ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის კომენტარები - №1(265), 2022
სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი ეფექტიანი კორპორაციული სამართლის არსებობაა. საკორპორაციო სამართლის ისტორია საქართველოში 1994 წლიდან იწყება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იყო პირველი საკანონმდებლო აქტი საქართველოში, რომელიც ასახავდა ევროპული სამართლის გამოცდილებას. მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა გერმანიის კორპორაციულმა სამართალმა. კანონი შეიქმნა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ ერთობლივად, თუმცა, იგი მიიჩნეოდა ქართული კანონმდებლობის ორიგინალურ ვერსიად. 1994 წლის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ მასში განხორციელდა არაერთი ცვლილება, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, კანონის მიმართებით გამოიკვეთა მთელი რიგი ხარვეზები, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდებოდა სასამართლოში საქმეების განხილვის დროს, რაც ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონით არასათანადოდ იყო მოწესრიგებული სამეწარმეო ურთიერთობები. ეს კი თავის მხრივ ნეგატიურ გავლენას ახდენდა სასამართლოში საქმის წარმოების ხარისხსა და კორპორაციული დავების განხილვისას მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე. გამოვყოფთ რამდენიმე ხარვეზს, რაც ძველ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს ახასიათებდა, მათ შორის: 

– სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლასთან საკითხების დაურეგულირებლობა; 

– ინტერესთა კონფლიქტების დაურეგულირებლობა; 

– კორპორაციული მმართველობის გამჭვირვალობის პრობლემა; 

– კორპორაციის ხელმძღვანელის სამართლებრივ ჭრილში შეფასების პრობლემა; 

– ლიკვიდაციისა და ქონების განაწილების პროცედურების ხარვეზები; და სხვა. 

საკორპორაციო სამართალთან დაკავშირებით გამოვლენილმა ხარვეზებმა და სამეწარმეო ურთიერთობაში კანონის როლისა და დანიშნულების გასაძლიერებლად საჭირო გახდა ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც თანამედროვე მიდგომებზე იქნებოდა დაფუძნებული. ამიტომ, 2022 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონი და ამოქმედდა ახალი, საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი იმავე სახელწოდებით. 

მართლაც, ახალმა კანონმა, შემოგვთავაზა არაერთი სიახლე და მრავალფეროვნება, რაც ნათლად ჩანს და იკვეთება კანონის პირველივე მუხლში, რომელიც კანონის გამოყენების სფეროებს ეთმობა და აქვეა წარმოდგენილი უმნიშვნელოვანესი დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის გამოყენებითაც მხარეები შეძლებენ უკეთ მოაწესრიგონ კორპორაციული ურთიერთობები, ცალკეული საკითხების წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის კი იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისთვის ხელს უშლის, ერთი მხრივ ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ხოლო მეორე მხრივ სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადო განხილვასა და გადაწყვეტაში. 

საკორპორაციო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონმდებლის იმპერატიულ-ნორმატიული ინტერვენცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ურთიერთობის „სუსტი“ მხარის ღირებული ინტერესის დაცვას ემსახურება, და ასევე ამცირებს ინდივიდუალურ ინიციატივათა შესაძლებლობას. კანონის მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ იმ კრიტერიუმის დადგენაა, რომლითაც უნდა განისაზღვროს, კონკრეტული ნორმა დისპოზიციური ხასიათის მატარებელია თუ იმპერატიული. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: 

„2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კოოპერატივის წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ის იმპერატიულია“. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალმა რედაქციამ შემოიღო ასევე ახალი სამართლებრივი ტერმინი „სადამფუძნებლო შეთანხმება“ (მუხლები 4, 5). „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის 1-ელ პუნქტში მოცემული განმარტებით, „სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია სადამფუძნებლო შეთანხმება“, რომელიც თავისთავში მოიცავს წესდებას და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს. აღნიშნული დანაწესი ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოების წესდებას მიენიჭა მაღალი სტანდარტი და თავისი მნიშვნელობით გაუთანაბრდა სახელმწიფოს უზენაეს კანონს, ვინაიდან წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებების საჭიროება იშვიათად უნდა დადგეს. აქვე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ კანონმდებელმა შემოიტანა „სტანდარტული წესდების ინსტიტუტი“, რომელიც შაბლონური ხასიათისაა. ის დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის #791 ბრძანებით და პარტნიორების სურვილის შესაბამისად შესაძლებელია გავრცელდეს მათ მიერ დაარსებულ სამეწარმეო საზოგადოებაზე. აქედან გამომდინარე, წესდებისადმი წაყენებული მინიმალური ინფორმაციის მოთხოვნა მხოლოდ ისეთ საკითხებს შეეხება, რომელიც არ ახდენენ საზოგადოების ინდივიდუალიზებას, ხოლო შედარებით ცვალებადი არამარეგულირებელი ფუნქციის მატარებელი ის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ სამეწარმეო საზოგადოებასთან არის დაკავშირებული წესდების მიღმა, სადამფუძნებლო შეთანხმებაში არის მოცემული. სტანდარტული წესდების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა სავალდებულო არ არის. იმისათვის, რომ გამოყენებული იქნას სტანდარტული წესდება, საკმარისია, პარტნიორ(ებ)მა ამის თაობაზე მიუთითოს სადამფუძნებლო შეთანხმებაში. აქვე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ მინისტრის მიერ სტანდარტულ წესდებაში განხორციელებული ცვლილება/ ან მისი გაუქმება, არ გამოიწვევს ცვლილების შეტანის საჭიროებას იმ წესდებაში, რომელიც გამოყენებული იქნა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის მიზნებისათვის და რეგისტრაციის დროისთვის იყო მოქმედი. თუმცა „სტანდარტული წესდების“ ინსტიტუტი არ უზღუდავს პარტნიორ(ებ)ს შეიმუშაონ და და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინონ არასტანდარტული წესდება, რომელიც სულ მცირე უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ახალი კანონით განხორციელდა, არის მეწარმის საფირმო სახელწოდების შერჩევის და გამოყენების პრინციპი. მანამდე არსებული რეგულაციისგან განსხვავებით, ახალი კანონი ადგენს, რომ როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ისე ყველა სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება შესაძლოა იყოს ფანტაზიის ნაყოფი და სავალდებულოდ არ შეიცავდეს ინდმეწარმის ან პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის სახელს. ამასთან კანონი აწესებს, რომ საფირმო სახელწოდება აუცილებლად უნდა იქნას გამოსახული ქართულ ენაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არსებული საკანონმდებლო ხარვეზიდან გამომდინარე დღეის მდგომარეობით არსებობს ისეთი სამეწარმეო საზოგადოებები, რომლებსაც აქვთ ერთნაირი საფირმო სახელწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ახალი კანონი იმპერატიულად აწესებს, რომ საფირმო სახელწოდებები არ უნდა ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებას. კანონმდებელმა დაუშვა გამონაკლისი წესი უკვე რეგისტრირებული იდენტური საფირმო სახელწოდებების მიმართ, რათა თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი სირთულე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების სახით და ამიტომ ეს დანაწესი ამოქმედდა ამ კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ საზოგადოებებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. აღნიშნული დანაწესი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ უკვე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები განახორციელებენ საფირმო სახელწოდებაში ცვლილებას. ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ახალმა კანონმა შემოიტანა შეზღუდვა სახელწოდებებში და დაუშვებლად მიიჩნია ისეთი სიტყვის ან სიტყვათა წყობის გამოყენება, რომელიც შეიცავს: 

– საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწონებას, შუღლის გაღვივებას ან ომის, ტერორიზმის, ძალადობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მოწონებას ან/და პროპაგანდას; 

– ასევე ისეთი სიტყვის ან სიტყვათა წყობის გამოყენება, რომელიც აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა საფუძვლით, აგრეთვე ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; 

– ასევე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა მეწარმის სამართლებრივ ფორმასთან, საქმიანობის მოცულობასთან, ან ხარისხთან, ან/და პარტნიორის ურთიერთობის შინაარსთან დაკავშირებით; 

– საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო წოდების ან სპეციალური წოდების ან/ და დიპლომატიური რანგის აღმნიშვნელი ტერმინის იდენტური ან მიმსგავსებული სიტყვა, ან სიტყვათა წყობა; 

– ფიზიკური პირის სახელი მისი წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე ფიზიკური პირის სახელი მისი გარდაცვალებიდან არანაკლებ 30 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ პირის მემკვიდრეების წერილობითი თანხმობა; 

– უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვა, ან სიტყვათა წყობა; და სხვა. 
ასევე აღსანიშნავია ის სამართლებრივი ნორმის იმპერატიული დათქმა, რომლის თანახმადაც: პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობდა სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ დამრღვევს მოსთხოვოს სხვა იურიდიული პირის სახელწოდების მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა, ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა შემოიტანა ასევე საქმიანი წერილისა და ვებგვერდის ცნება, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს, როგორიცაა საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიმართ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის 26-ე 35-ე და 39-ე მუხლებთან დაახლოებასთან ერთად მიმართულია უკეთესი სამეწარმეო პრაქტიკის დამკვიდრებისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მესამე პირებმა მარტივად მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ საზოგადოებასთან აქვთ ურთიერთობა და ვინ არის ამ საზოგადოების წარმომადგენელი. ამ წესების დარღვევისათვის სანქციის დაწესებაც შეესაბამება ასევე ევროკავშირის 2017 წლის 1132 დირექტივის 40-ე მუხლს. 

„შეტყობინების ჩაბარების წესი“ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი დანაწესია, რომელიც ადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმისათვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების წესს და ითვალისწინებს, რომ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის მიერ შეტყობინების გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან, ან მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულად განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა შემოგვთავაზა სიახლე და ცალკე თავი დაუთმო „შენატანებს“. განიმარტა, რომ შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში, ხოლო შენატანის საგანი არის ქონებრივი სიკეთე, რომლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემის ვალდებულებასაც იღებს მომავალი ან მოქმედი პარტნიორი, სამეწარმეო საზოგადოებაში წილის შეძენის ან მისი გაზრდის სანაცვლოდ. შენატანის განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით (ფულადი შენატანი) ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით (არაფულადი შენატანი). სამუშაოს შესრულება, ან მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი. არაფულადი ვალდებულების შესრულება შეიძლება გამოიხატოს ე.წ. ვალდებულების კაპიტალიზაციით, ე.ი. საწარმოს მიმართ მოთხოვნის შეტანით კაპიტალში წილის/ აქციის მიღების სანაცვლოდ. აქვე გასათვალისწინებელია ნორმის დანაწესი, რომლის თანახმადაც, თუ არაფულადი შენატანის განხორციელების დროს მისი ღირებულება შეთანხმებულ შენატანზე ნაკლებია, პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანის ღირებულება ფულადი სახით შეავსოს. კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ არაფულადი შენატანის ღირებულების შენატანის ოდენობასთან შესაბამისობის შეფასებას და შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო. შენატანის განხორციელების შესახებ ცნობის ბრალეული უზუსტობისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმა შემოგვთავაზა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ეს არის სამეწარმეო საზოგადოების „განთავსებული კაპიტალი“. რომელიც საზოგადოების მიერ განსაზღვრული ფულადი ოდენობაა. განთავსებული კაპიტალი უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალური ღირებულებათა ჯამის ტოლი, ხოლო თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს აგრეთვე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს. თუ სამეწარმეო საზოგადოებას (გარდა სააქციო საზოგადოებისა) განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. თავისი ბუნებით განთავსებული კაპიტალი ე.წ. საწესდებო კაპიტალის ეკვივალენტია და მისი მთავარი ფუნქცია საზოგადოების დაფუძნებისას საწყისი კაპიტალის ფორმირებაა, ხოლო საზოგადოების დაფუძნების შემდგომ, განთავსებული კაპიტალი საზოგადოების ქონების შენარჩუნების ან გაზრდის მიზანს ემსახურება. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წილი არის უფლება, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას და რომელთანაც დაკავშირებულია უფლებები და მოვალეობები. წილი საკუთრების საგანია. პარტნიორს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს სამეწარმეო საზოგადოებაში საკუთარი წილი, თუ კანონმდებლობით, წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით შეზღუდვები დადგენილი არ არის. აქციის გადაცემის აკრძალვა დაუშვებელია. თუ წილი სამეწარმეო საზოგადოებაში რამდენიმე პირის თანასაკუთრებაშია, ისინი თანაპარტნიორებად მიიჩნევიან. ამ შემთხვევაში წილთან დაკავშირებული უფლებები შეიძლება განახორციელოს მათ მიერ განსაზღვრულმა ერთ-ერთმა თანაპარტნიორმა ან მესამე პირმა. ეს პირები სოლიდარულ კრედიტორებად მიიჩნევიან. აღნიშნულ შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები თანასაკუთრების ან/და საზიარო უფლებების შესახებ. თუ თანაპარტნიორები ან მემკვიდრეები ხმათა უმრავლესობით ვერ თანხმდებიან წილის მართვაზე, სამეწარმეო საზოგადოების ან თანაპარტნიორის ან ერთ ერთი მემკვიდრის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს წილის მმართველს, რომელსაც მინიჭებული აქვს წილთან დაკავშირებული ყველა უფლება. სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/ აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვის/გამოსყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 

როგორც აღვნიშნეთ, კანონი თანამესაკუთრეებს სთავაზობს წილის მმართველის დანიშვნის გზით ნების კონსოლიდირებას, რაც თანამესაკუთრეთა უმრავლესობით (თუკი სადამფუძნებლო შეთანხმება უფრო დიდ უმრავლესობას არ ითვალისწინებს) წყდება. თუმცა სადამფუძნებლო შეთანხმება, შესაძლოა, მმართველის შერჩევის სხვა საშუალებასაც ითვალისწინებდეს. ასევე დასაშვებია შერჩევის განსხვავებულ გზაზე თავად თანამესაკუთრეების შეთანხმება, ამ შემთხვევაში – ყველას თანხმობით. ვინაიდან ნების ფორმირების შეუძლებლობა საწარმოს ინტერესების საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, მე-3 პუნქტით საწარმოსაც ენიჭება უფლება, უთანხმოება სასამართლო გზით გადაჭრას. ერთზე მეტი განცხადების შემთხვევაში მმართველის დანიშვნა, საწარმოს ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლებამოსილებაა. შესაძლოა, წესდება საარბიტრაჟო შეთანხმებას შეიცავდეს, ან ამაზე თანამესაკუთრეები წინასწარ შეთანხმდნენ. 

სამეწარმეო საზოგადოების მოგების/ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე პარტნიორს უფლება აქვს, მიიღოს წლიური ან შუალედური დივიდენდი. კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში დივიდენდის გაცემის ზოგადი აკრძალვა დაუშვებელია. დივიდენდი დგინდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა წილების პროპორციულად, თუ კანონით, წესდებით ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დანაწესი პარტნიორს ანიჭებს უფლებამოსილებას, მონაწილეობა მიიღოს საწარმოს ქონების განაწილებაში. დივიდენდის მიღების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია წესდებითა და კანონით განსაზღვრული წესით დივიდენდის განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. აქვე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ ე.წ. შუალედური დივიდენდი არ წარმოადგენს ე.წ. საავანსო განაცემებს, მისი კანონიერება დგინდება გადაწყვეტილებების მიღების დროის გათვალისწინებით. შუალედური დივიდენდი კანონიერია მაშინაც, თუკი ფინანსური წლის შედეგების მიხედვით დივიდენდის გასაცემი თანხა შუალედური დივიდენდის სახით გაცემულ თანხაზე ნაკლებია. დაუშვებელია გაცემული დივიდენდის დაბრუნების მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დივიდენდის მიმღებმა პარტნიორმა მისი მიღებისას იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ დივიდენდის განაწილებისას დაირღვა კანონით ან წესდებით დადგენილი ნორმები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, „სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს უფლება, გასცეს დივიდენდი, თუ ეს სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობას გამოიწვევს“. აღნიშნული დანაწესი უზოგადესი შეზღუდვაა ყველა ფორმის საზოგადოებისთვის. ქონების განაწილებამ არ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საწარმოს ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას. აკრძალვა გულისხმობს იმ შემთხვევებსაც, როდესაც გადახდისუუნარობა ეკონომიკური თვალსაზრისით უკვე დამდგარია, ე.ი. შეზღუდვა ეხება არა მარტო გადახდისუუნარობის გამოწვევას, არამედ „გაღრმავებასაც“. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაწესია „პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი“ (34-ე მუხლი). პარტნიორმა თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სამეწარმეო საზოგადოებისა და დანარჩენ პარტნიორთა კანონიერი ინტერესები და უფლებები. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. ამ პრინციპიდან გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ის ამ კანონით ან წესდებით პირდაპირ არის გათვალისწინებული და აუცილებელია სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. წესდებით შეიძლება პარტნიორთა შენატანებისგან დამოუკიდებლად განისაზღვროს წილები და განსხვავებული უფლებები და მოვალეობები. თანასწორუფლებიანობის პრინციპი საწარმოსა და მისი ორგანოების შემზღუდავი სახელმძღვანელო პრინციპია. მისი დაცვის საგანია პარტნიორთა უფლებები, რომლებიც გაუმართლებელმა დისკრიმინაციულმა ჩარევამ შეიძლება დააზიანოს. მისი არსი ისაა, რომ საწარმოსა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობაში მსგავსი ვითარებები მსგავსად უნდა გადაწყდეს, ხოლო განსხვავებული _ მათი თავისებურებების მიხედვით. სხვაგვარად თანასწორუფლებიანობის პრინციპს დაუსაბუთებელი დიფერენცირების აკრძალვაც შეიძლება ვუწოდოთ. ამ დატვირთვის ნათელყოფას ემსახურება, „თუ იგი კანონით ან წესდებით არის გათვალისწინებული ან აუცილებელია სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“, ე.ი. მაშინაც კი, როცა იგი არ არის გათვალისწინებული კანონით ან წესდებით. ამგვარი შესაძლებლობის არსებობა სასურველია საწარმოს მოულოდნელ გარემოებებზე რეაგირებისთვის მოქნილობის შენარჩუნების მიზნით. წესდებით გამონაკლისების გათვალისწინების შესაძლებლობა, თავის მხრივ, ექვემდებარება უფლების მართლზომიერი გამოყენების და ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის ჩარჩოებს. 

გიორგი ბოჭორიშვილი 
ნათია ქუტიძე 

გაგრძელება იქნება