ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის კომენტარები - №6(270), 2022
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ააფი“, ##1(265)- 5(269), 2022 წ. 

სააქციო საზოგადოება 

სტატიის ამ ნაწილში განვიხილავთ იმ სიახლეებს, რომელიც წარმოდგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით და ეხება სააქციო საზოგადოების მომწესრიგებელ ნორმებს. სააქციო საზოგადოება სხვა არაფერია, თუ არა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც აქვს საკუთარი წილობრივი ფინანსური ინსტრუმენტების კაპიტალის ბაზარზე განთავსების შესაძლებლობა. თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კაპიტალის ბაზრის სტაბილური ფუნქციონირების მნიშვნელობის, ინვესტორთა დაცვის მაღალი სტანდარტის დადგენისა და, რაც მთავარია, „წარმომადგენლობითი ხარჯების“ შესამცირებლად ამგვარი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის ფუნქციონირება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან შედარებით, მოქცეულია მეტად დეტალურ და, ხშირ შემთხვევაში, იმპერატიული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: 

„სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია აქციებად“; 

„აქცია არის რეგისტრირებული, დემატერიალიზებული, სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას“. 

კაპიტალის სწორედ ამგვარი დაყოფა აძლევს სააქციო საზოგადოებას ღია ბაზარზე საკუთარი წილობრივი ფინანსური ინსტრუმენტების განთავსების გზით დამატებითი კაპიტალის მოზიდვისა და შემდგომში ამ ფინანსური ინსტრუმენტების მეორეულ ბაზარზე ბრუნვიდან გამოწვეული არაპირდაპირი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობას. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აქციონერი სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს. სააქციო საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. სააქციო საზოგადოება აქციონერთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს. 

სააქციო საზოგადოების კაპიტალი 

სააქციო საზოგადოების, როგორც იურიდიული პირის, ერთ-ერთი არსობრივი მახასიათებელი საკუთრების ქონის უნარია, რომელიც შემდგომში გამოყენებულ უნდა იქნეს საწარმოს მიზნებისათვის და შედეგად განაპირობოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ამგვარი სუბიექტის სრულფასოვანი ინტეგრირება. განსხვავებით ადრე მოქმედი საკორპორაციო სამართლისა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა დეტალურად მოაწესრიგა შენატანების შესრულების ხარჯზე საზოგადოების კაპიტალის ფორმირების პროცესი და განსაზღვრა როგორც შენატანის საგანი, ასევე შენატანის განხორციელების პირობები. კანონმა გაითვალისწინა ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის შესაბამისად სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი. არაფულად შენატანთან დაკავშირებით კანონი თვალისწინებს საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულებასაც. 

შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება კანონით ან/და წესდებით. თუ აღნიშნული ვადა დადგენილი არ არის, აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ, გონივრულ ვადაში. აქციის გასხვისების მომენტისთვის მასთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის გამსხვისებელი აქციონერი შემძენთან ერთად სააქციო საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებს პასუხს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტისთვის აქციონერმა ფულადი შენატანი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოშვებული აქციის ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით. 

კანონი ითვალისწინებს შენატანის შეტანის უზრუნველყოფის აუცილებელ რეპრესიულ/პრევენციულ ინსტრუმენტებს. კერძოდ, თუკი აქციონერმა დაარღვია ფულადი შენატანის განხორციელების ვადა, ვადამოსულ განუხორციელებელ ფულად შენატანს ერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააქციო საზოგადოებამ დამატებით შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იგივე წესი ვრცელდება არაფულად შენატანზე. 

აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გააფრთხილოს აქციონერი აქციის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი შენატანის განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებით აქციონერი სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს აქციას, განხორციელებულ შენატანს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს. განუხორციელებელ შენატანთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოების მოთხოვნები ძალაში რჩება. ხელმძღვანელი ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის აუცილებლობას. ეს უფლებამოსილებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განისაზღვროს საერთო კრების უფლებამოსილებებად, თუ წესდება ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას. 

სააქციო საზოგადოების აქცია (ფასიანი ქაღალდი) 

სააქციო საზოგადოება და განთავსებული აქციების არსებობა ერთმანეთისაგან განუყოფელია. აქციათა განთავსება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი კაპიტალის ფორმირების, არამედ თავად ასეთი საზოგადოების ძირითადი მახასიათებლის კაპიტალის აქციებად დაყოფის პრაქტიკულად რეალიზებისთვის. ამასთანავე, აქციათა პირველადი განთავსებით არ სრულდება საზოგადოების კაპიტალის აქციებად დაყოფის პროცესი და საზოგადოების შემდგომ გამოწვევებზე საპასუხოდ განთავსებული აქციების რაოდენობა მუდმივად ცვლადია, რასაც წინ უძღვის აქციონერთა მხრიდან იმ აქციების განსაზღვრა, რომლის შემდგომი გამოშვება და განთავსებაა შესაძლებელი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 153-ე მუხლის თანახმად: 

„1. ნებადართული აქციები განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალური რაოდენობით. 

2. გამოშვებულ აქციებად მიიჩნევა აქციები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და რომლებიც განთავსების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობით უნდა იქნეს განთავსებული და გადახდილი. 

3. განთავსებულ აქციებად მიიჩნევა აქციები, რომლებიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და დადგენილი წესით რეგისტრირებულია აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება ან დამოუკიდებელი რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია აქციების რეგისტრირებული მესაკუთრეებისა და მათ საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია“. 

სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს აქციის ნომინალური ღირებულება. აქციის ნომინალური ღირებულება არის წესდებით განსაზღვრული ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია მოცემული კლასის აქციის გამოშვება. სწორედ ნომინალური ღირებულების ამგვარი წინასწარგანსაზღვრულობა განასხვავებს აქციის ნომინალურ ღირებულებას აქციის საბაზრო ღირებულებისაგან, რომელიც არის აქციის ის ღირებულება, რომლითაც კონკრეტული მომენტისათვის ბაზარზე შესაძლებელია ამ აქციის შეძენა. საპირისპიროდ, ნომინალურ ღირებულებას საბაზრო ღირებულებისაგან განსხვავებით არ აქვს კავშირი მოთხოვნა-მიწოდებასთან. ერთი და იმავე კლასის აქციების ღირებულების ასეთი ფიქსირებული ოდენობით განსაზღვრა ემსახურება ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური რისკის შემცირებას. მათ შორის, ამის უმთავრესი მიზანია სააქციო საზოგადოების აღჭურვა წინასწარ პროგნოზირებადი სათანადო ფინანსური საშუალებებით. 

სააქციო საზოგადოებას შეუძლია გასცეს აქცია ნომინალური ღირებულების გარეშე. ნომინალური ღირებულების გარეშე აქციის გამოშვების მინიმალური ღირებულება დგინდება შესაბამის განთავსებულ კაპიტალში მისი წილით. 

სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 000 ლარს. თუ სააქციო საზოგადოებას აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე აქციები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე აქციათა ჯამს. თუ სააქციო საზოგადოებას განთავსებული აქვს როგორც ნომინალური ღირებულების მქონე აქციები, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე აქციები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღემატება ნომინალური ღირებულების მქონე აქციათა ჯამს. თუ სააქციო საზოგადოებას განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე აქციები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა შეადგენს სულ მცირე 100 000 ლარს. თუ აქციის განთავსების შედეგად მიღებული ღირებულება აღემატება აქციის ნომინალურ ღირებულებას, აღნიშნული ნამეტი არის სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალი. განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღინიშნება სააქციო საზოგადოების ბალანსში. 

თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქცია შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან პრივილეგირებული. ერთი ჩვეულებრივი აქცია საერთო კრებაზე ერთი ხმის უფლებას უზრუნველყოფს. პრივილეგირებული აქცია ხმის უფლებას არ უზრუნველყოფს, გარდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრივილეგირებულ აქციათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების რაოდენობის ნახევარს. პრივილეგირებული აქცია მის მფლობელს ანიჭებს წესდებით დადგენილ უპირატესობას დივიდენდის განაკვეთისა და მიღების რიგითობის მხრივ. იგივე უპირატესობა მოქმედებს დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების ქონების აქციონერთა შორის განაწილებისას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

ერთი კლასის აქციები მათ მფლობელებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. სააქციო საზოგადოებამ შეიძლება შემოიღოს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული კლასის აქციები. სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი. ცალკეული სახეების აქციების გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს სააქციო საზოგადოების თანხმობაზე. ასეთი აქციის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი დგინდება წესდებით აქციის გადაცემამდე. 

სააქციო საზოგადოებამ ახალი აქციები არ შეიძლება განათავსოს თავის სასარგებლოდ. საკუთარი აქციების გამოსყიდვა არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ უშუალოდ სააქციო საზოგადოებისათვის, არამედ მესამე პირებისთვისაც. სააქციო საზოგადოებისათვის არსებული საფრთხეებიდან გამოსაყოფია აქციონერისათვის შენატანის უკან დაბრუნების შესაძლებლობა მისი კუთვნილი აქციების გამოსყიდვის გზით. ასევე, საკუთარი აქციების გამოსყიდვა არის ბერკეტი მენეჯმენტის ხელში, ჩაანაცვლოს ის აქციონერები, რომლებიც მათ შეცვლას ფიქრობენ. მესამე პირებისათვის შექმნილი საფრთხის კონტექსტში კი აღსანიშნავია საზოგადოების გადახდისუნარიანობის შემცირების საკითხი. კერძოდ, აქციების გამოსყიდვით მცირდება საზოგადოების გადახდისუნარიანობა უშუალოდ საზოგადოების კაპიტალის შემცირების, ასევე აქციონერთა, როგორც გამჭოლი პასუხისმგებლობის ობიექტების, რაოდენობრივი შემცირების გამო; აგრეთვე, ბაზრის მანიპულირების აღნიშნულმა ფორმამ შესაძლებელია, გამოიწვიოს მესამე პირებისათვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქტზე არსებული მოთხოვნის მასშტაბთან დაკავშირებით. სწორედ ზემოაღნიშნულ ინტერესსა და საფრთხეებს შორის გონივრული ბალანსის მისაღწევად სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების ფლობა დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე კუმულაციური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ: 

ა) საერთო კრებამ უნდა გასცეს ნებართვა საკუთარი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ ნებართვაში უნდა მიეთითოს გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა, ნებართვის მოქმედების ვადა, რომელიც უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, აგრეთვე აქციების გამოსყიდვის მინიმალური და მაქსიმალური ფასები სასყიდლიანი გამოსყიდვის შემთხვევაში; 

ბ) საკუთარი აქციების გამოსყიდვამ არ უნდა გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის შემცირება სააქციო საზოგადოების ბოლო დამტკიცებულ საფინანსო წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ განთავსებული კაპიტალის თანხაზე ნაკლებ ოდენობამდე, აგრეთვე კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ჯამზე ნაკლებ ოდენობამდე, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; 

გ) გამოსყიდული უნდა იქნეს მხოლოდ ის აქცია, რომლის შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული. 

სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების ნომინალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25 პროცენტს. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ამ აქციებიდან გამომდინარე უფლებები ჩერდება. 

აქციის, როგორც ფასიანი ქაღალდის, ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება მისი ბრუნვის განსაკუთრებული წესებია. წილებისაგან განსხვავებით, აქცია არ რეგისტრირდება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში“. აქციაზე საკუთრების აღრიცხვა ხორციელდება განცალკევებით, აქციათა რეესტრში. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციონერთა ოდენობა 50-ს არ აღემატება, შეუძლია აქციათა რეესტრი აწარმოოს თავად ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრი დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა უნდა აწარმოოს. 

სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი 

სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილია მისი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. 

განთავსებული კაპიტალის გაზრდისას შესაძლებელია: 

ა) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები; 

ბ) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით; 

გ) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატების ხარჯზე, სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით. 

ახალი აქციების გამოშვება, აგრეთვე განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატება უნდა დარეგისტრირდეს დადგენილი წესით. 

განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ჩატარდეს ცალ-ცალკე კენჭისყრა ყველა კლასის აქციებისთვის, რომელთა მფლობელების უფლებებზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. 

სააქციო საზოგადოების უნიკალური მახასიათებელი ახალი აქციების ღია ბაზარზე განთავსების გზით ოპერირებისათვის აუცილებელი კაპიტალის მოზიდვის უნარია. გადაწყვეტილება დამატებითი აქციების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის შესახებ პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააქციო საზოგადოების კაპიტალისა და მისი აქციონერების სტრუქტურაზე. შესაბამისად, აქციონერთა ქონებრივ და მართვით უფლებებზე გავლენის მომხდენი ეს გადაწყვეტილება ექცევა საერთო კრების კომპეტენციაში. საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობა წესდების შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება საჭიროებს წესდების ცვლილებისათვის დადგენილ ხმათა რაოდენობის ‒ კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/4-ის მხარდაჭერას. 

ამასთანავე, კანონი იძლევა გადაწყვეტილების მიღების განსხვავებული წესის დადგენის შესაძლებლობას. კანონში განსაზღვრულია გადაწყვეტილებაში მისათითებელი ინფორმაციის კატალოგიც. კერძოდ, დამატებითი აქციების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილებაში აღინიშნება განსათავსებელი აქციების რაოდენობა და სახე, განთავსების წესი და პირობები. კაპიტალის გაზრდის დროს გამოშვებული აქციები განთავსების მომენტისთვის უნდა იყოს განაღდებული მათი ღირებულების, სულ მცირე, 25%-ით. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს აქციების განთავსება ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად. ასეთი ნამატით განთავსება შესაძლოა ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორებიცაა: საზოგადოების სარეზერვო კაპიტალის შექმნა ან აქციათა განთავსების ღირებულების დაფარვა. შესაბამისად, ამ სხვაობის დროული ანაზღაურება ემსახურება უშუალოდ აქციათა განთავსების მიზნებს და იგი უნდა იყოს გადახდილი სრულად. 

ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თავდაპირველად იმავე კლასის აქციის მფლობელ აქციონერს, ხოლო შემდგომ − სხვა აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება გაუქმდეს ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება ითვალისწინებს ახალი აქციების კომერციული ბანკისთვის ან საბროკერო კომპანიისთვის გამოშვებას იმ ვალდებულებით, რომ ის მიღებულ აქციებს შესთავაზებს სააქციო საზოგადოების აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებისთვის. სააქციო საზოგადოებამ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1 პროცენტის მფლობელ აქციონერებს დაზღვეული წერილით უნდა შეატყობინოს, ხოლო დანარჩენ აქციონერებს − დაზღვეული წერილით ან შესაბამისი ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე ან მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. სააქციო საზოგადოებამ აქციონერებს ამ უფლების გამოყენებისთვის უნდა მისცეს სულ მცირე 14 დღის ვადა, რომელიც აითვლება შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარების ან ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან. 

თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს: 

ა) იმ აქციების მიმართ, რომლებიც გამოშვებულია საწარმოს ან მისი შვილობილი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრების, წარმომადგენლების, დასაქმებულების, დაკავშირებული პირების ანაზღაურების გაცემის მიზნით, მათ შორის, მათი კუთვნილი, აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდებიდან ან ოფციონებიდან გამომდინარე უფლებების დასაკმაყოფილებლად. თუ აღნიშნული აქციები ამ მიზნით, დანიშნულებისამებრ არ იქნა გამოყენებული, მათზე ვრცელდება აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება; 

ბ) არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების მიმართ; 

გ) სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების მიმართ, მათი ხელახალი განთავსების შემთხვევაში. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი აქციების გამოშვება შესაძლოა ემსახურებოდეს ასევე სარეზერვო კაპიტალის შექმნას. სარეზერვო კაპიტალი უნდა შეადგენდეს განთავსებული კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს, თუ წესდებით უფრო დიდი ოდენობა არ არის დადგენილი. ვიდრე სარეზერვო კაპიტალის ოდენობა წესდებით დადგენილ ზღვარს არ მიაღწევს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია წლიური წმინდა მოგებიდან სარეზერვო კაპიტალში ყოველწლიურად გადაიტანოს სახსრები იმ ოდენობით, რომელსაც ადგენს საერთო კრება და რომელიც არ უნდა იყოს წლიური წმინდა მოგების 5 პროცენტზე ნაკლები. სარეზერვო კაპიტალი განკუთვნილია სააქციო საზოგადოების გასული სამეურნეო წლის ზარალის ან ზარალის ნაშთის დაფარვისა და სააქციო საზოგადოების აქციათა გამოსყიდვისთვის, თუ სააქციო საზოგადოებას სხვა სახსრები არ აქვს. 

სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ოდენობა იცვლება ბაზარზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ცვლილება შესაძლებელია გულისხმობდეს როგორც სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის გაზრდას, ისე მის შემცირებას. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის შემცირება შეიძლება რამდენიმე ძირითად მიზეზს უკავშირდებოდეს, მაგალითად: კაპიტალის შემცირება შეიძლება მოხდეს ინდივიდუალური აქციის ნომინალური ღირებულების შემცირების მიზნით ან ეფექტიანი კაპიტალის სტრუქტურის მისაღწევად, რა დროსაც მცირდება ბაზარზე ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობა. კაპიტალის შემცირება ასევე შეიძლება იყოს საზოგადოების პასუხი ფაქტობრივი კაპიტალის შემცირებაზე ან შემოსავლის დაკარგვაზე, რომელიც არ შეიძლება, დაბალანსებულ იქნეს მოსალოდნელი მოგებით. 

სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შეამციროს განთავსებული კაპიტალი. განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს აქციათა ნომინალური ღირებულების ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების ან, აქციათა საერთო რაოდენობის შემცირების, მათ შორის, სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების ნაწილის გამოსყიდვისა და გაუქმების შემთხვევაში. განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება და მისი შემცირების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს და აქციათა რეესტრში უნდა აისახოს. ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამისი აქციონერებისთვის თანხის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს: 

ა) ის ოდენობა, რომლითაც მცირდება განთავსებული კაპიტალი; 

ბ) იმ აქციათა სახეები, რომელთა ღირებულებაც მცირდება, და ის სიდიდე, რომლითაც მცირდება თითოეული აქციის ღირებულება; 

გ) თითოეული სახის აქციის შემცირებული ღირებულება; 

დ) ის თანხა, რომელიც ხმარდება აქციათა ღირებულების შემცირების შედეგად სააქციო საზოგადოების მიერ აქციონერების ანაზღაურების გაცემას. 

განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში საერთო კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყვნენ საერთო ხმების არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. ამ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე კენჭისყრა ყველა კლასის აქციებისთვის, რომლებზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. საერთო კრებამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წინადადების, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში – სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების საფუძველზე. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს განთავსებული კაპიტალის შემცირების მიზანი და მეთოდი. სააქციო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, თუ: 

ა) შემცირების შედეგად განთავსებული კაპიტალის ოდენობა ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს; 

ბ) არ დასრულებულა ყველა აქციის გამოსყიდვა, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსყიდული უნდა იქნეს; 

გ) ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააქციო საზოგადოება მის მიერ აქციონერებისთვის თანხის გადახდის ან სააქციო საზოგადოების სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემის შედეგად გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება; 

დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 

განთავსებული კაპიტალის შემცირების შედეგად აქციონერებისთვის თანხის გადახდა ან განთავსებულ კაპიტალში შენატანის განხორციელებისგან მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ, თუ კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე წარმოიშვა, სააქციო საზოგადოებამ დააკმაყოფილა ან უზრუნველყო, ან თუ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული დაკმაყოფილება ან უზრუნველყოფა კრედიტორებმა სააქციო საზოგადოებისგან უნდა მიიღონ, თუ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში განუცხადეს სააქციო საზოგადოებას ამის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სააქციო საზოგადოების აქტივების გათვალისწინებით, კრედიტორების დაცვა საჭირო არ არის. 

კრედიტორებს უფლება აქვთ, მოითხოვონ უზრუნველყოფა, თუ სააქციო საზოგადოების მიმართ მათი მოთხოვნები ვადამოსული არ არის. კრედიტორთა აღნიშნული უფლებების თაობაზე მითითებული უნდა იყოს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ. საერთო კრება უფლებამოსილია კაპიტალის შემცირების მიზნით გააუქმოს სააქციო საზოგადოების ან იმ მესამე პირის მიერ გამოსყიდული აქციები, რომელიც საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს, აგრეთვე იძულებით გააუქმოს განთავსებული აქციები. თუ აქციების გაუქმების პირობები და პროცედურა წესდებით დადგენილი არ არის, ისინი საერთო კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრება. განთავსებული აქციების იძულებით გაუქმება დასაშვებია, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია ან ნებადართულია წესდებით აქციების განთავსებამდე. თუ წესდებით ნებადართულია მხოლოდ აქციების იძულებით გაუქმება, აქციები იძულებით უქმდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციების იძულებით გაუქმებას ერთხმად ეთანხმებიან ის აქციონერები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ეხება. აქციის გაუქმებაზე ვრცელდება კაპიტალის შემცირების შესახებ წესები. 

სააქციო საზოგადოების კაპიტალი არის არა მხოლოდ საზოგადოების საქმიანობის დაფინანსების წყარო, არამედ კრედიტორთა დაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. მეწარმის ფინანსური სტაბილურობის განცდა დიდწილად განაპირობებს ბაზრის სხვა სუბიექტების მოტივაციას, შევიდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში ამ საზოგადოებასთან და ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს ორივე მხარისათვის. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 171 ე მუხლი ეთმობა კაპიტალის არსებით დანაკარგზე სააქციო საზოგადოების რეაგირების საკითხებს. კანონის მიხედვით არსებით დანაკარგად მიიჩნევა ისეთი გარემოება, თუ საანგარიშგებო პერიოდის ან შუალედური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის ღირებულება სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ნახევარზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული საერთო კრება, რომელიც განიხილავს სააქციო საზოგადოების შესაძლო დაშლის საკითხს ან სხვა აუცილებელი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, განთავსებული კაპიტალის შემცირებას ან აქციონერთა მიერ დამატებითი შენატანების განხორციელებას. 

სააქციო საზოგადოების აქციონერი და მისი უფლება-მოვალეობა 

სააქციო საზოგადოების, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისაგან განცალკევებული მეწარმის სამართლებრივი ფორმის, ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება მისი კაპიტალის დაყოფაა კაპიტალის ბაზარზე მიმოქცევად წილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებად. სააქციო საზოგადოების ამგვარი ღიაობა იწვევს აქციონერთა წრის მკვეთრ დივერსიფიკაციას, ამცირებს სააქციო საზოგადოების გადაწყვეტილებებზე აქციონერის ზეგავლენის მასშტაბს და ზრდის მენეჯმენტის თვითნებობის რისკებს. ასეთ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას, როგორც სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტსა, და მის აქციონერებს შორის წარმოიშობა არათანაბარი საბაზრო ძალაუფლება, რაც ნეგატიურად აისახება როგორც პირდაპირ ტრანსაქციულ ხარჯებზე, ისე ამ ტრანსაქციებიდან გამომდინარე ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ დროს ნორმატიული აქტი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხარეთა საბაზრო ძალაუფლებებს შორის ბალანსის აღსადგენად და ორივე მხარისათვის დაბალანსებული პოზიტიური შედეგის მისაღწევად. სწორედ ამიტომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონში იმპერატიულად არის გაწერილი აქციონერთა უფლება-მოვალეობათა კატალოგი. 

აქციონერს უფლება აქვს: 

ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში; 

ბ) გაეცნოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს; 

გ) კანონითა და წესდებით დადგენილი წესით გაეცნოს სააქციო საზოგადოების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები ბეჭდური ფორმით ან ელექტრონულად, თუ აქციონერს წინასწარ აქვს განცხადებული თანხმობა ინფორმაციის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებაზე, აგრეთვე სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 202-ე მუხლითა და წესდებით დადგენილი წესით; 

დ) მიიღოს დივიდენდი; 

ე) თავისუფლად განკარგოს თავის საკუთრებაში არსებული აქციები; 

ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს თავის საკუთრებაში არსებული აქციების გამოსყიდვა; 

ზ) მიიღოს ნარჩენი ქონება სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შედეგად. 

გარდა აღნიშნულისა, კანონი ზემოთ აღნიშნული უფლებების გარდა ხმათა 5% მქონე აქციონერებს ანიჭებს, ისეთ განსაკუთრებულ უფლებებს, როგორიცაა: 

ა) სააქციო საზოგადოების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოს მოსთხოვონ სააქციო საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები. სააქციო საზოგადოების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, სააქციო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს ამ ასლების/ინფორმაციის გაცემაზე; 

ბ) მოითხოვონ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში _ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება; 

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოიწვიონ რიგგარეშე საერთო კრება; 

დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვონ საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება.

აქციონერის ფინანსური ინტერესების სათანადოდ დაცვა პირდაპირ და უშუალო კავშირშია ქვეყანაში არსებული დანაზოგების მეწარმე სუბიექტების კაპიტალში ინვესტირების წახალისებასთან. ამგვარი დაცულობის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი აქციონერის შესაძლებლობაა, იყოს სათანადოდ ინფორმირებული სამეურნეო მოქმედების ან წლიური ანგარიშგების შესახებ. ამიტომ, სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების მიმართვისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. ამისთვის იგი ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს. სპეციალური აუდიტორის დანიშვნის წესი რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 174-ე მუხლით. 

გარდა აქციების მოსაპოვებლად შენატანის განხორციელებისა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი უთითებს აქციონერის სხვა სპეციალურ მოვალეობათა არსებობაზეც და ქმნის სააქციო საზოგადოების წესდებით მოვალეობათა დადგენის შესაძლებლობისათვის ნორმატიულ საფუძველს. ამასთანავე, პირდაპირ განსაზღვრავს აქციონერის ისეთ სპეციფიკურ მოვალეობას, როგორიცაა: 

აქციონერი ვალდებულია: 

ა) განახორციელოს შენატანი კუთვნილი აქციის მისაღებად; 

ბ) სააქციო საზოგადოებას ან აქციათა რეგისტრატორს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილების შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია აქციათა რეესტრში; 

გ) შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით ან, კანონიდან გამომდინარე, წესდებით. 

მინორიტარი აქციონერების დაცვის მიზნით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ადგენს დომინანტი აქციონერის ან აქციონერთა ჯგუფის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შეზღუდვის წესს. თუ სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა თავისი დომინანტური მდგომარეობა განზრახ გამოიყენა ამ სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც განზრახ იყენებდა თავის ძალაუფლებას სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ზემოქმედებას ახდენდა სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრზე, რათა ამ წევრს სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება ჩაედინა, რომელმაც ზიანი გამოიწვია, ვალდებულია სააქციო საზოგადოებას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. აღნიშნული პირი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მათ შორის, მისი აქციების ღირებულების შემცირებით. სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის სოლიდარულად აგებს პასუხს ის პირიც, რომელმაც ზიანის გამომწვევი ქმედების შედეგად სარგებელი მიიღო და განზრახ მოახდინა ზემოქმედება უფლებამოსილ პირზე. კრედიტორისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უქმდება სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამის მოთხოვნებზე უარის თქმით ან იმაზე მითითებით, რომ ზიანის გამომწვევი ქმედება საერთო კრების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა. 

აქციონერები ან აქციონერები და მესამე პირი უფლებამოსილი არიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებული იქნებიან დადგენილი წესით განახორციელონ აქციიდან გამომდინარე ან სხვა უფლებები და შეასრულონ შესაბამისი მოვალეობები (აქციონერთა შეთანხმება). აქციონერთა შეთანხმების დადების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააქციო საზოგადოებას. აქციონერთა შეთანხმება სპეციალურ ფორმას არ მოითხოვს. აქციონერთა შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ იმ აქციის გასხვისების შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც დადებულია აქციონერთა შეთანხმება, აქციონერთა შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები შემძენზე არ გადადის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სპეციალურად იყო გათვალისწინებული აქციონერთა შეთანხმებითა და აქციის გასხვისების ხელშეკრულებით. 

აქციონერთა შეთანხმების შესრულება სავალდებულოა მხოლოდ მისი მხარეებისთვის. აქციონერს აქციიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებაზე უარი არ უნდა ეთქვას მის მიერ აქციონერთა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაშიც კი. აქციონერთა შეთანხმების დარღვევა არ შეიძლება გახდეს სააქციო საზოგადოების ორგანოთა გადაწყვეტილებების გაბათილების საფუძველი. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს აქციონერთა შეთანხმებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან წესდებას. აქციონერთა შეთანხმება არ უნდა იქნეს გაიგივებული საზოგადოების წესდებასთან. მაშინ, როდესაც საზოგადოების წესდება არის საზოგადოების ფუნქციონირების კონსტიტუციური დოკუმენტი, აქციონერთა შეთანხმების არსებობა ეფუძნება მასში მონაწილეობის ნებაყოფლობითობას. შეთანხმება დგება აქციონერთა ნება-სურვილით და, ძირითადად, ეფექტიანია მაშინ, როდესაც აქციონერთა სტრუქტურის მაღალი დივერსიფიკაციის პირობებში საზოგადოებას მხოლოდ რამდენიმე აქტიური აქციონერი ჰყავს. აქციონერთა შეთანხმება უშუალოდ მხარეებისათვის ატარებს მბოჭავ ხასიათს და მას არ გააჩნია გავლენა აქციონერსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაზე. 

გიორგი ბოჭორიშვილი 

ნათია ქუტიძე 

გაგრძელება იქნება