ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის კომენტარები - №3(267), 2022
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ააფი“, #1(265)-2(266), 2022 წ. 

სტატიის ამ ნაწილში შევეხებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი ნაწილის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საწარმოს გარდაქმნა, შერწყმა და გაყოფა, დაშლა და ლიკვიდაცია, ხანდაზმულობისა და გასაჩივრების ვადები. 

რეორგანიზაცია 

იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც რეორგანიზაცია ემსახურება (საზოგადოების ქონების ან მისი ნაწილის ერთი საზოგადოებიდან მეორეში გადატანა ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების დაშლა), გარდა გარდაქმნისა, შესაძლებელია საზოგადოების ქონების შემადგენელი ელემენტების ცალკეულ ნაწილებად, ვალდებულებითი სამართლებრივი გარიგებების მეშვეობით სხვა საზოგადოებისთვის გადაცემის გზით. ამიტომ რეორგანიზაცია წარმოადგენს არა სავალდებულო ან ერთადერთ გზას ამ მიზნის მისაღწევად, არამედ გამარტივებულ გზას უმცირესობაში მყოფი პარტნიორებისა და კრედიტორების ინტერესების დაცვის პირობით. ამ გარემოების გათვალისწინებით, რეორგანიზაციის სამართლებრივ რეჟიმზე მოქმედებს ამომწურავი ჩამონათვალის პრინციპი, ე.ი. დასაშვებია მხოლოდ რეორგანიზაციის ის სახეები და იმ სუბიექტების მონაწილეობით, რაც განსაზღვრულია კანონით. რეორგანიზაციის პროცესის დეტალური მოწესრიგების აუცილებლობა ნაკარნახევია ამ პროცესში საწარმოს, კრედიტორებისა და პარტნიორების საკანონმდებლო დაცვის მინიმალური სტანდარტის დადგენის საჭიროებით. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
 
„1. დასაშვებია სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით: 

ა. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა; 

ბ. სამეწარმეო საზოგადოების შერწყმა ( მიერთება ან გაერთიანება); 

გ. სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა)". 

რეორგანიზაციის ყველა ფორმას აერთიანებს ის საერთო ნიშანი, რომ რეორგანიზაცია არ გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას. რეორგანიზაციები შეიძლება დავყოთ ორ სახედ ‒ ქონების გადაცემით და გადაცემის გარეშე. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება გარდაქმნა, რომლის დროსაც სამეწარმეო საზოგადოება (სუბიექტი) აგრძელებს არსებობას სხვა სამართლებრივი ფორმით, ე.ი. უზრუნველყოფილია სუბიექტის იდენტურობა გარდაქმნამდე და გარდაქმნის შემდეგ. ყველა რეორგანიზაციის დროს, რომელიც მოიცავს ქონების გადაცემას, გადაცემა ხდება უნივერსალური უფლებამონაცვლეობის ფორმით კანონის ძალით, თუმცა ნებაყოფლობით ‒ საწარმოთა გადაწყვეტილების საფუძველზე. 

სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა 

პარტნიორთა გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას სხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებად. გარდაქმნის შემდეგ სამეწარმეო საზოგადოება აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით. კანონი აწესრიგებს გარდაქმნის პროცედურებს და ადგენს, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყველა პარტნიორის თანხმობა. წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობით მიღება. კანონი ასევე ადგენს, რომ პარტნიორების წილი გარდაქნილ სამეწარმეო საზოგადოებაში უნდა იყოს იმ წილის პროპორციული, რაც მათ ჰქონდათ წინა სამეწარმეო საზოგადოებაში. ამ წესიდან გადახვევა იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას კენჭისყრაში მონაწილეები ერთხმად დაადგენენ. გარდაქმნის შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელ ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე განთავსების გზით. გარდაქმნის რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელმა ორგანომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარადგინოს განცხადება სამეწარმეო საზოგადეობის გარდაქმნის შესახებ, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ უფლებამოსილი პირები. გარდაქმნა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. გარდაქმნის რეგისტრაციის შემდეგ გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება დაუშვებელია. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს შეიძლება წარედგინოს გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამ ვადის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებას გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე, რაც უნდა დამოწმდეს ამ კანონით წესდებაზე ხელმოწერის დამოწმებისთვის დადგენილი წესით. 

სამეწარმეო საზოგადოების შერწყმა და სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა 
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ადგენს საზოგადოებების შერწყმისა და გაყოფის პროცესს, რომლის თანახმადაც: ერთი ან ერთზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ – მიერთებული სამეწარმეო საზოგადოება) ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე შეიძლება მიუერთდეს სხვა სამეწარმეო საზოგადოებას (შემდგომ – შემძენი სამეწარმეო საზოგადოება) მისთვის საკუთარი აქტივებისა და ვალდებულებების სრულად გადაცემით, რის სანაცვლოდაც მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები მიიღებენ წილებს შემძენ სამეწარმეო საზოგადოებაში. ორი ან ორზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება (შემდგომ – გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებები) ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე შეიძლება გაერთიანდეს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებით (შემდგომ – გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება), რომელსაც კანონის ძალით სრულად გადაეცემა გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების აქტივები და ვალდებულებები, რის სანაცვლოდაც გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორები მიიღებენ წილებს გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებაში. 

სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც უნდა დაიყოს, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილები კანონის ძალით სრულად გადასცეს: 

ა) დაყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა დაფუძნებით); 

ბ) უკვე არსებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა შეძენით). 

სამეწარმეო საზოგადოებას, რომლისგანაც გამოიყოფა სამეწარმეო საზოგადოება, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი/ნაწილები გადასცეს: 

ა) გამოყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა დაფუძნებით); 

ბ) უკვე არსებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა შეძენით). 

სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ წილების გარდა მიიღონ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. საკანონმდებლო კონცეფციით, ფულად გადახდას დამატებითი, შემავსებელი ფუნქცია აქვს და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ წილების გადაცვლით თანაფარდობის დაცვა შეუძლებელია. 
დაუშვებელია შემძენი სააქციო საზოგადოების აქციების გაცემა გაყოფილი სააქციო საზოგადოების/ მიერთებული სააქციო საზოგადოების იმ აქციების სანაცვლოდ, რომელთა მფლობელია: 

ა) შემძენი სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით და შემძენი სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს; 

ბ) გაყოფილი სააქციო საზოგადოება/მიერთებული სააქციო საზოგადოება ან ის პირი, რომელიც საკუთარი სახელით და გაყოფილი სააქციო საზოგადოების/მიერთებული სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს. 
შერწყმა/გაყოფა დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ამ სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორებს შორის განაწილება არ დაწყებულა. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებებს შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი ფორმა ჰქონდეს. შერწყმის/ გაყოფის შემთხვევაში გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოების/მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების/ დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების გარეშე, ხოლო მისი აქტივები და ვალდებულებები სრულად გადაეცემა გაერთიანებულ სამეწარმეო საზოგადოებას/ შემძენ სამეწარმეო საზოგადოებას/ახლად დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას. შერწყმის შემთხვევაში გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისთვის, რომლებიც ჰქონდათ შერწყმულ სამეწარმეო საზოგადოებებს. გაყოფის შემთხვევაში ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოება/შემძენი სამეწარმეო საზოგადოება გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად. კანონი ასევე ითვალისწინებს შერწყმა/ გაყოფის პირობების დადგენას, პარტნიორთა და კრედიტორთა ინფორმირების მიზნით შერწყმა/გაყოფის გეგმის შედგენასა და გამოქვეყნებას, ხოლო სააქციო საზოგადოებებისთვის, დამატებით შერწყმა/გაყოფის გეგმის შემოწმებას დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შერწყმა/ გაყოფის ანგარიშის შედგენას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებულ დაცვას რეორგანიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოების კრედიტორებისთვის და ანიჭებს მათ სამეწარმეო საზოგადოების მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის გამოყენების უფლებას, თუკი რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ამასთან ყურადღება უნდა გამახვილდეს რეორგანიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოების პარტნიორთა დაცვის შემოთავაზებულ მექანიზმზე. კერძოდ, იმ პარტნიორებს, რომლებმაც რეორგანიზაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ენიჭებათ საზოგადოებისგან მათი წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვის უფლება. 

საზოგადოების დაშლა 

სამეწარმეო საზოგადოება წარმოიშობა და უფლებაუნარიანობას იძენს რეესტრში რეგისტრაციის გზით. იმავე ლოგიკით, სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტა ხდება რეგისტრაციის გაუქმებით. უშუალოდ პროცესს კი, რომლის შედეგადაც უქმდება საზოგადოების რეგისტრაცია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ეწოდება საზოგადოების დაშლა. კანონი ითვალისწინებს საზოგადოების ნებაყოფლობით დაშლას პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იძულებით დაშლას სასამართლოს გადაწყვეტილებით. 
 
სიახლეს წარმოადგენს პარტნიორის სარჩელის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს მიერ. აღნიშნული რეგულაცია ემსახურება საზოგადოებაში შექმნილ ჩიხური სიტუაციის გადაწყვეტას, როდესაც პარტნიორი უხეშად არღვევს მის მოვალეობებს ან საზოგადოებაში ხმათა თანაბარი გადანაწილების გამო პარტნიორები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც საბოლოო ჯამში შეუძლებელს ხდის საზოგადოების მიზნის მიღწევას. მსგავს შემთხევაში კანონი შესაძლებლობას აძლევს პარტნიორს, რომ მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საზოგადოების დაშლა. ამავე დროს გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორების ინტერესი საზოგადოების არსებობის გაგრძელების თაობაზე. ამიტომ კანონი შესაძლებლობას აძლევს სხვა პარტნიორებს თავიდან აიცილონ საზოგადოების დაშლა განმცხადებელი პარტნიორისთვის წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვის შეთავაზებით. 

ხარვეზიანი საზოგადოება 

საკორპორაციო სამართლებრივი კანონმდებლობის უმთავრესი ამოცანა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს შეთავაზებაა, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართონ საკუთარი საქმიანობა უმთავრესი მიზნის ‒ მოგების მიღებისაკენ. ამ ამოცანის შესასრულებლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებულად განხორციელების მსურველებს სთავაზობს მეწარმეთა სამართლებრივ ფორმებს, რომლებიც კანონით დადგენილი ორგანიზაციული სტრუქტურის მატარებლები არიან. კანონის ამოცანის ეფექტიანად მიღწევისა და მისი დებულებების უგულებელყოფის თავიდან აცილების მიზნით, იმ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრირებული მონაცემები, რომლებიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ექვემდებარება შეჩერებას. მას შემდეგ, რაც დადგინდება ხარვეზი, მარეგისტრირებელი ორგანო თავისივე ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ და სამეწარმეო საზოგადოებას მიანიჭებს ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსს. ეს სტატუსი გულისხმობს არა საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებას, არამედ მისი რეგისტრირებული მონაცემების დროებით შეჩერებას. ამავე პერიოდში ხარვეზის თაობაზე მიეთითება რეესტრში და ახალი ამონაწერი არ გაიცემა. ხარვეზიანი სამეწარმეო საზოგადოების სტატუსი იმოქმედებს ხარვეზის არსებობის პერიოდით. ხარვეზიანი საზოგადოების მიერ ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისა და მის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსი გაუქმდება. 

სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოების დაშლის შემდგომ იწყება ლიკვიდაციის პროცესი. აქედან გამონაკლისია: 

ა. საზოგადოების ქონებაზე გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება; 

ბ. იურიდიული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების მიმდინარეობის პერიოდი. 

ზემოთ განხილულ ორ შემთხვევაში საზოგადოების ლიკვიდაცია დაუშვებელია. ტერმინი „ლიკვიდაცია“ გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების აქტივებისა და მოთხოვნების განაწილებას შესაბამის სუბიექტებზე. ლიკვიდაციის პროცესში სამეწარმეო საზოგადოება შეინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და იყენებს თავის საფირმო სახელწოდებას, თუმცა, ემატება ტერმინი „ლიკვიდაციის პროცესში“. ასევე, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს. აქედან გამონაკლისი იქნება მხოლოდ ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ლიკვიდატორების რეგისტრაციისთანავე შეუწყდებათ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესის ძირითადი ამოცანა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. კანონი განსაზღვრავს იმ სუბიექტების კატალოგს, რომლებსაც უნდა ეცნობოს საზოგადოების ლიკვიდაციის თაობაზე, რათა მათ მიეცეთ თავიანთი ინტერესების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. კრედიტორების ინფორმირების ვალდებულება ეკისრება საზოგადოების ლიკვიდატორს. ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და მოიწვიონ ისინი მოთხოვნების გასაცხადებლად. კანონი ასევე ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესს. ლიკვიდაციის პროცესს წარმართავს ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი ‒ ეს არის პირი, რომელსაც კანონით ენიჭება ექსკლუზიური კომპეტენცია, დაასრულოს საზოგადოების მიმდინარე საქმეები, მოახდინოს აქტივების რეალიზაცია და შეასრულოს სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებები. გარდა ამისა, ლიკვიდატორს უფლება აქვს, დადოს ახალი გარიგებები, თუ ეს ლიკვიდაციისთვის აუცილებელია. ლიკვიდატორად, როგორც წესი, ინიშნება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი: 

ა. თუ, წესდება ან საერთო კრების გადაწყვეტილება ლიკვიდატორებად სხვა პირების დანიშვნას ითვალისწინებს; 

ბ. იურიდიული პირის იძულებითი დაშლის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი. 

ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. ლიკვიდატორი თავის უფლებამოსილებას იძენს მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. მარეგისტრირებელ ორგანოს ლიკვიდატორის რეგისტრაციის მოთხოვნით უნდა მიმართოს საზოგადოების ხელმძღვანელმა პირმა ან პარტნიორმა, რასაც თან უნდა ერთოდეს ნოტარიული წესით დამოწმებული საბუთი ლიკვიდატორის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების შესახებ.
ლიკვიდაციის პროცესში, როგორც ზემოთ განვითარებული მსჯელობისას აღვნიშნეთ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება პარტნიორებს შორის, რომელიც განეკუთვნება შიდასახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებს. შესაბამისად, კანონი ადგენს ქონების განაწილების ზოგად წესს, რომელიც პარტნიორებმა წესდებით შეიძლება განსხვავებულად განსაზღვრონ. ლიკვიდაციაში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება განაწილდება პარტნიორებს შორის მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტნიორის შენატანები სრულად არ იქნება შეტანილი, თავდაპირველად მოხდება შენატანების ან მათი ღირებულების დაბრუნება, ხოლო ნარჩენი ქონება განაწილდება წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. თუმცა, სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესში უპირატესად დასაცავი კრედიტორების ინტერესებია. შესაბამისად, კანონი ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობისა და სამართლიანი თამაშის წესების დადგენის მიზნით განსაზღვრულია, რომ პარტნიორებს შორის ქონების განაწილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვისა და სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 5 თვის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დაეყრდნობა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქონების განაწილება საფრთხეს არ შეუქმნის მესამე პირთა უფლებებს. ასეთ დროს ქონების განაწილება შეიძლება მოხდეს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას პარტნიორებს, რომ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცვალონ საზოგადოების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და ამის შედეგად სამეწარმეო საზოგადოებამ გააგრძელოს არსებობა. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია მხოლოდ რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამისთვის საჭიროა ორი კუმულაციური წინაპირობის არსებობა: 

• პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება; 

• სამეწარმეო საზოგადოების ქონება არ უნდა იყოს პარტნიორთა შორის განაწილებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ გზით პარტნიორების მიერ შენატანების უკან გატანა. ასეთ შემთხვევაში, დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება ლიკვიდატორების მიერ. ამასთანავე, ლიკვიდატორებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადასტურონ, რომ პარტნიორთა შორის სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება ჯერ დაწყებული არ ყოფილა. 

ვალდებულებების დაფარვისა და დარჩენილი ქონების პარტნიორთა შორის განაწილების შემდეგ ხდება საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება, როგორც მისი არსებობის შეწყვეტის საბოლოო ეტაპი. რეგისტრაციის გაუქმება ხდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, ლიკვიდატორის მიმართვის საფუძველზე. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის ლიკვიდატორის მიერ წარმართვა, კანონით დადგენილი ინფორმირების მოვალეობები და სხვა პროცედურები ემსახურება დაშლილ სამეწარმეო საზოგადოებასთან კავშირში მყოფი ყველა პირის ინტერესის დაცვის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფას. თუმცა, მიუხედავად ამისა, პროცესის კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, რჩება დავის წარმოშობის რისკები. შესაბამისად, აუცილებელია წერილობითი მტკიცებულებების შენარჩუნება, რომელსაც დავის წარმოშობის შემთხვევაში დაეყრდნობა დავის განმხილველი ორგანო. ზემოაღნიშნული მიზნით, ლიკვიდატორს ეკისრება ლიკვიდირებული სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაციის უსაფრთხო ადგილზე შენახვის ვალდებულება. რამდენიმე ლიკვიდატორის არსებობისას უსაფრთხო ადგილის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ასეთი ადგილი განისაზღვრება სასამართლოს მიერ. 

ხანდაზმულობა. გასაჩივრების ვადები 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება ასევე ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებული საკითხები და განისაზღვრება პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები და ვადები. პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს/ ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების საცილოობის საფუძველია კანონმდებლობის ან წესდების მოთხოვნების დარღვევა. ამასთანავე, დაუშვებელია გადაწყვეტილების ბათილობა, თუ დარღვევა არაარსებითია, რათა სიკეთეებს შორის კონფლიქტისას უპირატესობა არ მიენიჭოს მცირე დარღვევას იმგვარად, რომ საფრთხე შეექმნას საერთო კრების გადაწყვეტილებების საბოლოობასა და სანდოობას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა 5 წელი. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-146-ე მუხლები. გადაწყვეტილების შეცილების შესახებ სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს იმ მომენტიდან 1 თვის ვადაში, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა, ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში შეცილების ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. 

გიორგი ბოჭორიშვილი 
ნათია ქუტიძე 

გაგრძელება იქნება