ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის კომენტარები - №9(273), 2022
დასასრული. დასაწყისი იხ. „ააფი“, №№1(265)- 6(270), 8(272), 2022 წ. 

კოოპერატივი 

საკორპორაციო სამართლებრივი კანონმდებლობის უმთავრესი ამოცანა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მსურველთათვის ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე წარმონაქმნების ‒ მეწარმის სამართლებრივი ფორმების შეთავაზებაა. ამ სამართლებრივი ფორმების მეშვეობით პირი ან პირთა ჯგუფი ორგანიზებულად წარმართავს მოგების მიღებისაკენ მიმართულ საქმიანობას. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მსურველთათვის კანონმდებლის მიერ შეთავაზებული მეწარმის სამართლებრივი ფორმებიდან ერთ-ერთი კოოპერატივია. კოოპერატივი სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან მიზნობრივად მნიშვნელოვნად განსხვავებული ორგანიზაციული ერთეულია. კოოპერატივის უნიკალურობა გამოიხატება იმით, რომ იგი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა ეკონომიკური თუ სოციალური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამეწარმეო საზოგადოება, რომლის უპირატესი ამოცანა არის არა მოგების მიღება, არამედ უშუალოდ მის წევრთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. კოოპერატივი იქმნება სხვადასხვა სფეროებში მის წევრთა კოორდინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის ფარგლებში ოპერირების მხარდაჭერისათვის. სწორედ ოპერირების არეალების მიხედვით ხდება კოოპერატივების კლასიფიცირება. კოოპერატივებს მიეკუთვნება: 

ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივი, რომელიც ნედლეულს საკუთარი წევრებისთვის მოიპოვებს; 

ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივად გამსაღებელი კოოპერატივი; 

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნის დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის განმახორციელებელი კოოპერატივი (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივი); 

დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო ვაჭრობის წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი რეალიზაციის განმახორციელებელი კოოპერატივი; 

ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ან სარეწისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შემძენი, მწარმოებელი ან მათი ერთობლივად გამომყენებელი კოოპერატივი; 

ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივი; 

ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივი, რომლის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით; 

თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი; 

ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონითა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით. 

კოოპერატივი საკუთარი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით. კოოპერატივის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური პირები, ისე იურიდიული პირები. კოოპერატივის დასაფუძნებლად აუცილებელია სულ მცირე 5 დამფუძნებელი. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი. კოოპერატივის წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი. 

კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი შეიძლება გაიზარდოს კოოპერატივში დამატებითი წევრების მიღებით და მათ მიერ შენატანების განხორციელებით, აგრეთვე კოოპერატივის წევრების მიერ დარჩენილი შენატანის სრულად განხორციელებით ან დამატებითი შენატანების განხორციელებით. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აწარმოოს კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომელშიც შეიტანება კოოპერატივის თითოეული წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე მისი პაის ოდენობა და კატეგორია. კოოპერატივის წესდების მიხედვით, პაის გასხვისება შეიძლება დამოკიდებული იყოს ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობაზე. 

კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ კოოპერატივის წევრობის მსურველის კოოპერატივის წევრად მისაღებად აუცილებელია მისი წერილობითი განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე. კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ხმათა უმრავლესობით. კოოპერატივის წევრად მიღებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო კრებაზე. კანონის სიახლეა კოოპერატივის ინვესტორი წევრის ცნების შემოტანა. არსობრივად კოოპერატივი წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებაა, რომელიც მიზნად ისახავს თავის წევრთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. თუმცა ეს არ გამორიცხავს კოოპერატივის შესაძლებლობას, დასახული მიზნის მისაღწევად მოიზიდოს დამატებითი კაპიტალი. მსხვილი ინვესტორები, როგორც წესი, თავისი ინვესტიციის დასაცავად მოითხოვენ განსაკუთრებულ უფლებებს კორპორაციულ მართვაში. შესაბამისად, კანონის თანახმად, კოოპერატივის ინვესტორ წევრს წესდებით შეიძლება მიენიჭოს `ვეტოს“ უფლება იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს შეეხება. ამასთან, ინვესტორ წევრს არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 25%-ზე მეტი. 

კოოპერატივის წევრს სხვადასხვა საფუძვლით შეიძლება შეუწყდეს წევრის სტატუსი. წევრობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი და პირის ნების მიღმა, როგორიცაა: 

ა) წევრის გასვლა კოოპერატივიდან; 

ბ) წევრის გარიცხვა კოოპერატივიდან; 

გ) კოოპერატივის წევრის მიერ პაის გასხვისება; 

დ) კოოპერატივის წევრი იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება; 

ე) კოოპერატივის წევრის გარდაცვალება. 

კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, გავიდეს კოოპერატივიდან. კოოპერატივიდან წევრის გასვლა დასაშვებია მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. კოოპერატივიდან გასვლის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, გასვლამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივიდან გასვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება ხორციელდება კოოპერატივიდან მისი გასვლის დღისთვის არსებული კოოპერატივის ბალანსის საფუძველზე პაის კომპენსაციით. კომპენსაცია იანგარიშება კოოპერატივიდან გასული წევრის შენატანისა და გაუნაწილებელ მოგებაში მისი წილის შესაბამისად. კოოპერატივმა კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება უნდა განახორციელოს კოოპერატივიდან მისი გასვლიდან 6 თვის ვადაში. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, სამეურნეო წლის განმავლობაშიც გაასხვისოს თავისი პაი და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე. 

კოოპერატივის კრება არის კოოპერატივის მართვაში მისი წევრების პირდაპირი მონაწილეობის უმთავრესი ინსტრუმენტი. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფორუმი, სადაც კოოპერატივის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, განსაზღვრონ კოოპერატივის განვითარების ძირითადი სტრატეგია; კოოპერატივის ბუნებიდან და ამოცანიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ერთობლივად, წევრებს შორის კოოპერირების გზით, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. კოოპერატივის მართვა ხორციელდება პარიტეტულ საწყისებზე. კერძოდ, კოოპერატივის ყოველ წევრს აქვს თითო ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაის ერთზე მეტი მესაკუთრე ჰყავს, რა დროსაც ერთი პაის რამდენიმე მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. სწორედ ამ მიზეზით, კოოპერატივი, ჩვეულებრივ, მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორებისათვის საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველია. 

კოოპერატივის წევრები კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ თავიანთ უფლებებს ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საერთო კრების მუშაობაში და განახორციელოს თავისი ხმის უფლება. ხმის უფლება არ შეიძლება გამოიყენოს იმ პირმა, რომლის საკითხსაც იხილავს საერთო კრება. 

საერთო კრება, გარდა ამ კანონითა და წესდებით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც. პარტნიორთა წლიური კრება მოწვეული უნდა იქნეს წლიური ბალანსის შედგენიდან 6 თვის ვადაში. საერთო კრება მოიწვევა მისი ჩატარების დღემდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, წესდებით დადგენილი წესით ან შესაბამისი ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. საერთო კრების დღის წესრიგი უნდა გამოცხადდეს მისი მოწვევისას მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. საერთო კრების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ნებისმიერი სხვა ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც მოიწვევა საერთო კრება. საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მორიგი საერთო კრების ჩატარების დღის/თარიღის, ადგილისა და სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ საერთო კრების თავმჯდომარე და კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საერთო კრებას. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების მოწვევის მასალები. პარტნიორთა წლიური კრება კოოპერატივის უმაღლესი ორგანოა. პარტნიორთა წლიური კრება გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე: 

ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება; 

ბ) კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონება; 

გ) წლიური მოგების გამოყენება ან წლიური ზარალის დაფარვა. 

წლიური ანგარიში წლიურ ბალანსთან ერთად და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება პარტნიორთა წლიური კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა განთავსდეს კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში) და კოოპერატივის ოფისში ან/და კოოპერატივის ხელმძღვანელი პირის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე, რათა კოოპერატივის წევრებმა შეძლონ მათი გაცნობა. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით მიიღოს მოთხოვნილი წლიური ანგარიშისა და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები. 

კოოპერატივის წევრები კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ თავიანთ უფლებებს ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საერთო კრების მუშაობაში და განახორციელოს თავისი ხმის უფლება. ხმის უფლება არ შეიძლება გამოიყენოს იმ პირმა, რომლის საკითხსაც იხილავს საერთო კრება. 

საერთო კრება, გარდა ამ კანონითა და წესდებით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც. პარტნიორთა წლიური კრება მოწვეული უნდა იქნეს წლიური ბალანსის შედგენიდან 6 თვის ვადაში. საერთო კრება მოიწვევა მისი ჩატარების დღემდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, წესდებით დადგენილი წესით ან შესაბამისი ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. საერთო კრების დღის წესრიგი უნდა გამოცხადდეს მისი მოწვევისას მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. საერთო კრების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ნებისმიერი სხვა ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც მოიწვევა საერთო კრება. 

საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მორიგი საერთო კრების ჩატარების დღის/თარიღის, ადგილისა და სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ საერთო კრების თავმჯდომარე და კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საერთო კრებას. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების მოწვევის მასალები. პარტნიორთა წლიური კრება კოოპერატივის უმაღლესი ორგანოა. პარტნიორთა წლიური კრება გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე: 

ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება; 

ბ) კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონება; 

გ) წლიური მოგების გამოყენება ან წლიური ზარალის დაფარვა. 

წლიური ანგარიში წლიურ ბალანსთან ერთად და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება პარტნიორთა წლიური კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა განთავსდეს კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში) და კოოპერატივის ოფისში ან/და კოოპერატივის ხელმძღვანელი პირის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე, რათა კოოპერატივის წევრებმა შეძლონ მათი გაცნობა. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით მიიღოს მოთხოვნილი წლიური ანგარიშისა და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება, ხოლო თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ საერთო კრების ნაცვლად წარმომადგენელთა კრება ჩატარდეს. კოოპერატივს შეიძლება ჰქონდეს მართვის მონისტური ან დუალისტური სისტემა. კოოპერატივის მართვის მონისტურ სისტემაში კოოპერატივის ხელმძღვანელ ორგანოს მინიჭებული აქვს კოოპერატივის ხელმძღვანელობისა და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. 

კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო შედგება არანაკლებ 2 წევრისგან, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. ხელმძღვანელი პირი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გამოწვეული ხელმძღვანელი ორგანოს წევრობიდან, თუ ამ გადაწყვეტილებას საერთო კრების მონაწილეთა 2/3 დაუჭერს მხარს. კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელობას და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობას. 

კოოპერატივის მართვის დუალისტურ სისტემაში ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო. ხელმძღვანელი პირი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 

წლიური ანგარიშის დამტკიცებისას საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას სამეურნეო წელს კოოპერატივის მოგების ან ზარალის კოოპერატივის წევრებისთვის განაწილების შესახებ. პირველ სამეურნეო წელს მოგება ან ზარალი ნაწილდება კოოპერატივის წევრების მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციულად, ხოლო ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს – მოგების მიმატებითა და ზარალის ჩამოწერით, წინა სამეურნეო წლის ბოლოს არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს. 

ზემოთ განვიხილეთ `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს ახალი კანონით რეგულირებული საკითხები, თუმცა სტატიის დასაწყისში გავმარტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სამართლებრივი და ეკონომიკური საკითხები, გარდა ამ კანონში მოცემული დებულებისა, რეგულირდება ასევე `სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის~ შესახებ საქართველოს კანონით. `სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებული იქნა 2013 წელს. ამ კანონის მიზანს წარმოადგენს კანონით რეგულირებადი საკითხების სამართლებრივ მოწესრიგება _ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება, მათი მეპაიეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა და ზოგადად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის `დ~ პუნქტის თანახმად: 

`დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი~. 

ამავე კანონის მესამე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი: 

`ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენს – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აკვაკულტურა, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას~. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: 

ა) ნებაყოფლობითი წევრობა; 

ბ) დემოკრატიული მართვა; 

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა; 

დ) სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, განახორციელოს ამ კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. 

განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: 

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება; 

ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; 

გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები. თუ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს: 

ა) მონიტორინგის უარყოფითი შედეგები;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეპაიეთა რაოდენობის შემცირება; 

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განცხადება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უფლება აქვს, ამ სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ სააგენტოს მიმართოს განცხადებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ დასახლებაში, რომელზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე _ 9-ზე ნაკლები. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/ და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი. 

მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად. 

მეპაიეს უფლება აქვს, პაის სრულად შეტანის შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს დამატებითი შენატანი. 

ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება, ხოლო მისი განხორციელების პირობები, აგრეთვე დივიდენდის გაცემის წესი განისაზღვრება კანონითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის ქონების სახით შეტანისას კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ქონების სახით შეტანილი პაის ღირებულების ის ნაწილი, რომელიც აღემატება პაის ღირებულებას, მეპაიის 
დამატებით შენატანში აისახება. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ამ კოოპერატივის წევრის შენატანის ქონების სახით შეტანისას ამ ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/ და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ წევრებზე გაიცემა. 

სხვა სამართლებრივი იურიდიული პირისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ჩართულობა საკანონმდებლო დონეზე გამოხატულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ საქართველოს კანონით, რომლის მიზანს წარმოადგენს კოოპერატივის განვითარების და სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. თუ როგორ, ამას განმარტავს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი: 

„1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია: 

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; 

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების, მათ შორის, სახელმწიფო გრანტის, მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; 

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა და კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა; 

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; 

ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება; 

ვ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა“. 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (გარდამავალი დებულებები) მე-5 პუნქტით, კანონმდებელი უწესებს ვადებს 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ კოოპერატივების წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 

გიორგი ბოჭორიშვილი 

ნათია ქუტიძე