ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ადვოკატ იოსებ ბარათაშვილთან - #2(206), 2017
იოსებ ბარათაშვილი - დაიბადა 1960 წლის წლის 19 მაისს, ბოლნისში. 

განათლება 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით; 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით; 

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტურა. 

პროფესიული გამოცდილება 

1983-1989 _ მუშაობდა გეოლოგიურ ექსპედიციაში ინჟინერ-გეოლოგად; 

1980-იანი წლების დასაწყისიდან იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; 

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 

1996-1997 _ თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პედაგოგი; 

1997-2005 _ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, 

2006 წლიდან დღემდე _ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; 

2002-2007 _ ა/ო `წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის~ იურისტი; 

2006 _ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვეული სპეციალისტი; 

2009-2013 _ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე. 

2010 წლიდან _ იურიდიული კომპანია `პროცესი~-ს პარტნიორი, დირექტორი; 

2012-2014 _ სისხლის სამართლის რეფორმების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი. 

მონაწილეობდა სისხლის, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართალწარმოების არაერთ გახმაურებულ სასამართლო პროცესში; აწარმოებს საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მრავალი საერთაშორისო სემინარისა და კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი, პუბლიკაციების ავტორი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ნიდერლანდების ჰელსინკის კავშირის, ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატების მფლობელი; არაერთხელ ყოფილა აღიარებული საქართველოს წლის საუკეთესო ადვოკატად.

ჰყავს მეუღლე, 2 შვილი და შვილიშვილი.

_ ბატონო იოსებ, ორი სიტყვით, როგორია თქვენი განვლილი გზა? 

_ დავიბადე ბოლნისში, პედაგოგების ოჯახში. დედა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, მამა _ ისტორიას. დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ _ სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დოქტორანტურა. პროფესიად ავირჩიე ადვოკატობა და დღემდე ასე მოვდივარ. 

- დაიწყეთ კარიერა როგორც გეოლოგმა და გაგრძელეთ, როგორც ადვოკატმა. რატომ შეცვალეთ პროფესია? 

_ საქართველოში ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შემდეგ მივიჩნიე, რომ სამართლის შესწავლა მნიშვნელოვანი იყო და ეს უფრო სჭირდებოდა ქვეყანას. თავიდან საადვოკატო საქმიანობა გადაწყვეტილი არ მქონდა; უფრო მინდოდა საკონსტიტუციო სამართლის სფეროში დავსპეციალებულიყავი. შემდეგ ადვოკატობამ დამაინტერესა და 1997 წლიდან საადვოკატო საქმიანობა დავიწყე. 

- პირველი პროფესიით თუ გიმუშავიათ? 

_ გეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი. მთელი საქართველო მაქვს მოვლილი, მათ შორის აფხაზეთი. ვითარება რომ არ შეცვლილიყო, ალბათ, დღესაც გეოლოგი ვიქნებოდი. მიყვარს ეს სპეციალობა, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ამ დარგში მუშაობენ. გამორჩეული ხალხია, როგორც ინტელექტუალური თვალსაზრისით, ისე მეგობრობით. 

რაც შეეხება საადვოკატო საქმიანობას _ ეს არის ჩემი ცხოვრება უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე. ამ პერიოდში მქონია ყველაზე მძიმე და გახმაურებული საქმეები. მათ შორის _ ტერაქტის საქმე, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ. დაცვის მხარეს წარმოვადგენდით მე და ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი და მივაღწიეთ გამამართლებელ განაჩენს. სხვა ბევრი საქმეც იყო იმ პერიოდში. შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება და ასევე გვქონდა მრავალი პროცესი; მათ შორის სულხან მოლაშვილის, ირაკლი ბათიაშვილის, ტელეკომპანიების `იმედის~ და `იბერიას~ საქმეები. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საქმე კვლავ არ მაკლია; გახმაურებული სასამართლო პროცესებიდან შემიძლია დავასახელო ე.წ. `ტრაქტორებისა~ და `კაბელების~ საქმეები. ვაწარმოებ პროცესებს საკონსტიტუციო და ევროპულ სასამართლოებშიც. 

საადვოკატო საქმიანობაში გამიმართლა, რადგან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი; მხედველობაში მყავს როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, ისე კოლეგები, რომლებთანაც ვმუშაობ. ეს არის მუდმივი ბრძოლა არა მარტო კონკრეტული ადამიანების დასაცავად, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. ხშირად, თითქმის უიმედო მდგომარეობაც შექმნილა, როდესაც უთანასწორო დაპირისპირება გვქონია ხელისუფლებასთან. თუმცა, როდესაც მთელ ძალასა და ენერგიას ახმარ იმას, რომ ადამიანი უსამართლოდ არ დაიჩაგროს, როგორც წესი, სასურველი შედეგი დგება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი. 

- თუ არის ისეთი საქმე, რომლითაც ძალიან ამაყობთ, ან ისეთი საქმე, რომლის მიმართაც გული გწყდებათ, იმის გამო, რომ უფრო მეტის მიღწევა გინდოდათ? 

_ ბევრი ადამიანი ალბათ თვლის, რომ ადვოკატის წარმატება იზომება იმით, მოიგებს თუ წააგებს პროცესს. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. შეიძლება ადვოკატმა იმოქმედოს პროფესიულად, არ დაზოგოს შრომა და ენერგია, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიოს. ეს არის ამ პროფესიის კიდევ ერთი რთული ასპექტი. ჩემს პრაქტიკაში იყო რამდენიმე საქმე, რომლებითაც არ ვარ უკმაყოფილო. კმაყოფილი ვარ არა იმდენად შედეგით, არამედ იმით, რომ შევძელი, ადამიანებისთვის შემენარჩუნებინა იმედი. ერთი რამ მინდა ვთქვა: ჩემი ღრმა რწმენით, დაცვის ქვეშ მყოფისათვის მორალური სახის შენარჩუნება არის ადვოკატის ერთ– ერთი უმთავრესი მოვალეობა. შეიძლება, გარიგების ან დათმობის ფასად მიაღწიო ბრალდებულის გათავისუფლებას, თუმცა გათავისუფლება ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი ამის ფასად დაკარგავს მორალურ სახესა და ღირებულებებს. 

ამ პროფესიის კიდევ ერთი სირთულე გახლავთ ის, რომ ადვოკატი უნდა დაექვემდებაროს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნებას და ამავე დროს თვითონ უნდა განსაზღვროს როგორ იმოქმედოს ბრალდებულმა. ამ შემთხვევაში, ადვოკატის ამოცანა ის არის, რომ ბრალდებულს დაანახოს სწორი გზა და დაარწმუნოს მის მიერ შეთავაზებული დაცვის გეგმის სისწორეში. დაცვის განხორციელებისას ინიციატივის გამოჩენა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არის ადვოკატის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირებული თვისება. თუ ადვოკატს თავისი პროფესია იმგვარად ესმის, რომ მან ბრმად უნდა შეასრულოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრძანებები, ეს არის კატეგორიულად მცდარი პოზიცია. 

დაცვის განხორციელების დროს ადვოკატი არის სტრატეგიც, რომელიც გეგმავს პროცესის მსვლელობას და თავისივე ჩანაფიქრის შემსრულებელიც სასამართლო პროცესზე; ის არის თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მეგობარი და იმავდროულად ოპონენტი; ასევე ფსიქოლოგი, რომელიც ბრალდებულს სასამართლო პროცესისთვის ამზადებს. სწორედ ყველაფერი ამის გამო არის ჩემთვის ძვირფასი ეს პროფესია. 

- ორი ათეული წელია უკვე ადვოკატი ხართ. ამ პერიოდის განმავლობაში რა ეტაპები განვლო საქართველოს სასამართლო სისტემამ? 

_ სასამართლო სისტემის განვლილი ოცწლიანი პერიოდი შემიძლია შევაფასოთ ასე _ როდესაც ადვოკატად დავიწყე მუშაობა, ფაქტობრივად, არ არსებობდა არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი. არათუ სათანადო ლიტერატურა, არამედ კანონებიც კი არ იყო ნორმალურად დაბეჭდილი. ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით რთული მდგომარეობა იყო, უნდა წასულიყავი ბიბლიოთეკაში, მრავალი შენზე უფრო გამოცდილი ადვოკატი უნდა შეგეწუხებინა, რომ სწორი პოზიცია შეგემუშავებინა. 

გარდა ამისა, იმ პერიოდში, სასამართლო სისტემაში მასობრივი კორუფციის ელემენტები იყო ჩანერგილი. Aამგვარი მდგომარეობა, ცხადია, არ შეესაბამებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. 

მეორე მხრივ, იმ პერიოდში დაიწყო საკანონმდებლო რეფორმები, მიღებული იქნა ახალი კოდექსები, რომლებმაც საბჭოთა მოდელიდან დასავლურ მოდელზე გადაგვიყვანა _ სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, საპროცესო კოდექსები; შეიცვალა სხვა მრავალი კანონი, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ წარსულში დაგვეტოვებინა საბჭოთა სისტემა. 

შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება, კორუფცია მოისპო, მაგრამ სასამართლო კიდევ უფრო უსამართლო გახდა, ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან იმართებოდა სასამართლო. შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საქმეების ასი პროცენტის და ადმინისტრაციული საქმეების დაახლოებით ოთხმოცი პროცენტის შედეგი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. სამართალწარმოება ნამდვილ ფარსად იყო გადაქცეული. 

ძირითადად ვმონაწილეობდი და ვმონაწილეობ მძიმე კატეგორიის, პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებში და ხშირად ვეჯახებოდი სახელისუფლებო მანქანას, რომელიც ძალიან უსამართლო იყო. 

რაც შეეხება დღეისათვის შექმნილ ვითარებას, ობიექტურად თუ შევაფასებთ _ სასამართლოს გაცილებით დიდი ნაწილი, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, გათავისუფლებულია სახელმწიფო კონტროლისგან, მაგრამ არსებობს გარკვეული სეგმენტი, რომლითაც ხელისუფლებაა დაინტერესებული და ამ სეგმენტში ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც იყო ადრე. 

- რომელ სეგმენტს გულისხმობთ? 

_ ესაა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე ის საქმეები, რომლებიც ბიზნესის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს ეხება.
 
- თქვენ ძალიან ცნობილ პროცესებში მონაწილეობთ. ამ შემთხვევაში რამდენად არის დაცული ადვოკატი ხელისუფლების ზეწოლისგან? 

_ ასეთ ვითარებაში ადვოკატმა რამდენიმე ბერკეტით უნდა მოახერხოს თავის დაცვა. უპირველესად, ის უნდა იყოს პრინცი პული თავის ქმედებებში. მუდმივად უნდა აკეთებდეს იმას, რასაც კანონი ითხოვს. ყოველდღიური დაძაბული შრომით უნდა ქმნიდეს პოზიციას. მნიშვნელოვან საქმეებზე ის საქმის კურსში უნდა აყენებდეს საზოგადოებას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს; მთელი ამ ძალისხმევის შედეგად შეიძლება დადგეს პოზიტიური შედეგი. ეს შესაძლებელია კომპლექსური შრომითა და ბრძოლით; ამავე დროს, თავად ადვოკატი უნდა იყოს კორექტული და პატივი უნდა სცეს მოწინააღმდეგე მხარესა და სასამართლოს. 

- თქვენ, როგორც აღნიშნეთ, დაცვის მხარის ძირითადი ბერკეტია მეოთხე ხელისუფლების ჩართვა პროცესში. კანონის თვალსაზრისით როგორ რეგულირდება ეს ყველაფერი? 

_ კანონს შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები, მაგრამ იმ კანონების ფარგლებში, რომლებიც გვაქვს, შესაძლებელია დაცვის განხორციელება. თუმცა, ხშირია საკანონმდებლო ნორმების არასწორი ინტერპრეტაცია; არის გარკვეული ხარვეზები კანონმდებლობაში, რომელთაგან რამდენიმე მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა აღმოფხვრილი; 

მაგალითად, ცოტა ხნის წინათ, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ის დათქმა, რომელიც მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებდა კომპიუტერული ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების გამოთხოვის უფლებას. მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი ამ შემთხვევაში მთლიანად დარღვეული იყო. შემდეგ დაინერგა პრაქტიკა, რომლის თანახმად, ფაქტობრივად ყველა მტკიცებულება წარმოადგენდა კომპიუტერული ჩანაწერს. იყო სხვა მსგავსი ხარვეზები, რომლებიც თანდათანობით გამოსწორდა, ან გამოსწორების ეტაპზეა. 

ადვოკატმა, რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციურად უნდა მოამზადოს საქმე, მაგრამ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს, საკმარისი არ არის სასამართლოში საქმის განხილვა. საჭიროა პროცესში ჩაერთოს მესამე სექტორი, მედია, სახალხო დამცველი და სხვა. სამწუხაროდ, დღეს სასამართლო, ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული კატეგორიის საქმეებზე, არ არის იმ სიმაღლეზე, რომ მხოლოდ მისი ობიექტურობის იმედით ელოდო სასურველ შედეგს. 

- ხელისუფლებამ დაიწყო სასამართლო რეფორმა და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, თქვენ რომ იყოთ რეფორმის მომზადების პროცესში წამყვანი ფიგურა, რას შეცვლიდით? 

_ უპირველესად, შევცვლიდი იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესსა და მთლიანად იუსტიციის საბჭოს. ეს არის გასაღები სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა. ის რაც მოხდა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების დროს, იყო ხელისუფლების მძიმე შეცდომა, რამაც შემდეგში გამოიწვია ყველა ის მანკიერება, რასაც დღეს ვხვდებით სასამართლოში. სასამართლო სისტემაში კვლავ ჩაინერგნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც წლების განმავლობაში უსამართლო განაჩენები გამოჰქონდათ. მოხდა გაუმართლებელ კომპრომისზე წასვლა და დღეს ყველა ხედავს, რომ სასამართლოში ბევრი არაფერი შეცვლილა. ამას რეფორმის პირველ ტალღას დაარქმევენ, მეორეს თუ მესამეს, არსობრივად არაფერი იცვლება. სანამ ეს სიყალბე და მოჩვენებითობა გვექნება იუსტიციის საბჭოში, სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.
 
- ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება სურვილი, რომ სასამართლოზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონდეს. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა? 

_ აქ არის საჭირო სახელმწიფოებრივი ხედვა. ის, ვინც არის ხელისუფლების სათავეში, უნდა აცნობიერებდეს, რომ ეს გავლენა სამუდამოდ ვერ ექნება, თუ ის განახორციელებს უსამართლობას, მოვა დროს და მასაც იგივე პრინცი პით მოეკითხება პასუხი, როგორც თავად მოქმედებდა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მეორე პრობლემაა ცოდნა, გვჭირდება განათლებული ხალხი ცვლილებებისთვის. 

თემიდან ცოტა რომ გადავუხვიოთ, დღეს შექმნილია საკონსტიტუციო კომისია და მუშაობენ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. ვფიქრობ, სრულიად ნათელია ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა არის უპირველესი საფუძველი არაფორმალური მმართველობის გაძლიერებისა და დამკვიდრებისა. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. დღეს პრემიერ-მინისტრის გამოცვლა ერთ საათშია შესაძლებელი. ამ ვითარებაში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი შეაფერხებს სახელმწიფოს განვითარებას. ცხადია, კონსტიტუციით უნდა გამოირიცხოს დიქტატურისა და ავტორიტარიზმის შესაძლებლობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს და უახლოესი წლების მანძილზე საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა. 

- თუმცა, მსოფლიოში ბევრი წარმატებული საპარლამენტო რესპუბლიკაც არსებობს... 

_ შეიძლება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ისრაელში საპარლამენტო რესპუბლიკაა გამართლებული, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო რესპუბლიკაა მისაღები. ჩვენი რეალობიდან უნდა შევხედოთ ამ საკითხს. დღეს გვაქვს ასეთი ვითარება _ მივიღეთ სუსტი პრეზიდენტი, სუსტი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, რომელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობას ერთი პარტია ფლობს; ქვეყანას კი სუსი და ძალოვანი სტრუქტურები მართავენ. შექმნილ ვითარებაში, საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკა მმართველობის ყოვლად დაუშვებელი ფორმაა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერც ერთი სამინისტრო ვერ იღებს და ეს არის დიდი პრობლემა.

- ვინაიდან ჩვენი ჟურნალის მკითხველის დიდი ნაწილი ბიზნესმენია, მინდა შევეხო მათთვის ერთობ პრობლემატურ საკითხს, რომელიც ბიზნეს-დავების ხანგრძლივობას (გაჭიანურებას) უკავშირდება. თქვენ რა პრობლემას ხედავთ ამ კუთხით? 

_ ერთ-ერთი პრობლემური მიმართულება არის საგადასახადო დავები, რომელთა განხილვაც საერთო სასამართლოებს თავიდანვე არასწორად მიაკუთვნეს. ის ადამიანები, რომლებიც აბარებდნენ სასამართლოს გამოცდებს, არ აბარებდნენ საგადასახადო სამართალს. 

- ანუ ამ კუთხით კვალიფიკაციის პრობლემა დგას? 

_ სასამართლოში საგადასახადო სამართალში სათანადო კვალიფიკაცია, ძალზე ცოტა მოსამართლეს აქვს; თან, მათაც საგადასახადო საქმე თვითგანათლებით აქვთ შესწავლილი. როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, როგორც ვიცი, განიხილებოდა საგადასახადო სასამართლოს შექმნის იდეა, როგორც ეს არის გერმანიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, სადაც საგადასახადო სასამართლოები დავებს იხილავენ სწრაფად, კვალიფიციურად და ეფექტიანად. მაშინ, როდესაც საგადასახადო დავის საქმე მიდის საერთო სასამართლოში, იქ ვხვდებით სრულიად არაკვალიფიციურ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მეწარმეები იჩაგრებიან. 

იმავდროულად, სამეწარმეო და საგადასახადო დავები წლების მანძილზე ჭიანურდება; მეწარმეს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, მთელი ყურადღება ამ დავაზე აქვს გადატანილი და თავის საქმეს ვეღარ აკეთებს. ბუნებრივია, ამგვარი პროცესი აფერხებს ბიზნესის განვითარებას და ეს პრობლემა მოსაგვარებელია. 

– თქვენ ახსენეთ ცალკე საგადასახადო სასამართლოს შექმნა, თუმცა ასევე განიხილებოდა კერძო არბიტრაჟის ეფექტიანად გამართვაც. ამ საკითხს როგორ ხედავთ? 

_ იყო ამის მცდელობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კერძო არბიტრაჟის შექმნა გაუმართლებელია. ამგვარი არბიტრაჟი, როგორც წესი, დაინტერესებული პირებისაგან არის დაკომპლექტებული; ამავე დროს, საქმის საარბიტრაჟო წესით განხილვისათვის დაწესებულია უზარმაზარი მოსაკრებელი. აღნიშნული სისტემა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა საგადასახადო სასამართლო, მისი ჩამოყალიბების შემთხვევაში, უნდა დაკომპლექტდეს მიუკერძოებელი და პროფესიონალი მოსამართლეებით. 

- ჩვენთვის ცნობილია ერთი სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს კერძო სამართლის ორ სუბიექტს (შპს-ებს) შორის, სადაც სახელმწიფოს რამე ინტერესი არ არის. მიუხედავად ამისა, ეს დავა უკვე 4 წელია მიმდინარეობს და ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპსაც კი ვერ გასცდა. რით ახსნით საქმის ასეთ გაჭიანურებას? რა შეგიძლიათ ურჩიოთ დავის აღძვრის ინიციატორ მხარეს, რომ სასამართლო პროცესი დაჩქარდეს? 

_ ასეთ შემთხვევებში, ვფიქრობ, დაინტერესებულმა მხარემ, პროცესის დანიშვნის თაობაზე, წერილობითი განცხადებებით პერიოდულად უნდა მიმართოს როგორც მოსამართლეს ისე სასამართლოს თავმჯდომარეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესი წლობით ჭიანურდება, მხარეს უფლება აქვს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევის შესახებ.  

- როგორც ვიცით, თქვენ გიყვართ კითხვა. რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობს იოსებ ბარათაშვილი, ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი? 

_ ეს არის მთელი ოკეანე. მე-20 საუკუნის ლიტერატურას თუ ავიღებთ, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, შემიძლია დავასახელო დავასახელო ჯოისი, კაფკა, ფოლკნერი, მუზილი, ბორხესი, სელინი, რულფო და მრავალი სხვა; წიგნებთან ურთიერთობა არის ყოველდღიური პროცესი, რომელიც ჰაერივით სჭირდება ადამიანს. ადამიანებთან ურთიერთობა, კითხვა, მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე და ფიქრი აყალიბებს ადამიანში ხედვასა და პრინციპებს. ყოველი დღე ქმნის ახალ შეკითხვებს, ახალ დილემას. ასეთ დროს ადვილია შეცდომების დაშვება. ყოველდღე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ გამოდიან და იმგვარ რამეს ამტკიცებენ, რისიც ან თავადაც არ სჯერათ ანდა შეცდომაში არიან შეყვანილი. შავისა და თეთრის გარჩევა ამ დროში არც თუ ისე მარტივი საქმეა. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად.
 
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი