ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის კომენტარები - №2(266), 2022
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ააფი“, №1(265), 2022 წ. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვისას, წინა სტატიაში, ჩვენ შევეხეთ სამეწარმეო საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემებს, პარტნიორთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებასა და კანონის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. სტატიის ამ ნაწილში საუბარი გვექნება სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებზე, მათ როლსა და მნიშვნელობაზე ყველა ტიპის სამეწარმეო საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით კანონი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აქცევს სამეწარმეო საზოგადოების ორგანოთა ფუნქციონირების მოწესრიგებას, აღნიშნული გამომდინარეობს კანონის უზოგადესი ამოცანიდან, ხელი შეუწყოს საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კორპორაციული მართვის კულტურის ჩამოყალიბებას და შეამციროს დაკავშირებულ მხარეთა ტრანზაქციული ხარჯები, წესდების ფარგლებში საკითხის მოწესრიგების აუცილებლობისა და შესაძლო დავების რისკის მინიმალიზაციის გზით. ასევე ვისაუბრებთ გენერალურ სავაჭრო მინდობილობაზე. 

საერთო კრება 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად: 

„1. სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებია: საერთო კრება, ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო, თუ ამ საბჭოს შექმნა კანონით ან წესდებით არის გათვალისწინებული. 

2. სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები და მათი წევრები საქმიანობას ახორციელებენ და გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ კანონით ან წესდებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში“. 

აღნიშნულის მიხედვით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საერთო კრება წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების ორგანოს. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა. პარტნიორთა კრება არის კორპორაციულ მართვაში საზოგადოების წილის მესაკუთრეების პირდაპირი მონაწილეობის უმთავრესი ინსტრუმენტი. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფორუმი, სადაც პარტნიორებს ეძლევათ შესაძლებლობა განსაზღვრონ საზოგადოების განვითარების ძირითადი სტრატეგია. სამეწარმეო საზოგადოება, წლიური ბალანსის შედგენიდან არაუგვიანეს 6 თვისა, სულ მცირე წელიწადში ერთხელ ატარებს საერთო კრებას. მორიგი საერთო კრების ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. საერთო კრება ირჩევს საერთო კრების თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრების თავმჯდომარე არ იქნება არჩეული, კრებას ხელმძღვანელობს მისი მომწვევი პირი, მომწვევი ორგანოს თავმჯდომარე, ან მომწვევი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ხოლო თუ საერთო კრების მომწვევი რამოდენიმე პირია _ მომწვევ პირთა ან მომწვევ იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებისაგან წილისყრით განსაზღვრული პირი. ახალი კანონის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ასევე 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც: 

„7. საერთო კრების მოწვევის ამ კანონით ან/და წესდებით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ კრებას ყველა პარტნიორი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. პარტნიორის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო“. 

ზოგადად, კრების მოწვევის ფორმალობების დარღვევა იწვევს საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობას, თუმცა წინამდებარე პუნქტი იძლევა პროცედურული დარღვევების ნეგატიური შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობას. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუკი კრებას ყველა პარტნიორი ესწრება და ყველა მათგანი თანახმაა კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე უარისათვის საზოგადოების პარტნიორმა უნდა განაცხადოს მოთხოვნა კრების სხვა დროს გამართვის თაობაზე და ამის საფუძვლად მიუთითოს კრების მოწვევის პროცედურის დარღვევა. საერთო კრების მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისა და ორგანოებისთვის. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხებზე, რომელიც კანონით საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააქციო საზოგადოების გარდა საერთო კრების უფლებამოსილება შეიძლება გაფართოვდეს ან დელეგირებული იქნას წესდების საფუძველზე. კანონი დისპოზიციური წესის სახით ადგენს, რომ საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში ხმების რაოდენობა გამოითვლება პარტნიორთა რაოდენობის მიხედვით, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში – სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც: 

„3. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან წესდებით განსაზღვრულია ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა, დამატებითი პირობები. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ან/და ორგანოს არჩევისთვის ან ალტერნატიული წინადადების კენჭისყრისთვის წესდება შეიძლება ადგენდეს განსხვავებულ წესებს, მათ შორის, ითვალისწინებდეს ხმათა უფრო მცირე რაოდენობას“. 

შესაბამისად, კანონში გამორიცხულია შესაძლებლობა, წესდებით გათვალისწინებულ იქნას გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ საკითხს მხარს დაუჭერს პარტნიორთა ისეთი ნაწილი, რომელიც არ ქმნის დამსწრეთა უმრავლესობას. ამ წესიდან გამონაკლისია თანამდებობის პირების ან/და ორგანოების არჩევა, ან, როცა ალტერნატიულ წინადადებებს უნდა ეყაროს კენჭი. ამ დროს წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს განსხვავებულ წესებს, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებას, თუ საკითხს მხარს დაუჭერს ხმების გარკვეული რაოდენობა (რომელიც არ არის უმრავლესობა). ასეთი რეგულირება, უწინარესად, მინორიტარი პარტნიორების დაცვის ინსტრუმენტია, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენლები სხვადასხვა თანამდებობასა თუ ორგანოში. ასევე, მითითებული ჩანაწერი აზღვევს ისეთ ალბათობებს, როდესაც ალტერნატიულ საკითხთა გადაწყვეტა ვერ ხერხდება ხმათა უმრავლესობის არარსებობის გამო. საერთო კრების მოწვევის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ამ კრების დასრულებიდან 15 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების მიერ არჩეული ან წესდებით განსაზღვრული საერთო კრების თავმჯდომარე. კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო კრების ოქმს ადგენს და ამოწმებს ნოტარიუსი. საერთო კრების ოქმი დაუყოვნებლივ სამეწარმეო საზოგადოების ხარჯით ეგზავნება პარტნიორებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეორე პუნქტი დეტალურად განსაზღვრავს საერთო კრების ოქმის შინაარსობრივ კომპონენტებს და ამ გზით ამკვიდრებს კრების ოქმის შედგენის ერთგვაროვან პრაქტიკას. კერძოდ, საერთო კრების ოქმში აღინიშნება როგორც საზოგადოების იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი მონაცემები, ისე უშუალოდ კრების ფორმალური და მატერიალური ნაწილი. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლში შექმნილია საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლების კატალოგი. ნორმაში წარმოდგენილი ბათილობის საფუძვლები უკავშირდება, როგორც საერთო კრების მოწვევისა და გამართვის ფორმალური პირობების დარღვევას, ისე მის შინაარსობრივ ნაწილს. დავა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით განიხილება სასამართლო წესით. ამასთანავე, ამავე მუხლში წარმოდგენილია ორი საფუძველი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა გამორიცხავს საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობას, კერძოდ: „საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობაზე მითითება დაუშვებელია, თუ საერთო კრების გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე დავა ამ ვადის ამოწურვამდე დაიწყო“. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი ეთმობა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობის შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული მუხლი მიზნად ისახავს რეესტრის უტყუარი მონაცემების შენარჩუნებისათვის გარანტიის შექმნას. კერძოდ, ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარუდგინონ მარეგისტრირებელ ორგანოს, თუ საერთო კრების გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე განხორციელდა რეგისტრაცია. ხელმძღვანელი პირები ასევე ვალდებული არიან სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსონ სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე ან სხვაგვარად მიაწოდონ პარტნიორებს.

სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო 

სამეწარმეო საზოგადოება, როგორც სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი, თავის ქმედუნარიანობის და უფლებაუნარიანობის რეალიზებას ახდენს საამისოდ უფლებამოსილი პირის _ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს (დირექტორის) მეშვეობით. დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“ და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად. კერძოდ, უნდა ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით. 

აღნიშნულიდან გამომდინარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი მიზნად ისახავს საუკეთესო კორპორაციული მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობას ზოგიერთი ცნებითი კატეგორიის შემოტანის გზით. ამ მიზნით ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელების სხვადასხვა ალტერნატივას აყალიბებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: 

„2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. კომანდიტურ საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), თუ პარტნიორთა გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელად სხვა პირი არ დაინიშნება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში ხელმძღვანელობის უფლება აქვს/აქვთ ხელმძღვანელ პირს/პირებს“. 

ასევე, სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება, ხელმძღვანელობითი უფლება-მოვალეობები (კომპეტენციები) სხვადასხვაგვარად გადანაწილდეს, მათ შორის გამოიყოს ცალკეული ორგანოს წევრისთვის/ წევრებისთვის ნომინალურად მიკუთვნებული ხელმძღვანელობის სფერო. თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მთლიანად ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა მიიღოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თავად ხელმძღვანელი ორგანო მის რამდენიმე წევრს გადაანდობს კონკრეტულ საკითხზე/საკითხებზე ორგანოს სახელით გადაწყვეტილების მიღებას. წესდება ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის განხორციელებას ერთი პირის მიერ _ ერთპიროვნულად, რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად ან ცალ-ცალკე და ყველა ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ივარაუდება, რომ სამეწარმეო საზოგადოების ყველა ხელმძღვანელი პირი ხელმძღვანელობით საქმიანობას ერთობლივად ახორციელებს. საზოგადოების მახასიათებლების, მათ შორის, პარტნიორთა სტრუქტურის, საოპერაციო არეალის, კაპიტალის მოცულობის გათვალისწინებით. ხელმძღვანელი ორგანო შეიძლება იყოს ერთპიროვნული ან კოლეგიური. თუკი კოლეგიალური ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება, ისინი საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევენ ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარეს. კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. იმ შემთხვევაში, თუ სხდომას არ ესწრება ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე, დამსწრე წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ სხდომის თავმჯდომარეს. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს დირექტორად ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრად იურიდიული პირის დანიშვნის შესაძლებლობაც. იურიდიული პირის შემთხვევაში ხელმძღვანელი ორგანოს წევრობის ეფექტიანად შესრულებისათვის ამ სუბიექტს მოუწევს, გამოყოს საამისოდ პასუხისმგებელი პირი. 

ხელმძღვანელი ორგანოს არსებობა და საზოგადოების ფუნქციონირება ურთიერთდაკავშირებული საკითხებია. შესაბამისად, კანონით დაზღვეულია ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელმძღვანელის დანიშვნა ჭიანურდება და მის გარეშე საზოგადოებას არ შეუძლია საქმიანობის განხორციელება. ასეთი წინაპირობის დადგომისას, თუ პარტნიორთა კრება ან სამეთვალყურეო საბჭო ვერ დანიშნავს ხელმძღვანელი ორგანოს წევრს, ნებისმიერ პარტნიორს ან კრედიტორს ენიჭება უფლება, მიმართოს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვოს ხელმძღვანელის სასამართლოს მეშვეობით დანიშვნა. 

ხელმძღვანელი ორგანოს წევრების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია, ისინი დაინიშნონ კონკრეტული ვადით. ამასთანავე, ასეთი დანიშვნის ვადა უნდა იყოს ისეთი ხანგრძლივობისა, რომლითაც, ერთი მხრივ, გაზრდილი იქნება პირის ანგარიშვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, მას მიეცემა საკუთარი ხედვის პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: 

„2. ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით, ხელახლა დანიშვნის უფლებით. თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ განხორციელდება ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიიჩნევა“. 

ხელმძღვანელ პირებს უფლება აქვთ გადადგნენ თანამდებობიდან საამისოდ განსაზღვრული პროცედურების დაცვით. 

სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე განწესება ხდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშვნის აქტის გამოცემით. დანიშვნის აქტი საკმარისი საფუძველია პირის დირექტორად რეგისტრაციისთვის, რის შედეგადაც ამ პირს წარმოეშობა ხელმძღვანელი პირის უფლებები და მოვალეობები. ამის პარალელურად დირექტორსა და საზოგადოებას შორის იდება სპეციფიკური ტიპის ხელშეკრულება, რომელიც უკვე ვალდებულებითი სამართლებრივი ხასიათის მატარებელია და ითვალისწინებს შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებულ ვალდებულებებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ეხმიანება ქართულ სამართლებრივ ლიტერატურასა და სამოსამართლო სამართალში აღიარებულ მოსაზრებას, რომ ხელშეკრულება ხელმძღვანელთან არ არის ხელშეკრულება დასაქმებულთან და შესაბამისად, მასზე შრომის სამართალი არ ვრცელდება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, დირექტორთან ფორმდება სპეციფიკური ფორმის „სასამსახურო ხელშეკრულება“, რომელშიც უნდა მიეთითოს შრომის ანაზღაურების ოდენობა, ფორმა, პერიოდულობა, სამსახურებრივი პრივილეგიები, რომელთაც ხელმძღვანელი პირი მიიღებს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა, პარტნიორთა კრება, ხოლო არსებობის შემთხვევაში _ სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს თანამდებობიდან ხელმძღვანელი პირი შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე, რაც ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მხრიდან მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; მეორე მხრივ, ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს, გადადგეს საამისოდ განსაზღვრული პროცედურების დაცვით. კერძოდ, თუ სასამსახურო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელ პირს უფლება ექნება, მოშალოს სასამსახურო ხელშეკრულება და ამით უარი თქვას თანამდებობაზე, თუ ამის შესახებ, სულ ცოტა, ერთი თვით ადრე წერილობით შეატყობინებს სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელ ორგანოს ან პარტნიორთა კრებას, რომლის მოწვევის ვალდებულებაც მასვე ეკისრება. 

განვიხილოთ ხელმძღვანელი პირის შესასრულებელი უფლებამოსილების ანაზღაურების საკითხი. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ანაზღაურების შესახებ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება რეგულირდება სასამსახურო ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ სასამსახურო ხელშეკრულება არ შეიცავს ინფორმაციას ხელმძღვანელი პირის სამეწარმეო საზოგადოებაში საქმიანობის ანაზღაურების თაობაზე, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს. განსხვავებული წესი მოქმედებს სასამართლოს მიერ დანიშნული პირების გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ სამეწარმეო საზოგადოება და სასამართლოს მიერ დანიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან გასამრჯელოს ანაზღაურების საკითხზე, მაშინ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გასამრჯელოსა და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის თაობაზე. 

აქვე შევეხებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით შემოღებულ ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა კორპორაციულ მოვალეობებს, კერძოდ: ზრუნვის მოვალეობას, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლშია მოცემული, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: 

„1. ხელმძღვანელი პირი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით, კერძოდ, მასზე ისე ზრუნავდეს, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ეზრუნა/ემოქმედა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე პირს, იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება სამეწარმეო საზოგადოებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია“. 

ზემოთ განვითარებული მსჯელობის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ „კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა გულისხმობს პროცესს, როდესაც ხელმძღვანელი აცნობიერებს, თუ რა ხდება მის გარშემო, შესაბამისად, მოქმედებს ეფექტიანად და იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელის კეთილსინდისიერება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, ვლინდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ურთიერთდამოკიდებულებიდან, ასევე სხვადასხვა პრობლემების დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებებიდან. ხელმძღვანელი უნდა აცნობიერებდეს მის როლს საწარმოში, იმავდროულად, საწარმოს როლს ბიზნესში და მოქმედებდეს იმ ცნობიერებით, რომ აუცილებელია საწარმოს განვითარება. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების გაცნობიერება, მისი დაძლევის გზების მოძიება, ასევე საწარმოს პარტნიორებთან და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან წარმატებული კომუნიკაცია. ეს არის საწარმოს გონივრული მართვის ძლიერი იარაღი, განხორციელებული საქმიანობის სიცხადისა და წარმატებული მართვის საწინდარი“. ამდენად, კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა ტოლფასია გონივრული მართვის, რაც თავისთავში მოიცავს დირექტორის მიერ საწარმოს წინაშე მდგარი ამოცანების რაციონალურ გადაწყვეტასა და პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ეფექტიანი ზომების გატარებას. 

საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, დირექტორის ფიდუციური მოვალეობები პრაქტიკიდან გამომდინარე შემდეგნაირად იყოფა: ერთგულებისა და ზრუნვის მოვალეობები. ერთგულების მოვალეობა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას დირექტორი უნდა მოქმედებდეს არა საკუთარი, არამედ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. 

დირექტორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ემსახურებოდეს კომპანიის მოგების გაზრდას. თუმცა, გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საკორპორაციო სამართალში მოქმედი „სამეწარმეო განსჯის წესი“, რომელიც წარმოადგენს კომპანიის დირექტორების პასუხისმგებლობისგან დაცვის ერთგვარ იმუნიტეტს. აღნიშნული წესი დირექტორს აძლევს საშუალებას მიიღოს თუნდაც მაღალი რისკის შემცველი ბიზნესგადაწყვეტილება. „სამეწარმეო განსჯის წესიდან“ გამომდინარე, კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებისათვის, თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანს გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ასევე კონკურენციის აკრძალვას, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება, ასევე უკრძალავს იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ან დადებული გარიგებიდან მიღებული ან მისაღები სარგებლის დათმობის უფლებას. 
კანონით ასევე დგინდება საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა, რომლის ფარგლებში ხელმძღვანელი ორგანოს წევრს ეკრძალება სამეწარმეო საზოგადოების წინასწარი თანხმობის გარეშე პირადი სარგებლის მისაღებად გამოიყენოს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ისეთი საქმიანი შესაძლებლობა, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა თავისი მოვალეობის შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო და რომელიც გონივრული თვალსაზრისით, შესაძლებელია სამეწარმეო საზოგადოების ინტერესის საგანი იყოს. აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, ან დადებული გარიგებიდან მიღებული ან მისაღები საგებლის დათმობის უფლებას. ეს ვალდებულება ძალაში რჩება ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში. მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით შესაძლებელია უფრო მცირე ვადის დადგენაც. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლი ადგენს, რომ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მოქმედებით ან უმოქმედობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად. წესდებით ან ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით არ შეიძლება გამოირიცხოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა მის მიერ ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობით საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის. 

სამეთვალყურეო საბჭო 

კორპორაციული მართვის ორსაფეხურიან მოდელში ერთდროულად არსებობს კორპორაციული მართვის ორი უმნიშვნელოვანესი ორგანო ‒ დირექტორთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა სააქციო საზოგადოებებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა კანონპროექტი ასეთი ორგანოს შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს სხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებებშიც. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. ამასთანავე, ეფექტიანი კორპორაციული მართვის მიღწევისათვის, კომპეტენციათა დანაწილებისა და კონტროლის მექანიზმების არსებობის უზრუნველსაყოფად, მას არ შეიძლება, გადაეცეს ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი შესაძლებლობა, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კანონით იქნება დადგენილი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის წარმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურული ნაწილი, უმეტესად, თავად საზოგადოების შიდა კორპორაციული საკითხია. თუმცა მაღალი კორპორაციული კულტურის დამკვიდრების მიზნით, კანონპროექტი განსაზღვრავს აღნიშნულთან დაკავშირებით ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოს. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას დაესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს ხმათა უმრავლესობით. ალტერნატიულ წინადადებებზე გადაწყვეტილების მიღებისას (პარტნიორთა კრების მსგავსად) შესაძლოა, სადამფუძნებლო შეთანხმებით, უმრავლესობის ნაცვლად, „უმეტესობის“ პრინციპით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის გათვალისწინება. სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/ პირების საქმიანობის კონტროლი და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოადგინოს სამეწარმეო საზოგადოება ხელმძღვანელ ორგანოსთან/ პირებთან ურთიერთობებში. 

გენერალური სავაჭრო მინდობილობა 

ინდივიდუალური მეწარმის, სამეწარმეო საზოგადოების შემთხვევაში – საერთო კრების, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობით ორგანოს). შეუძლიათ წერილობით გასცენ გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა). 

გენერალური სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ორ ან ორზე მეტ პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ერთად წარმოადგენენ მეწარმეს (საერთო გენერალური სავაჭრო მინდობილობა). გენერალური სავაჭრო მინდობილობა იძლევა უფლებამოსილებას, რომ გენერალურმა სავაჭრო წარმომადგენელმა სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განახორციელოს ყველა საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან, გარდა უძრავი ქონების გასხვისებისა ან ვალდებულებებით დატვირთვისა. უძრავი ქონების გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება გენერალურ სავაჭრო წარმომადგენელს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურის მფლობელი კომპეტენციის ნაწილში არ უთანაბრდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. ასევე, დაუშვებელია რომელიმე ორგანოს თანამდებობის პირის გენერალური სავაჭრო მინდობილობით აღჭურვა. 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პროკურის მფლობელი პირი შეირჩევა ინდივიდუალურად და მას შესაბამისი უფლებამოსილება ენიჭება ინდივიდუალური მეწარმის, სამეწარმეო საზოგადოების შემთხვევაში ‒ პარტნიორთა კრების, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში ‒ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემული გენერალური სავაჭრო მინდობილობით. გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს. მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება იწვევს გენერალური სავაჭრო მინდობილობის შეწყვეტას. 

გიორგი ბოჭორიშვილი 
ნათია ქუტიძე 

გაგრძელება იქნება