ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის კომენტარები - №4(268), 2022
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ააფი“, ##1(265)- 3(267), 2022 წ. 

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: 

„1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები“. 

ეს მუხლი აყალიბებს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს) ძირითად ნიშან-თვისებებს. მათგან უმთავრესია იურიდიული პირის სტატუსი, ერთიანი საფირმო სახელწოდება, ერთზე მეტი პარტნიორის მოთხოვნა და პარტნიორების შეუზღუდავი გარე პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებებისთვის. სპს, როგორც იურიდიული პირი, უმთავრესად თავად აგებს პასუხს თავისი ვალდებულებებისთვის, მათ შორის მისი ორგანოების მიერ სხვისთვის მიყენებული ზიანისთვის. იმავდროულად, სპს-ის ვალდებულებებისთვის პირადად, უშუალოდ და მთელი ქონებით პასუხს აგებენ მისი პარტნიორებიც. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდების ცვლილებისას შემოიტანა „კონსენსუსის პრინციპის ცნება“, რომელიც ეფუძნება და გამომდინარეობს ამხანაგური ტიპის სამეწარმეო საზოგადოების იდეიდან. ფუნდამენტური შეთანხმებები, რომლებიც საწარმოს საქმიანობასა და მართვას ეხება, მხოლოდ ყველა პარტნიორის თანხმობით შეიძლება შეიცვალოს, რათა დაცული იყოს საწარმოში პარტნიორთა მონაწილეობის გადაწყვეტილება. გამონაკლისი ამ პრინცი პიდან დასაშვებია სადამფუძნებლო შეთანხმებით. რაც შეეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულების წესდებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევებს, დანარჩენ პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მხოლოდ 2 პარტნიორი ჰყავს, წესდებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება შეიძლება დაიშალოს ამ კანონის ჳხ თავით დადგენილი წესით. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით მოითხოვოს სხვა პარტნიორის მიერ ნაკისრი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და ამ მიზნით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება სასამართლოში წარმოადგინოს. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება პარტნიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამის შესახებ შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პარტნიორი წერილობით იქნა გაფრთხილებული და მან გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება. 

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის შესაგებლის წარდგენის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მას წარედგინება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებასთან დაკავშირებით კრედიტორის მოთხოვნა. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს მისი შეცილების უფლება. პარტნიორს ასევე შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასაც. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კრედიტორი ვალდებულია პარტნიორის ქონების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის მიზნით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ სააღსრულებლო ფურცლის გაცემასთან ერთად მოითხოვოს პარტნიორის მიმართ სააღსრულებლო ფურცლის გაცემაც. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მესამე პირებთან ურთიერთობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება აქვს ყველა პარტნიორს. პარტნიორს, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ პარტნიორმა ნაკისრი ვალდებულებები უხეშად დაარღვია, ან თუ იგი მესამე პირებთან ურთიერთობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობას სათანადოდ ვერ ახორციელებს და სხვა. 

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. აღნიშნული არ წარმოადგენს ერთობლივი წარმომადგენლობის ან ერთობლივი ხელმძღვანელობის გამოხატულებას, არამედ კანონი ყველა პარტნიორს ანიჭებს წარმომადგენლობისა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალურ უფლებას. პარტნიორმა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებიდან გამომდინარე არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელსაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პარტნიორი ამას ეწინააღმდეგება. ზოგიერთი გარიგების დადებისთვის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორების წინასწარ, სავალდებულო თანხმობას. ხელმძღვანელ პარტნიორს უფლება აქვს, გარიგება დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშეც დადოს, თუ მისი დადების გაჭიანურება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რის შესახებაც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აღნიშნულ პარტნიორებს. 
ხელმძღვანელ პარტნიორს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ პარტნიორმა თავისი ვალდებულებები უხეშად დაარღვია, ან თუ იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობას სათანადოდ ვერ ახორციელებს და სხვა. 

რაც შეეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საერთო კრების მოწვევის წესს, კანონი განმარტავს, რომ პარტნიორს შეუძლია 1-კვირიანი ვადის დაცვით მოიწვიოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება ყველა სხვა პარტნიორისთვის მოსაწვევის დაზღვეული წერილით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნით. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს საერთო კრების დღის წესრიგის პროექტს. მოსაწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ მოითხოვონ საერთო კრების დღის წესრიგში დამატებების შეტანა. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. საერთო კრებაზე პარტნიორები საკუთარი შემადგენლობიდან, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით ირჩევენ საერთო კრების თავმჯდომარეს. საერთო კრებაზე ყოველ პარტნიორს აქვს 1 ხმა. თუკი საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება ეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგნის შეცვლას ან სცილდება მისი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, მის მისაღებად აუცილებელია ყველა პარტნიორის თანხმობა, თუ წესდებით ან წესდებაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც ყველა პარტნიორის თანხმობით არის მიღებული, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საერთო კრების გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორს სხვა პარტნიორთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, აუცილებელია ამ პარტნიორის თანხმობა. თუ საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება ეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დავას ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დასადებ გარიგებას, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. 

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დგინდება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი. პარტნიორის წილი მოგება მიემატება ამ პარტნიორის შენატანს, თუ ის სრულად არ იყო განხორციელებული. პარტნიორის წილი ზარალი და მის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშიდან გახარჯული ფული გამოაკლდება ამ პარტნიორის წილ მოგებას. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგებიდან, რომელიც სამეურნეო წლის ბოლოს არის დადგენილი, მოითხოვოს დივიდენდი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილის შესაბამისი თანხის 4 პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგების თანხა საკმარისი არ არის, დივიდენდის დაანგარიშების პროცენტი შესაბამისად მცირდება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების ან ზარალის განაწილების კანონით დადგენილისგან განსხვავებულ წესს. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე: „პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სალაროდან საკუთარი ხარჯებისთვის გამოიტანოს ბოლო სამეურნეო წელს მისთვის განკუთვნილი წილი კაპიტალის 10 პროცენტამდე ოდენობის თანხა და, თუ ეს ამ საზოგადოებას აშკარად ზიანს არ აყენებს, მოითხოვოს ბოლო სამეურნეო წლის მოგებიდან თავისი წილი მოგების გამოტანა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნულ თანხას~. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად: 

"1. პარტნიორის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში გაასხვისოს თავისი წილი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

2. პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისთვის საჭიროა წერილობითი ხელშეკრულება“. 

როგორც მუხლის დანაწესიდან ვლინდება ამხანაგური ტიპის სამეწარმეო საზოგადოების პერსონალური ბუნებიდან გამომდინარე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის (წევრობის) დათმობა (გასხვისება) გართულებულია. იგი ყველა დანარჩენი პარტნიორის თანხმობას საჭიროებს. თუმცა ეს მოთხოვნა დისპოზიციურია და დამფუძნებელი შეთანხმებით, შესაძლოა, უფრო „თავისუფალი რეჟიმი“ დაწესდეს, მაგალითად, უარი ითქვას თანხმობის ვალდებულებაზე. სპს-ის სადამფუძნებლო შეთანხმებით, შეიძლება დაწესებულ იქნეს წილის გასხვისების სხვა წინაპირობებიც. ამავე გართულებული რეჟიმის გამოხატულებაა ასევე პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისთვის წერილობითი ფორმის იმპერატიული მოთხოვნა. 

რაც შეეხება პარტნიორის გასვლას ან გარიცხვას სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად: 

"1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის სურვილის შემთხვევაში პარტნიორმა ამის შესახებ სამეურნეო წლის დასრულებამდე სულ ცოტა 6 თვით ადრე უნდა განაცხადოს“. 

"3. თუ პარტნიორმა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე ნაკისრი არსებითი მოვალეობა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეასრულა, ან თუ იგი ამ მოვალეობას ვეღარ ასრულებს, ან თუ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, სხვა პარტნიორების მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ“. 

კანონის დანაწესიდან გამომდინარე, პარტნიორის უფლების გამოყენება გავიდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან, არ იწვევს საზოგადოების დაშლას. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული პარტნიორის გასვლით გამოწვეული უარყოფითი შედეგი, კანონი ადგენს საზოგადოებიდან გასვლისთვის საგანგებო ვადას. როგორც ზემოთ გავმარტეთ, გასვლა ხორციელდება მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოსთვის. გასვლის შესახებ პარტნიორმა ამ მომენტამდე, სულ მცირე, 6 თვით ადრე უნდა განაცხადოს. გასვლის წინაპირობები შესაძლოა, დეტალურად გაიწეროს სადამფუძნებლო შეთანხმებით, მათ შორის შეიზღუდოს იგი, მაგალითად, გამოირიცხოს პარტნიორის გასვლა გადახდისუუნარობის გახსნის მიზეზით. თუმცა სადამფუძნებლო შეთანხმებით ვერ შეიზღუდება საპატიო მიზეზით (მნიშვნელოვანი საფუძვლით) გასვლის უფლება. 

თუკი სადამფუძნებლო შეთანხმება გასვლის უფლების მიზეზებზე არაფერს ამბობს, პარტნიორს (ვადის დაცვის პირობით) ნებისმიერ დროს შეუძლია, გავიდეს საზოგადოებიდან. ამ შემთხვევაშიც კეთილსინდისიერებისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის პრინციპები კონკრეტულ გარემოებებში გასვლის დასაშვებობის შინაარსობრივ ფარგლებს მოიცავს. პრინციპი, რომლის მიხედვითაც სპს-იდან პარტნიორის გასვლა არ იწვევს საზოგადოების დაშლას, ორწევრიანი სპს-იდან პარტნიორის გასვლაზეც გამოიყენება. თუმცა, მსგავს შემთხვევაში სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერი სპს-ის შესახებ ხარვეზიანია. პარტნიორებს შეუძლიათ, დაშლა ახალი პარტნიორის მიღებით თავიდან აიცილონ, რაზეც გადაწყვეტილება გასვლის ძალაში შესვლამდე უნდა იყოს მიღებული. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს დარჩენილი პარტნიორების გადაწყვეტილება ერთხმად, თუმცა ამ მხრივ სადამფუძნებლო შეთანხმება ნაკლებ უმრავლესობასაც შეიძლება ითვალისწინებდეს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს სპს-ის სარჩელს პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, რომლის შეტანა ხელმძღვანელ პარტნიორს შეუძლია და ევალება. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის/გარიცხვის შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მისი წილი დაემატება სხვა პარტნიორების წილებს ამ წილების პროპორციულად. სხვა პარტნიორები ვალდებული არიან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალებისგან და მას გადაუხადონ კომპენსაცია იმ თანხის ოდენობით, რომელსაც იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის შემთხვევაში მიიღებდა. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულ/გარიცხულ პარტნიორს უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება არ აქვს. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/გარიცხული პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კრედიტორების წინაშე ნაკისრი ის ვალდებულებები, რომლებიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან მის გასვლამდე/ გარიცხვამდე წარმოიშვა, ძალაში რჩება ამ პარტნიორის გასვლიდან/გარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს იმ დღისთვის, როდესაც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა ძალაში შედის ან პარტნიორის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი იწყება ანდა აღიძვრება სარჩელი პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. შესაბამისი მოთხოვნა უნდა შესრულდეს გამოყოფის ბალანსის წარდგენისას. 

დისპოზიციური წესის მიხედვით, პარტნიორის გარდაცვალება გასვლის მსგავს შედეგებს იწვევს. გარდაცვლილის წილი პროპორციულად ნაწილდება დარჩენილ პარტნიორებზე. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეებს უნდა გადაუხადოს `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ წესდებით გათვალისწინებულია, რომ გარდაცვლილი პარტნიორი მისმა მემკვიდრემ უნდა ჩაანაცვლოს, ყოველ მემკვიდრეს შეუძლია მიიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, იმის მიხედვით, მიენიჭება თუ არა მას კომანდიტის სტატუსი და მიიჩნევა თუ არა გარდაცვლილი პარტნიორის შენატანიდან მისი კუთვნილი წილი საკომანდიტო შენატანად. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომანდიტის წილი მოგება განისაზღვრება გარდაცვლილი პარტნიორის შენატანიდან მემკვიდრის კუთვნილი წილის მიხედვით. გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრემ შეიძლება შესაბამისი განცხადება გააკეთოს მემკვიდრეობის მიღებიდან 6 თვის ვადაში. თუ მემკვიდრე არ შედის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელი პარტნიორი, იგი პასუხს აგებს ამ საზოგადოების იმ ვალებისთვის, რომლებიც მისი სტატუსის გარკვევამდე წარმოიშვა, და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი იმ წესების შესაბამისად, რომლებიც საანდერძო დანაკისრისთვის მემკვიდრის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. თუ პარტნიორობა გარდაცვლილი პარტნიორის რამდენიმე მემკვიდრეს სურს, ისინი თანაპარტნიორები იქნებიან. გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის მიერ მისი კომანდიტის სტატუსით ჩანაცვლება იწვევს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კომანდიტურ საზოგადოებად გარდაქმნას, რაზედაც არ ვრცელდება ამ კანონით სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციისთვის დადგენილი ნორმები. კომანდიტური საზოგადოება ვალდებულია უზრუნველყოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კომანდიტური საზოგადოების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობა გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის მიერ მისი კომანდიტის სტატუსით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში. 

გიორგი ბოჭორიშვილი 
ნათია ქუტიძე 

გაგრძელება იქნება