ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების (ბას) გამგეობის თავმჯდომარესთან, აუდიტური კომპანია "მედიატორის" გენერალურ დირექტორ მურმან ცარციძესთან
#1(121), 2010
მურმან ცარციძე -დაიბადა 1965 წლის 23 თებერვალს, საჩხერის რაიონის სოფელ ჯალაურთაში. 1982 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა-ინტერნატი და იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1983-85 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა.

1989 წელს დაამთავრა თსუ საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, სპეციალობით "წარმოების ეკონომიკა და მართვა" და მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. სტუდენტობის წლებში იყო სახელობითი სტიპენდიანტი.


1993 წელს სპეციალობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1994 წლიდან დაინიშნა სამრეწველო საწარმოს ეკონომიკისა და მართვის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.

1996 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა მსოფლიო ბანკის სპეციალური კურსი: "სოციალური პოლიტიკა, პროგრამა, პროექტი" და ამავე წლის ნოემბერში ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტურაში დასაქმებისა და სოციალურ-შრომითი ურთიერთობების კათედრაზე.

1996-99 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ბანკ "როსიისკი კრედიტის" ჰოლდინგ "რკ-ინდუსტრიაში" საპროექტო დაფინანსებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში.

1998 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური ცენტრის ბაზაზე დაამთავრა პროფესიონალი ბუღალტრებისა და აუდიტორების მომზადების კურსები, მიიღო აუდიტორის კვალიფიკაცია და გახდა დსთ-ის პროფესიონალი ბუღალტრებისა და აუდიტორების ასოციაციის წევრი.

1999 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 1999 წლიდან კვლავ გააგრძელა მუშაობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და მეწარმეობის ეკონომიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.

1999 წელს დაამთავრა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ ორგანიზებული კურსები აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში და გახდა სერტიფიცირებული აუდიტორი.

1999 წელს მუშაობა დაიწყო აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახურის "მედიატორის" გენერალურ დირექტორად.


2000 წლიდან დაინიშნა საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების (ბას) გამგეობის თავმჯდომარედ.

2003 წლის ივლისში დაამთავრა ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სპეციალური კურსი და მიიღო შემფასებლის კვალიფიკაცია უძრავი ქონების შეფასების დარგში.

2004 წლის თებერვალში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სპეციალობით "მიკროეკონომიკა, შრომის ეკონომიკა" და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ამავე წელს დაინიშნა თსუ მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის, მენეჯმენტისა და მეწარმეობის ეკონომიკის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე.

2004 წლის 25 დეკემბრიდან იგი არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2009 წლიდან დღემდე თსუ ასოცირებული პროფესორი, თსუ-ის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტია.

მურმან ცარციძე არის 57 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი (მათ შორის 4 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია). 13 სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებულია უცხოურ რეფერირებულ ჟურნალებში. არის 15 სამაგისტრო ნაშრომისა და 2 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.

 - ბატონო მურმან, როდის და რა მიზნით შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება (ბას)?

- პირველად ბას-ი 1999 წლის ნოემბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა, პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივით ჩამოყალიბდა, როგორც არარეგისტრირებული კავშირი. 2000 წლის ივნისში კი ბას-ი ოფიციალურად დარეგისტრირდა კავშირის ფორმით, როგორც ბუღალტერთა და აუდიტორთა არასამთავრობო, დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაცია, არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით.

- რა იყო ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი? რა ამოცანების გადაჭრა გსურთ ამჟამად?

- ბას-ის შექმნის ძირითადი მიზანი გახლავთ: საქართველოში ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიის სტატუსის ამაღლება და განმტკიცება, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმებისათვის ხელშეწყობა, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციისა (IFAC) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (ბასსკ) მიერ შემუშავებული ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, აგრეთვე პროფესიული ეთიკის ნორმების პრაქტიკაში დანერგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: IFAC-ის რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავოს და დანერგოს საერთო ნორმები და სტანდარტები თავისი წევრების სერტიფიცირებისათვის; ზრუნვა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში პროფესიული დონის ასამაღლებლად, მისი პოპულარიზაციისათვის; უზრუნველყოფს საზოგადოების წევრებისათვის ქვეყნის ბიზნეს-კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა კონფერენციების, სემინარების, პროფესიული პუბლიკაციების გზით; ასევე ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური აკადემიური პროგრამების შემუშავებასა და დახვეწას ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში; შეიმუშავებს თავისი წევრებისათვის აუდიტის ხარისხის კონტროლის სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის კონტროლის პროცედურებს აუდიტის სფეროში დასაქმებული წევრების მიმართ; წარადგენს წინადადებებს სახელმწიფო აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხებზე; უზრუნველყოფს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ შემუშავებული სხვა რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესრულებას.

საზოგადოებას ამჟამად 1000-მდე წევრი ჰყავს. მათ შორის 215 გახლავთ ნამდვილი წევრი. პროფესიული სერტიფიცირებისათვის საგამოცდო საკითხები მუშავდება IFAC-ის განათლების სტანდარტებით მოთხოვნილი საგნების შესაბამისად. წარმატებულ პრეტენდენტს ენიჭება მთავარი ბუღალტრის სტატუსი. ხოლო იმ პრეტენდენტებს, რომელიც ჩააბარებს რუსულენოვანი საერთაშორისო პროგრამა CIPA-ს გამოცდებს (CIPA - სერტიფიცირებული საერთაშორისო პროფესიონალი ბუღალტერი), ენიჭება პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი.

- ACCA-ს პროგრამით არ ასწავლით?

- ACCA ინგლისურენოვანი პროგრამა გახლავთ, ჩვენ ძირითადად რუსულენოვან CIPA-ს პროგრამაზე ვართ ორიენტირებული.

- რომელ ენაზე შეასწავლით CIPA-ს?

- რუსულად. მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, ქართულენოვანი სწავლებაც დაინერგება, მხოლოდ იმ პირობით, რომ გამოცდები რუსულენოვანი იქნება. CIPA-ს პროგრამა IFAC-ის მიერ აღიარებული რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციის – "პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ევრაზიის საბჭოს" (ECCBA) საკუთრებაა, რომლის წევრიც "ბას"-ია. სწორედ ECCBA-ს ეგიდით ტარდება გამოცდები საქართველოში.

- ECCBA-ს წევრობა ნიშნავს თუ არა, რომ ბას-ი IFAC-ის წევრიც არის?

- პირდაპირი გაგებით, რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თვითონ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია მის მიერ აღიარებულ საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციებს განიხილავს როგორც თავის შემცვლელს რეგიონალურ დონეზე, რომლებსაც ევალებათ სწორედ IFAC-ის წევრი და სხვა პროფესიული ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერა, აგრეთვე ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიის განვითარება და წარმოჩენა რეგიონული მასშტაბით. ასე რომ, ჩვენ პრაქტიკულად მოქცეული ვართ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის რეგულაციებში და რეგიონული საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის კონტროლს ვექვემდებარებით.

- თუ შეიძლება, დავაზუსტოთ: თქვენ IFAC-ის თითქმის წევრი ხართ თუ წევრი?

- საქართველოში ნებისმიერი პროფესიული ორგანიზაცია შეიძლება გახდეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ასოცირებული, ხოლო შემდეგ ნამდვილი წევრი. მაგრამ ამისათვის მას სჭირდება IFAC-ის წევრი ორგანიზაციის რეკომენდაცია.

- რამდენადაც ცნობილია, ოფიციალურად საქართველოში ასეთი არის მხოლოდ ბაფ-ი, თუმცა ბაფ-ი აცხადებს, რეკომენდაციას სხვებსაც მივცემთო. ანუ თქვენ მაინცდამაინც ბაფ-ის რეკომენდაცია გჭირდებათ, რომ IFAC-ის ნამდვილი წევრი გახდეთ?

- დიახ, ეს ასეა.

- იმ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია, რომელთა წევრიც ხართ, IFAC-ში გაწევრებისთვის საკმარისი არ არის?

- ცოტა უცნაური პროცედურაა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არსებულ პროფესიულ ორგანიზაციას საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ რეგიონალურ ორგანიზაციებთან აქვს კავშირი (არის მისი წევრი), ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია მაინც მოითხოვს იმ ორგანიზაციის რეკომენდაციას, რომელიც ამავე ქვეყანაში უკვე არის წარდგენილი IFAC-ის ნამდვილი წევრის სტატუსით.

- ანუ, ბაფ-ი პირველობის სტატუსით სარგებლობს?

- ასე გამოდის. პირველმა მან წამოიწყო ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმებთან დაკავშირებული პროექტი. გახდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი. დღესაც საქართველოდან ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც წარდგენილია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში და თუ სხვა პროფესიულ ორგანიზაციას სურვილი აქვს, რომ გახდეს IFAC-ის სრულუფლებიანი წევრი, ბაფ-ის რეკომენდაცია სჭირდება. თუმცა, აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: როდესაც ერთი ქვეყნიდან რამდენიმე ორგანიზაციას უჩნდება IFAC-ის წევრობის სურვილია, ასეთ შემთხვევაში IFAC იძლევა რეკომენდაციას (რაც ფაქტიურად მოთხოვნის ტოლფასია) რომ ეს ორგანიზაციები გაერთიანებული წარდგნენ, ანუ გაერთიანდნენ ერთ პროფესიულ ორგანიზაციად.

- რატომ?

- ვერ გეტყვით. ეს ალბათ ჩვეული პრაქტიკაა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციისთვის. ასე ხდება დღეს მაგალითად, ყაზახეთში, როდესაც 2 უმსხვილესი პროფესიული ორგანიზაცია ერთიანდება ფედერაციის რეკომენდაციით, რათა მათ IFAC-ის სრულუფლებიანი წევრობის სტატუსი მიიღონ. ასე მოხდა თავის დროზე საქართველოშიც,  როცა ორი პროფესიული ორგანიზაციის გაერთიანებით ჩამოყალიბდა ბაფ-ი, რომელიც გახდა IFAC-ის სრულუფლებიანი წევრი. თეორიულად IFAC-ში გაწევრების შანსი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ეს თითქმის შეუძლებელია და გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ეტაპზე მე საჭიროდაც არ მიმაჩნია.

- ბუღალტერთა და აუდიტორთა სიმრავლის მიუხედავად, დღეს საქართველოში მათი მხოლოდ ორი პროფესიული გაერთიანება ფუნქციონირებს აქტიურად (ბაფ-ი და ბას-ი), ამასთან, სპეციალისტთა უმეტესობა არც ერთის წევრი არაა. რით ახსნით ამ ფაქტს?

- საქმე ისაა, რომ ბუღალტრისა და აუდიტორის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს მოქმედი კანონი არ ავალდებულებს რომელიმე პროფესიონულ ორგანიზაციის წევრობას; წევრობა ნებაყოფლობითია, თვითონ პიროვნებაზე, მის ინტელექტსა და შინაგან მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. დღეს პროფესიურ ორგანიზაციაში გაწევრება ნიშნავს პროფესიულ ზრდას, თანამედროვე სწავლების პროცესში ჩართვას, საკანონმდებლო სისტემაში არსებული სიახლეების, საერთოდ აღრიცხვის სისტემისა და აუდიტორული საქმიანობის სფეროში თანამედროვე მეთოდების დაუფლებას და რაც მთავარია, პროფესიული საქმიანობის ხარისხის კონტროლს.

- გამორიცხავთ, რომელიმე ფირმას ან თუნდაც დამოუკიდებელ აუდიტორს მიაჩნდეს, რომ ამ ორი ორგანიზაციიდან ვერც ერთი ვერაფერს მისცემს და ტყუილად საწევრო რაღაზე იხადოს?!

- შესაძლოა მართლაც მიაჩნდეს პიროვნებას, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალია და მას არც ბაფ-ის, არც ბას-ის მომსახურება თუ სერტიფიცირების პროგრამა დამატებით არაფერს მოუტანს, ამიტომ დამოუკიდებლად საქმიანობს. ამაში დღეს მას არავინ ზღუდავს. ხვალ, თუ შეიცვლება კანონმდებლობა და მოთხოვნილი იქნება პროფესიული ორგანიზაციის წევრობა, მაშინ უკვე აუცილებელი გახდება გაწევრება და საკანონმდებლო მოთხოვნას წინ ვერავინ აღუდგება.

- თქვენ თავად ამ ეტაპზე IFAC-ში გაწევრიანებას საჭიროდ არ მიიჩნევთ. არადა, შესაძლოა მომავალში პროფესიული ორგანიზაციისთვის IFAC-ის წევრობა კანონის მოთხოვნა გახდეს...

- არა მგონია, ეს მოხდეს, რადგან ეს პროფესიისათვის უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება და უნდა გვეყოს გონიერება, ეს არ გავაკეთოთ.

- როგორია ბას-ის სამომავლო გეგმები?

- უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, CIPA-ს (სერტიფიცირებული საერთაშორისო პროფესიონალი ბუღალტერი) რუსულენოვანი პროგრამის ფართოდ გავრცელებასა და დანერგვას საქართველოში. პროგრამა რუსულენოვანია და ენობრივი თვალსაზრისით უფრო მისაწვდომია ბუღალტერიისა და აუდიტის სფეროში დღეს დასაქმებული მრავალი სპეციალისტისათვის. ბევრი კარგი პროფესიონალისათვის ინგლისურენოვანი პროგრამები ჯერ კიდევ მიუწვდომელია ენობრივი ბარიერის არსებობის გამო. ჩვენ ბევრი წევრი გვყავს ისეთი, მათ შორის ასაკოვნებიც, რომლებმაც ყველასთვის ცნობილი ობიექტური მიზეზების გამო, არ იციან ინგლისური და იციან რუსული ენა ან რუსულად მიიღეს განათლება და შესაბამისად, ურჩევნიათ, რომ ეს პროგრამა რუსულ ენაზე აითვისონ. CIPA-ს პროგრამა მათ საშუალებას მისცემს სერტიფიცირების პროცედურა უფრო წარმატებით გაიარონ.

- საქართველოში აუდიტის სფეროში ხარისხის კონტროლის სამსახური დღეს არ არსებობს. რამ შეუშალა ხელი მის შექმნას? თქვენი აზრით, მისი შექმნა აუცილებელია თუ ნებაყოფლობითი უნდა იყოს?

- გეთანხმებით, დღეს საქართველოში აუდიტის სფეროში ხარისხის კონტროლის დამოუკიდებელი სამსახური პრაქტიკულად არ არსებობს. აღნიშნული ფუნქცია უნდა განეხორციელებინა საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს. თუმცა, 2005 წლის შემდეგ, ანუ რაც აუდიტორულ საქმიანობაზე ლიცენზია გაუქმდა, საბჭო პრაქტიკულად ვეღარ ახორციელებს აუდიტორის არასწორ ქმედებაზე სათანადო სანქციებს თუ ხარისხის კონტროლს; საბჭოს ფუნქცია იმაზე დავიდა, რომ აგრძელებს სერტიფიცირებას, რეგისტრაციას და აუდიტურ ფირმას სთხოვს სტატისტიკურ ანგარიშგებას. ჩემი და ალბათ, ბევრი ჩემი კოლეგის აზრით, აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლი აუცილებელია და მისი მიზანი უნდა იყოს აუდიტური კომპანიების საქმიანობის საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება და ამ პროფესიის შემდგომი განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს აუდიტორული მომსახურების თანამედროვე, ცივილური ბაზრის ფორმირებას.  

- თქვენი აზრით, ვინ უნდა ახორციელებდეს აუდიტის ხარისხის კონტროლს, სახელმწიფო თუ პროფესიული ორგანიზაცია?

- ჩემი აზრით, აუდიტის სფეროში ხარისხის კონტროლი ორ დონეზე უნდა ხორციელდებოდეს. აუდიტური ფირმები და პროფესიული ორგანიზაციები თავისი წევრების საქმიანობის ხარისხის კონტროლს უნდა აწარმოებდნენ ხარისხის კონტროლის შიდა სისტემების მეშვეობით, მაგრამ ეს სისტემა აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისობაში ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან.

რაც შეეხება მეორე დონეს, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლისათვის საერთო ზედამხედველობას ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო. იგი ასევე პასუხისმგებელი უნდა იყოს აუდიტური ფირმებისა და ინდივიდუალური აუდიტორების საქმიანობის რეგულირებაზე. ამ მხრივ მთლიანად ვიზიარებ ევროდირექტივას, სადაც აღნიშნულია, რომ "წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სავალდებულო აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური სისტემა..." (მუხლი 32, პუნქტი 1) და "ყველა სავალდებულო აუდიტორი და აუდიტორული ფირმა უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ზედამხედველობას" (მუხლი 32, პუნქტი 2). ასეთ ორგანოს განვითარებულ ქვეყნებში უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო აუდიტორებთან და აუდიტურ ფირმებთან დაკავშირებით გამოკვლევა ჩაატაროს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებები გაატაროს.

- ჩვენთან ასეთი კომპეტენტური სახელმწიფო სტრუქტურა უკვე არსებობს თუ ახალი უნდა შეიქმნას?

- ჩვენთან არსებობს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო და ევროდირექტივის რეკომენდაციის გათვალისწინებით, შეიძლება მისი სტრუქტურული გარდაქმნა.

- თქვენი აზრით, აუდიტორული საქმიანობის საბჭო და ასევე პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვისა და სტანდარტების კომისია უნდა გაერთიანდნენ?

- არა, კომისიას თავისი ფუნქცია აქვს თავის სფეროში.

- ევროდირექტივა არ გამორიცხავს ამ კონტროლის განხორციელების დელეგირებას რომელიმე პროფესიულ ორგანოზე, რომელიმე არასახელმწიფო სტრუქტურაზე.

- მე ჩემს პოზიციაზე ვდგავარ. ამ შემთხვევაში არა როგორც საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, არამედ როგორც ერთ-ერთ აუდიტორს, ერთ-ერთ სპეციალისტს მიმაჩნია, რომ სახელმწიფოში რეგულირება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოს მიერ. შესაბამისად, დელეგირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

- თქვენი აზრით, ყველა აუდიტურ ფირმას სურს, რომ ქვეყანაში აუდიტის ხარისხის კონტროლის სამსახური ჩამოყალიბდეს?

- ჩემი აზრით, ყველა ნორმალურ აუდიტურ ფირმას და აუდიტორს ეს ხელს უნდა აძლევდეს. ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია აუდიტორული მომსახურების ბაზრის განვითარება, რაც შეუძლებელი იქნება ხარისხის კონტროლის მოქნილი და ეფექტიანი სისტემის გარეშე. სხვა პროფესიისაგან განსხვავებით, აუდიტორი პასუხისმგებელია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

- ამჟამად აუდიტორებს შორის მიმდინარეობს კამათი, "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" კანონი და "ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" კანონი ერთ კანონად უნდა გაერთიანდეს, თუ კვლავ ცალ-ცალკე დარჩეს. თქვენ რომლის მომხრე ხართ?

- აქ ჩემი მოსაზრება ერთმნიშვნელოვანია. მე არ ვეთანხმები კანონების გაერთიანებას, ისინი აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა არსებობდნენ. ეს ორი, მეტ-ნაკლებად მონათესავე სფეროა, თუმცა ხასიათდებიან მკაფიოდ განსაზღვრული სპეციფიურობით.

- ბაფ-ის გამგეობამ გამოაქვეყნა "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის" ახალი კანონპროექტი, რომელიც ძველი კანონპროექტის (საქართველოს პარლამენტის მიერ დაწუნებულის) გადამუშავებული ვარიანტია. რამდენად მსგავსი თუ განსხვავებულია ბაფ-ისა და ბას-ის პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით?

- ამ კანონპროექტს ვიცნობ. პრინციპში, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ის ძირითადი პოზიციები, რომ ეს კანონები ცალ ცალკე უნდა იყოს; ასევე, რომ უნდა იყოს აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო. აი, ამ ძირითად პოზიციებში ჩვენ ბაფ-ისგან განსხვავებული პოზიციები გვაქვს. მე დიდ პატივს ვცემ ბაფ-ს, როგორც დამოუკიდებელ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში უდავოდ არის წამყვან პოზიციაზე აღნიშნული საქმიანობის სფეროში. იქ მოღვაწეობენ ჩემი კოლეგები, რომლებიც არიან საქმისათვის თავდადებული და ნამდვილი პროფესიონალები. ჩვენ დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ, მიუხედავად იმისა, ცალკეულ სადავო საკითხთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია იქნება თუ არა განსხვავებული. ზემოთ დასმულ შეკითხვებში მე უკვე მოგახსენეთ ჩემი პოზიციები, სადაც შესაძლებელია განსხვავება იყოს. ჩემი აზრით, დღეს ნამდვილად არ არის სადავო ის საკითხი, რომ საქართველოში სასიცოცხლოდ აუცილებელია აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლი. დავა მიდის იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ის.

- როგორც ჩემთვის ცნობილია, სპეციალისტთა გარკვეული ჯგუფი ალტერნატიულ კონონპროექტზე მუშაობს. თქვენი ინფორმაციით, ვინ შედის ამ ჯგუფში და რა ეტაპზეა ეს სამუშაო?

- საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ინიციატივით მიმდინარე წლის 11 იანვარს განხორციელდა აუდიტორთა წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელზეც ჩვენი წარმომადგენლებიც იყვნენ. 30 აუდიტორული კომპანიის წარმომადგენელი იყო მიწვეული. შეიქმნა საინიციატივო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ჩვენი კოლეგა, პროფესორი ნიკოლოზ ბაკაშვილი, აღნიშნულ სფეროში მომუშავე ნამდვილი პროფესიონალი. ჯგუფი იმუშავებს "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" კანონპროექტის შექმნაზე, რომელსაც დაახლოებით ორ თვეში წარმოადგენს და რომლის განხილვაშიც ჩვენც მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას. როგორც უკვე წარმოდგენილი ბაფ-ის პროექტი, ანალოგიურად ეს პროექტიც განხილული იქნება, ყველა მიიღებს მონაწილეობას და კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ძირითადი პრინციპული მოსაზრებები. სხვათა შორის, თავის დროზე პირველ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც თქვენი ჟურნალის 2007 წლის #1-ში გამოქვეყნდა. იმდროინდელ კანონპროექტთან დაკავშირებული რამდენიმე მოსაზრება დღესაც ძალაშია.

- თავად საბჭო მუშაობაში ჩართულია?

- საბჭო, როგორც ზემოთნახსენები შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი აღნიშნული პროცესის მონაწილეა და ალბათ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ეს არც უნდა იყოს საკვირველი. თვითონ აუდიტორული საქმიანობის საბჭოსაც გაძლიერება სჭირდება, რათა მის ბაზაზე, ევროდირექტივის მოთხოვნების შესაბამისი სახელმწიფო რეგულატორი ჩამოყალიბდეს.

- გარდა იმისა, რომ ხართ ბას-ის გამგეობის თავმჯდომარე და აუდიტური კომპანია "მედიატორის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით. კონკრეტულად, რას ასწავლით და სად?

- ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვმუშაობ, ამ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გახლავართ. მაგისტრატურაში მიმყავს კურსი საერთაშორისო ბუღალტერიასა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტში. ჩემს საქმიანობაში დიდად მიწყობს ხელს ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა და აგრეთვე ის, რომ გავლილი მაქვს აუდიტორების და პროფესიონალი ბუღალტრების მომზადების სპეციალური კურსები ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1998 წ.) და საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ბაზაზე.

- თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების ხარისხი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში? აუდიტური ფირმების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად ხელახლა უწევთ ახალგაზრდა კადრების განსწავლა...

- სხვა სასწავლებლებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბუღალტერიისა და აუდიტის სფეროში არსებულ ყველა საგანში სასწავლო პროგრამა შედგენილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. ბოლო ორი წელიწადია, სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, ფაკულტეტის ადმინისტრაცია შესაბამის მაპროფილებელ საგნებში ლექციების წასაკითხად იწვევს მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოს სპეციალისტებს, მათ შორის ბაფ-ის წარმომადგენლებსაც.

- დღეს ბევრი უმაღლესი სასწავლებელი უშვებს კადრებს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალობით. გარდა ამისა, ბუღალტრის პროფესიას ასწავლიან უამრავ სპეციალურ კურსებზე, სადაც ხდება სხვა პროფესიის მქონე პირების გადამზადება ან არსებული ბუღალტრების კვალიფიკაციის ამაღლება (მაგ., ACCA). სჭირდება კი ქვეყანას ამდენი ბუღალტერი? თუ საბაზრო ეკონომიკაა და ბაზარი განსაზღვრავს?

- რა თქმა უნდა, ბაზარი განსაზღვრავს მოთხოვნას, მაგრამ რაც უფრო მეტი ბუღალტერი მოემზადება, კონკურენციაც უფრო მაღალი იქნება და მეწარმეს უფრო მეტი არჩევანის საშუალება ექნება, რომ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი შეირჩიოს. ვიმეორებ, შეიძლება ადამიანი ბუღალტრის პროფესიით ვერ დასაქმდეს, მაგრამ ეს განათლება ყველგან წაადგება. თანამედროვე ბუღალტერი დღეს არ არის იმ გაგებით ბუღალტერი, როგორც საბჭოთა სისტემაში იყო. იქ ვიწრო სპეციალიზაცია იყო. დღევანდელი ბუღალტერი უნდა იყოს კარგი ფინანსისტი; უნდა ერკვეოდესსაკანონმდებლო სისტემაში, იურისპრუდენციაში; უნდა ფლობდეს თვითონ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და აღრიცხვის თანამედროვე სისტემას; ეკონომიკის საფუძვლებში უნდა ერკვეოდეს. ამიტომ ხანდახან ვამბობ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვამზადებთ არა ბუღალტრებს, არამედ კარგ ფინანსურ მენეჯერებს.

- ბუნებრივია, თქვენი ფირმის კლიენტები სამეწარმეო სუბიექტები არიან. რამდენად აისახა მათ რაოდენობაზე გლობალური თუ ჩვენი ქვეყნის ფინანსური კრიზისი?

- რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა და შესაბამისად, კლიენტთა რაოდენობაც შემცირდა; ან რაოდენობა თუ არ შემცირდა, მომსახურების მოცულობა შემცირდა, ვინაიდან პერიოდულ მომსახურებაზე რომ იყო დაკვეთები, შესაძლოა კრიზისის გამო უკვე ამდენს ვეღარ ახერხებენ. ყველა სფეროზე აისახა და მათ შორის, ჩვენს სფეროზეც.

- ხელისუფლების მტკიცებით, საქართველოში ფინანსური კრიზისი უკვე დაძლეულია. თქვენი აზრით, მართლაც ასეა?

- არა მგონია, რომ კრიზისი უკვე დასრულებული იყოს. ეს საკითხი მარტო ჩვენი ქვეყნის დონეზე ვერ დარეგულირდება საერთაშორისო ინტეგრაციის, საგარეო კავშირურთიერთობების, გლობალიზაციის პროცესის გამო. შესაძლოა რაღაც დონეზე გარკვეული პრობლემები დარეგულირდეს, მაგრამ თუ მსოფლიო მასშტაბით არ გადაწყდა, მარტო ჩვენთან იზოლირებულად ამ კრიზისის დასრულება ვერ მოხდება.

- და ბოლოს, ჩვენს ჟურნალს თუ ეცნობით?

- "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები" ჩემი სამაგიდო ჟურნალია და მას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ. ჟურნალი უაღრესად ინფორმაციული ხასიათისაა. მასში არის პრაქტიკული საკითხებიც, საინტერესო სტატიებიც და ინტერვიუებიც. მიმაჩნია, რომ ის ნებისმიერი ბუღალტრისა და აუდიტორისთვის სამაგიდო ჟურნალი უნდა იყოს.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე