ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
საკუთრების უფლება და მისი დაცვის სამართლებრივი პრინციპები - #10(214), 2017
საკუთრების უფლებაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს საკუთრების უფლების შინაარსი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. იმავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრის, როგორც სუბიექტისთვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობის მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება კონსტიტუციის ფარგლებში. სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს საკუთრების უფლება, მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი წესრიგის, მათ შორის, კერძოსამართლებრივი წესრიგის შექმნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. ეს არის უფლებათა ის კატეგორია, რომელიც ადამიანს მანამ გააჩნია, სანამ ცოცხალია და მთელი ქონებაც რომ წაართვან, იგი ამ უფლების მატარებელი მაინც დარჩება, რადგან საკუთრების უფლება ქონების შეძენის შესაძლებლობაა და არა თვით ეს ქონება.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორია საკუთრების დეფინიცია უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით?

პასუხი: თქვენი შეკითხვის პასუხს სამი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე განგიმარტავთ:

 იტალიის სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მესაკუთრეს აქვს უფლება, საჯარო წესრიგით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებსა და მოვალეობათა შესრულების პირობით, ისარგებლოს ნივთებით და სრულად განკარგოს ისინი სხვა პირთა გამორიცხვით;

 საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე, საკუთრება არის ნივთებით სარგებლობის და განკარგვის უფლება მაქსიმალურად აბსოლუტური ხერხით, რომ სარგებლობა არ არის აკრძალული კანონებით;

 აშშ-ს სამართლის მიხედვით, `მესაკუთრე უფლებამოსილია, ფლობდეს, განკარგავდეს, სარგებლობდეს ქონებით, გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი. აქვს უფლება გადასცეს ქონება მესამე პირებს და აქვს ნივთის უვადოდ ფლობის უფლება.

ზოგადად, დღემდე ჩამოყალიბებული მეცნიერული მიდგომებისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საკუთრება არის კერძოსამართლებრივი ქონებრივი უფლებები, კერძოდ: სანივთო უფლებები, წევრობის უფლებები, მოთხოვნები, მათ შორის – უპირატესი შესყიდვის უფლებაც. შესაბამისად, ზემოაღნიშნული შეხედულებებისა და პრაქტიკის მიხედვით, ნივთზე საკუთრების უფლების გარდა, მოაზრებულია ყველა დანარჩენი სანივთო უფლება, მოთხოვნები და საკუთრების უფლების უზრუნველმყოფი (წარმომშობი) უფლებები, მაგალითად, მფლობელობის გზით უპატრონო მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის უფლება. საკუთრების უფლებით ხდება ასევე თავისუფალი კომერციული საქმიანობის დაცვა, რომელიც უფლებამოსილი პირის უნარით, შრომითა და კაპიტალით, მის მიერ გაწეული სამეწარმეო რისკის შედეგად ჩამოყალიბდა და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილისათვის რეალიზებად ქონებრივ უფლებებს უზრუნველყოფს. ეს მსჯელობა შეესაბამება თანამედროვე საზოგადოების შეხედულებებს – ის, რაც ინდივიდმა საკუთარი შრომითა და კაპიტალდაბანდებით მოიპოვა, არის მისი საკუთრება და იმსახურებს დაცვას მის ძირითად უფლებაში ჩარევისგან.

კითხვა: იძლევა თუ არა, ქართული სამოქალაქო კოდექსი სანივთო სამართლის ცნებას და როგორია მისი ძირითადი პრინციპები? თუ შესაძლებელია, ასევე განგვიმარტეთ, საზღვარგარეთის რომელი ქვეყნის სამართალთან ამჟღავნებს იგი ყველაზე მეტ მსგავსებას?

პასუხი: ქართული სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა სანივთო სამართლის ცნებას. დოქტრინის მიხედვით, სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს პირთა ურთიერთობებს ნივთებთან. სანივთო სამართალი იმავდროულად ქონებრივი სამართალიცაა, თუმცა, ეს უკანასკნელი გაცილებით მეტს ნიშნავს. სანივთო სამართალი სამოქალაქო კოდექსის განუყოფელი ნაწილია.

აქვე უნდა ვახსენოთ სანივთო უფლება, რომელიც არის აბსოლუტური უფლება, რაც იმას ნიშნავს რომ აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშეა ყველა პირი, როგორც ვალდებული პირი. სანივთო უფლება უნდა იყოს ცნობილი ყველას მიერ და მისი ხელყოფის შემთხვევაში იგი დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით. ამასთან, აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე.

რაც შეეხება სანივთო სამართლის პრინციპებს, სანივთო უფლებები „ნუმერუს ცლაუსას“ პრინციპითაა განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ სანივთო უფლებათა წრე, კანონით ამომწურავადაა მოხაზული. არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული. ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა.

სანივთო სამართალი სამოქალაქო კოდექსის განუყოფელი ნაწილია. იგი ყველაზე მეტ მსგავსებას გერმანულ სამართალთან ამჟღავნებს, მაგრამ მისგან განსხვავებით გაცილებით მარტივად და თანამედროვედ გამოიყურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მარტო მეორე წიგნი როდი მოიცავს ყველა სანივთო სამართლებრივ დებულებებს. ბევრ მათგანს აღნიშნული კოდექსის სხვა წიგნებში და სპეციალური კანონებშიც ვხვდებით.

დღეისთვის, სანივთო სამართალი გაფართოებულია საჯარო-სამართლებრივი დებულებებით. ამ დარგზე აღნიშნული გავლენები საგრძნობლად შესამჩნევია. უპირველესად ეს ჩანს საჯარო ნივთების შესახებ მოძღვრებაში.

სანივთო სამართალი მრავალი თავისებურებებით ხასიათდება, რითაც იგი განსხვავდება ვალდებულებითი სამართლისგან. ამ განსხვავების საფუძველი ჯერ კიდევ რომის სამართალში ჩაეყარა, როცა ერთმანეთისგან გაიმიჯნა სანივთო და ვალდებულებით უფლებათა დაცვის საშუალებანი. რომაელი იურისტების განმარტებით მთავარი სანივთო უფლება, როგორიცაა საკუთრება, წარმოადგენს ნივთის მიმართ უშუალო ბატონობის გამოვლინებას მაშინ, როცა ვალდებულება გულისხმობს არა იმას, რომ ესა თუ ის საგანი ჩვენი გავხადოთ, არამედ იმას, რომ სხვა გავხადოთ ჩვენთან დაკავშირებული, რათა მან მოგვცეს ან შეასრულოს რაიმე. სანივთო და ვალდებულებით უფლებათა ამ განსხვავებებზე აიგო შესაბამისად მათი დაცვის საშუალებანი, როგორიცაა პირადი და სანივთო სარჩელები.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან სანივთო და ვალდებულებითი უფლებები?

პასუხი: სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა; ვალდებულებითი კი – შეფარდებითი (რელატიური). ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშე ვალდებულია ყველა პირი, მაშინ როცა შეფარდებითი უფლების მატარებელს უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც კონკრეტული უფლება მოვალეობათა სუბიექტი (მაგალითად, ქირავნობის შემთხვევაში). სხვანაირად რომ ვთქვათ, ადგილი აქვს სანივთო უფლებათა სასარჩელო დაცვის აბსოლუტურობას, ე.ი. სანივთო უფლება, რომელიც ყველას მიერ უნდა იქნეს ცნობილი, ხელყოფის შემთხვევაში დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით. ვალდებულებით-სამართლებრივი უფლება კი მხოლოდ მოვალის მიმართ იძლევა სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, შეფარდებითი კი, ძირითადად ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე. აბსოლუტურობა ასევე ვლინდება იმაში, რომ სანივთო უფლებათა კანონით განსაზღვრული სამართლებლივი მდგომარეობა განუყოფადია. ის ფაქტი, რომ მესაკუთრე ვინმესთან იმყოფება რელატიურ ურთიერთობაში, სულაც არ აუქმებს სხვებთან მის აბსოლუტურ ურთიერთობაში ყოფნას. საყურადღებოა, რომ მიუხედავად ამ განსხვავებისა, შეიძლება რელატიური უფლება თავად იქცეს აბსოლუტური ურთიერთობის ობიექტად. ასე მაგალითად, ყველა ვალდებულია, პატივს სცემდეს მხარეთა სახელშეკრულებლო კავშირს და ხელს არ უშლიდეს მის განხორციელებას.

სანივთო უფლების განსაკუთრებულ თვისებად უნდა ჩაითვალოს მისი საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობისუნარიანობა. სანივთო უფლება ისეთ ფორმაში ჰპოვებს გამოხატულებას, რომ იგი ადვილად შესამჩნევი ხდება ყოველი დაინტერესებული პირისთვის, რაც მიიღწევა სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, რასაც ვერ ვიტყვით ვალდებულებით უფლებათა შესახებ.

მაგალითად, თუ ვინმეს სურს შეამოწმოს, რა საკითხების მფლობელია მისთვის საინტერესო ნებისმიერი პირი. მას თავისუფლად შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და იქიდან მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია; მაგრამ თუ იგი დაინტერესდება გაეცნოს ქირავნობის ურთიერთობის შინაარსს, აღნიშნულის შესახებ ცნობებს ვერ იხილავს საჯარო რეესტრში. სანივთო უფლების ამ თვისებამ მისი მეორე თავისებურებაც განსაზღვრა. ეს ის გახლავთ, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეესტრის მონაცემები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად კეთილსინდისიერი შემძენი გაცილებით უკეთესადაა დაცული სანივთო სამართალში, ვიდრე ვალდებულებითში, რომელშიც მხარეთა სუბიექტური ნება გადამწყვეტი ფაქტორია უფლების ნამდვილობის შეფასებაში. თუ სანივთო სამართალში ივარაუდება, რომ რეესტრის ჩანაწერი ნამდვილია, ვალდებულებითში ასეთი ვარაუდი მფლობელის კეთილსინდისიერებასთან არის დაკავშირებული.

უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა ვალდებულებით უფლებათა მსგავსი ტენდენციებიც. ასე მაგალითად, ბინის დამქირავებელი ამ ბინის ახალი მესაკუთრის ხელშიც დამქირავებლად რჩება. ცხადია, ეს ვერ წაშლის ზღვარს სანივთო და ვალდებულებით უფლებათა შორის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი უფლება დროთა განმავლობაში იქცეს სანივთო უფლებად. ფრანგულ დოქტრინაში იჯარის უფლებას სანივთო უფლებად განიხილავენ. თუმცა სამართლებრივად უფლება სანივთოდ რომ იქცეს, ეს უნდა მოხდეს საკანონმდებლო-ნორმატიულ დონეზე.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა არის სანივთო გარიგება და რით განხსვავდება ვალდებულებისაგან?

პასუხი: სანივთო გარიგება შედარებით ახალი მოვლენაა ქართულ სამოქალაქო სამართალში. იგი მიმართულია სანივთო უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტისაკენ. სანივთო სამართალი ცნობს ცალმხრივ და ორმხრივ გარიგებებს. სანივთო გარიგების მიმართ გამოიყენება უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის საერთო წესები, გარიგების ფორმა, წარმომადგენლობის უფლება და სხვა. აქ კანონის კონკრეტული ნება ბატონობს და სახელშეკრულებო თავისუფლება სერიოზული შეზღუდვებით ხასიათდება; თუმცა, მხარეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, დადებენ თუ არა გარიგებას, მაგრამ მისი შინაარსის განსაზღვრაში ძირითადად იმპერატიულ დანაწესებს ემორჩილებიან. მართალია, მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლება, მაგრამ იგი შეხამებულია გარკვეულ ფორმალურ მოთხოვნათა დაცვის სავალდებულობის პრინციპთან.

ვალდებულების სამართალში კი მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არც ეწინააღმდეგება მას. სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატვას ხელს უწყობს საკანონმდებლო დადგენილებათა ხასიათიც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში დისპოზიციურია, ვიდრე იმპერატიული. მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ დადგენილი წესი და ხელშეკრულებით განსხვავებულად მოაწესრიგონ იგი. სამართლის ანალოგიის საფუძველზე მათ შეუძლიათ კანონში ჯერ კიდევ არარსებული ურთიერთობანიც მოაწესრიგონ. მოკლედ, ვალდებულებით გარიგებაში სუბსტანციის განსაზღვრაში დიდია მხარეთა ნების მნიშვნელობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სიახლედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ მასში ქონებად მიჩნეულია არა მარტო ყველა ნივთი, არამედ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში სამოქალაქო ბრუნვის ტენდენციებს, სრულიად ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ არამატერიალურ სიკეთეთა დიდი მომავალი ამ ბრუნვის პროცესში. ისტორია ყველას თავის ბედს არგუნებს, ზოგნი ნივთებით ვაჭრობენ, ზოგნი კიდევ – იდეებით. სულ რამდენიმე წლის სასამართლო პრაქტიკაც იმას ადასტურებს, რომ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები კარგად ცნობიერდება სანივთო უფლებათა ჭრილში. სამოქალაქო ბრუნვაში მტკიცედ მკვიდრდება იმის შეგნება, რომ საკუთრების საგანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სხეულებრივი, არამედ ე.წ. „უსხეულო ნივთებიც“. ყოველივე ეს მკვეთრად გამოვლინდა სამეწარმეო პრაქტიკაშიც.

სამოქალაქო კოდექსმა აღადგინა ნივთების დაყოფა მოძრავ და უძრავ ნივთებად.

კითხვა: გთხოვთ, აგვიხსნათ, ძირითადად რომელი ნივთები ითვლება მოქმედი კანონის თანახმად უძრავ ნივთებად?

პასუხი: უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომელნიც მყარად დგანან მიწაზე.

აღსანიშნავია, რომ კოდექსი მხოლოდ უძრავი ნივთების ცნებას იძლევა და ამით დუმილით გვამცნობს, რომ მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად. უძრავი ნივთების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ რადგან მუდმივად ერთი და იგივე ადგილსამყოფელი აქვს, მისი სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონებით, სადაც იგი იმყოფება, მოძრავი ნივთები კი გადაადგილებაუნარიანობის გამო შეიძლება იცვლიდეს თავის სამართლებრივ რეჟიმსაც. ამას განაპირობებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების პრეზუმციის განსხვავებული მოწესრიგება. მოძრავი ნივთების შემთხვევაში, თუ მისი მარტოოდენ ფაქტობრივი მფლობელობაა საკმარისი საკუთრების პრეზუმფციისთვის, უძრავი ნივთების დროს ეს ვარაუდი საჯარო რეესტრიდან უნდა გამოვლინდეს. საჯარო რეესტრის ღირებულება იმაშია, რომ იგი იძლევა ნივთების სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის გარანტიას და ამ ნივთების შემძენთა უფლებების დაცვის გაცილებით მეტ შესაძლებლობებს, ვიდრე ეს მოძრავი ნივთების შემთხვევაშია.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას წარმოადგენს უძრავი და მოძრავი ქონება და სამართლებრივად რა განსხვავებაა მათ შორის?

პასუხი: როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა. განსხვავება იმაშია, რომ მოძრავი ქონება გირავნობის საგანს წარმოადგენს, ხოლო უძრავი - იპოთეკისა.

მოძრავი ნივთების თვისება ისაა, რომ შეიძლება ამ ნივთების დამოუკიდებლად (თვითმოძრავი ნივთები) ან ადამიანის ხელით გადაადგილება მათი ძირითადი დანიშნულებისათვის ვნების მიუყენებლად. როცა მოძრავი ნივთი უძრავის კომპლექსში ჩაერთვება როგორც შემადგენელი ნაწილი, ის, ვიდრე ამ მდგომარეობაშია, კარგავს მოძრავი ნივთის თვისებას.

უძრავი ნივთების ხერხემალს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს. ყველა სხვა უძრავი ნივთი არსებითად მასთან დაკავშირებული ნივთია.

საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი ჟურნალის შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.

ირინე ღლონტი