ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიმოხილვა. ნაწილი II - №1(277), 2023
გაგრძელება, დასაწყისი იხ. "ააფი" №12(276), 2022 წ. 

მოვალეთა რეესტრი 

სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში მოვალეთა რეესტრში მოვალის თაობაზე ინფორმაციის განთავსება იძულებითი აღსრულების არაპირდაპირ, ირიბ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მიზანია არა მოვალის ქონებაზე აღსრულების პროცესის დაწყება, არამედ მოვალისათვის ერთგვარი სიგნალის მიცემა, მასზე ზემოქმედება, მისი იძულება, შეასრულოს ვალდებულება ნებაყოფლობით. 

მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო ორგანოებისა, მუნიციპალიტეტების/მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში აღირიცხება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. მოვალეთა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან. მოვალეთა რეესტრში პირის შეტანის ეფექტიანობას განსაზღვრავს მოვალის ქონებაზე კანონით განსაზღვრული შეზღუდვების დაწესება. ამასთან, მარტოოდენ მოვალეთა რეესტრში პირის შეტანა და მის საფუძველზე მოვალის ქონებაზე შეზღუდვების დაწესება, ვერ უზრუნველყოფს კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულების საბოლოო შედეგის დადგომას, იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე, ვერ შეცვლის ამ ღონისძიებებს და საჭირო გახდება მათი გამოყენება, თუკი მოვალეთა რეესტრში შეტანის შემდეგაც მოვალე არ შეასრულებს თავის ვალდებულებას. იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩერონ მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე. საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბანკო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუ ანგარიშზე (ანგარიშებზე) მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში. რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

„მოვალეთა რეესტრის შეზღუდვის მოხსნის საფუძველს ადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: „1. რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვები სრულად იხსნება ამ პირის რეესტრიდან ამორიცხვისთანავე“. 

რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველი შეიძლება იყოს: 

ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება; 

ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა; 

გ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები; 

დ) სასამართლოს გადაწყვეტილება; 

ე) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვა. 

სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე _ აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა. 

აღსრულება 

აღმასრულებელი იძულებითი აღსრულების მიზნით მოქმედებების შესრულებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როცა მას წარმოებაში გადაეცემა არა თავად აქტი, არამედ ამ აქტის საფუძველზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცემული სააღსრულებო დოკუმენტი. სააღსრულებო ფურცლის არსებობა აღსრულების კანონიერად მიჩნევის უმთავრეს პირობას წარმოადგენს. 

აღსრულება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მოვალის გარკვეული უფლებების შეზღუდვასთან, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები მართლზომიერად მიიჩნევა, რადგან მათ განხორციელებას კანონით განსაზღვრული საფუძველი აქვს, კერძოდ, იძულებით აღსრულებას ქვემდებარე აქტი და მის საფუძველზე გაცემული კანონშესაბამისი სააღსრულებო ფურცელი, აღჭურავს აღმასრულებელს სააღსრულებო ფურცელში ასახული მისაღწევი შედეგის თანაზომიერი სააღსრულებო ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებით. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა შესაბამისი გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ, მხოლოდ გადაწყვეტილების ან სხვა სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რადგან, ზოგადი წესით, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიშვება, გარდა დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს მიერ გაიცემა დაუყოვნებლივ (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე) გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში და შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. აღსრულებას ქვემდებარე აქტის ძალაში შესვლის შემდგომ კრედიტორი თვითონ გადასცემს სააღსრულებო ფურცელს იძულებითი აღსრულების ორგანოს ან წარუდგენს მოვალეს. 

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით _ ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებისა და ლიზინგის მოწმობის საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით _ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. აღსრულების დაწყების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარდგენა აგრეთვე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს. 

„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება. თუ გადაწყვეტილება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აღსრულდეს, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით. 

იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. 
სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართვისას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კრედიტორია ფიზიკური პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი. 

სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებასთან ან ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ გასცა. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების შეფასებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს და თავად შეაფასოს ქონება. თუ ქონების შეფასებისას აღმოჩნდება, რომ მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა სრულ ოდენობამდე შეავსოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას. 

იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის შესაბამისად დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. ამ ვადაში კრედიტორის მიერ აღნიშნული საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: 

ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; 

ბ) „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; 

გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; 

დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;

ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. 

მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. 

თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. თუ გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, მოვალეს ეგზავნება შეტყობინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიურო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე უზრუნველყოფს მოვალე შესაბამისი ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმირებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. 

აღსრულების ხანდაზმულობა 

„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს, თუ რა ვადაში უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი აღსასრულებლად. ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით, რომლის თანახმადაც: „1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (აქ უნდა ვიგულისხმოთ სასამართლო ბრძანებაც) დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება“. 

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე სააღსრულებო დოკუმენტი კანონით დადგენილ ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი აღსასრულებლად. ამ ვადების დარღვევა იწვევს სააღსრულებო დოკუმენტის დაბრუნებას აღსრულების გარეშე. 

როდესაც სააღსრულებო დოკუმენტის აღსასრულებლად წარდგენის ვადებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ სპეციალური კანონმდებლობით დადგენილია სააღსრულებო დოკუმენტების აღსასრულებლად წარდგენის განსხვავებული ვადები. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილია იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) დადგენილებების აღსასრულებლად წარდგენის განსხვავებული ვადები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სხვა სააღსრულებო დოკუმენტების აღსასრულებლად წარდგენის ვადები დგინდება კანონებით, რომლებიც განსაზღვრავენ შესაბამისი სააღსრულებო დოკუმენტების გაცემის პირობებსა და წესს. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ ექვემდებარება აღსრულებას იმ შემთხვევაში, თუ ეს დადგენილება არ ყოფილა აღსრულებული 1 წლის ვადაში მისი გამოტანიდან (და არა კანონიერ ძალაში შესვლიდან). იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აქტის აღსრულება (სააღსრულებო წარმოება) შეჩერებული იყო (კანონის 36-ე მუხლი), დრო, რომლის განმავლობაშიც აღსრულება შეჩერდა, არ ჩაითვლება სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენისათვის დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში. 

ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებულ კანონებში მითითებული ყველა ვადა განსაზღვრულია დროის მონაკვეთით (დროის პერიოდით), ამიტომ სააღსრულებო დოკუმენტების აღსასრულებლად წარდგენა შეიძლება განხორციელდეს კანონში მითითებული მთელი დროის (პერიოდის) განმავლობაში. 

სპეციალური წესები მოქმედებს პერიოდული გადასახდელების (მაგალითად, ალიმენტების, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სხვა) გადახდევინების შესახებ სააღსრულებო დოკუმენტების აღსასრულებლად წარდგენის ვადების მიმართ. ასეთი სააღსრულებო დოკუმენტები ძალას ინარჩუნებენ მთელი იმ დროის განმავლობაში, რა პერიოდის განმავლობაშიც მოვალეს დაეკისრა გადასახდელები. როდესაც საკითხი ეხება პერიოდულ გადასახდელებს, სააღსრულებო დოკუმენტების აღსასრულებლად წარდგენის ვადები გამოითვლება თითოეული გადასახდელისათვის ცალ-ცალკე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი). 

კანონით ასეთი წესების შემოღება აიხსნება იმით, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობები განგრძობადი ხასიათისაა. ამიტომაა, რომ სააღსრულებო დოკუმენტების აღსასრულებლად წარდგენის ვადები მსგავსი სახის საქმეზე ასევე სპეციფიკური წესით გამოითვლება – თითოეული გადასახდელისათვის ცალ-ცალკე (დამოუკიდებლად), ე.ი. ვადების დენა იწყება თითოეული გადასახდელის ვადის დადგომის დღიდან. ვადას, რომლის განმავლობაშიც სააღსრულებო დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნეს აღსასრულებლად, აღსრულების ხანდაზმულობა ეწოდება. 

რაც შეეხება სააღსრულებო დოკუმენტების აღსასრულებლად წარდგენის ვადების დენის დაწყების შესახებ საკითხს, აღვნიშნავთ, რომ საერთო იურისდიქციის სასამართლოთა აქტების (სასამართლო აქტების) საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსასრულებლად წარდგენისათვის დადგენილი 10-წლიანი ვადის დენა იწყება სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

სააღსრულებო წარმოების ეტაპები 

სასამართლო აქტებისა და სხვა ორგანოთა აქტების აღსრულება ეტაპობრივად ხორციელდება (ეტაპობრივად მიმდინარეობს). სააღსრულებო წარმოების ყველა ეტაპი (სტადია) ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ერთ მთლიანობას ქმნის. აღსანიშნავია, რომ მოცემული ნორმა არ შეიცავს აღსრულების ეტაპების სრულყოფილ ჩამონათვალს. აღსრულების ეტაპების პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ განისაზღვროს შესრულებული სააღსრულებო მოქმედებების მართლზომიერება. მაგალითად, დაუშვებელია აუქციონის ჩატარება, თუკი მოვალეს არ მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესასრულებლად. სააღსრულებო წარმოება განსხვავებულად მიმდინარეობს თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგალითისთვის თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: 

ა) აღსრულების დაწყება; 

ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; 

გ) აუქციონის ჩატარება; 

დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. 

ოქმი 

ასევე მნიშვნელოვან გარემოებს წარმოადგენს ის ფაქტი, კანონი იმპერატიულად აწესებს აღმასრულებლის მიერ, ყველა სააღსრულებო წარმოების თაობაზე, გარდა აუქციონის ჩატარებისას, ოქმის შედგენის ვალდებულებას. ოქმის შედგენის სავალდებულოობას განაპირობებს ის, რომ სააღსრულებო მოქმედებები (აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებები) შეეხება მხარეთა და მესამე პირთა ინტერესებს. 

ოქმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესი, რომლებიც განსაზღვრავენ ოქმის შინაარსსა და ოქმზე ხელმოწერის უფლების მქონე პირებს. 

თუ სააღსრულებო მოქმედებაში მონაწილე პირი არ ეთანხმება ოქმს და შესაბამისად, უარს ამბობს ოქმზე ხელის მოწერაზე, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის ანალიზი საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ აღმასრულებლის ქმედება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მათ შორის მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა), გაფორმებული უნდა იყოს შესაბამისი აქტით (მაგალითად, იხილეთ მე-15, მე-183, 30 ე, 35-ე, 25-ე და სხვა მუხლები). აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქტები ძირითადად მიიღება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. აღმასრულებლის განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები აისახა აღმასრულებლის მიერ შედგენილ ოქმში. საინტერესოა, შეიძლება გასაჩივრდეს თუ არა ოქმი. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ოქმი, უწინარეს ყოვლისა, ასახავს აღმასრულებლის ქმედებას. შესაბამისად, გასაჩივრდება აღმასრულებლის ქმედება. ქმედების გასაჩივრებისას მოთხოვნილი უნდა იქნეს ოქმისა და აღმასრულებლის ქმედებით დამდგარი შედეგის გაუქმებაც. 

ნათია ქუტიძე 

გაგრძელება იქნება