ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" დამფუძნებელ არჩილ ბაკურაძესთან - #12(216), 2017
არჩილ ბაკურაძე - დაიბადა 1977 წლის 20 ივლისს ქ. სოხუმში.

განათლება

2003‑2004 - ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივნინგის სტიპენდია;

1994‑1999 - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ბაკალავრის დიპლომი, სპეციალობით: ეკონომიკა და მართვა;

1995‑1998 - თბილისის პოლიტიკური აკადემია, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტოლოგიის კურსი.

სამუშაო გამოცდილება

2007‑დან დღემდე - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, აღმასრულებელი თავმჯდომარე;

2004‑დან დღემდე - ფონდი `კრისტალი~, გამგეობის თავმჯდომარე;

2015‑დან დღემდე - კოალიცია ფინანსური განათლებისთვის, თავმჯდომარე;

2013‑2015 - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარე;

2009‑დან დღემდე - ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, გამგეობის თავმჯდომარე;

2004‑2008 - ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაცია, გენერალური მდივნის მოადგილე, ლონდონი;

1995‑2003 - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, დირექტორი და დამფუძნებელი.

ჯილდო

2003 - ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (International Award of Van Heuven Goedhart).

‑ ბატონო არჩილ, თქვენ საკმაოდ კარგად გიცნობენ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლები. თუმცა, ბევრი რამ თქვენ შესახებ ჯერ არ ვიცით. მოუყევით ჩვენი ჟურნალის
მკითხველებს თქვენზე.

_ ვარ სოხუმელი, ომმა მოგვისწრო და ქალაქში სკოლის დასრულება ვერ მოვასწარი. მერე აღმოვჩნდით იმერეთში, ქუთაისში დავამთავრე სკოლა. სწავლა გავაგრძელე ჩემი მშობლების ინსტიტუტში, რომელსაც ერქვა
სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ბიოტექნოლოგიის განხრით. მალევე პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე და გადავედი ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლა გავაგრძელე ინგლისში, ლანკასტერის უნივერსიტეტში დავიცავი
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

დღეს უკვე ჩემი მთავარი საქმიანობა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `კრისტალის~ მართვა პარტნიორებთან ერთად. ვარ ამ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე. თუმცა, ამის გარდა, სხვა ბევრ რამესაც ვასწრებ, რომელიც არის დაკავშირებული საფინანსო სფეროსთან. ვარ მიკროსაფინანსო ასოციაციის თანადამფუძნებელი. ვიყავი ამ ასოციაციის თავმჯდომარე, ახლა ვარ გამგეობის წევრი.

ფინანსური საქმიანობა თითქმის 20 წლის წინ დავიწყე. აფხაზეთიდან დევნილ ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი `აფხაზეთი~, რომელიც დღესაც საკმაოდ წარმატებული ორგანიზაციაა. ამ ორგანიზაციამ 90‑იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ბევრი კარგი საქმე გააკეთა. 1998 წელს დავიწყეთ მიკროდაკრედიტების საპილოტე პროგრამა. 10000 დოლარიანი უცხოური გრანტით დავიწყეთ სესხების გაცემა. იმ დროს კრიმინალიც იყო, კორუფციაც, მაგრამ საბოლოოდ საქმე აშკარად კარგად გამოგვდიოდა. პირველივე დღიდან ჩვენი მთავარი პრინცი პია სწორი ანგარიშგება და გამჭვირვალობა.

2004 წლიდან ცენტრ `აფხაზეთს~ გამოეყო მიკროსაფინანსო მიმართულება და ჩამოყალიბდა ფონდი `კრისტალი~. კომერციული ორგანიზაციებიდან ფინანსური რესურსის მოზიდვა 2001 წლიდან დავიწყეთ, ჩვენი პირველი ქართული კრედიტორი `თიბისი ბანკი~ იყო, რომელმაც სესხი უზრუნველყოფის გარეშე მოგვცა და ეს მაშინ იშვიათი მოვლენა იყო. თუმცა, მას შემდეგ ფინანსურ რესურსს უზრუნველყოფის გარეშე ვიღებთ.

2007 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად `კრისტალმა~ მიიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. დღეს უკვე `კრისტალი~ მიკროსაფინანსო სეგმენტში საკმაოდ მსხვილი და წარმატებული კომპანიაა, თითქმის 900 თანამშრომელი გვყავს, ვემსახურებით 70000 მომხმარებელს. ქვეყნის 56 წერტილში ვმუშაობთ, კომპანია არის გამჭვირვალე და მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.

ამ პერიოდში დავაგროვეთ გარკვეული კაპიტალი, დავიწყეთ ზრდა, გავმსხვილდით და 2011 წელს კომპანიაში პირველი ინვესტიცია შემოვიდა. ამერიკული საინვესტიციო ბანკი Developing World Markets (DWM) კრისტალის პირველი ინსტიტუციური ინვესტორი და აქციონერი გახდა. ამ პროცესმა უფრო მეტად გაფართოებისკენ გვიბიძგა. 2016 წელს განხორციელდა მეორე ინვესტიცია ისევ ამ ამერიკული კომპანია DWM‑ის მიერ და ამას დაემატა ბელგიურ‑ჰოლანდიური ფონდი Incofin/AGRIF‑ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება. თუ თავიდან გვქონდა სოციალურად ორიენტირებული ბიზნესის სახე, ნელ‑ნელა ეს გახდა ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობა, თუმცა,
დღესაც კი ძალიან ძლიერ სოციალურ ხასიათს ვატარებთ.

‑ ბაზარზე საკმაოდ ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა (მისო), მხოლოდ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ 74 მისო იმყოფება. გარდა ამისა, უამრავი წვრილი საფინანსო კომპანია
არსებობს. არის კი საკმარისი საქართველოს ბაზარი ამდენი კომპანიისთვის, თუ შეიძლება დაიწყოს ბაზრიდან ამ ორგანიზაციების გაცხრილვა, როგორც ეს საბანკო სფეროში მოხდა?

_ რასაც ჩვენ ვეძახით მიკროფინანსებს, ასეთი კომპანია საქართველოში ბევრი არ არის. კომპანიების დიდი ნაწილი უფრო სამომხმარებლო სესხებზეა ორიენტირებული, გარანტიად იღებენ უძრავ თუ მოძრავ ქონებას, ძვირფასს ნივთებს, გარკვეულწილად სალომბარდო მომსახურების პროფილი აქვთ.

კლასიკური მიკროფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა ცოტა განსხვავებულია. სესხის დამტკიცების სრულიად სხვა მიდგომა გვაქვს. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის საჭიროებისა და მისი საკრედიტო პოტენციალის შეფასებაზე. ჩვენი სასესხო პორტფელის უდიდესი ნაწილი, 80%‑ზე მეტი, ყოველგვარი გირაოს გარეშე გაიცემა. დაცვის მიზნით ზოგჯერ ვითხოვთ თავდების ხელმოწერას. როგორც წესი საკრედიტო სესხის მართვა ხდება სწორი ფილტრაციით. ზოგადად, როდესაც საუბარია მიკრო‑მცირე ბიზნესის დაფინანსებაზე, პროცესების მართვა საკმაოდ რთულია, ვინაიდან არ არსებობს ანგარიშგება, სტანდარტები, მარტო მარტივი ფინანსური ანალიზის
გაკეთებაა შესაძლებელი. ასევე სწორად უნდა განსაზღვრო მსესხებლის პოტენციალი: რას საქმიანობს ეს ადამიანი, რამდენად მოწესრიგებულია, რამდენად სწორი მოტივაცია აქვს. ერთად ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას
გავცეთ სესხი. ეს მოდელი ითვალისწინებს ძალიან ახლო ურთიერთობას კომპანიის წარმომადგენელსა და კლიენტს შორის. ეს ყველაფერი ძვირია, ზრდის ხარჯს. რამდენი კომპანია დარჩება ბაზარზე, ამას მომავალი
გვიჩვენებს.

‑ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებაში, წესით, უფრო დიდი როლი უნდა ჰქონდეთ. თუმცა, მათ დიდ კონკურენციას უწევენ ბანკები, რომლებსაც შედარებით ნაკლები საპროცენტო განაკვეთები აქვთ. თქვენ მიერ მოზიდული ფინანსური რესურსი იმდენად ძვირია, რომ ვერ ახერხებთ უფრო მოქნილი საპროცენტო განაკვეთებით ბანკებს ამ სეგმენტში კონკურენცია გაუწიოთ და მომხმარებელი არ დაკარგოთ?

– ჩვენ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, ვსაქმიანობთ მიკრო სეგმენტში. ჩვენთან მოდიან ისეთი ადამიანები, რომელთა წლიური ბრუნვა 10000 ლარიდან იწყება. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, 1000-ლარიანი
სესხის გასაცემადაც კი რეგიონში გვჭირდება ინფრასტრუქტურა, სისტემები, ვატარებთ ტრენინგებს. ამიტომ, ხარჯი ძალიან დიდია. საპროცენტო განაკვეთები ამ სეგმენტისთვის წლიური 25‑30%‑ს ფარგლებში მერყეობს.
როგორც კი თანხა იზრდება, პროცენტები მცირდება. ამავე დროს ვაფასებთ ლოიალობას, რაც უფრო დიდი ხანი რჩება კლიენტი ჩვენთან, მისთვის საკრედიტო პროდუქტები უფრო ხელსაყრელია. ახლა კანონი შეიცვალა და
გასაცემი სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მთლიანად დავფაროთ ჩვენთვის საინტერესო მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი, წარმატებული მომხმარებელი ხელიდან არ გავუშვათ, ბოლომდე მივყვეთ მას და განვავითაროთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ბიზნესი საკმაოდ გამჭვირვალეა. ცოტა ხნის წინ გამოვუშვით ათი მილიონი ლარის 2‑წლიანი კორპორაციული ობლიგაციები. წლიური საპროცენტო განაკვეთია 11,75%. ობლიგაციები
ქართულმა კომერციულმა ბანკებმა და უცხოურმა კორპორაციებმა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ ფასიან ქაღალდზე მაღალი მოთხოვნა იყო. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ფასიანი
ქაღალდების ბაზარი გამოცოცხლდება და ბაზარზე ბევრი კარგი კორპორაცია გაჩნდება. ამ პროცესს ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმის დაწყებაც.

ობლიგაციების განთავსება, რეალურად, 12%‑ზე მეტი დაგვიჯდა, გვინდოდა ამ ბაზარზე შევსულიყავით და ფინანსური რესურსების დივერსიფიცირება მოგვეხდინა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ეს თანხა, რომლითაც სესხი უნდა გავცეთ, უკვე 12% გვიჯდება. ასევე უზარმაზარი ხარჯია ეგრეთწოდებული ჰეჯირების, ფინანსური რესურსები დოლარში გვაქვს, მაგრამ, ახალი რეგულაციით არ გვაქვს უფლება სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემის. თუმცა, ეს რეგულაციაც რომც არ ამოქმედებულიყო, სესხის დოლარში გაცემის სურვილიც არც გვქონდა. არ გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში ჰქონდეს. ამიტომ იძულებულები ვართ დოლარში მოზიდული რესურსი დავაზღვიოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარში ჰეჯირება ძალიან ძვირი გვიჯდება. ამას კიდევ რისკების რეზერვის ხარჯი ემატება. თქვენი ჟურნალის აუდიტორია კარგად გაიგებს, საეჭვო ვალების რეზერვირებას IFRS‑9 სტანდარტით ვახდენთ. სხვათა შორის, საქართველოში ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც საეჭვო ვალების რეზერვირების ეს სტანდარტი შემოიღო. ეს ყველაფერი ზრდის ჩვენს ხარჯს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც დიდი მიღწევაა რასაც ვაკეთებთ, `ვეჭიდავებით~ ბანკებს. ვცდილობთ, მომხმარებლის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ და მათ მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. საბოლოოდ, რითიც ჩვენ ვიგებთ, არის მომსახურების სისწრაფე
და ხარისხი.

‑ საფინანსო ბაზარზე რამდენიმე თაღლითური კომპანიის გამო ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები გაამკაცრა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა ეკრძალება. ფინანსური რესურსის მოზიდვის თვალსაზრისით, ამ რეგულაციამ თუ შეცვალა რამე თქვენთვის, თუ იღებთ სესხს ფიზიკური პირიდან, ან თუკი ვინმეს სურვილი გაუჩნდება თქვენთან ფულის დაბანდების, როგორ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობთ?

– ფული ფიზიკური პირებისგან არასოდეს გვისესხია, ჩვენი დამფინანსებლები მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები არიან. ეროვნული ბანკი ძალიან სენსიტიურია, როდესაც თანხის მოზიდვა მოსახლეობიდან ხდება. წლების წინ
ბევრმა ადამიანმა საკუთარი ანაბრები დაკარგა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, სხვადასხვა საფინანსო კომპანიაში დაბანდებული ფული მოსახლეობამ უკან ვეღარ დაიბრუნა. ექსპერტული შეფასებით, ბოლო წლებში საფინანსო
კომპანიების პირამიდებში მოქალაქეებმა დაახლოებით ასი მილიონი ლარი დაკარგეს. ხალხი საკუთარ ან ნასესხებ ფულს რაღაც გაურკვეველ კომპანიებში ისე აბანდებს, რომ რისკებს არ აცნობიერებს. კომერციულ ბანკებში ეს საკითხი მოგვარებულია, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები მიკროსაფინანსო სექტორისთვის გაამკაცრა, რათა ეს ორგანიზაციები სათანადო ფინანსურ ფორმაში იყვნენ.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ეს პრობლემა არ გვეხება. თუმცა, გვაქვს სურვილი, ფინანსური რესურსი მოსახლეობისგანაც მოვიზიდოთ. მათ ჰქონდეთ საშუალება, დააბანდონ ჩვენთან ფული და საბანკო დეპოზიტზე
უკეთესი სარგებელი მიიღონ. ამიტომ შემდეგ ეტაპზე მცირე ნომინალის ობლიგაციის გამოშვებას ვგეგმავთ. ამაში ცუდი არაფერია, ვინაიდან ფინანსურად საკმაოდ მყარი კომპანია ვართ. ამ შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი 11,75% იქნებოდა. ეს აბსოლუტურად ნორმალური საპროცენტო განაკვეთია. თუ რომელიმე კომპანია ადამიანს 30%‑იან სარგებელს სთავაზობს, მას შეუძლია გარისკოს და ფული ასეთ კომპანიაში დააბანდოს. მაგრამ ისიც
უნდა იცოდეს, რომ ამ ფულის დაკარგვის დიდი შანსი არსებობს.

‑ გასაგებია, რომ ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მათ შორის თქვენი კომპანია გამჭვირვალე და ფინანსურად სტაბილურია, თუმცა, ეროვნულ ბანკს მისოების მიმართ არ აქვს ისეთი მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმი, როგორც კომერციული ბანკების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, ფინანსური დაცვის რა მექანიზმები არსებობს იმ
ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენთან ფულის დაბანდებას გადაწყვეტენ?

– დიახ, ჯერჯერობით, მისოებზე ზედამხედველობა ისეთი მკაცრი არ არის, ამიტომ ამბობს ეროვნული ბანკი, რომ ორგანიზაციამ ერთ პირზე ასი ათას ლარზე ნაკლები ფასიანი ქაღალდი არ უნდა გაყიდოს. ასეთი გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი თავს იცავს, რომ ვიღაც საეჭვო რეპუტაციის ორგანიზაციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახელით მოსახლეობისგან თანხა არ მოიზიდოს.

რაც შეგვეხება ჩვენ, ობლიგაციები გამოვუშვით ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის შესაბამისად და მომავალშიც ასე იქნება. გამოვუშვით პროსპექტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი კომპანიის ისტორია,
ფინანსური მდგომარეობა. ამ პროცესში მონაწილეობს ცნობილი საბროკერო კომპანია, რომელსაც თავისი რეპუტაციული რისკები აქვს და ცდილობს საქმე არ დაიჭიროს ისეთ კომპანიებთან, რომელიც მის რეპუტაციას შელახავს. ამ ყველაფერს ამტკიცებს ეროვნული ბანკი. სერიოზულ ფილტრს გავდივართ, ჩვენი საქმიანობა არის საჯარო. ეს უკვე გარკვეული გარანტიაა მომხმარებლისთვის. ამასთანავე წლის დასაწყისში Fitch‑ის რეიტინგი
მივიღეთ, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი კი გვიტარდება `დიდი ოთხეულის~ კომპანიების მიერ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსახლეობამ ფულის დაბანდებისას რისკების შედარება უნდა ისწავლოს.

‑ ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დამფუძნებლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საწესდებო კაპიტალის 250 000 ლარიდან 500 000 ლარამდე გაზრდა, ხოლო 2019 წელს ეს მოთხოვნა მილიონ ლარამდე იზრდება. ამასთანავე, მისოების მმართველები აპროტესტებენ იმასაც, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ამოქმედებული ცვლილებებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ
თითქმის ისეთივე რეგულაციები განისაზღვრა, როგორიც აქვთ ბანკებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ მიდგომას, რეგულაციების გამკაცრება მომხმარებლის ნდობას ზრდის, რაც თქვენ ბიზნესს წაადგება თუ აფერხებს თქვენს საქმიანობას?

– ერთიანობაში, ყველა ეს რეგულაცია ართულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას. პირველ რიგში ამას წინ უძღოდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაცია, რომელიც ერთი წლის წინ შემოვიდა, სადაც
ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული სესხის გაცემის წესები. ამას ახლა დაემატა ახალი ტალღა, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ საწესდებო კაპიტალს. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ყოველთვის გვეხებოდა, ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მსოფლიო მასშტაბით არსებული წესები დაიცვას. კლიენტების იდენტიფიკაცია უზრუნველყოს, ტრანზაქციების მონიტორინგი განახორციელოს, რათა ტერორისტული
დაფინანსების ნაკადები არ გამოგვეპაროს, არ მოხდეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზება.

თუმცა, გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ ბევრი კომპანია ფიქრობს, რომ მოგება დიდი აღარ არის, ახალი სისტემის მართვას მეტი ხარჯი სჭირდება. ალბათ, ბევრი ორგანიზაცია ნელ‑ნელა ამ სექტორს დატოვებს და ბაზარზე უფრო ძლიერი კომპანიები დარჩებიან. კონკურენცია რაც უფრო ჯანსაღია, მით უკეთესია. თუმცა, ის ვინც არ არის მზად ამ წესების მისაღებად, ჯობია დროულად მიიღოს ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება, ვინაიდან თუ
რამე შეცდომას დაუშვებ, ჯარიმებიც საკმაოდ მაღალია.

‑ სხვათა შორის, ეროვნული ბანკის ფულის გათეთრებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი მიკროსაფინანსო კომპანია დააჯარიმა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ
გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მაგრამ აღმოჩნდა კონფიდენციალური. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ჯარიმები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არის საკმაოდ სოლიდური, ეხებოდა ინფორმაციის წარდგენისას ტექნიკურ გადაცდომებს თუ ამ სექტორში არალეგალური ფულის არსებობის ფაქტები გამოჩნდა?

– ეს საკითხი ჩვენც ძალიან გვაინტერესებს და ასოციაციის ფარგლებში ვსწავლობთ, რამდენად ადეკვატური და სამართლიანი იყო ის ჯარიმები, რომლებიც ორგანიზაციების მიმართ განხორციელდა. მე ჯერ დეტალებს
არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით. ის, რომ უნდა ვებრძოლოთ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასა და ტერორიზმის დაფინანსებას, ფაქტია. საქართველომ აირჩია ეს გზა და გვაქვს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული ვალდებულებები. ჩვენ კრიმინალით ნაშოვნი ფული არ გვჭირდება. თუმცა, რა კრიტერიუმებით მოხდა დაჯარიმება, ეს მართლაც საკითხავია. ვიცი ჩემი კოლეგების აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით. მათ აქვთ
უსამართლობის განცდა, ბევრი საქმე სასამართლოშია. სასამართლოს შედეგები ამ პროცესს ნათელს მოჰფენს. რაც მოხდა, არის უსიამოვნო ფაქტი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი არასამართლიანია, უკვე კატასტროფაა. ჩვენ არც თუ ისე შორეულ წარსულში ბევრი უსამართლობა გვინახავს ამ ქვეყანაში. ახლა უფრო სენსიტიურები ვართ ასეთი მოვლენების მიმართ და გვაინტერესებს, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები სამომავლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება. ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, რომელიც საქართველოში ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა. სამართლიანი სისტემა ეკონომიკის მშენებლობის ფუნდამენტია. 

‑ ბოლო პერიოდში, ორმა საფინანსო ორგანიზაციამ ბანკის სტატუსი მიიღო, თქვენი ორგანიზაციაც ამ მიმართულებით ხომ არ მიდის? თუ გირჩევნიათ ამ სფეროში დარჩეთ ძლიერ კომპანიად, ვიდრე საბანკო სექტორში რამდენიმე მსხვილ ბანკს `ეჭიდაოთ~?

_ ძალიან საინტერესო კითხვაა. თუ შეხედავთ ბაზრის განაწილებას, დაინახავთ, რომ ეს სეგმენტი უჭირავს რამდენიმე მსხვილ ბანკს, შემდეგ მოდის შედარებით პატარა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდნენ ბანკები. მერე მოვდივართ ჩვენ. თუ შევხედავთ ამ ტენდენციას, უკვე ჩვენც გვიწევს საბანკო სტატუსის მიღება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ვფიქრობთ, საბანკო სექტორში ისედაც ბევრი წარმატებული ბანკია. ყველაზე მეტად რაც ჭირდება ქართულ ფინანსურ ბაზარს, ეს არის მრავალფეროვნება, ალტერნატივები და არჩევანი. მარტო ბანკი ეკონომიკის მრავალფეროვან მოთხოვნილებას ვერ მოემსახურება. ბაზარზე უნდა არსებობდეს საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ლომბარდი და ძალიან მნიშვნელოვანია, გაჩნდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის იმ ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ეკონომიკის ამოძრავებას სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ ძლიერები ამ სფეროში, გვესმის ეს ბაზარი, გვაქვს კარგი პირობები, რათა ჩვენი საქმიანობა ამ ფორმით გავაგრძელოთ. თუ გართულდა ფინანსური რესურსის მოზიდვა და იაფიანი რესურსი მარტო ბანკების პრივილეგია გახდა, რაღაცას მოვიფიქრებთ.
მაგრამ, ჩვენი სურვილია ამ ბიზნესმოდელით გავაგრძელოთ საქმიანობა.

‑ ბევრი ვილაპარაკეთ საფინანსო ბაზარზე, ამ ბაზრის რისკებსა და მომავალზე. ამ ყველაფრის მიღმა როგორია არჩილ ბაკურაძე, კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო?

– სამსახურის გარდა, ყველაზე დიდი ინტერესის სფერო არის შვილები, ოჯახი, სადაც ყველაზე კარგად ვისვენებ. გარდა ბიზნესისა, ინტერესი მაქვს სხვა სფეროებშიც. დიდ დროს ვუთმობ არასამთავრობო სექტორს, მხარს ვუჭერთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების თემას, კოალიციაც შევქმენით და ამ კუთხით ძალიან ვაქტიურობთ. ჩემს მეუღლესთან ერთად ვმუშაობ საგზაო უსაფრთხოების თემაზე. გვაქვს პროგრამები, რომელიც მშვიდობის
მშენებლობასა და ნდობის აღდგენას ემსახურება. ვინაიდან აფხაზეთიდან ვართ, ვცდილობთ ეს ორი გათიშული საზოგადოება ერთმანეთს დავაახლოვოთ. აქტიურად დავიწყეთ ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა, `კრისტალს~
აქვს ახალგაზრდა მეწარმეობის სკოლა. საოცარი ახალი თაობა მოდის, რომელიც მართლა ახალ სიტყვას ამბობს ამ ბიზნესში. დაბოლოს, დროის დიდ ნაწილს ვუთმობ სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის
თემას. ასე რომ, ჩემი ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალმხრივია და იმედია, ეს ძალისხმევა კარგის მომტანი იქნება როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი