ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
საადვოკატო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება - #6(210), 2017
ჩვენი რუბრიკის მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, დღევანდელ სტატიაში საადვოკატო საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებზე ვისაუბრებთ. 

განვმარტავთ, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: 

საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; 

კანონიერება; 

ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; 

საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; 

ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; 

ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა (გარდა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა); 

ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; 

ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. 

ზემოაღნიშნული პრინციპები განმტკიცებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივ აქტებშიც. ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე პრინციპს, რომლებიც იმპლემენტირებულია გაეროს ძირითად პრინციპებში „ადვოკატთა როლის შესახებ“, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში Rec (2000)21 „ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ“ და ა.შ. 

საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობის პრინციპი. 

გაეროს პრინციპებში საუბარია გაეროს წევრსახელმწიფოთა ვალდებულებაზე, დაიცვან და შექმნან ქმედითი მექანიზმები ადვოკატის დამოუკიდებლობის დასაცავად. „ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით ყველა განცხადების მიმართ, რომელიც მის მიერ სასამართლოს, ტრიბუნალის ან სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციული ხელისუფლების წინაშე წარდგენილია კეთილი განზრახვით, ზეპირი ან წერილობითი ფორმით“. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ „ადვოკატმა თავისი ვალდებულებები შეასრულოს დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე“. სახელმწიფომ ადვოკატებს თავისი ვალდებულებების განსახორციელებლად უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ: 

შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე; 

შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ; 

თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მიხედვით. 

ამავე პრინციპთან მიმართებით, ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი ცალკე თავად გამოყოფს ადვოკატის დამოუკიდებლობის საკითხს. ადვოკატის პროფესია მოითხოვს სრულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ყოველგვარი გარეშე გავლენისაგან. ევროგაერთიანების კოდექსში პირდაპირ არის მითითებული ორი სახის გავლენაზე: „გავლენა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი პირადი ინტერესებიდან“ და გავლენა „გარეშე ზეწოლისაგან“. დოკუმენტში განმარტებულია: „ადვოკატის მიერ კლიენტისათვის მიცემულ რჩევას ფასი არ აქვს, თუ მისი მიზანია ადვოკატის დაფასება, მის პირად ინტერესებს ემსახურება ან გარეშე ზეწოლის შედეგად განხორციელდება“. 

ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპი. 

ადვოკატის მოვალეობაა იმოქმედოს თავისუფლად, ღირსეულად, კანონისა და პროფესიული მოვალეობების, სტანდარტებისა და ეთიკის წესების შესაბამისად; გაეროს პრინციპებით ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობაში კონფიდენციალობის პრინციპის დაცვა, სახელმწიფოს ვალდებულებად განიხილება, ასეთივე ვალდებულება აკისრიათ ადვოკატებს ეროვნული კანონისა და პროფესიული ეთიკის კოდექსით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის Rec (2000)21 თანახმად, ადვოკატის პროფესიის თავისუფლების ძირითადი პრინციპებით ადვოკატკლიენტის ურთიერთობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონფიდენციალურობის პატივისცემა. ადვოკატის მოვალეობაა პატივი სცეს პროფესიულ საიდუმლოებას ეროვნული კანონმდებლობის, დებულებებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. პროფესიული საიდუმლოების ნებისმიერი სახის დარღვევა კლიენტის თანხმობის გარეშე, უნდა ექვემდებარებოდეს შესაბამის სანქციებს. რეკომენდაციაში კონფიდენციალურობისა და პროფესიული საიდუმლოების ცნებები გაიგივებულია. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა არის აღნიშნული კონფიდენციალურობის პრინციპთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსში? 

პასუხი: საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსში აღნიშნულია, რომ ადვოკატი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს კონფიდენციალობის პრინციპით, რომელიც პროფესიული საქმიანობის ძირითად პრინციპთა შორის არის მითითებული. კოდექსი ადგენს, რომ ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისათვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია და კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში. კოდექსით ადვოკატს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გაამჟღავნოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია, თუ არსებობს კლიენტის თანხმობა; ადვოკატს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია კლიენტის ინფორმაციის გამჟღავნება, როდესაც ეს აუცილებელია ადვოკატის მიმართ წაყენებული ბრალდებისაგან თავის დასაცავად ან კანონით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის რეგულაციის მსგავსად, ადვოკატმა საკუთარ პარტნიორებს, თანამშრომლებსა და მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მოწვეულ ყველა სხვა პირს, უნდა მოსთხოვოს კონფიდენციალობის იგივე ვალდებულების შესრულება. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობას უკავშირდება ადვოკატის ვალდებულება დაიცვას კონფიდენციალობა, კერძოდ, ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება, თუკი წარმოიქმნა კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე. 

საადვოკატო საქმიანობა მოიცავს ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი), მის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დაცვის, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, წინასწარი დაკავების, მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში. მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტების წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. 

კანონის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გაიარა ადვოკატთა ტესტირება – „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან ჩააბარა მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა, ამავე დროს აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. ადვოკატი ვალდებულია: კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; არ შელახოს სასამართლოს და პროცესის მონაწილეთა უფლებები; დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; მონაწილეობა მიიღოს საბაჟოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში. ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს იმ ფინანსურ ვალდებულებათა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან. 

ადვოკატს უფლება აქვს კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით. გაეროს პრინციპების მიხედვით, კლიენტის წინაშე ადვოკატის მოვალეობაა: დაეხმაროს კლიენტს ყველა შესაძლო ფორმით და მიიღოს ყველა ზომა მისი ინტერესების დასაცავად; ასევე ადვოკატმა ყოველთვის პატივი უნდა სცეს თავიანთი კლიენტის ინტერესებს. ხსენებული პრინციპების საფუძველზე, კლიენტის ინტერესების დაცვისას, ადვოკატმა უნდა შეძლოს კლიენტ(ებ)ს კონსულტაცია და დახმარება უნდა გაუწიოს კანონის, იურიდიული პროფესიისა და ეთიკის აღიარებული ნორმების დაცვით. ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის თანახმად, ადვოკატკლიენტის ურთიერთობისას ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია კლიენტის ინტერესები, როგორც ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ამოსავალი წერტილი. კოდექსი საზოგადოებაში ადვოკატის ფუნქციის განმარტებისას განსაზღვრავს, რომ „ადვოკატი უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის ინტერესებს და მათ, ვისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და განმტკიცება აქვს დაკისრებული. გარდა ამისა, ადვოკატის მოვალეობაა არა მხოლოდ კლიენტის პოზიციის დაცვა, არამედ იგი ვალდებულია იყოს კლიენტის მრჩეველიც“. კოდექსი სპეციალურ ნორმასაც კი უძღვნის კლიენტის ინტერესებს: „ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და კლიენტის ინტერესები პირადი ან იურიდიული პროფესიის წევრების ინტერესების წინ დააყენოს“. 

საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ერთ ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს ტესტირების გავლა და შესაბამისი სარეიტინგო ქულების მოპოვება. ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ. ტესტირების ჩატარების წესსა და პროგრამას ამტკიცებს და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, ხოლო ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. 

კითხვა: გთხოვთ, დეტალურად განგვიმარტოთ, როგორი წესით ტარდება ტესტირება საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით? 

პასუხი: ტესტირება ტარდება საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. ადვოკატთა სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: საკონსტიტუციო სამართალი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პროცესი; სამოქალაქო სამართლის პროცესი. 

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: საკონსტიტუციო სამართალი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; სამოქალაქო სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი. 

სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პროცესი. 

ადვოკატს, რომელსაც ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა შესაბამის დარგში. რაც შეეხება საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, მასში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.
 
ტესტირება ტარდება სახელმწიფო ენაზე. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას. 

ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ. დაუშვებელია აგრეთვე ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზეც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 

აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადვოკატი ვალდებულია კლიენტისათვის შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. დაინტერესებულ მკითხველს აქვე განვუმარტავთ, რომ ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადვოკატი ასევე არ შეიძლება იმავდროულად იყოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე 2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სხვა პირი, რომელსაც კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. 

კითხვა: აქვს თუ არა უფლება ადვოკატს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად სხვა ადვოკატებთან ერთად შექმნას ადვოკატთა ბიურო? 

პასუხი: ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან `მეწარმეთა შესახებ~“საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის (ადვოკატების) ვინაობა და სამართლის ის დარგები, რომელშიც ადვოკატი (ადვოკატები) ახორციელებს (ახორციელებენ) საადვოკატო საქმიანობას. საადვოკატო ბიუროს ორგანიზების, მუშაობის წესსა და სტრუქტურას განსაზღვრავს ბიურო. 

ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების საგრანტო ან სახელმწიფო პროგრამას, მას უფლება აქვს ადვოკატთან ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს ორდერი. ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით. 

ადვოკატის ასოციაციაში გაწევრებისთვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას, რომლის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრების ან გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ. პირმა ასოციაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; საცხოვრებელი ადგილისა და საადვოკატო ბიუროს მისამართები, საკონტაქტო ტელეფონი, სპეციალიზაცია, თუ მას ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით. 

კითხვა: გთხოვთ, დეტალურად აგვიხსენით, რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას პირს უარი ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრებაზე და თუ უკმაყოფილო დავრჩი ასოციაციის გადაწყვეტილებით, მაქვს თუ არა გასაჩივრების უფლება? 

პასუხი: პირს შეიძლება უარი ეთქვას ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრებაზე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. უფრო კონკრეტულად:
 
არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; 

არ გაუვლია ადვოკატთა ტესტირება და არც მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული; 

არ აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის 1 წლის სტაჟი; 

ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით, 

თუ მის მიერ ტესტების გავლიდან გასულია 7 წელი. 

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უარი ასოციაციაში გაწევრებაზე შეიძლება უარის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრებისათვის პირი ვალდებულია დადოს ფიცი, მაგრამ თუ პირი თავის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს კანონით დადგენილი ადვოკატის მოვალეობებს.
 
ფიცის დადების ან შესაბამისი განცხადების დაწერის შემდეგ, პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. 

ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. 

ირინე ღლონტი