ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
განქორწინების სამართლებრივი რეგულირება
#9(117), 2009

რედაქციაში შემოვიდა რამდენიმე შეკითხვა ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განმარტებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ჟურნალის წინამდებარე ნომერში სწორედ აღნიშნულის შესახებ მივაწოდოთ კანონიდან გამომდინარე ინფორმაცია დაინტერესებულ მკითხველებს.

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც არ შეიძლება შემოიფარგლოს განსაზღვრული ვადით. იგი მეუღლეთა მუდმივი კავშირია. ამიტომ ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან მისი აღიარება გარდაცვლილად, ცხადია, გამოიწვევს ქორწინების შეწყვეტას. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არაა აუცილებელი ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაცია. აუცილებელია მხოლოდ გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტის რეგისტრაცია. ცოცხალ მეუღლეს უფლება აქვს, ხელახლა იქორწინოს. რაც შეეხება გარდაცვალებულად გამოცხადებულ პირს, თუ იგი ცოცხალი აღმოჩნდა, ქორწინება თავის მეუღლესთან ავტომატურად აღუდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ხელახლა არ დაქორწინებულა. მაგრამ თუ ასეთ ვითარებაში ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინების აღდგენა არ სურს, მას ხელახლა დასაქორწინებლად აუცილებლად დასჭირდება ცოცხლად დარჩენილ მეუღლესთან განქორწინება.

ცოცხალ მეუღლეებს შორის ქორწინება წყდება განქორწინების საფუძველზე. განქორწინებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველი რომაული სამართალი განიხილავდა რა ქორწინებას, როგორც მოქალაქეთა ხელშეკრულებას, სრულ თავისუფლებას უშვებდა განქორწინებისას.
განქორწინებისას იგულისხმება, რომ ქორწინება თავიდან მოხდა კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, განსაზღვრული დროის განმავლობაში არსებობდა, მეუღლეებს შორის წარმოშობილი იყო საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობანი, მაგრამ შემდეგ იგი ისევ მეუღლეთა ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყდა. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში კი - იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების ინტერესებს მომეტებულად დაცვის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კანონის მიხედვით, ცოლს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს ქორწინების შეწყვეტა, მაშინ როდესაც ორსული ცოლის ქმარი ან ერთ წლამდე ასაკის ბავშვის მამა ასეთ უფლებას იღებს მხოლოდ მას შემდეგ, თუ ორსული ცოლი ან ჩვილი ბავშვის დედა განქორწინებაზე თანახმაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო განქორწინების შესახებ ქმრის სარჩელს არ მიიღებს.

თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, ასეთ შემთხვევაში, მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე განქორწინება ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კანონი მეუღლეებს ავალდებულებს, განქორწინების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა. განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და თუ მისი სახელით წარმოდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის დასადასტურებლად. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

კანონი გამარტივებული წესით განქორწინების მოთხოვნის შესაძლებლობას აძლევს იმ პირს, რომლის მეუღლე უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა აღიარებული ან ქმედუუნაროდაა ცნობილი სასამართლოს მიერ, ანდა ცნობილია დამნაშავედ და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ან უფრო მეტი ვადით. სამივე შემთხვევაში პირს შეუძლია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოითხოვოს განქორწინება. თუ პირი აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მის მეუღლეს განქორწინების უფლება წარმოეშობა სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. რაც შეეხება პირის აღიარებას ქმედუუნაროდ, იგი ყოველთვის არ წარმოადგენს განქორწინების საფუძველს. თუ მისი მეურვე ქონების გაყოფის ან ალიმენტის გადახდის საკითხს დააყენებს, მაშინ განქორწინება არ შეიძლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოხდეს. 3 წელზე მეტი ვადით თავისუფლებააღკვეთილი პატიმარი თუ თანახმა არ არის განქორწინებაზე, ეს მხედველობაში არ მიიღება, მაგრამ თუ იგი დავობს ქონების ან შვილების თაობაზე, მაშინ განქორწინების საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ.

როცა ერთ-ერთი მეუღლე ითხოვს განქორწინებას სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, მან განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილების ან განაჩენის სათანადოდ დამოწმებული ასლი. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ აღიარებულ მეუღლესთან განქორწინება მარტივად ხდება.

რაც შეეხება ისეთ მეუღლესთან განქორწინებას, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან, რომელსაც სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლისა, კანონი მათი ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, განსხვავებულ წესს ადგენს. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა განქორწინების თაობაზე მეორე მეუღლის შეტანილი განცხადების შესახებ უნდა აცნობოს ქმედუუნაროდ აღიარებული მეუღლის მეურვეს ან პატიმრობაში მყოფ მეუღლეს და 3 თვის განმავლობაში მისგან უნდა მიიღოს პასუხი შემდეგ კითხვებზე: ა) აქვს თუ არა დავა ბავშვების თაობაზე; ბ) ითხოვს თუ არა წილს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან; და გ) ითხოვს თუ არა ქმედუუნარო მეუღლის მეურვე ალიმენტის დანიშვნის სამეურვეო პირისათვის. თუ არც ერთ საკითხზე პრეტენზია არ იქნა გამოთქმული, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო მოახდენს განქორწინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, განქორწინების საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა განქორწინება უნდა მოახდინოს არა მარტო მაშინ, როცა მან მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ დავა არ არსებობს, არამედ მაშინაც, როცა 3-თვიან ვადაში პასუხი საერთოდ არ იქნა მიღებული.

რაც შეეხება განქორწინების საქმეების განხილვას სასამართლოში, ასეთ საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განცხადება განქორწინების შესახებ სასამართლოში მეუღლეებს ან ერთ-ერთ მათგანს შეაქვს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასში აღნიშნული უნდა იყოს განქორწინების მიზეზები. სასამართლო ვალდებულია შეისწავლოს განცხადებაში მითითებული განქორწინების მიზეზები და მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად. ამ მიზნით გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს მისცეს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი და მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ, როცა დარწმუნდება, რომ ოჯახი ფაქტობრივად დანგრეულია, მეუღლეთა შერიგება შეუძლებელია და ოჯახში შექმნილი მდგომარეობა ბავშვის აღზრდაზე ცუდად მოქმედებს.

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო იმავდროულად იღებს აუცილებელ ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.

იმ შემთხვევაში, როდესაც მეუღლეები არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობლებთან დარჩეს და რომელმა მშობელმა რა რაოდენობით უნდა გადაიხადოს ალიმენტი. თუ საჭირო გახდება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
განქორწინების დროს შესაძლებელია სასამართლომ განიხილოს ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორესათვის გადასახდელი სარჩოს საკითხიც. ამისათვის საჭიროა, რომ სასამართლოს მიმართოს იმ მეუღლემ, რომელსაც ამის უფლება კანონის საფუძველზე გააჩნია. აქედან გამომდინარე, იგი უნდა იყოს შრომისუუნარო და საჭიროებდეს მატერიალურ დახმარებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განქორწინების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად, განსაზღვრავს ალიმენტის იმ ოდენობას, რაც უნდა იხადოს მეორე მეუღლემ. მაგრამ თუ უფლებამოსილმა მეუღლემ არ მიმართა სასამართლოს ალიმენტის თაობაზე, მაშინ სასამართლო მხოლოდ განქორწინების საქმეს განიხილავს.

მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ცალკე უნდა იქნეს განხილული და იგი არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.

უნდა ითქვას, რომ განქორწინების დროს დავები ქონების გაყოფის თაობაზე საკმაოდ ხშირია. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი განმარტავს, რომ "მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი", ამასთან, "ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი".

თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს: "ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით" (მუხლი 1161). ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, "ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით" (მუხლი 1162).

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ "თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა" (მუხლი 1163). ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქორწინო ხელშეკრულებაში სხვა რამ არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ "თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია" (მუხლი 1166).

იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს თანაბრობის საწყისს ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, "ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს" (მუხლი 1168).

გაყოფას ექვემდებარება არა მარტო ქონება, არამედ ვალებიც. 1169-ე მუხლის თანახმად, "მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად".

განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
განქორწინების საკითხის გადაწყვეტისას დღის წესრიგში დგება თითოეული მეუღლის განქორწინების შემდგომი გვარის საკითხი. თუ დაქორწინებისას ერთ-ერთმა მეუღლემ შეიცვალა გვარი, მას უფლება აქვს იგივე გვარი ატაროს განქორწინების შემდეგაც. ამაზე მეორე მეუღლის ნებართვა არ არის საჭირო. მეუღლეებს უფლება აქვთ აგრეთვე, დაიბრუნონ ქორწინებამდელი გვარი. თუ მეუღლეს სურს ატაროს ქორწინებამდელი გვარი, მან ამის შესახებ უნდა განაცხადოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის დროს. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამის შესახებ სათანადო ჩანაწერს აკეთებს და გაცემულ განქორწინების მოწმობაშიც ახალი გვარი ჩაიწერება. განქორწინების შემდეგ გვარის არჩევის საკითხი მეუღლის პირად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება და მას მხოლოდ თვითონ წყვეტს.

კანონმდებლობა უშვებს ქორწინების აღდგენის შესაძლებლობას გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო უკვლოდ აღიარებული მეუღლის დაბრუნებისას. თუ გამოჩნდება კანონით აღიარებული მეუღლე, რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე და გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო თუ ისინი სასამართლო წესით იყვნენ განქორწინებული, სასამართლო მათი განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. ამასთანავე კანონი ითვალისწინებს, რომ ქორწინება არ შეიძლება აღდგეს იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე, მაგრამ განქორწინებულ მეუღლეებს აძლევს ხელახალი დაქორწინების უფლებას.

განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქორწინების შეწყვეტას. ამით განქორწინების პირველი ეტაპი მთავრდება მხოლოდ. მეორე ეტაპი კი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში უნდა გაგრძელდეს. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით. თუ ორივე მეუღლე თავს იკავებს განქორწინების რეგისტრაციისაგან, მაშინ იგულისხმება, რომ ქორწინება კვლავ ძალაში რჩება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მეუღლეებს ერთმევათ უფლება კვლავ დააყენონ განქორწინების საკითხი. ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

განქორწინების მოწმობის გაცემისთანავე აუცილებელია ბაჟის გადახდა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით განსაზღვრული ბაჟი, ასევე თუ საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბაჟი უნდა გადახდეს ორივე მეუღლეს, იგი განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.

განქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური განქორწინებას ახდენს არა ავტომატურად, არამედ ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის მიმართვის საფუძველზე. როცა ერთ-ერთი მეუღლე ითხოვს განქორწინების რეგისტრაციას, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, ყოველგვარი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მეორე მეუღლეს. თუ მისთვის ცნობილი არ არის მეორე მეუღლის ან იმ ორგანოს მისამართი, რომელმაც მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია, ასეთ შემთხვევაში განქორწინება რეგისტრაციაში გატარდება მეორე მეუღლისათვის შეტყობინების გარეშე.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც განქორწინებასთან არის დაკავშირებული.

ირინე ღლონტი