ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა - №10(274), 2022
შესავალი 

სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამეწარმეო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო/დირექტორი. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღებას და ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 

სამეწარმეო საზოგადოება, როგორც სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი, თავის ქმედუნარიანობის და უფლებაუნარიანობის რეალიზებას ახდენს საამისოდ უფლებამოსილი პირის _ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს (დირექტორის) მეშვეობით. „სასამსახურო ხელშეკრულების“ საფუძველზე დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“ და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით. კომპანიის ხელმძღვანელთა საქმიანობის შედეგი უნდა იყოს მოგების მიღება. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პარტნიორების ძირითადი მიზანი, რის გამოც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს კომპანიაში, არის საკუთარი ინვესტიციიდან სარგებლის მიღება, რაც გამოიხატება კომპანიის მომგებიანი საქმიანობის შედეგად დივიდენდების განაწილებაში. 

რაკი კომპანიას ეკისრება საგადასახადო ვალდებულებები, ზრუნვის მოვალეობა ამ ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდა მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. აღნიშნულიდან კი გამომდინარეობს კითხვა, რა მასშტაბით შეუძლია კომპანიის ხელმძღვანელს დასახოს და განახორციელოს საგადასახადო ოპტიმიზაციის გეგმები და სად გადის ზღვარი, რომლითაც განისაზღვრება ზრუნვის მოვალეობასთან დირექტორის ქცევის შესაბამისობა სამეწარმეო ურთიერთობების კონტექსტში. 

ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნესგადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან. შეიძლება თუ არა კომპანიის მომგებიანობის გაზრდის მიზნით მისი ხელმძღვანელი პირები ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, რომელიც შედეგად გამოიწვევს საწარმოს მიერ გადასახადების დამალვას, გადასახადებისაგან თავის არიდებას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედებით შესაძლებელია ყველაზე კარგად იქნას მიღწეული მთავარი მიზანი _ კომპანიის მოგების გაზრდა? პასუხი ცალსახად უარყოფითია, ვინაიდან „ზრუნვის მოვალეობა“ თავისთავში მოიცავს არა მხოლოდ კომპანიისთვის მოგების მიღებას, გადასახადების ოპტიმიზაციას, არამედ დირექტორის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელიც არ იქნება ზიანის მომტანი კომპანიის ინტერესებისთვის, ზიანი კი ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც სისხლის სამართლებრივ, ასევე სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც, რასაც შეიძლება მოყვეს დირექტორისთვის და კომპანიისთვის მძიმე შედეგი, როგორიც არის კომპანიის იძულებითი ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. 

დირექტორი, გინდ ის ფიდუციური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებდეს, არ თავისუფლდება მართლზომიერების პრინციპისაგან და ქმედება, რომელსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ განახორციელებს, იწვევს შესატყვის პასუხისმგებლობას, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ასევე სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამიტომ, დიახ, დირექტორმა მასზე დაკისრებული ვალდებულება კანონის ფარგლებში უნდა განახორციელოს და საჭიროა გაითვალისწინოს სამართლებრივი ნორმების დათქმა, რომელიც ე.წ. წითელი ხაზია ბიზნესსაქმიანობაში და აღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი დანაწესის დარღვევა იწვეს, პირდაპირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დირექტორის მიმართ. ასევე შესაძლებელია იურიდიული პირის მიმართაც გატარდეს ისეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახეები, როგორიცაა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და იურიდიული პირის ლიკვიდაციაც კი, რომ არაფერი ვთქვათ საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების კონფისკაციაზე და სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლაზე. ამიტომაც, ზრუნვის მოვალეობა მხოლოდ დოვლათის/სარგებლის დაგროვება როდია, ზრუნვის მოვალეობა არის შეფასება და ანალიზი განსახორციელებელი ქმედების, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. 

აქვე ისმის კითხვა, დირექტორის ქმედება არის თუ არა პირდაპირ კავშირში პარტნიორის ინტერესებთან და საერთოდ არის თუ არა ანგარიშვალდებული დირექტორი პარტნიორის წინაშე, მის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე? პასუხი, რა თქმა უნდა, არის _ დიახ! დირექტორის მიერ განხორციელებული ქმედება კომპანიის საქმიანობის წარმართვის მიზნით, პირდაპირ კავშირშია პარტნიორის ინტერესებთან. თუ გადაწყვეტილება ნაყოფის მომტანია, ის აისახება პარტნიორის მოგებაზე/სარგებელზე, ხოლო თუ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი ნეგატიურია, ის პირდაპირპროპორციულად აისახება პარტნიორის როგორც მოგებაზე, ასევე პარტნიორმა შესაძლებელია საწარმოში განხორციელებული შენატანი სრულად დაკარგოს და კომპანია წავიდეს ზარალზე/ლიკვიდაციაზე. ამიტომ კომპანიის საქმიანობის სწორად წარმართვაზე დირექტორი ანგარიშვალდებულია პარტნიორის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ დირექტორის მიერ განხორციელებული ქმედებას, თუ მოყვება კომპანიის ინტერესის ხელყოფა, ან ფინანსური ზიანი, საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს მოითხოვოს დირექტორის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება (დერივაციული სარჩელი). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. ას-370-344-2017) მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ „მოპასუხემ კომპანიის მიმართ არსებულ დავალიანებებზე (დებიტორული დავალიანების) ხანდაზმულობის ვადის გაშვებით დაარღვია მასზე, როგორც დირექტორზე დაკისრებული ზრუნვის მოვალეობა, რითაც კომპანიას მიადგა ზიანი~ და დააკისრა დირექტორს ამ ზიანის ანაზღაურება. 

აქვე გასათვალისწინებელია პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა და თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სამეწარმეო საზოგადოებისა და დანარჩენი პარტნიორების კანონიერი ინტერესები და უფლებები. გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საფუძველია კომპანიის „არაადეკვატური კაპიტალიზაცია“. გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების მიზნებისათვის არაადეკვატური კაპიტალიზაცია არ გულისხმობს კანონით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ქონას (მრავალ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ასეთი მოთხოვნა კომპანიების მიმართ აღარ არსებობს). არაადეკვატურ კაპიტალიზაციაში იგულისხმება ის შემთხვევა, როცა კომპანიის კაპიტალი ძალიან მცირე ან შეუსაბამოა ამ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე და იმ რისკების დასაზღვევად, რომელსაც კომპანიის ბიზნესსაქმიანობა წარმოშობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ იგულისხმება მოსალოდნელი ეკონომიკური საჭიროებები და არა ფორმალურ-სამართლებრივი მოთხოვნები. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობა სამეწარმეო საზოგადოების მიმართ 

გადასახადი არის საგადასახადო კოდექსით დადგენილი სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახდო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აქვეა გასათვალისწინებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. აღნიშნული ნორმის შინაარსი, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს მეწარმე სუბიექტებს, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების დროს შემმოწმებელს შეუძლია ნებისმიერი ოპერაციას შეუცვალოს კვალიფიკაცია და ამით გაზარდოს დარიცხული გადასახადები. 

ასევე განსაკუთრებით აქტუალობით სარგებლობს საშემოსავლოს მიზნებისთვის ე.წ. „ურთიერთდამოკიდებული პირების ცნება“. საგადასახადო მიზნებისათვის ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ ერთი პირი პირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია და საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რათა აღნიშნულმა არ გამოიწვიოს გაზრდილი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობა მეწარმე სუბიექტისთვის. უფრო მეტიც, თუ დარიცხული გადასახდელი გადასახდის, თანხა აღემატება 100000 ლარს, ეს იწვევს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული მსჯელობის შედეგად გამომდინარეობს დასკვნა, რომ განსაკუთრებული წინდახედულება მმართებს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელს/დირექტორს, ამა თუ იმ მოქმედების განხორციელებისას. შესაბამისად არსებობს ორი მიზეზი, რომლის გამოც ხელმძღვანელს არა აქვს არანაირი ვალდებულება კომპანიის მომგებიანობის გაზრდის მიზნით ჩაერთოს ისეთ საქმიანობაში, რომელიც შედეგად იწვევს საწარმოს მიერ გადასახადების დამალვას. გადასახადებისათვის თავის არიდების სქემის განხორციელება იწვევს მისი განმახორციელებლების პირად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და გადასახადებისათვის თავის არიდების ფინანსური შედეგები შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს კომპანიისათვის. „მართებული ბიზნეს გადაწყვეტილების“ მიღების სტანდარტი დირექტორს აკისრებს მოვალეობას არ ჩაერთოს გადასახადებისათვის თავის არიდების უკანონო სქემებში. კომპანიის ხელმძღვანელების მიერ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენა, განსაკუთრებით კორუფციული ქმედებები, დირექტორთა საჯარო ვალდებულებებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, გარდაქმნის კომპანიის წინაშე ზრუნვის მოვალეობის შემადგენელ შიდა ვალდებულებადაც. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც დირექტორი განახორციელებს, უნდა იყოს კანონისა და წინდახედულების ნორმის ანალიზის საფუძველი. 

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 

რიგ შემთხვევებში სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელის/დირექტორის ქმედება იწვევს, არა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას, არამედ შესაძლებელია სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება _ დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს). იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ. პასუხისმგებელი პირი არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი. სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, როგორიცაა გადასახადების გადახდისგან თავის არიდება. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს როგორც განზრახ, ასევე გაუფრთხილებელი ქმედებების შედეგად. როგორც ვიცით, საგადასახადო შემოწმება ხორციელდება ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბუღალტრულ დოკუმენტებში საწარმოს ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის შედეგების არჩვენება (ან ნაწილობრივ ჩვენება), ხელშეკრულების დადება დოკუმენტური გაფორმების გარეშე, სასაქონლო, მატერიალური და სხვა სახსრების აღურიცხაობა, ეკონომიკური მაჩვენებლის დამახინჯება დასაბეგრი ბაზის შემცირების გზით, დასაბეგრი ობიექტის ჩანაცვლება ან შეცვლა, ფიქტიური ბარტერი, ცრუ მეწარმეობა, ეკონომიკური საქმიანობის წარმოება შემოსავლების მიღების მიზნით სათანადო სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე და ა.შ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

რთული შესაფასებელია, რას ნიშნავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება. აქ არ იგულისხმება დანაშაულის შემადგენლობის სამართლებრივი შეფასება, მხედველობაში გვაქვს ქმედების მართლწინააღმდეგობის დადგენა. გამოიწვევს კი აღიარებული დადეკლარირებული ფინანსური ოპერაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მხოლოდ იმ მოტივით, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის პრინციპი, შეცვალა დადეკლარირებული ფინანსური ოპერაციის სახე და დააკისრა მეტისმეტად მაღალი გადასახადი გადასახადის გადამხდელს, რამაც გამოიწვია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა? რა თქმა უნდა, მსგავსი მაგალითები არაერთია სასამართლოს პრაქტიკაში და მსგავსი მოცემულობა არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება სამწუხაროდ. 

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც არის ქონების გადამალვა, თვალთმაქცური, მოჩვენებითი გარიგების გზით, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით და ამისთვის შეზღუდული პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმის გამოყენება. მსგავსი მოქმედება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას _ ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან სამ წლამდე. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დასჯადი ქმედებაა და სისხლის სამართლის კოდექსში ფორმულირდება როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ასევე სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელმა, წარმომადგენელმა ან სხვა პირმა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებით, შეიძლება განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას. აღნიშნული ნორმის დანაწესში შეიძლება ასევე მოიაზროს კომპანიის მიერ ისეთი გარიგების დადება, ან გადასახადების არასწორი დაანგარიშება და ამ ფაქტის მიმართ დაუდევარი, გულგრილი დამოკიდებულება, რაც გამოიწვევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 

სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირს შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის სასჯელები: ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ჯარიმა, ქონების ჩამორთმევა. აქედან ლიკვიდაცია და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად, ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად, ხოლო ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს დამატებით სასჯელად. აღნიშნულის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიმართ არსებობს ორმაგი პასუხისმგებლობის სტანდარტი, იმ შემთხვევაში თუ მისი ქმედება იქნება კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული. ორმაგი პასუხისმგებლობის სტანდარტი გულისხმობს როგორც პირად პასუხისმგებლობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას, ასევე მისი ქმედებიდან გამომდინარე იურიდიული პირის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახეს. სწორედ ამიტომ კანონმდებელი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის ეტაპზევე მიუთითებს მართლზომიერების პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ვალდებულია უფლების რეალიზება მოახდინოს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანი გადაწყვეტილების ფარგლებში. სამართლის ნორმა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ბოჭავს არა მხოლოდ სახელშეკრულებო შეთანხმებისა და კანონის დანაწესით, არამედ კეთილსინდისიერების პრინციპით, სწორედ ამიტომ უფლება უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს მესამე პირის კანონიერ ინტერესს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი აწესებს სანქციას და ადგენს ბრალეული ქმედების შესატყვის სასჯელებს. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობა 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობა საჭიროებს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ ნებართვებს ან ლიცენზიას. ეს ეხება ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მომეტებულ საფრთხესთან, სახელმწიფოს ან საზოგადოების ინტერესის სფეროსთან. აღნიშნული წესის დარღვევა ითვალისწინებს იურიდიული პირის მიმართ პასუხისმგებლობას, რაც რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და პირობით. აღნიშნული თვალსაზრისით კი კომპანიის დირექტორი წარმოადგენს იმ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია სამეწარმეო საქმიანობა აწარმოოს კანონის დანაწესის სრული დაცვით. 

დასკვნა 

ზემოთ განვითარებული მსჯელობის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ: 
„კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა გულისხმობს პროცესს, როდესაც ხელმძღვანელი აცნობიერებს, თუ რა ხდება მის გარშემო, შესაბამისად, მოქმედებს ეფექტიანად და იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელის კეთილსინდისიერება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, ვლინდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ურთიერთდამოკიდებულებიდან, ასევე სხვადასხვა პრობლემების დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებებიდან. ხელმძღვანელი უნდა აცნობიერებდეს მის როლს საწარმოში, იმავდროულად, საწარმოს როლს ბიზნესში და მოქმედებდეს იმ ცნობიერებით, რომ აუცილებელია საწარმოს განვითარება. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების გაცნობიერება, მისი დაძლევის გზების მოძიება, ასევე საწარმოს პარტნიორებთან და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან წარმატებული კომუნიკაცია. ეს არის საწარმოს გონივრული მართვის ძლიერი იარაღი, განხორციელებული საქმიანობის სიცხადისა და წარმატებული მართვის საწინდარი“. 

ამგვარად, კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა ტოლფასია გონივრული მართვის, რაც თავისთავში მოიცავს დირექტორის მიერ საწარმოს წინაშე მდგარი ამოცანების რაციონალურ გადაწყვეტასა და პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ეფექტიანი ზომების გატარებას. საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, დირექტორის ფიდუციური მოვალეობები პრაქტიკიდან გამომდინარე შემდეგნაირად იყოფა: ერთგულების და ზრუნვის მოვალეობა. ერთგულების მოვალეობა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას დირექტორი უნდა მოქმედებდეს არა საკუთარი, არამედ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დირექტორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ემსახურებოდეს კომპანიის მოგების გაზრდას. თუმცა, გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება საკორპორაციო სამართალში მოქმედი „სამეწარმეო განსჯის წესი“, რომელიც წარმოადგენს კომპანიის დირექტორების პასუხისმგებლობისგან დაცვის ერთგვარ იმუნიტეტს. აღნიშნული წესი დირექტორს აძლევს საშუალებას მიიღოს თუნდაც მაღალი რისკის შემცველი ბიზნესგადაწყვეტილება. „სამეწარმეო განსჯის წესიდან“ გამომდინარე, კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებისათვის, თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ ის ამ გადაწყვეტილების მიღებისას: 

– საკმარისად იყო ინფორმირებული საკითხის ირგვლივ; 

– მოქმედებდა კეთილგონიერების ფარგლებში;   

– გამოდიოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან. 

ამასთან, დირექტორი ვალდებულია პირადი სარგებლის მიღების მიზნით არ გამოიყენოს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მოვალეობის შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. აღნიშნული გულისხმობს, ასევე, ინფორმაციას იმ სამეწარმეო (ბიზნეს) შესაძლებლობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც შეუძლია და რომლებიც ეკუთვნის კორპორაციას. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კორპორაციულ სამართალში მოქმედი პრეზუმფციები და პრინციპები ცხადყოფს, რომ კორპორაციის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს რაციონალური და გონივრული, ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. დირექტორი უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. 

ნათია ქუტიძე