ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ "პროკრედიტ ბანკი საქართველო"-ს გენერალურ დირექტორ ფილიპ პოტთან
#9(117), 2009
ფილიპ პოტი - დაიბადა 1973 წელს გერმანიაში. 2001 წლიდან იგი პროკრედიტ ბანკების ჯგუფის მენეჯმენტის წევრია. პოტი ჯერ რუსეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესის ფონდის საბანკო მრჩევლად მუშაობდა, შემდგომ ორი წლის განმავლობაში "პროკრედიტ ბანკი მოლდოვა"-ს გენერალური დირექტორი გახლდათ, რასაც წელიწადნახევრის განმავლობაში "პროკრედიტ ბანკი უკრაინა"-ს გენერალური დირექტორობა მოჰყვა. "პროკრედიტ ბანკი საქართველო"-ს გენერალურ დირექტორად ფილიპ პოტი 2006 წლის ივნისში დაინიშნა.

"პროკრედიტ ბანკი" იუბილარია - ის 10 წლის გახდა. ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს სს "ემ-ბი-ჯი ბანკის" სახელწოდებით დაიწყო და მიზნად ისახავდა მიკრო და მცირე საწარმოებისთვის ფინანსური მომსახურების გაწევას. 2003 წელს, აქციონერთა გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები ერთ საბანკო ჯგუფში გაერთიანდნენ. შეცვლილი სტრატეგიის შედეგად, "ემ-ბი-ჯი ბანკმა" სახელი და ლოგო შეიცვლა და ფუნქციონირება გააგრძელა ახალი - "პროკრედიტ ბანკის" სახელით. დღეს "პროკრედიტ ჯგუფი" სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებულ 22 ბანკს მოიცავს. ამ 22 ბანკის გლობალური ჯგუფის დამაარსებელი კომპანიაა "პროკრედიტ ჰოლდინგი", რომელიც თავის მხრივ 1998 წელს განვითარების დაფინანსების საკონსულტაციო სფეროში წამყვანმა კომპანიამ IPC-მ (Internacionale Projekt Consult GMBH) დააარსა. IPC "პროკრედიტ ჰოლდინგის" მთავარი აქციონერი და სტრატეგიული ინვესტორია. "პროკრედიტ ჰოლდინგის" ამოცანა განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გაზრდაა. ამ მიზნით მან შექმნა საბანკო ჯგუფი, რომელიც სამი რეგიონის: აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მოქმედებს და ამ ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელია. "პროკრედიტ ჰოლდინგი" ხელმძღვანელობს პროკრედიტ ბანკების განვითარებას, უზრუნველყოფს მათ მენეჯმენტით და მხარს უჭერს საქმიანობის ყველა სფეროში, საბანკო ოპერაციების, ადამიანური რესურსებისა და რისკების მართვის ჩათვლით.

"პროკრედიტ ჰოლდინგი" სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის პროექტია. IPC-სა და IPC Invest-ის გარდა (IPC-სა და პროკრედიტის თანამშრომლების საინვესტიციო შუამავალი), ჰოლდინგის სხვა კერძო აქციონერთა რიცხვში შედიან ჰოლანდიის DOEN ფონდი, აშშ-ის საპენსიო ფონდი TIAA-CREFF, აშშ-ის Omidyar-Tufts მიკროსაფინანსო ფონდი, შვეიცარიის საინვესტიციო ფონდი Respons Ability. "პროკრედიტ ჰოლდინგის" სახელმწიფო აქციონერები არიან: KFW (გერმანიის აღმშენებლობის ბანკი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი კერძო სექტორის პროფილით), FMO (ჰოლანდიის განვითარების ბანკი) და BIO (ბელგიის საინვესტიციო კომპანია განვითარებადი ქვეყნებისთვის). 

"პროკრედიტ ჰოლდინგს" სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს საინვესტიციო დონის რეიტინგი (BBB-). 2008 წლის ბოლოსათვის "პროკრედიტ ჯგუფის" მთლიანი აქტივები 4,8 მილიარდ ევროს შეადგენდა.

კორ. - ბატონო ფილიპ, გარდა იმისა, რომ იმ ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს განვითარებადი ან გარდამავალი, კიდევ რა კრიტერიუმებით საზღვრავს `პროკრედიტ ჰოლდინგი~, თუ რომელ ქვეყანაში უნდა დააფუძნოს თავისი ბანკი? იგივე აღმოსავლეთ ევროპა იქნება თუ აფრიკა, ბანკი მას ყველა ქვეყანაში არა აქვს...

ფ.პ. - რასაკვირველია, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებას ვფიქრობთ, გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ჩემი აზრით, მთავარი ასპექტია ის, რომ ვიპოვოთ ისეთი ბაზარი, სადაც "პროკრედიტ ბანკი" იმ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. 1999 წელს საქართველოში ჩვენ ვიყავით პირველი ბანკი, რომელმაც ძალიან მცირე და მცირე მეწარმეებს კრედიტები გამოუყო. ჩვენი ორიენტირი ყოველთვის იყო ეს მიზნობრივი ჯგუფი. ანუ ეს არის ჩვენს ჯგუფში შემავალი ბანკების, როგორც ფინანსური საბანკო ორგანიზაციების ძირითადი დამახასიათებელი თვისება.

- და აგრეთვე ოჯახებისათვის სესხების გაცემა...

- დიახ, მაგრამ ამას არ ჰქონია ისეთი დიდი მასშტაბები. ძირითადად, ჩვენ გავცემდით კრედიტებს იმ ოჯახებზე, რომლებსაც ხელფასი ერიცხებოდათ ანგარიშზე "პროკრედიტ ბანკში" და ასევე, ჩვენი მიზნობრიობა საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული იყო, კრედიტებზე ყველა განაცხადის საკმაოდ საფუძვლიან ანალიზს ვახდენდით. მაგალითად, თქვენ ვერსად ნახავთ "პროკრედიტ ბანკის" რეკლამას სუპერმარკეტში, სადაც, ვთქვათ, სამომხმარებლო ტექნიკა იყიდება; ანუ, ეს არ არის ჩვენი პირველადი პროდუქტი. უბრალოდ, ჩვენ მას შევთავაზებთ კლიენტს, თუ იგი ამას მოითხოვს. ჩვენ ამის რეკლამირებას არ ვახდენთ. ასეთ არაბიზნეს-სესხებზე ჩვენი საკრედიტო პორტფელის ძალიან მცირე წილი (10%-ზე ნაკლები) მოდის. სწორედ ეს არის სხვა ბანკებისაგან ჩვენი ყველაზე დიდი განსხვავება.

გარდა ამისა, "პროკრედიტ ბანკს" არასდროს მიუღია მონაწილეობა სამომხმარებლო დაკრედიტებისა და საკრედიტო ბარათების ბუმში, რომლის მოწმე გავხდით ბოლო წლებში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, სადაც ეს პროცესები მწვავედ იყო გამოხატული. მაგალითად: მაღაზიაში საჭირო საქონლის შესაძენად შესულ ადამიანს იქვე მყოფი ბანკის თანამშრომელი სესხსაც სთავაზობდა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ დაზოგვის მნიშვნელობაზე და ახლა ყველას სწორედ ისეთი რთული ეკონომიკური ვითარება შეგვექმნა, როდესაც ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ადამიანებს რაღაც დანაზოგი ჰქონოდათ.

- დაზოგვის მნიშვნელობას თქვენ მართლაც ყოველთვის აღნიშნავდით და ამ თვალსაზრისით თქვენი ბანკი გამორჩეულია. არც ერთ სხვა ბანკში არაა შესაძლებელი ანაბრის გახსნა 5 ლარიანი ანგარიშით. ეს მიუთითებს, რა მნიშვნელობას ანიჭებს ბანკი დაზოგვას.

- რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ბანკირისთვის შეიძლება უჩვეულოდ ჟღერდეს 5 ლარით ანაბრის გახსნა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ანგარიშის მართვის ხარჯები გაცილებით აღემატება ამ 5 ლარს და ბანკი ზარალს ნახულობს; მაგრამ, უბრალოდ, ამით ჩვენ არ გვინდა კარი მივუხუროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ამ მცირე დანაზოგის საშუალება აქვთ, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დანაზოგი დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიზრდება. მიგვაჩნია, რომ ეს მცირეშემოსავლიანი ადამიანები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდებიან ხოლმე გარეშე შოკის პირობებში. ჩვენ სწორედ ეს სტიმული გვინდა მივცეთ ადამიანებს: დაიწყეთ დაზოგვა 5-10 ლარით! ამ თანხის გადადება საგრძნობი არ იქნება, სამაგიეროდ 5 წლის განმავლობაში დანაზოგმა უკვე მნიშვნელოვანი თანხა შეიძლება შეადგინოს.

- გყავთ მეანაბრეები, ვინც ამ უფლებით ისარგებლა და თანხის დაგროვება ასეთი პატარა ანაბრიდან დაიწყო?

- ძალიან ბევრი! საქართველოში 120 ათასი მხოლოდ შემნახველი ანგარიში გვაქვს.

- ბატონო ფილიპ, თქვენს ბანკში ლარებში ანაბრებზე, როგორც წესი, უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელია, ვიდრე საქართველოს ბევრ სხვა ბანკში. რით არის ეს განპირობებული?

- ამის ეკონომიკური მიზეზი ის არის, რომ წარსულში ინფლაცია საქართველოში ევროპის ქვეყნებთან, ან აშშ-სთან შედარებით მაღალი იყო. ამიტომ, კლიენტებისათვის ამის კომპენსაცია უნდა მოვახდინოთ. გარდა ამისა, ეს კეთდება მოსახლეობის წახალისების მიზნით, რათა დაზოგონ ეროვნულ ვალუტაში.

- ამ ანაბრებზე სარგებლის ზომის განსაზღვრაში გარკვეულ როლს ისიც თამაშობს, რომ თქვენი ბანკისთვის ინვესტიციების მოზიდვა ალბათ უფრო ადვილი უცხოურ ვალუტაშია?

- რა თქმა უნდა, ესეც არის მიზეზი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ძალიან მსხვილ ანაბრებზე. რასაკვირველია, ფულადი სახსრების ლარში მოზიდვა გვჭირდება, რომ შესაბამისად ლარში გავცეთ სესხები. ლარში სესხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იგივე, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ვინაიდან მათ ლარში აქვთ ბრუნვა.

- ბატონო ფილიპ, თქვენ აფინანსებთ ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესს. აძლევთ სესხებს ბაზრობებზე მდგარ მოვაჭრეებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ ოფიციალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევებში როგორ აწარმოებთ მათ მონიტორინგს, არიან თუ არა ისინი გადახდისუნარიანები?

- ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ იმ საკრედიტო ტექნოლოგიას, რომელიც 25 წელზე მეტ ხანს იხვეწებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. ზუსტად ეს ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, რომ ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ იმ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები და რომლებსაც ბუღალტრული ჩანაწერები წლების განმავლობაში არ აქვთ აღრიცხული. ამიტომ აბსოლუტურად იგივე მიდგომა გვაქვს მსხვილ კომპანიებთანაც და ძალიან წვრილ მეწარმეებთანაც; უბრალოდ, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ეს შედარებით უფრო კომპლექსური პროცესია, თუმცა ფინანსური მდგომარეობის შესახებ სურათის მიღების და კრედიტუნარიანობის შეფასების ტექნოლოგია აბსოლუტურად ერთი და იგივეა მცირე მეწარმესთანაც და მსხვილ კომპანიებთანაც.

- თქვენ ბანკს თუ აქვს შეზღუდვა სესხის მაქსიმალურ სიდიდეზე?

- რასაკვირველია. ჩვენი საკუთარი კაპიტალის რაღაც პროცენტი არის ეს მაქსიმალური ლიმიტი და რამდენადაც მახსოვს, ჩვენი ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ მსესხებელზე გაცემული თანხა არ ყოფილა 4 მლნ დოლარზე მეტი. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კონსერვატიული ხედვა გვაქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთი სესხის გაცემა მსხვილ კომპანიაზე საკმაოდ რისკიანია იმ შემთხვევაში, თუ ამ კომპანიამ პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენი მიზანია გვქონდეს დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი. ჩვენ საშუალო ზომის ბიზნესებსაც ვაფინანსებთ და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც გვაქვს ამაში, ვინაიდან ძალიან ბევრი ჩვენი მცირე კლიენტი დროთა განმავლობაში გაიზარდა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.

- სესხების გაცემისას რამდენად ითვალისწინებთ ქვეყნის სპეციფიკას, მაგალითად იმას, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა? არის პრიორიტეტული აგრარულ სფეროში ბიზნესის დაფინანსება, თუ უმრავლესობა მაინც სავაჭრო სესხებზე მოდის?

- რასაკვირველია, საქართველოში, ბევრი ქვეყნისგან გასხვავებით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი სფეროა. დიახ, ამ სფეროში ჩვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს. უკვე მრავალი წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სწორედ სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ საწარმოებს ვთავაზობთ კრედიტებს. ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად დავაფინანსოთ ადგილობრივი წარმოება, ვინაიდან სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის.

- სოფლის მეურნეობაზე გაცემულ კრედიტებს თქვენი ბანკის სასესხო პორტფელში დაახლოებით რა წილი უკავია?

- რაოდენობრივი თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები პორტფელის დაახლოებით 8,5%-ს შეადგენს. მოცულობის თვალსაზრისით, მათი წილი უფრო დაბალია, ვინაიდან აგრო სესხები უფრო მცირე ოდენობისაა.

- თუ გყავთ ე.წ. "ურჩი" გადამხდელები?

- კომპანიების გარკვეულ რაოდენობას უჭირს ხოლმე კრედიტების დაფარვა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ამჟამინდელ, საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენი მსესხებლების 3%-ზე ნაკლებს უჭირს ამჟამად სესხის დროულად დაბრუნება. ასეთ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს ამგვარი სტრატეგია: ამ კლიენტებს ინდივიდუალურად ვხვდებით, რათა გავერკვეთ იმ მიზეზებში, რომელთა გამოც ისინი ვერ ახერხებენ სესხის დაფარვას და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ მიმდინარე კრედიტის პირობების შეცვლით, რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

- რამდენადაც ვიცით, "პროკრედიტ ბანკი საქართველო"-ს თანამშრომლები მონაწილეობდნენ სომხეთში "პროკრედიტ ბანკის" დაფუძნებაში, რომელიც შარშან დაარსდა. როგორია იქაური პირველი შთაბეჭდილება, მაგალითად, როგორ იმოქმედა კრიზისმა ბანკის მუშაობაზე და რამდენად კმაყოფილია მენეჯმენტი ბანკის ფუნქციონირების პირველი წლით?

- რაც შეეხება სომხეთში ბანკის დაარსებას, ჩვენ, რასაკვირველია, უფრო დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს, ამიტომ კოლეგებს მაქსიმალურად ვუდგავართ მხარში. ბევრი ჩვენი თანამშრომელი წასულა იქ, რათა დავხმარებოდით და ასევე, სომხეთის "პროკრედიტ ბანკის" ბევრი თანამშრომელი ჩამოსულა აქ და ჩვენთან გაუვლია ერთგვარი მომზადება. მე დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველ წელს იქ 6 ფილიალი გაიხსნა და სომხეთშიც, რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ბანკი საკმაოდ სტაბილურად იზრდება. რასაკვირველია, ბანკი მოგებაზე ჯერ არ გასულა და ეს სავსებით ნორმალურია, ვინაიდან კიდევ საკმაოდ ბევრი ინვესტიციაა ჩასადები. სომხეთი საკმაოდ პერსპექტიული ბაზარია, რომელსაც ჩვენ უკვე 10 წელია ვიცნობთ. წარსულში იქ ბანკებისათვის საკონსულტაციო პროექტებს ვახორციელებდით, ახლა კი ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ სომხეთში ბანკი თვითონაც დავაარსეთ.

- ბატონო ფილიპ, პირადად თქვენ, საქართველოში ჩამოსვლამდე, მუშაობდით მოლდოვაში, უკრაინაში, რუსეთში. ქართული ბაზარი რით განსხვავდება მათგან, რა სპეციფიკა აქვს?

- განსხვავება საკმაოდ ბევრია. საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი დადებითი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ აქ ერთგვარი სამეწარმეო სულისკვეთებაა გავრცელებული. მეწარმეებს მოსწონთ ბიზნესის წარმოება და მე ვთვლი, რომ საკმაოდ ნიჭიერებიც არიან ამ საქმეში. მაგრამ, რასაკვირველია, ამ ქვეყნებს საერთოც ბევრი აქვთ, ვინაიდან ჯერ ერთი, მათი წარსული არის მსგავსი და მეორეც, თითქმის ერთი ხაზით მოუხდა ყველას განვითარება. ამიტომ ამ ქვეყნებში ჩვენი სტრატეგია ძალიან მსგავსია და თითქმის ერთი და იგივე საქმით ვართ დაკავებული.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე