2017
ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს ისევე დაიცვას თავისი მოქალაქეების შემოქმედებითი ღირებულებები, როგორც იცავს მათ სხვა კერძო საკუთრებას. სახელმწიფო ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ კულტურული ღირებულებების შექმნა და კულტურის განვითარება დამოკიდებულია მათი დაცვის რეალური მექანიზმების ფუნქციონირებაზე. 

საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში, დედოფალი ანა სტიუარტის მეფობის პერიოდში იქნა მიღებული და მას „ქვემოთ მოცემული პერიოდის განმავლობაში, ავტორთა და მყიდველთათვის ნაბეჭდი წიგნების კოპირების უფლებამოსილების მინიჭების გზით განსწავლულობის წახალისების აქტი“, შემოკლებით კი, „დედოფალი ანას სტატუსი“ ეწოდებოდა. აღნიშნული აქტი, ყველა პუბლიკაციისთვის ადგენდა საავტორო უფლების (ე.წ. „კოპირაიტის“) მოქმედების თოთხმეტწლიან პერიოდს. მისი გაგრძელება დაშვებული იყო მხოლოდ ერთხელ და ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, ნაწარმოები ხდებოდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, რომლის გამოქვეყნების უფლება ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. 

საქართველოში საავტორო უფლებას, უპირველეს ყოვლისა, იცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. გარდა ამისა, საქართველო მიერთებულია ამ სფეროში მოქმედ რიგ საერთაშორისო აქტებზე, რომლებსაც ეროვნულ რეგულირებებთან მიმართებაში უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ. სახელდობრ: 

1886 წლის ბერნის შესწორებული კონვენცია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების დაცვის შესახებ (ბოლოს შესწორება – 1971 წ.); 

1952 წლის კონვენცია მსოფლიო საავტორო უფლებების შესახებ; 

1961 წლის რომის კონვენცია საშემსრულებლო ხელოვანების, აუდიოგრამების დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების დაცვის შესახებ; 

1961 წლის შეთანხმება შესრულებისა და ფონოგრამების შესახებ; 

1994 წლის შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლების სავაჭრო ასპექტების შესახებ; 

1996 წლის კონვენცია საავტორო უფლებების გამოყენების შესახებ. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რომელი წლიდან მოქმედებს საქართველოში საავტორო უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობა და ძირითადად, რას ითვალისწინებს იგი? 

პასუხი: 1995 წელს, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებით, მისი 23 ე მუხლით განმტკიცდა ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი ნორმები, რომელთა თანახმად, უზრუნველყოფილი და ხელშეუვალია ინტელექტუალური საკუთრების უფლება; ასევე არ დაიშვება შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. 

1997 წელს, ახალმა სამოქალაქო კოდექსმა დაამკვიდრა ცნება „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ (IV წიგნი), რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ საერთაშორისო მრავალმხრივ ძირითად ხელშეკრულებებთან და კონვენციებთან მიერთების გათვალისწინებით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ინსტიტუტის ჩამოყალიბება პრაქტიკულად დასრულებას მიუახლოვდა, მით უმეტეს, რომ მასში სრულად შევიდა საავტორო სამართალი. 1999 წლის 8 აგვისტოს კი ამოქმედდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. 

საავტორო უფლება არის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, მოცულობისა და ა.შ. 

საავტორო უფლება ვრცელდება ასევე ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა. 

საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია ნაწარმოებში. ასევე არ ვრცელდება ოფიციალურ დოკუმენტებზე, მათ ოფიციალურ თარგმანზე და სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე. 

სახელმწიფოს ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინტელექტუალურ საკუთრებას, კერძოდ, ინტელექტუალურ შემოქმედებით შრომას, მათ შორის საავტორო უფლებების სამართლებრივი მოწესრიგების გზით. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებულია მრავალი სასამართლო პროცესი და ითვლება ერთ ერთ ურთულეს განსახილველ საქმეებად. თანამედროვე საზოგადოებაში საავტორო უფლების დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს მას ადამიანის უფლებად. კერძოდ, 27 ე მუხლის მეორე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავისი მორალური და მატერიალური ინტერესები, რომლებიც მისი ავტორობით შექმნილ მეცნიერულ, ლიტერატურულ და მხატვრულ ნაშრომების შედეგს წარმოადგენს. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როდის წარმოიშობა საავტორო უფლება და რამდენი ხნის (წლის) განმავლობაშია იგი ძალაში? 

პასუხი:საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნდა, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერად გამოქვეყნების თარიღიდან. თუ ნაწარმოების ავტორი ამ ვადაში თავის ვინაობას გაამხელს, მაშინ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. 

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ  შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაშრომზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში საავტორო უფლების შესახებ კანონები ეფუძნება ამ სფეროში არსებულ ძირითად საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბერნის კონვენცია ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ და მსოფლიო კონვენცია საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. ეს კონვენციები უნივერსალური შეთანხმებებია და მათი წევრი ქვეყნებისთვის წარმოადგენენ საავტორო უფლების შესახებ კანონის საერთაშორისო საკანონმდებლო საფუძველს. საკუთარი კანონმდებლობის შემუშავებისას წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საავტორო უფლების დაცვის სტანდარტები. ამ კონვენციებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ეყრდნობა ევროკავშირის დირექტივებიც. 2014 წლის მდგომარეობით, ბერნის კონვენციის წევრ სახელმწიფოდ ითვლება 167 ქვეყანა. საქართველო ხელშეკრულებას 1995 წლის 16 მაისს შეუერთდა. 

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, ნაწარმოების გამოქვეყნებისას გამოყენებულ იქნეს ისეთი ფსევდონიმი, რომელიც წააგავს რომელიმე ცნობილი ავტორის სახელს და გვარს ან ფსევდონიმს? 

პასუხი: დაუშვებელია ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული სხვა ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. 

აღსანიშნავია, რომ ბერნის კონვენციის თანახმად, საავტორო უფლების დაცვის ვადა ყველა ნამუშევარზე გრძელდება ავტორის გარდაცვალების შემდეგ 50 წლის განმავლობაში მაინც, მაგრამ წევრ ქვეყნებს აქვთ ამ ვადის გაზრდის უფლება. მაგალითად, ევროკავშირის 1993 წლის დირექტივით, ევროპის ტერიტორიაზე ეს ვადა გაიზარდა 70 წლამდე. ფოტონამუშევრებისთვის დაწესებულია 25 წლიანი ვადა (შექმნის წლიდან), ხოლო კინონამუშევრებისთვის – 50 წელი პირველი ჩვენებიდან, ან 50 წელი შექმნის მომენტიდან, თუ პირველი ჩვენება მოხდა შექმნიდან 50 წლის განმავლობაში. საავტორო უფლების მფლობელს, თავისი უფლების განცხადებისთვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისგან: 

ლათინური ასო C წრეწირში: ©; 

განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); 

ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი. 

საავტორო უფლებები წარმოიშობა ნაწარმოების შექმნის ფაქტით. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რომელი ინსტიტუცია განსაზღვრავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების (მათ შორის, საავტორო უფლებების) პოლიტიკას? 

პასუხი:მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - სსიპ „`საქპატენტი~. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 1992 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის პირველმა შექმნა და აამოქმედა ეროვნული საპატენტო სამსახური `საქპატენტი~, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრად. დროთა განმავლობაში `საქპატენტში~ მთლიანად იქნა კონსოლიდირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა ძირითადი სფერო: სამრეწველო საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები. 

საავტორო უფლებები დაცულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (შემდგომში – „ასკ“) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (შემდგომში – „სსკ“). საავტორო უფლებების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემდეგ ფორმებს: 

ა) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – სსკ 189-ე მუხლის შესაბამისად, საავტორო უფლებების მითვისება, ისევე როგორც თანაავტორობაზე იძულება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. თუ იგივე დანაშაული ჩადენილია არაერთგზის, ის გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. საავტორო უფლებების დარღვევამ, რაც გამოხატულია დიდი ოდენობით შემოსავლის (სულ მცირე 5 000 ლარი) მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირებაში, მათი ასლების უნებართვო შენახვაში, შეძენაში, გაყიდვაში, იმპორტში ან გაქირავებაში, ისევე როგორც სხვა ქმედებაში, რომელიც არღვევს შესაბამისი კანონით დაცულ უფლებებს, შეიძლება გამოიწვიოს თავისუფლების შეზღუდვა ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის (სულ მცირე 10 000 ლარი) მიღების მიზნით ან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. თუ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობს იურიდიული პირი, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სანქციები: ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა. 

ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ასკ 1571 მუხლის თანახმად, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, ისევე როგორც მათი კონტრაფაქციული ასლების შეძენა, გაყიდვა, იმპორტი, შენახვა, გაქირავება ან შემოსავლის მიღების მიზნით სხვა ქმედების ჩადენა, რომელიც არღვევს შესაბამისი კანონით დაცულ უფლებებს, დაისჯება ჯარიმით 500 ლარიდან 3 000 ლარამდე კონტრაფაქციული ასლების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის. ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე კონტრაფაქციული ასლების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით. კონფისკებული მოწყობილობები და კონტრაფაქციული ასლები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გადაეცემა უფლების მფლობელს. 1572 და 1573 მუხლებით გათვალისწინებულია სანქცია 5 000 ლარამდე ჯარიმა და ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მართვის ინფორმაციის (მუხლი 1572) და უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (მუხლი 1573) შეცვლის ან განადგურებისთვის გამოყენებული მოწყობილობების კონფისკაცია. 

გ) სამოქალაქო პასუხისმგებლობა – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, საავტორო უფლებების დარღვევისას უფლების მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, ან დამრღვევისათვის იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც მან მიიღო საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად. საავტორო უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს კონტრაფაქციული ასლების, ისევე როგორც მათი დამზადებისათვის გამოყენებული მოწყობილობების განადგურება. 

კანონის 61-ე მუხლი, აგრეთვე, უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ წინასწარი ღონისძიებების (აკრძალვა, ყადაღის დადება) გატარების შესაძლებლობას ამავდროულად, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ საქმეთა წარმოება შეიძლება მიმდინარეობდეს სამოქალაქო საქმის პარალელურად, რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლის/ადმინისტრაციულ საქმეთა პარალელურად, დაზარალებული მხარე უფლებამოსილია დამრღვევის წინააღმდეგ წამოიწყოს სამოქალაქო საქმე. 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ სპეციალურ დებულებებს. საქართველოში არსებული საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ქართველი ავტორების დიდ ნაწილს, ადმინისტრირებას უწევს სხვადასხვა კატეგორიის უფლებებს, რაც საშუალებას აძლევს საავტორო უფლებების მფლობელებს უფრო ეფექტიანად დაიცვან თავიანთი უფლებები. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მსოფლიოს მასშტაბით დადებული აქვს ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ ხელშეკრულებები ასზე მეტ მსგავს ორგანიზაციასთან და ის არის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) წევრი, მექანიკური უფლებების დამცველი საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის (BIEM) წევრი და რეპროდუცირების უფლების დამცავი ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) წევრი. 

ირინე ღლონტი